ძვირფასო ბიბლიოფილებო, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, რამდენჯერ გითქვამთ დანანებით, ესა და ეს წიგნი, ჰინდის და სუაჰილის ჩათვლით, ყველა ენაზე გადაუჭიკჭიკებიათ და მაინცდამაინც ქართული ვერსია არ მოგვეპოვებაო…
ან რამდენჯერ გაგხარებიათ, საყვარელი მწერლის ცინცხალ რომანს უმალ ჩვენეული თარგმანიც რომ მოჰყოლია…
და ინგლისურ ორიგინალს გადმოქართულებული ვარიანტი რომ დაასწრებს, ამაზე რას იტყვით?
ა, ბატონო, თუ არ გჯერათ – “აქ და ახლა” დასავლურ ბუქსთორებში მხოლოდ მარტში გამოჩნდება, ქართულად კი უკვე აგერ მიდევს, მაგიდაზე.
როგორ მოახერხეს, “დიოგენეს” ჰკითხეთ – უკეთ აგიხსნიან. მე წიგნზე უნდა გიამბოთ.
თავიდანვე გეტყვით, რომ “აქ და ახლა” non-fiction-ია და ამისთვის კიდევ ერთი ქულა “დიოგენეს ბიბლიოთეკას“. გემოვნებიანი საკითხავის ძიებაში დავბერდი, მგონი, და რაღაც ვერ ვიხსენებ ბიბლიო-სერიას, ამგვარ ექსპერიმენტზე ასე თამამად რომ წასულიყოს და რომანებს დოკუმენტურ პროზას ურევდეს.
“რა სწას მას, ვისაც არ სწამს” ხომ გახსოვთ? უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, რომელმაც, თქვენი არ ვიცი და, მე ნამდვილად მასიამოვნა. ჰოდა, ესეც ეპისტოლარული კრებულია. ცხადია, ავტორები სხვა ჰყავს, ოღონდ, არანაკლებ საინტერესოა და სინიორ უმბერტო თუ მომიტევებს, შესაძლოა, მეტადაც კი…
ადრესატებიდან ერთი პოლ ოსტერია – “ნიუ-იორკული ტრილოგიის” და “მისნის ღამის” ავტორი, მეორე – ჯონ მაქსველ კუტზეე, სამხრეთაფრიკელი ნობელიანტი – “სირცხვილით” გეცოდინებათ. ჰოდა, ამ ორი პატიოსანი კაცის ვირტუალური დიალოგის გამოცემა იგეგმება ერთ თვეში, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვიყოჩაღეთ, ყველას და ყველაფერს დავასწარით და მშობლიურ ენაზე თარგმნაც მოვახერხეთ.
ჯონი 2008 წელს შეხვედრია პოლს, იქამდე ერთმანეთს დაუსწრებლად იცნობდნენ და კითხულობდნენ – ოსტერი ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს, კუტზეე – ავსტრალიაში. საერთოც ხელად გამოუნახავთ და სასაუბრო თემებიც, ცოტა ხანში ცხოველი მიმოწერაც გაუჩაღებიათ და ეს ელექტრონული წერილები ისე მოსწონებიათ, წიგნად აკინძვა ჩაუფიქრებიათ.
არ ვიცი, მავანი კრიტიკოსი იქნებ არც დამეთანხმოს, მაგრამ, რატომღაც მგონია, ოსტერს და კუტზეეს მიმოწერის დროს იმაზე არ უფიქრიათ – ამ ყველაფერს ოდესმე მილიონობით ადამიანი წაიკითხავსო. მარილი იმაშია, რომ მთელ წიგნში პოზიორობის ნასახსაც ვერ იპოვით, ტონი უბრალო და შინაურულია, ენა კი მარტივი და გასაგები.
