Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2013

ნატო დავითაშვილი. "ამბავი ლილე იროელისა". ქარჩხაძის გამომცემლობა. თბილისი, 2010

„შენ მაჩვენე მზის სიახლე და ზღაპრების მხარე“ – თავისუფლად შეიძლება ასე მივმართოთ იმ მწერალს, რომელიც ლილე იროელის ამბავს მოგვიყვა. ოთხი წიგნი სიკეთეზე, სიყვარულზე, სილამაზეზე, თავგანწირვაზე, მეგობრობაზე, ადამიანურ ცდუნებებზე და მათ შედეგებზე.

ვეცადე ოთხივე წიგნიდან ამომეკრიფა კითხვები. იმედია, პაკეტი მოგეწონებათ და თუ ვინმე ლილეს არ იცნობთ, მისი გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ.

წარმატებები!

(more…)

Read Full Post »

Gianni Rodari. Gelsomino in the Country of Liars

ამ კვირის ბოლო, მოგეხსენებათ, კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის წყალობით, ჩვეულებრივზე გრძელი გამოდგა. თანაც, ისეთ ნოსტალგიურ და რეტრო განწყობაზე ვიყავი, ძველი წიგნების ფურცვლა დავიწყე და ჯანი როდარის “ჯელსომინოს” რომ მივადექი, შევრჩი კიდეც.

ბავშვობის მოგონებებმა ისე ამიჩუყა გული, მიმოფანტული წიგნები იქვე დავტოვე, რასაც სხვა დროს არაფრის დიდებით არ ვიზამდი, სავარძელში მოვირთხე ფეხი და ცხვირი დიდი ხნის გადაუშლელ ფურცლებში ჩავრგე.

ნელ-ნელა ვკითხულობდი, ვაგემოვნებდი და ვგრძნობდი, როგორ მომნატრებოდნენ ყველანი – ჯელსომინო თავისი არაჩვეულებრივი და მქუხარე ხმით, თათგანწირული ბლოგერი – კედელზე ვარდისფერი ცარცით მიხატული ფეხცანცარა ციცუნია, მუხლჩაუხრელი ბენვენუტო… მხატვარი ბანანიტოც აქ იყო, დეიდა სარიყლაპიაც, რომოლეტაც, დირექტორი დომისოლიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყნის პირველი ცრუპენეტელას – მეფე ჯაკომონის დანახვაც კი გამიხარდა, თავისი პარიკებიანად. აი, კალიმერ თამასუქის ატანა კი ნამდვილად არ შემეძლო – ეგ საზიზღარი, ეგა. ახია მაგაზე, რაც დაემართა.

(more…)

Read Full Post »

ანა კორძაია-სამადაშვილი. "ვინ მოკლა ჩაიკა". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

იცით, ვინ არის ჩაიკა?

რუსულის მცოდნეები ტყუილად ნუ გამოიდებთ თავს.

ნურც ის ხალხი შეწუხდება, გრამატიკის წესებს ზედმიწევნით რომ იცნობს და მენტორული ტონით ნუ შემისწორებს – “ვინ” კი არა, “რა”-ო.

იმიტომ, რომ არც ერთ თქვენგანს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, როგორც მე არ მქონდა გუშინდლამდე.

ჰო, ვინც ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი უკვე წაიკითხა, ისინი არ ითვლებიან. ჩემი არ იყოს, მათაც უკვე ეცოდინებათ, რომ ჩაიკა ის ქალია, გეიებთან ერთად რომ ტუსოვკობს, მათთან ერთად თვრება, მათთან ერთად დაეხეტება ტყე-ღრეში, მოკლედ, მეგობრობს, რა. თვითონ კი ჩაიკაა. ჩაიკა, სახელად ელისაბედი. ელისოც შეიძლება, ელოც – როგორც გენებოთ.

(more…)

Read Full Post »

Ну, Погоди!

მულტფილმები ძალიან რომ მიყვარს, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ძველთაძველი გატაცებაა – კითხვა ხეირიანად არც მქონდა ნასწავლი, მაგრამ გაზეთის ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამაში მაინც დიდი მონდომებით ვიქექებოდი და დაანონსებულ ანიმაციებს საგულდაგულოდ ვინიშნავდი. ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, “მულტპანორამა” რომ გამომეტოვებინა.

