ძვირფასო მოლი!
რიხიანად კი მოგესალმე, მაგრამ უკვე ათი წუთია, გაგრძელებას ვეძებ და ჯერ ვერაფერი მომიფიქრებია. გამოგიტყდები, დაბნეული ვარ… არადა, ჩემი დაბნევა იოლი ნამდვილად არ არის.
ვერ წარმოიდგენ, რამდენი საქმის კეთება მიწევდა ხოლმე წლების მანძილზე საკვამურებში ძრომიალისას. ძიძაც ვყოფილვარ, მზარეულიც, ჯვარი გწერიათ და მეხანძრეც (აგიზგიზებული ბუხარი დარჩათ ერთგან). შარშან, სტოკჰოლმში, ვაზასტანის უბანში, ორი ქურდბაცაცა გავკოჭე და პოლიციის მოსვლამდე ანეკდოტებით ვართობდი… ოღონდ, ბლოგერობა ჯერ არ მიცდია.
არა, ბლოგოსფერო ჩემთვის უცხო არ არის. ვორდპრესს ხშირად ვსტუმრობ (ბლოგსპოთზე ორჯერ შევიხედე და ორჯერვე კომპიუტერი გადამეწვა, ჩორვენ!) შენს ბლოგსაც ვკითხულობ… ჰოდა, შარშანდელი უსტარის შემდეგ გადავწყვიტე, ხმა ამომეღო. დაბადების დღეზე შემოგირბინე, გვარიანადაც გავერთე, პირველი კომენტარი შენთან დავტოვე და რა გასაკვირია, რომ პირველ გესტ პოსტსაც შენთვის ვწერ.
ერთი მეორეზე უკეთესიო, შენს სტუმრებზეა ნათქვამი, ჩემო მოლი :) სულ დარჩეული მკითხველები შემოგიკრებია გარშემო. აი, ის გრძელფეხება და ძალიან ჭკვიანი გოგო, საათივით აწყობილ ჰოლანდიაში რომ მეგულებოდა და ვარკეთილის მეტროსთან შემხვდა გუშინწინ, ან ის, პატარა და ჯიუტი, “ლოლიტას”, “დეკამერონს”, “გულსაგლეჯს” და “ბუდუარის ფილოსოფიას” რომ მთხოვს საახალწლოდ და საგანგებოდ გაგზავნილ ფერად-ფერად ზღაპრებს უკან მიბრუნებს ცხვირაბზუებული – ბავშვი კი არ ვარო… ან ის პროფესორი, ოქროს კალამს ტყუილად რომ აცდენს… ჩემგან არ ეწყინოს და იქნებ შენ ჩააწვეთო – ბლოგს გაეშვი და წიგნების გამოცემაზე იფიქრე, თორემ რჩეული სამტომეული დაგიგვიანდება-თქო.
ამდენი, ცა და დედამიწასავით, განსხვავებული გემოვნების პატრონი ერთად რომ შეიყარეთ და რაღაცებზე თანხმდებით კიდეც, ყველაზე მეტად ეს მაკვირვებს და მომწონს.
ჩემს ამბავს თუ იკითხავ, ყველაფერი ძველებურადაა. მარხილით კარგა ხანია, არ დავდივარ, მაგრამ მაინც არაქათი მაქვს გამოცლილი. ამას ჩამოუარე, იმას ჩამოუარე, საჩუქრები არ აგერიოს, ვინმეს რამე არ დააკლო… კიდევ კარგი, მთელი წელი ვისვენებ, თორემ სიქა გამძვრებოდა.
გაურკვეველი წერილი მომივიდა ამას წინათ – ასე თუ გააგრძელე, ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში გიჩივლებთო… ჩლიქის ანაბეჭდით ხელმოწერის ნაცვლად. ამ გაუგონარ უმსგავსობას ხელაღებით ვერავის დავაბრალებ, ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ ერთ სულიერს ის წითელი ცხვირი ნაღდად გაუშავდება.
ჰო, კიდევ ერთ უცნაურ ადგილას მოვხვდი – ვიღაცები შეგროვილიყვნენ და ერთობოდნენ. თავიდან, თითქოს ყველა მეცნო – სადღაც აშკარად მყავდნენ ნანახი, თან, რაც მთავარია, ერთად… დავაკვირდი და შენც არ მომიკვდე – ვერც გვარ-სახელით გავარჩიე, ვერც სამოსით, საითაც არ გავიხედე, ნიღაბს გადავაწყდი… დრო კი მქონდა ცოტა, ჩამოვჯექი და ყური მივუგდე. მომეწონა, იცი? დიდხანს ვერ დავრჩი, სავსე გუდა მეკიდა ზურგზე და პირდაფჩენილი ღლაპები მელოდებოდნენ ბარე ათგან, მაგრამ იქაურობა კარგად შევათვალიერე, მისამართი დავიმახსოვრე და აწი შევუვლი ხოლმე.
