ბოლო პოსტებს ბიბლიო-სერიებზე ვწერ.
არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს – ტომეულების შეგროვება ბავშვობიდან მომწონს-მეთქი, უკვე გითხარით. თან, ისეთი სიახლეებია, რამდენი წიგნიც არ უნდა გეგულებოდეს შინ და რაც არ უნდა იწუწუნო, თაროების ადგილი აღარ მაქვსო, გვერდს ვერაფრით აუვლი. ჰოდა, მიეწყო ასე – გემრიელად და საინტერესოდ.
დღეს “დიოგენეს” ამბებს მოგიყვებით.
ეჭვი არ მეპარება, “დიოგენეს ბიბლიოთეკა” აქაურებს ათვისებული გექნებათ. შარშანდელიდან მოყოლებული, ყველაზე ხშირად მისი ქება ისმის და სადაც წიგნებზე ჩამოვარდება საუბარი, გამორიცხულია, ორიოდე ტკბილი სიტყვით არ მოიხსენიონ. ჰოდა, სანამ ბიბლიოგურმანები კუტზეეს, პალანიკს, კერუაკს და ვუდჰაუსს აგემოვნებენ, ერთმანეთს ამ მშვენიერი გამოცემის ხოტბაში ეჯიბრებიან და ცდილობენ, გამოიცნონ, შემდეგი ვინ იქნება, “დიოგენემ” ახალი სერია წამოიწყო. ოღონდ, ისე უხმაუროდ, რომ ვინმეს, შეიძლება, გამორჩა კიდეც.
ახალ პროექტს უპრეტენზიო სახელი – “ამერიკელები” ჰქვია. ოცტომეული იქნება და მთლიანად თანამედროვე ოკეანისგაღმელების შემოქმედებას დაეთმობაო – პრესრელიზშიც ასე წერია და გუშინწინ, პრეზენტაციაზეც იგივე მოგვახსენეს.
ისეთ ავტორებს და რომანებს შემოგთავაზებთ, ჯერ რომ არ გადმოქართულებულაო – “დიოგენე”, როგორც ვატყობ, ამ გზას ადგას და გადახვევას არც აპირებს. კლასიკა კარგია, მაგრამ ჩვენც და მკითხველსაც ცინცხალი თარგმანები გვირჩევნიაო – მშვენიერი სტრატეგიაა, ვერაფერს დაუწუნებ.
ამერიკული ტოპ-ოცეულის ორი წიგნი უკვე მაღაზიებშია და ამ ორის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, უგემრიელესი სერია ჩაგვიგდია ხელში და ეგ არის.
პირველი ავტორი ჯონათან საფრან ფოერია – ფრიად უცნაური ტიპი არაკეთილხმოვანი გვარ-სახელით. ჰოლოკოსტს გადარჩენილი წყვილის პირმშოა, ბრუკლინში ცხოვრობს, ოპერის ლიბრეტოც შეუთხზავს თავის დროზე, 35 წლისას ოთხი წიგნის გამოცემაც მოუსწრია. გულზე ხელის დადებით გეტყვით, მისტერ ჯონათანის ლიტერატურულ ოპუსებზე ბევრი არაფერი მსმენია, მაგრამ მხატვრული სიტყვის ისეთი გრანდები აქებენ, სულ მცირე, ყურადღების ღირსია… ჰოდა, წავიკითხავთ, აგერ, სადებიუტო “სრულ გასხივოსნებას” და მერე უკეთ განვსჯით…
სამაგიეროდ, მეორე, მგონი, ყველამ იცის – ფილიპ როთია. დიახ, დიახ, ის სკანდალური, ექსცენტრული, სახელგანთქმული, “ცოცხალ კლასიკოსად” აღიარებული ფილიპ როთი – Великий и Ужасный. რომანიც შესაფერი შეურჩევიათ – “პორტნოის სინდრომზე’ მეტად, ალბათ, მხოლოდ “შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ” თუ გამახარებდა. მთელი ტექსტი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგიაო – კი წერია თავში, მაგრამ ანოტაციების კითხვა ჩვენი მეთოდი არ არის :) გადაშალეთ და მიჰყევით – გარანტიას გაძლევთ, ბოლო გვერდამდე ისე ჩახვალთ, ვერც გაიგებთ. თუ, რა თქმა უნდა, სუსტი ნერვები არ გაქვთ…
ექსკლუზიური თარგმანი ვახსენე ზევით და, ბარემ, იმასაც გეტყვით, რომ “სრული გასხივოსნება” გია ჭუმბურიძის გადმოქართულებულია და “პორტნოის სინდრომი” – ქეთი ქანთარიას ნახელავი გახლავთ. რედაქტორი აქ ირმა ტაველიძეა და, სულო ცოდვილო, სხვა რომ არაფერი, მარტო ამ გვარების გამო ღირს წაკითხვა. ენაც ისეთია, თანამედროვე პროზას რომ შეეფერება – ლაღი, თავისუფალი და უკომპლექსო.