რაზე არ საუბრობს ეს ორი მწერალი – გრიპის ვირუსსა და მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისზე, სპორტსა და სემუელ ბეკეტის პიესების ახალ გამოცემაზე, მეგობრობაზე და პოლიტიკაზე, თანამედროვე სამყაროს ახალ სენზე – ზღვარგადასულ პოლიტკორექტულობაზე და კინოზე, სიყვარულზე და არტზე, დოსტოევსკიზე და საკუთარ, ჯერაც დაუმთავრებელ, რომანებზე… მოკლედ, ნებისმიერ თემაზე, რაც თავში მოუვათ. ზედმეტი დეტალიზაციით თავს არ შეგაწყენთ და არც არის საჭირო – თვითონვე ნახავთ. ერთს გეტყვით მხოლოდ – სხვის წერილებში ცხვირის ჩაყოფა ასეთი საინტერესო იშვიათად ყოფილა.
ამგვარ წიგნებს, როგორც წესი, ნელა ვაგემოვნებ, აუჩქარებლად და გამოზოგვით, დღეში ორიოდე წერილს ვკითხულობ, მაგრამ ამ ნაწყვეტის შემდეგ სიამოვნების გახანგრძლივებაზე არც მიფიქრია. ცინცხალი ტომი მაშინვე ვიგდე ხელთ, ორ დღეში მოვუღე ბოლო და, გულწრფელად გითხრათ, ასეთი უყაირათო ხარჯვა სულაც არ მინანია.
ოდესმე ჩემი წერილები რომ გამოქვეყნდეს, ხომ მომეჭრა თავი :)
სასწრაფოდ მომინდა მეყიდა და წამეკითხა
LikeLike
გამაცინე :) ახლა შენი მკითხველები წერილების ბლოგზე გამოქვეყნებას მოითხოვენ.
LikeLike
:))) ამიტომ, ანნა, ისე უნდა გადაიკარგო, “რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს” და არც წერილებს გამოსცემს ვინმე :)))
ეპისტოლარული ჟანრი ჩემი საყვარელი ჟანრი ნამდვილად არ არის, მოლი, მაგრამ შენ გიჯერებ :)
LikeLike
“გრძელფეხება მამილო” გადაათვალიერე მოცალეობის ჟამს და, იქნებ, აზრიც შეიცვალო.
“შენ გიჯერებო” რუსასგან – საუკეთესო რეცენზია და უმაღლესი ჯილდოა იმათ შორის, რაც კი აქამდე მიუღია ბლოგერ მოლის.
LikeLike
მმ საინტერესოა. წავიკითხავ აუცილებლად. :) თან ადამიანს ყოველთვის იზიდავს სხვისი წერილების კითხვა :)
LikeLike
აბა, რა :)
LikeLike
რაღაც კარგს რომ შემოგვთავაზებდნენ, ვიცოდი, მაგრამ მთლად “უორიგინალო” თარგმანსაც არ ველოდი :) განსაკუთრებულად “გემრიელი” ჩანს… ხვალ შევივლი “დიოგენეში” და ფაულზს როგორც კი დავამთავრებ, ჩავუჯდები :)
LikeLike
ორ დღეში გადავაბულბულე და მართლა ძალიან კარგია.
LikeLike
არ მომეწონა ის წერილები და ალბათ არც ეს მომეწონება, თუმცა შენი გადმოცემით აუცილებლად უნდა მომეწონოს.
LikeLike
შენი ჟანრი და თემა თუ არ არის, არც ეს მოგეწონება :)
LikeLike
ვაა, დამაინტერესა ძალიან, თან ამ ბოლოს მხატვრული ლიტერატურისთვის ძალა აღარ მყოფნის და ძირითად პუბლიცისტურ და ბიოგრაფიულ ისტორიებს ვკითხულობ :)
LikeLike
მეც ვუხშირე ამ ბოლო დროს ნონ ფიქშენს. თავისი ეშხი აქვს და მარილი. ქინდლშიც მომიმრავლდა პუბლიცისტიკა და თაროებზეც.