სამ იანვარს შენთან ვარ. ბლოგის დაბადების დღეს ნამდვილად არ გამოვტოვებ. ისიც ძალიან მაინტერესებს, ამჯერად რას დავაგემოვნებთ. შამპანური იყო, ვისკიც, კოქტეილ ფართიზეც შემოვიხედე მაისში… ყოველი მრგვალი თარიღი განსხვავებული სასმელით თუ აღნიშნე, ათი წლის შემდეგ, ალბათ, ჟიპიტაურს დაგვალევინებ.
მოკლედ, აბა, შენ იცი. დამდეგს გილოცავ შენც და შენს სტუმრებსაც. მერი, თამარა, ბიბი, ტაბუ, რუსა, სალი, ნათია, ქევან, კატერინა, სტავროგინ, მილორდ, ანნა, Miss Spokerperson, გლეხის ბიჭო, თამი, ჯეინ, ფინიკი, მემე, თეო, სანდრო, იაკო, ბანტაშა, აიზეკ, მარიამ, ჯესი, მარო, გრიფინ, ჰექსე, სოფი, ვასასი, რუსა, ანა, თაია, ფსიქე, ანგელოზო, როდე… მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარით, ბავშვებო.
სიყვარულით,
სანტა
რა საყვარელი სანტაა, მოლი შენი მკითხველებიც რომ არ დაავიწყდა:)
LikeLike
:)) ადრეა ჯერ ჩემი გულმავიწყობა :)
LikeLike
მაშინ რაც დაგაბარე არაფერი არ დაგავიწყდეს! უკლებლივ ყველაფერი დამიტოვე ახალი წლის ღამეს.
LikeLike
მეც მიცნობს? გამიხარდა :)
LikeLike
შენ ვინ არ გიცნობს, ბიბი :)
LikeLike
წინასწარ გილოცავ ახალ წელს.
ინტერნეტი არ მექნება, იქ სადაც ვიქნები :)
წარმატებულ წელს გისურვებ :* და ბევრ საინტერესო პოსტს :*
LikeLike
უღრმესი მადლობა :) ბედნიერი წელი გქონოდეს შენც.
LikeLike
ვაიმე, გავგიჟდები, ვაიმე!!!
როგორ მახასიათებს უსაყვარლესი სანტა და მე გავიძახი, არ არსებობს მეთქი! ენა უნდა ამომაძროს კაცმა! :(
უმაგრესი პოსტია და ათმაგად მესიამოვნა <3 <3 <3
LikeLike
სანტას არ ეშლება ასეთი რაღაცები :)
LikeLike
კეთილი სანტა, ჩვენც ვახსოვდით და გართობისას თითქმის გვიცნო :)
LikeLike
ამ ოქრო ხალხს როგორ გამოგტოვებდათ? :)
LikeLike
არა რა, ვიცოდი რომ სანტა არსებობდა… :)
LikeLike
ეჭვიც არ შემპარვია :)
LikeLike
აჰაჰა, მეც მოგიკითხავ სანტა ^_^
გამიხარდა რომ მოგვწერე
LikeLike
გაიხარეო, სანტამ :)
LikeLike
ქალი ოცი წლის მოვიყარე და მგონი ახლა მიწევს დავიჯერო სანტას არსებობა… იქით სურვილების ასრულებაო, აქეთ წერილებში მოხსენიებაო… ისღა დარჩენია, ერთხელაც ლაპლანდიაში დამპატიჟოს სიმპატიური ელფის გასაცნობად :)
მშვენიერი პოსტია ამ წინასაახალწლოდ, მოლ… გილოცავ წინასწარ და მერეც მოგილოცავ!
P.S. ჟიპიტაური ურიგო იდეა არ არის ;)
LikeLike
მადლობა, მარიამ :) ჟიპიტაური რომ მოეწონებოდათ მკითხველებს, ვიცოდი..