სერიას ყოველ თვეში თითო ამერიკელი შეემატებაო, დანაპირები ასეთია. ჰოდა, ოციან ნიშნულსაც თვალის დახამხამებაში მივაღწევთ. კიდევ უფრო საინტერესო რაღაცები გვაქვს შერჩეულიო, გამომცემლები იქადნებიან და ვნახოთ… ისეთ სახელები ისმის – ჰანტერ თომპსონიო, ედგარ ბეროუზიო, რა გასაკვირია, რომ სიამოვნებისგან წინასწარ ვიფშვნეტ ხელებს.
მორიგირ გემრიელი პოსტი. გამოცდილი ბიბლიოფილის ანოტაციით კიდევ უფრო საინტერესოდ იკითხება ყველა წიგნი :)
LikeLike
რა სასიამოვნოა ამის მოსმენა :) გამახარე, ტაბუ :)
LikeLike
მოკლედ, ადამიანს კითხვას შეაყვარებ :)
LikeLike
ვცდილობ :)
LikeLike
კარგად მუშაობს დიოგენე <3
LikeLike
ძალიან :) საკუთარი ნიშა იპოვა.
LikeLike
კარგი წამოწყებაა – საფესტივალო მარაგს მიემატა… მაგრამ მოვითხოვ, რომ “დიოგენე” დამეხმაროს უფრო დიდი ბინის შეძენაში, სანამ ჩემებმა გამომცემლობაში “გადამასახლეს”…ვეღარ ვეტევით :)))
LikeLike
უმაგრესი იდეაა :)))))) ჯერ შენ სცადე და თუ გამოვიდა, მეც იგივე თხოვნას გავაგზავნი. რა იცი, რა ხდება…
LikeLike
მზად ვარ, თავზე დავიწყო
LikeLike
მეც :)
LikeLike
ეჰ მე ამას როდის ვიყიდი :(
LikeLike
ამერიკულლ ლიტერატურას საკმაოდ ცუდად ვიცნობდი, ალბათ ეს მხოლოდ აქამდე.
