ვზივარ ახლა და ვფიქრობ, საით წავიდოდი ყველაზე მეტი სიხარულით შვებულების გასატარებლად.
ჰოდა, როგორ გგონიათ, ბორა-ბორასკენ ან მალდივის კუნძულებისკენ გამიწია გულმა, რომ ოქროსფერ ქვიშაზე მევლო და ბუნგალოებში ეგზოტიკური კოქტეილები მეწრუპა? ან ევროპაში მოგზაურობა და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება მომინდა?
ოლოლი თქვენ, ვერ გამოიცანით.
აი, რომ შემეძლოს, წუთით არ შევყოყმანდებოდი, მოვიკიდებდი ზურგჩანთას და პირდაპირ იმ ნავსადგომისკენ გავქანდებოდი, პატარა თეთრი თბომავალი “სალტკროკა I” რომ დგას. საყვირს დავაგუგუნებდით, აფრებს ავუშვებდით და სულ მალე მივადგებოდით ნაპირს, სადაც ჩაკუპატებული პატარა ჩორვენი დაგვხვდებოდა ბოცმანთან ერთად.
მოლი რომ ჯეოპარდის მასპინძლობას მოგანდობს, თემაც ღირსეული უნდა შეარჩიო და კარგადაც უნდა მოემზადოო, ჯერ კიდევ პირველი გესტ-ჯეოპარდების ავტორებს უთქვამთ.
ამჯერად ეს საპატიო მოვალეობა მე მხვდა წილად და ვეცდები, არც მოლის და არც მის გემოვნებიან და ინტელექტუალ აუდიტორიას გავუცრუო იმედები. მითუმეტეს, რომ გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დღევანდელი ჯეოპარდის მთავარი გმირების წინაშე…
ღმერთმა წიგნის ფესტივალი ოთხდღიანი შექმნა – არსად იჩქაროო, სტენდებს შორის გულარხეინად ისეირნეო, ყველაფერი მშვიდად დაათვალიერეო, თუ რამე გამოგრჩა, სახვალიოდ მოინიშნეო.
ერთი ეგ არის, ჩემს სამსახურს ამაზე სულ სხვა აზრი აქვს და, ორ სადაგ დღეს ვინ ჩივის, შაბათსაც კი მხოლოდ ოთხი საათისთვის მოვახერხე “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ცხვირის შერგვა.
მეთხუთმეტე საიუბილეო ბიბლიოფორუმი სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო – აკას “შენს თავგადასავალზე” დაწერილი საკონკურსო პოსტი გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა, ოფიციალურ კატალოგშიც მოხვდა და ასი ლარითაც დამიმძიმა საფულე. დამეთანხმეთ, ორგანიზატორებმა საფესტივალოდ დარაზმული ადამიანისთვის ზედგამოჭრილი პრიზი შეარჩიეს.
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ნეტარი ბოდიალისთვის დრო ცოტა მქონდა-მეთქი და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
მოლი ბლუმის ბლოგის ერთგული მკითხველი თუ ბრძანდებით, აუცილებლად გემახსოვრებათ, რომ წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის მიწურულს, თქვენი მასპინძელი თბილისის წიგნის ფესტივალის მხიარულ ორომტრიალში ეხვევა, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონებში დაბოდიალობს და ფერად-ფერად სტენდებთან დროს და ფულს გულარხეინად ფლანგავს.
აქამდე ერთი საფესტივალო დღეც არ გამიცდენია, არც ცხელ-ცხელი რეპორტაჟების დაწერა და თქვენამდე მოტანა დამზარებია… ოღონდ, წელს, სამსახურისა და გადარეული გრაფიკის გამო, ამ უკიდეგანო სიამოვნებაზე უარის თქმა მიწევს. გუშინ ვერაფრით დავუსხლტი საქმეს, დღესაც, ალბათ, ასე იქნება და ისევ შაბათ-კვირის იმედად ვარ.
დიდხანს ვიმტვრიე თავი, პირველი “საფესტივალო” პოსტი როგორ დამეწერა. ალბათ, ვერც ვერაფერს მოვიფიქრებდი, ჩემს მეგობარ ეკას რომ არ ერჩია – იმ წიგნებზე მოყევი, პირველ რიგში რომ უნდა ჩაუძახო ჩანთაშიო.
ჩემი ბავშვობის ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის ისეთი პომპეზური შენობა იდგა, დიდსაც და პატარასაც ისე მოგჭრიდა თვალს, შესვლა სულ არ იყო საჭირო.
ყოველ შაბათ-კვირას იქ ვატარებდი-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ საინტერესო გასტროლები ნამდვილად არ გამომიტოვებია. სკოლაშიც ხშირად მოჰქონდათ ბილეთები… უსაშველოდ დიდ კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით ავათავებდი, ფუმფულა სავარძელში მოვკალათდებოდი, შუქი ჩაქრებოდა, მუსიკა დასცხებდა და უცბად ამოვყოფდი ხოლმე თავს ჯადოსნურ სამყაროში, ათასგვარი საოცრებით რომ იყო სავსე…
ორკესტრი მომწონდა. სადღაც ზევით, თვალუწვდენელ სიმაღლეზე, ლამის გუმბათის ქვეშ ისხდნენ და თვალდაჭყეტილი ვცდილობდი ბრჭყვიალა საყვირების და ტრომბონების დანახვას; ეკვილიბრისტებიც მიყვარდა, ჟონგლიორებიც, ჯამბაზებიც, ფოკუსებზეც გულიანად ვუკრავდი ტაშს… აი, გაწვრთნილი ცხოველები მომწონებოდა, არ მაგონდება.
არა, ის კი მახსოვს, შესვენებას რომ გამოაცხადებდნენ, არენას საგანგებო მავთულის ღობეს შემოავლებდნენ და დოლის გამაყრუებელი, ავისმომასწავებელი აკომპანიმენტის თანხლებით მხეცებს გამოიყვანდნენ… ოღონდ, მათგან ფერადი, მხიარული და სადღესასწაულო იმპრესია ერთხელაც არ დამრჩენია და რა ვქნა…
მერე, ნელ-ნელა იმ აზრამდეც მივედი, რომ ქალის კაბაგადაცმული დათვებით, ჟილეტიანი მაიმუნებით, ბაფთიანი ძაღლებით და ორ ფეხზე დაყუნცული ლომებით სეირი ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი და ჯანმრთელი არსებების აბუჩად აგდება იყო და მეტი არაფერი.
სასოწარკვეთილება მომაკვდინებელი ცოდვააო, ამბობენ. არ ვიცი, ალბათ, არის, ამას დანამდვილებით ყველანი გავიგებთ ერთ დღეს, როცა ჩვენს ბრალეულობასაც და მადლსაც მისხალ-მისხალ აწონიან იქ, ზემოთ… აქ კი, დედამიწაზე, შეუძლებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დადგეს ისეთი მომენტი, ყველაფერზე ხელს რომ ჩაიქნევ და დასასრულს მორჩილად დაელოდები.
ჰოდა, მაშინ გინდა ზუსტად სიკეთის და სიფაქიზის ისეთი გაკვეთილი, ღრმად პატივცემულმა უილიამ სიდნი პორტერმა რომ ჩაგვიტარა ერთი პაწაწუნა ნოველით, აი, იმით, “უკანასკნელი ფოთოლი” რომ ჰქვია.
ძველ წიგნებშია ხოლმე, წაკითხული გექნებათ – სოფლის ბოლოს, ძველ წისქვილში შეიყრებიან მეზობლები, სიმინდით გაძეძგილ ტომრებს ჩამოამწკრივებენ, ბუხარს მიუსხდებიან და სარეკელას ხმას დინჯ მუსაიფს ააყოლებენ. სად ეჩქარებათ – ღამე გასათენებელია, ღვინო დასალევი… ჰოდა, ჰყვებიან ამ მთისას და იმ ბარისას, ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევენ; სალაპარაკოს რა დალევს…
ამას წინათ დავფიქრდი და ეს მოლის ბლოგი, რაღაცნაირად, ძველ წისქვილს წააგავს. არა, მართლა :) მესამე წელია, არსებობს და ვინ მოთვლის, ამ ხნის მანძილზე რამდენი ისტორია მომიყოლია სტუმრებისთვის. ღამეც გაგვიტეხია და საქვეყნო ამბებიც გაგვირჩევია. ოღონდ, თავს დავდებ, უინტერესო და მოსაწყენი არაფერი გაჭაჭანებულა.
100 000 ვიზიტორს მივუკაკუნებთ მალე და, ზოგჯერ ისეთი ხალხმრავლობაა ბლოგზე, მასპინძლის ხმაც კი არ ისმის; ზოგჯერ მხოლოდ ყველაზე ერთგული მეგობრები ვიკრიბებით. ასეც ხდება და ისეც. ჰოდა, თქვენ მეყოლეთ კარგად და სიახლეები მე არ გამომელევა.
ახლა, მოლის ნიუსები რომ მავანი სელებრითის მორიგ თავგადასავალზე არ იქნება აგებული, ფაქტია. ისედაც მიხვდებით, ჩემს საყვარელ თემაზე რომ უნდა გექაქანოთ.
ორ ახალ წიგნის მაღაზიაზე თუ გსმენიათ რამე? თუ არა, ყური დამიგდეთ – ყველაზე მეტად ასეთი ამბების მიხარება მიყვარს.