მახსოვს, დედას ბაღიდან საგანგებოდ მოვყავდი ადრე – საღამოს მულტფილმების კრებულისთვის რომ მოგვესწრო. კვირაობით კინო “პიონერში” სიარული ხომ ფაივ ო’ქლოქზე ნაკლებ ტრადიციული არ გახლდათ – თორმეტსაათიანი სეანსი ჰქონდათ, საგანგებოდ პატარებისთვის. ხუთ-ექვს ნახატ ფილმს გვაჩვენებდნენ და საშინლად მეცოტავებოდა…

ნორჩი, კარგა ხანია, აღარ მეთქმის, მაგრამ ეს ჩვევა წლებთან ერთად არსად გამქრალა. მართალია, ახლა იმდენი დრო არ მაქვს, საყვარელ გასართობს საათობით ვუჯდე, მაგრამ შინ თუ ვარ, ტელევიზორი, ყველაზე ხშირად, მაინც რომელიმე საბავშვო არხზეა გადართული და თუ შემთხვევით ფანჯარასთან ჩაივლით, უთუოდ იფიქრებთ, აქ, ალბათ, ერთი უსაქმური და უსინდისოდ განებივრებული პატარა ბავშვი ცხოვრობსო.

ჰოდა, მგონი, ჩემი რჩეული მულტფილმები მოლი ბლუმის ბლოგზე ერთ პოსტს მაინც იმსახურებენ – იმდენი ბედნიერება და ხალისი მოუტანიათ.

(more…)

Read Full Post »

professione - blogger

ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა ამას წინათ, ბლოგზე მორიგი ვიზიტის შემდეგ – შენ, მგონი, პროფესია შეცდომით აირჩიეო.

იხუმრა, ცხადია, მაგრამ ხომ გაგიგონიათ – იმ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის გვარიანი ყლუპი თუ არ ურევიაო.

არადა, ზუსტად ვიცი – არაფერი შემშლია და სწორედ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მომწონს.

არ დამიჯერებთ, მაგრამ ღრმა ბავშვობაში ნაირ-ნაირ ეგზოტიკურ პროფესიაზე ოცნებას, რატომღაც, ავცდი. ერთი ეს იყო – ნაყინის გამყიდველობა მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, უგემრიელეს, ვაფლისჭიქიან პლომბირს იმდენს მიირთმევდა, რამდენიც გაუხარდებოდა… მერე, ბებიას და მამის მაგალითმა იქონია გავლენა, დეტექტივების სიყვარულმაც თავისი გაიტანა და იურისტობაც მტკიცედ გადავწყვიტე.

ჰოდა, ასე მოვედი აქამდე, კოდექსებში, დებულებებსა და ბრძანებებში ჩაფლული და სხვა, უკეთესი და უფრო საინტერესო საქმე თუ მოიძებნებოდა ჩემთვის, არც მეგონა, მაგრამ კაცი ბჭობდაო, გეცოდინებათ… შემიჩნდა ეშმაკი და ვორდპრესის აწ უკვე მშობლიურ, მაშინ კი უცხო და უცნაურ ხლართებში გავები.

(more…)

Read Full Post »

jeeves and wooster cartoon

მე სერიოზული ადამიანი გახლავართ.

უნდა ვაღიარო, ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულიც კი.

რას ვიზამთ – ულმობელმა ცხოვრებამ დამასვა დაღი. თან, არც პროფესია მაქვს ისეთი, ენის თლიფინით ლაპარაკს და ხუმრობას რომ მიმაჩვიოს.

ჰოდა, ხანდახან რამდენიმე ყლუპი იუმორი ჰაერივით მჭირდება. ეს კი ცოტა რთული საკითხია – ჯერ ერთი, ირგვლივ, ძირითადად, ჩემსავით სერიოზული ადამიანები მახვევია, მეორეც – ცხვირი სულ წიგნებში მაქვს ჩარგული.

დიოგენეს” გაახარებს ღმერთი –  “ბიბლიოთეკაში” ისეთი რომანი შეიტანა, ეს დეფიციტური იუმორი ყლუპებით კი არა, ჩაფებით მოიძებნება. სასაცილო საკითხავი აქამდეც არაერთხელ მომხვედრია ხელთ, მაგრამ, კარგა ხანია, არაფერს გავუხალისებივარ ისე, როგორც ვუდჰაუსის “დაიკიდე, ჯივზ!”-მა მოახერხა.

დასაწყისს ძლივს ვიყავი გაცდენილი და უკვე ისე ვხარხარებდი, ოჯახის წევრებმა ლამის სასწრაფო გამოიძახეს – ეგონათ, ნერვული აშლილობა დამემართა გადაღლილობის ფონზე.

გავიცინებდი, აბა, რას ვიზამდი! ჯერ მარტო შეყვარებული ადამიანის მენიუ ნახეთ:

‘მკაცრი დიეტა – არავითარი სოსისები, ნამცხვრები და, მით უმეტეს, ლორი!”

(more…)

Read Full Post »

« Newer Posts

%d bloggers like this: