ოდესღაც ძალიან მიყვარდა პოეზია.
შემეძლო, ლექსების ფურცვლაში ღამე გამეთენებინა და მერე მეგობრებისთვის წამეკითხა მოწონებული სტრიქონები აღფრთოვანებული ხმით და ანთებული თვალებით.
ოღონდ ეს იყო ადრე. ძალიან ადრე.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩემში ნელ-ნელა ჩაინავლა ყრმობისდროინდელი სიყვარული – ცხოვრებისეულმა პროზამ დაჯაბნა.
ალბათ, ასე დარჩებოდა კიდევ კარგა ხანს, თუ სამუდამოდ არა, შემთხვევით ერთი გოგოს სტროფებს რომ არ გადავყროდი.
თავიდან ჩვეულებრივი გოგო მეგონა – მხიარული, ქერათმიანი, ყვითელი კაბების, მზისა და რუჯის მოყვარული. აი, ისეთი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ შეხვდები.
მერე, ფოტოებს რომ დავაკვირდი, შევამჩნიე – როცა იღიმებოდა, თვალები მაშინაც სევდიანი ჰქონდა.
შემიყვარდა მისი ჩანაწერების კითხვა. ზოგი მეტად მომწონდა, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ის კი შევამჩნიე, რომ ხანდახან, ჩემთვის, ზოგიერთ სტრიქონს ვიმეორებდი ხოლმე.
ისიც, თითქოს ჯიბრზე, ხშირ-ხშირად მახვედრებდა ახალ ნოუთებს ფეისბუქის კედელზე. წავიკითხავდი და გულზე მომხვდებოდა.
და ამ რამდენიმე დღის წინ ისეთი ლექსი დადო, შოკიდან ჯერ არ გამოვსულვარ.
თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვა რომ არის, ყველაზე ნაკლებ რელიგიურმა ადამიანებმაც კი იციან.
სიმართლე გითხრათ, არასოდეს მესმოდა მათი, ვინც სიცოცხლეზე თავადვე თქვა უარი. განა იმიტომ, რომ ამ დროს ჯოჯოხეთსა და კუპრის ქვაბში მოთუხთუხე ცოდვილებზე ვფიქრობ ხოლმე, არა. უბრალოდ, ქარს გატანებული ცხოვრება მენანება. და სულ მგონია, რომ ყველა ჩიხს თავისი გასასვლელი აქვს.
ოღონდ სხვები არ თვლიან ჩემსავით და ჯვრებით დამშვენებული და აიაზმანაპკურები საფლავების გვერდით იმ სამარეებსაც აწვიმს და ათოვს, ნაკურთხი მიწა რომ არ ღირსებიათ.
აქ მწოლიარეებს პანაშვიდს არავინ გადაუხდის და განსასვენებელ ფსალმუნებს არავინ წაუკითხავს.
სამაგიეროდ, ერთი გოგოა, მათზე რომ იფიქრა. განა უბრალოდ იფიქრა, იმ ადამიანების ტყავში შეძვრა, ვინც საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, იმათ გულებში ჩაიხედა, ვისაც გზის ბოლომდე გასავლელად გაძლება არ ეყო და უფალს მათ ნაცვლად მიაწვდინა კვნესა:
ვწევართ და სამარეს ვატოლებთ
დამსხვრეულ ფრთებსა და იარებს
და გეხმიანებით, უბრალოდ,
ჩვენ აქ ვართ და შემოგვიარე,
თუ ჩვენი თავიც გაქვს, უფალო.
ვკითხულობდი ამ ლექსს და მეჩვენებოდა, რომ მე აღარ ვიყავი მე. კანის თითოეული უჯრედი მქონდა გაჯერებული იმ სასოწარკვეთილებით, უკანასკნელ ნაბიჯს რომ ადგმევინებს ადამიანებს. ეს მე მივიჩქაროდი მწვანე ჭაობისაკენ, მე მტანჯავდა კბილებით გადასერილი ვენების ტკივილი და ვხედავდი ზურგშექცეულ მეგობრებს… ეს ჩემი სისხლიანი ნაკვალევი ენთო ალისფრად სხვის საქორწინო სუფრაზე და ჩემი ხმა, გულიდან ამოხეთქილი ხმა ადიოდა ზევით, მეცხრე ცაზე უფრო ზევით და ვგრძნობდი, რომ იქ მართლა იყო ვიღაც, უსაშველოდ თბილი ხელებით და თვალებში ჩაბუდებული სევდით, ვისაც ჩემი ესმოდა:
ჰო, ჩვენთან სიყვარულს რა უნდა,
დღეს ყველა ბეღელი დავფერთხეთ,
ვინც შენთან არასდროს დაბრუნდა,
ვინც არ მოიკითხე არცერთხელ,
ვისთვისაც სიბნელე გახშირდა,
ვისიც დაგავიწყდა შემოსვა,
ვისთანაც ყოველთვის ვალში ხარ,
ვინც უკვე არ ელის შენს მოსვლას,
ვინც შენი გეგონა სტუმარი,
ან გადაგავიწყდა, უბრალოდ,
უსიტყვოდ, უგრძნობად, მდუმარედ,
ყველანი აქ ვწევართ, უფალო.
ამბობენ, მხოლოდ დედის ლოცვა იხსნის თვითმკვლელის სულს ჯოჯოხეთიდანო. არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ თუ რომელიმე დედას ამის გაკეთება უკვე აღარ ძალუძს ან, უბრალოდ, ხანდახან ავიწყდება ხოლმე, შეუძლია, მშვიდად იყოს – მისი შვილისთვის სალომე ბენიძე ლოცულობს.
გამზრინა :/
LikeLike
რამდენიმე წელია პოეზიის კითხვაში აღარ ვათენებ, მაგრამ სალომე ბენიძის ლექსები “მანადგურებს” :/ “ომის ბალადა” დღემდე ვერ დავივიწყე… ახლა ეს…
LikeLike
“ბალადა” უმშვენიერესია, ოღონდ მართლა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
LikeLike
წერილი “Chateau mere”-დან – მე ამას გირჩევდით
LikeLike
მისი ეს ლექსი წავიკითხე პირველად, მერე ჩემ ქართულის მასწავლებელს მივურბენინე გადარეულმა, ისიც გადავრიე :)
LikeLike
არ მიკვირს :) შატო მერემ მეც გადამრია :) იშვიათი ლირიზმით სავსე ლექსია :)
LikeLike
შემძრა. არადა, გენიალურია.
LikeLike
მოლი და სალომე – <3
LikeLike
გული მომეკუმშა :ს აქ ბევრი წინადადება დავწერე ახლა და ყველა წავშალე, ზედმეტია ჩემი ბჟუტური, კარგია რომ კარგი ადამიანები არსებობენ :)
LikeLike
არაჩვეულებრივია მოლი, სალომე ბენიძის ლექსებს “ლიტერატურული პალიტრის” წინა ნომერში გავეცანია, აღფრთოვანებული ვარ მეც.
LikeLike
დავმძიმდი, ენა ჩამივარდა..
LikeLike
ვიცნობ სალომეს შემოქმედებას ასე თუ ისე, მაგრამ ამ ლექსის პირველივე სიტყვებმა ამაფორიაქა, გამყინა, შემაძრწუნა და დამაფიქრა იმათზე, ვისზეც არასოდეს მიფიქრია :)
“ჩვენც, ალბათ, სხვებივით ვიცხოვრეთ,
არც უფრო კარგად და არც ცუდად,
გამრუდდა ბილიკის სისწორე
და ფეხი უეცრად დაცურდა.
ისინი, ვინც დაგვთმე უსიტყვოდ,
ვინც სხვების იმედზე დაგვტოვე,
ვინც შენი ვერასდროს შეიტყო
ვწევართ და სამარეს ვატოლებთ”
LikeLike
ლექსის მთლიანად გადმოტანა მომერიდა, ბიბი. არადა, ისეთია, ყველა სიტყვა ოქროდ რომ ფასობს.