LikeLike
ფაქტია, რაც ყველაზე მეტად ჩემს ძველ ბიბლიოთეკაში მაღიზიანებდა, ერთ ფერად ჩალაგებულ-ჩაწიკწიკებული წიგნების სერიები იყო, ყველაფერს ყიდულობდა ეს დედაჩემი! თეთრი – მსოფლიო ლიტერატურა, ფერადი – ბიოგრაფიები, ჭრელი საბავშვო, შავი – ქართული მწერლობა – ლოდივით წიგნები.. მერე მე ვრევდი, მოწესრიგებულად დალაგებული წიგნები მადას ვერ აღძრავდა თითქოს, აი, გემოს რო ვერ ატან და ჩალასავით ღეჭავ.როცა გავიზარდე, არ ვიცი, მოწესრიგებულობის რა ფაზა დამიდგ, ცემივე ხელიტ დავალაგე და სერიულობასაც შევეჩვიე. დედაჩემივით თანმიმდევრული ვერ გავხვდი, სერიების – ცალკეული წიგნები მაქვს, რაც უფრო მიყვარს და რაც მასთ რიდია თუ მასთ ბაი, მაგრამ ეს ბლო სერიები მაგიჟებენ :დ ბაკურის ჯოისის და დანარჩენების და დიოეგენეს ამერიკელები და წინა, ბიბლიოთეკაც და ზოგადად, ბევრი, ახალი, სუნიანი, კარგი წიგნი.რა შეედრება მათი ყიდვის სიამოვნებას, არ ვიცი :)
LikeLike
მოქცეულხარ ჭეშმარიტ რწმენაზე :)) ბოლო სერიები მართლა ძალიან კარგია. გემოვნებით ადგენენ და იმიტომ. ნუ, სამზითვო 50 წიგნს (ახლა რომ 100 ხდება) არ ვგულისხმობ.
LikeLike
მართლა საინტერესო სერიაა, მაგრამ უკვე ისე სწრაფად გამოდის ახალი წიგნები, ნახევარზე მეტს ვერ ვკითხულობ.
LikeLike
მე მოლის პოსტების მიხედვით ვარჩევ, ძირითადად, ახალგამოცემულ წიგნებს :D
LikeLike
უდიდესი პატივია ჩემთვის :ამაყიმოლი:
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ “დიოგენეს ბიბლიოთეკას” ვერ წამოვეწიე, მაინც არ შემიძლია “ამერიკელები” უყურადღებოდ დავტოვო <3 თან შენი პოსტი ხომ ისეთი დამაჯერებელია, ყველა გეგმას რომ შეგაცვლევინებს და ყველა პროპაგანდაზე უკეთ რომ მოქმედებს^^: )
LikeLike
“ანოტაციების კითხვა ჩვენი მეთოდი არ არის” <3
LikeLike
ჯერ მარტო იმიტომ უნდა იყოს გემოვნებიანი სერია, რომ “ამერიკელები” დაარქვეს უბრალოდ და არა “10 ამერიკელი მწერალი რომელიც გაგაოცებს” ან “უდიდესი ამერკელები” ან რაიმე მსგავსი…
მოკლედ, კარგია, როცა სათაური ისე ბრჭყვიალად არ წერია, რომ წიგნი აღარ ჩანდეს…
LikeLike
მე არ მაქვს ათვისებული :)
LikeLike
მინდა! მინდა ! მინდა!
როგროც დავასკვენი ამერიკულ ლიტერატურას მხოლოდ ზედაპირულად ვიცნობ, ამიტომ ეს ბიბლიო-სერია ჩემთვის მისწრებაა ^^
LikeLike
ვაიიიიი, “გასხივოსნება”!!! საიდან მეცნობა-მეთქი და უცებ მივხვდი, საიდანაც! როგორ მიყვარს ფილმი! როგორ ველოდი წიგნს! როგორ გამახარე! წარმოდგენაც არ მქონდა ამ სერიაზე.
შენ გაიხარე, მოლი ბლუმ, სულ ასე ძახილის ნიშნებით :))
LikeLike
ბერნარ შოუ ვერ ვიპოვე და გაბრაზებულმა ეს ორი წიგნი წავიკითხე, ერთი ჩემთვის უცნობი, მეორე კი მოლოდინს გადაჭარბებული კომედია აგმოჩნდა. ხელმოცარულისთვის ძვირი კი დამიჯდა წიგნები, მაგრამ ამად ღირდა. :)))))
LikeLike
მთავარია, რომ ღირდა :)
LikeLike
[…] ახლახან რომ შემატა თავის ბიბლიოთეკას, სწორედ ამგვარი, გალანძღულ-გაკიცხული, […]
LikeLike