LikeLike
ასაკის, გარემოს, სამუშაო რეჟიმის, ცხოვრების სტილის გავლენაა ეგ, ია ტაკ დუმაიუ :))
LikeLike
პუბლიცისტიკის ჭარბად კითხვა ცხოვრების სტილის ბრალი თუ არის, მომწონს ეს სტილი <3
LikeLike
სხვისი წერილების კითხვა უზრდელობააო – ასე ვარ აღზრდილი მე.
LikeLike
კარგი, ახლა, მილორდ :) უზრდელობა კია, მაგრამ საინტერესოა :)
LikeLike
ისე, ეს კუტზეე უხერხულად რომ იკითხება მაგას მაინც ვერ ხვდებიან? :) იმას რომ თავი დავანებოთ, რომ დამახინჯებულია.
LikeLike
ჯონ მაქსველ კუტზეე-ს რომ მოვაკლოთ ე და დავამატოთ უ, გამოვა…
LikeLike
მშვენიერი ნაწევტი იყო, მომეჩვენა რომ ბოლოსკენ ამ კაცზე შთაბეჭდილება უნდა შესცვლოდა და რამე უფრო გარდამტეხი უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამბის სიმსუბუქე უფრო მეტად მომეწონა :) მშვენიერი საკითხავი იქნება
LikeLike
მეც ასე მეგონა, ის კაცი რამე ღირსეულს ჩაიდენს და აზრს შეაცვლევინებს მეთქი :)
გამიხარდა შენი გამოჩენა, ჯეინ. ველქამ ბექ!
LikeLike
მადლობა მოლი! :)
LikeLike
ძალიან მომეწონა… სხვათა შორის ეკოსა და კარდინალის მიმოწერას ნამდვილად ჯობდას
LikeLike
მე მაინც ვერ შევადარებდი. ის სხვა ტონალობაშია დაწერილი, ეს – სხვაში. ორივე კარგია.
LikeLike
ჩემი ფრიგიდულობის ამბავია სპორტის მიმართ თუ რა არის, როგორ არ ვეცადე სწორედ მაგ თემატიკის შესახებ ამ ორი პატიოსანი ადამიანის, როგორც შენ იტყოდი, ნააზრევი შემესისხლხორცებინა და ვერა და ვერა. დაჟე გადავახტი ერთი–ორ წერილს, ძაან გაუბერეს. არადა, მემართება ხოლმე ეგ – გამორჩეულმა ავტორებმა უცებ ქაღალდზე რო წააჯღაბნონ რამე, მაინც მნიშვნელოვანი მგონია – ჰე ჰეე, განწყობის ამბავია, მერე ხშირად ყოფილა და ეეეჰ და კამპოტში. როგორიცაა. ხოდა იმას ვამბობდი, ძაან ვიხალისე წერილების ბოლოს მინაწერების ტონი როგორ იცვლება :დ პატივისცემინდა – აღვირახსნილ ხარხარამდე. ნუ, ეს ცოტას ვაჭარბებ. ისე საინტერესო იყო, თნ 21–ე საუკუნუ წერილები კარგა ხანია აღარ წამიკითხავს. ისე, მე და ჩემს ფენ ფრენდ გოგოს ბარე 1000 ბრძნული წერილი გვექნება ერთმანეთისთვის მიწერილი და ხო არ ვიფიქრო გამოცემაზე? ოღონდ თუ ის ოდესმე ცნობილი გახდება. მე მაგ სტატუსის საშინლად მეშინია. ხოდა, წასაკითხი წიგნია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ტვინს ხნავენ :) საყვარლები ეგენი.
LikeLike
არაფრის რომ არ ერიდებათ და ღლაბუცობენ – ფაქტია.
ჰოდა, შენი და პენ-ფრენდი გოგონას მიმოწერა ნამეტანი საინტერესო პროექტი მგონია. დაველოდები, სანამ ის ცნობილი გახდება და მერე ორი სელებრითის ეპისტოლარულ პროზასაც დავაგემოვნებ :)))
LikeLike
მაგრამ მეგობრობაზე ერთი ისეთი პასუხი მომცეს, რომ მიღირდა ამერიკა ავსტრალიას შორის წერილებით სირბილი ;)
LikeLike