LikeLike
odesgac mgoni kvelas ufikria tvitmkvlelobaze, pirdapir imistkma rom isini jojoxetshi xvdebian cota azrs moklebulia chemi azrit.. ra vicit ikneb uketesad arian, an ikneb uaresad.. xazgasmit am kitxvaze pasuxi arsdros gvekneba.. ase rom nu viknebit radikalurebi.. leksis idea momecona, dinamika ise ra.. :)
LikeLike
თვითმკვლელობა რომ მიუტევებელი ცოდვაა და უმძიმეს გადაცდომად ითვლება, ამას მე კი არა, ეკლესია ქადაგებს. შესაბამისად, აზრს მოკლებულიაო, საპატრიარქოს უნდა მიმართოთ :)))) სამოთხე-ჯოჯოხეთის ამბები მე, მოლის, ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ეს ლიტერატურული პოსტია და არა თეოლოგიური ტრაქტატი.
სად რამდენად რადიკალური ვიქნები, ნება მომეცით, საკუთარ ბლოგზე თავად განვსაზღვრო, უცხო ვიზიტორების რჩევების გარეშე.
ისიც საინტერესოა, როგორ ხდება ლექსის დინამიკის შეფასება ორი არასრული ნაწყვეტით. თუმცა, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის :)
და, თუ შეიძლება, თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, იქნებ ქართული ანბანით წეროთ. გაგიკვირდებათ და ლათინური შრიფტით დაწერილი ქართული ტექსტის კითხვა, ცოტა არ იყოს, მოუხერხებელია.
LikeLike
შენ უბრალოდ ფიქრი და ფაქტი შეგეშალა. ფიქრი გაანსხვავებული (ნაკლებად)ცოდვაა ვიდრე თავად ქმედება. თვითმკვლელობაზე ფიქრი თუ მიუტევებელი ცოდვააა მაშინ პირდაპირ ჯოჯოხეთში ამოვყოფ თავს.
LikeLike
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თქვენს ბლოგზე, პოსტებზე მხოლოდ ერთი ტიპის კომენტარები უნდა იწერებოდეს…?? ფაქტი რომ ცოდვაა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უცხო ვიზიტორისთვის და ამიტომ გამოთქვა თავის განსხვავებული აზრი:) ქრისტიანი არ ვარ, ალბათ ამან განაპირობა ჩემი კომენტარის შინაარსი და თქვენი გაღიზიანება?
LikeLike
არა, ბლოგზე მხოლოდ ერთი ტიპის კომენტარი არ იწერება. თუ კრიტიკას გულისხმობთ, მრავლადაა ისიც და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ოღონდ:
– თუ ქრისტიანი არ ბრძანდებით, მით უფრო გაუგებარია აპელირება კითხვის ნიშნებზე და “აზრს მოკლებულობაზე”, ვინადან ლექსის ავტორი (და პოსტის ავტორიც) ზუსტადაც რომ ქრისტიანულ სწავლებას გულისხმობდა და არა რომელიმე სხვა რელიგიას (მაგალითად, თქვენსას). შესაბამისად, აზრადაც არ მოსვლია, ტექსტის რომელიმე სხვა რელიგიის შეხედულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ანუ, მტკიცება იმისა, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, სულაც არ არის “აზრს მოკლებული” (როგორც თქვენ ბრძანეთ), ვინაიდან ქრისტიანული ეკლესია ზუსტად ამას ქადაგებს.
– კომენტარების მრავალფეროვნების მიუხედავად, რჩევებს, საკუთარ ბლოგზე, საკუთარი პოსტის დაწერისას, სად მეტად რადიკალური ვიყო და სად ნაკლებად, არ ვიღებ. მით უფრო უცნობი ადამიანებისგან და მით უფრო მაშინ, როცა რჩევა არ მითხოვია.
– ქართულად წერა (და ქართულად დაწერილის კითხვა) ბევრად მოსახერხებელი რომ ყოფილა, უკვე ამ კომენტარიდან ჩანს და მიხარია, ჩემი თხოვნა რომ გაითვალისწინეთ.
– და კიდევ ერთხელ კომენტარების და კომენტატორების მრავალფეროვნებაზე. აქაურობას ერთმანეთისგან ასაკით, სქესით, მსოფლმხედველობით, გემოვნებით განსხვავებული მკითხველი სტუმრობს და მე პატარა, თუმცა მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ (უფრო სწორად, ყველამ, ერთის გარდა) ეს პოსტი აღიქვა ერთ ლექსზე დაწერილ იმპრესიებად და არა თეოლოგიურ ტრაქტატად.
LikeLike
ხალხს ჩემი ნალაპარაკევი არ ესმის, რა ასაკვირი თუ თქვენ წაკითხული ვერ გაიგეთ.. ?
LikeLike
თუ ხალხს ვინმეს ნალაპარაკევი არ ესმის, ეს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც წესი, ხალხის ბრალი არ არის ხოლმე :))
წაკითხულის გაგების პრობლემას, თქვენი ნებართვით, თავად მივხედავ.
LikeLike
არა პრობლემა იმაშია რომ ხალხს ყუთს გარეთ მოაზროვნის არ ესმით და ნება მიბოძეთ თავად გადავწყვეტ ვინ იქნება ამაში დამნაშავე..)))
LikeLike
შევთანხმდით. ოღონდ, თავად თუ წყვეტთ, სადმე სხვაგან (მაგალითად, თქვენს ბლოგზე) გადაწყვიტეთ. აქაურობა თქვენი გადაწყვეტილებების გახმოვანებისთვის ოდნავ შეუფერებელი ადგილი მგონია.
LikeLike
რა მიკერძოებული ხარრთ )) თქვენგან კარგი დიქტატორი დადგებოდა.. უკვე მეასედ მიმითითედ რომ თქვნს ბლოგზე ჩემი აზრები არ უნდა დაფიქსირდეს.. )))))
LikeLike
არა. ის რაც თემას ეხება, დაფიქსირებულია და ის, რაზეც თავად ბრძანეთ, “ნება მომეცით, ჩემით გადავწყვიტოო”, უმჯობესი იქნება, მართლა თქვენით გადაწყვიტოთ, სადმე სხვაგან. პოსტის თემატიკას, კარგა ხანია, გავცდით და, სიმართლე გითხრათ, საუბარი უკვე ღრმად უინტერესოა.
თქვენის ნებართვით, დისკუსიას აქ შევწყვეტ.
LikeLike
მიღებულია, აქამმდე არც უნდა მოგეყვანათ საქმე, ”უცხო ვიზიტორებთან” კამათს არზი არ აქვს ხომ ხედავთ..?? მაინც თავის აზრზე რჩებიან და თქვენს შეხედულებებს არ იზიარებენ..))
LikeLike
თქვენ ვის აზრს გაიზიარებთ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია და მაინცდამაინც არც არაფრის გაკეთება მიცდია. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, საინტერესო და სასიამოვნო საქმეც ბევრია. უბრალოდ, საკუთარ ბლოგზე, ასეთი ტიპის კომენტარებს უპასუხოდ არ ვტოვებ ხოლმე.
LikeLike
თქვენ ალბათ თქვენი ყველა საინტერესო, სასიამოვნო, საინტერესო დამნიშვნელ ოვანი საქმეები დაამთავრეთ, და ეხლა მოწყენილობა გაწუხებდათ ამ კომენტარის წერისას? მე მეგონა დავამთავრეთ.
LikeLike
მეც მეგონა, რომ თქვენ დაასრულეთ. იმედია, ახლა მაინც არ შევცდები.
LikeLike
მეც კაი ხანია, პროზა ვამჯობინე პოეზიას. ოღონდ ამ ჩანაწერით რაც მიქენი, ეს ცალკე სათქმელია…ეს მე მივიჩქაროდი მწვანე ჭაობისაკენ, მე მტანჯავდა კბილებით გადასერილი ვენების ტკივილი და ვხედავდი ზურგშექცეულ მეგობრებს…” ეს ჩემი სისხლიანი ნაკვალევი ენთო ალისფრად სხვის საქორწინო სუფრაზე და ჩემი ხმა, გულიდან ამოხეთქილი ხმა ადიოდა ზევით, მეცხრე ცაზე უფრო ზევით და ვგრძნობდი, რომ იქ მართლა იყო ვიღაც, უსაშველოდ თბილი ხელებით და თვალებში ჩაბუდებული სევდით, ვისაც ჩემი ესმოდა” – … მოლი… აი მერამდენედ გადავიკითხე ეს ნაწყვეტი… ვიცი, ახლა მეტყვი, ლექსი იყო კარგი და მისგან გამოწვეული ემოციაც შესაბამისიაო, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ის, ვისაც ასე აღქმა და გულთან მიტანა შეუძლია იმის, რაც ლექსშია, თვითონაც პოეტია. ლეონიძეს დავესესხები და პოეტები მარტო ფურცელზე რითმებით მოლაპარაკეები არ არიან…ძალიან, ძალიან კარგი ჩანაწერია <3
LikeLike
ლექსი იყო კარგი, კატერინა :) აბა, რა :) ასეთ ლექსზე სხვანაირად როგორ დავწერდი? :)
მადლობა დიდი:)
LikeLike
თვითმკველობა – ყველასთვის საინტერესო და ამავდროულად საკამათო თემაა. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი… ბოლომდე ვიგრძენი ყოველი სიტყვა…
“ჩვენ აქ ვართ და შემოგვიარე,
თუ ჩვენი თავიც გაქვს, უფალო”
P.S. მართალია ამბობ “მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა”_ო, მაგრამ პოეზიაზეც ისეთივე სითბოთი ლაპარაკობ(ყოველშემთხვევეაში ამ მომენტში), როგორ პროზაზე: )
LikeLike
დაწყებისთანავე მივხვდი რომ სალომე ბენიძეზე იყო ეს პოსტი, რაღაცნაირად, შეგრძნებით.
თავიდან ჩვეულებრივი გოგო მეგონა – მხიარული, ქერათმიანი, ყვითელი კაბების, მზისა და რუჯის მოყვარული. აი, ისეთი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ შეხვდები.
სათაური არც წამიკითხავს.
სალომე <3
LikeLike
molly შეუდარებელი ხარ….
LikeLike
ვწევართ და სამარეს ვატოლებთ
დამსხვრეულ ფრთებსა და იარებს…
LikeLike
ეს სალომეს ლექსია შეუდარებელი :)
ველქამ, ვერონიკა :)
LikeLike
ჯერ შენს პოსტზე დამბურძგლა და შემდეგ, სალომეს ლექსზე.
სრულად გასიგრძეგანებული გრძნობით, თემის გაგებით, გულწრფელი თანაგრძნობით დაწერილი ლექსია.
პოსტი კი ლექსით შეძრული მოლის მიერაა დაწერილი – ლექსზე არანაკლებ გულწრფელი ემოციებით…
მომეწონა ლექსი ძალიან. და პოსტიც ძალიან.
LikeLike
მე ძალიან იშვიათად პოეზია რომ წავიკიტხო, კიდევ უფრო იშვიათია რომ მომეწონოს. მაგრამ ეს უუუუდიდესი გამონაკლისია და საშინლად შემრცხვა რომ აქამდე არ ვიცნობდი სალომეს შემოქმედებას.
გამზრინა. . . ამ პოსტში ორმა ადამიანმა – მოლიმ და სალომემ რამდენიმე წამით დამანახეს თვითმკვლელთა “დამსხვრეული ფრთები და იარები”. და ამისტის ორივეს მადლობას ვუხდი. ხოლო კომენტარებში იმის გარჩევა არის თუ არა სუიციდი რელიგიურად გამართლებული – სისულელეა! მით უმეტეს რომ ამ კუთხით ეს თემა არც მოლის წამოუწევია პოსტში და არც სალომეს – ლექსში.
LikeLike
მიხარია, რომ ვიცნობ სალომე ბენიძეს, უკეთილშობილესს და მზის ფერებში გახვეულს…ძალიან, ძალიან მომწონს მისი შემოქმედება და წარმატებებს ვუსურვებ.
LikeLike
გამაჟრიალა მოლი და დამამძიმა
LikeLike
როგორ მესმის შენი, ჯეინ
LikeLike