ქალი ოცი წლის მოვიყარეო – გამეღიმა :) რა პატარა ხარ <3
LikeLike
აგერ, სულ მალე 21-ის შევსრულდები და ზემოდან დავუწყებ ყურებას ხალხს :)
LikeLike
მოლი, მე კი მეგონა, რომ სანტა არ არსებობდა და წერილიც არასდროს მიმიწერია. ახლა ვეღარ მოვასწრებ, სამაგიეროდ, მომავალი ახალი წლისათვის გემრიელ წერილს გავუგზავნი :) ბევრ წარმატებას გისურვებ!
LikeLike
მე კი ვიცოდი, რომ არსებობდა, თამუნა, მაგრამ წერილი პირველად შარშან გავუგზავნე. ჰოდა, აი, პასუხიც :)
მადლობა :) წარმატებული წელი გქონოდეს შენც.
LikeLike
როგორ არ მჯეროდა შენი არსებობის, სანტა. შენ კიდე, კარგადაც მიცნობ და არც გავიწყდები, თურმე. აი ახალ წელს ვერ ვეგუები და რა ვქნა. ვერაფერი გავუგე. ვერც თავი, ვერც ბოლო. რა დღესასწაულია ასეთი თავს რომ იგიჟებს ყველა. განსაკუთრებული დღე თუა, ქარით უნდა დაიწყოს? ჰო, ვიცი, ბევრს ვლაპარაკობ და თან საყვედურებით სავსეს. გამიხარდა, რომ მართლა არსებობ. ქარების მეუფეს მოსცხო იქნებ შენი მათრახი და აუკრძალო უკან დაბუნება, თორემ გარეთ ვერ გამოვდივარ :დ
პ.ს. იმ ერთ ადგიალას რომ შეგვამჩნიე, ნუთუ ვერც ხელის მტევანი იცანი, ვერც ლოგინი და ვერც ტუჩები? :დ
LikeLike
სანტას გესთ-პოსტია ხო ეს? ხოდა,კომენტარებს აუცილებლად გადაამოწმებს, დარწმუნებული ვარ :დ
LikeLike
ყველაფერს ხომ ვერ ვიტყვი, გლეხის ბიჭო…
LikeLike
<3 <3 კარგად დაიწყო 31 დეკემბერი, მადლობა სანტა :)
ვუერთდები სანტას და გილოცავ დამდეგს :)
LikeLike
მადლობა, ფინიკი!
LikeLike
აი, აი ,აი! ხომ ვიძახდი არსებობს მეთქი სანტა!
პატარა და ჯიუტი მომეწონა ))))))
თქვენც გილოცავთ, მისტერ კლაუს )))
თუ ძალიან დაღლილი ხართ საჩუქრების დარიგებაშიც დაგეხმარებით
LikeLike
რა კეთილი ხარ, გლამთაია :)
LikeLike
აუ რა თბილი პოსტი იყო :დდ
LikeLike
…და ტოლსტოის წერილი თამარას
LikeLike
უბერებელი კლასიკა ბლოგოსფეროს ოქროს ფონდიდან <3
LikeLike
ეგ წერილი, მგონი, გზაში დაიკარგა :)
LikeLike
ისე ამ ბოლო პერიოდში ჩემს პოსტზე სანტაზე შემოდის ხალხი და სერიოზულ წერილებს ტოვებენ. რომლებსაც არ ვაქვეყნებ,
იმედი მაქვს, ახლა აქეთ გადმოერთვებიან. :)
სრულიად სერიოზულად მაქვს ამის იმედი.
LikeLike
ჩამაფიქრე, მილორდ :) სანტას როლს გთავაზობენ? მაშინ აქ გადმორთვას აზრი არ აქვს. სანტასთან რაღაცებს თუ გაბარებენ, გამოუშვი. სანტამდე ჩემი და შენი ბლოგიდან, დაახლოებით, ერთი მანძილია :))
LikeLike
მე არაფერს მთავაზობენ. წერენ უბრალოდ.
ჯობია ლაპლანდიაში მიწერონ ისე.
LikeLike
თან, სანტას მისამართიც გაქვს გამოქვეყნებული. ზუსტად მახსოვს, ერთხელ მეც ვისარგებლე.
LikeLike
ძვირფასო სანტა,
დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ყურადღებიანი ხარ და მე და ჩემი ბლოგი არ დაგავიწყდით! მოლის ბლოგისათვის ღირსეულად საინტერესო და კარგად წასაკითხი პოსტიც დაგიწერია. მეც გილოცავ, საყვარელო სანტა – ნაყოფიერი და ბედნიერი წელი გქონოდეს.
LikeLike
ერთსაც დავამატებ, საყვარელო სანტა, ღირსეული ბლოგი ამოგირჩევია გესტ-პოსტის დასაწერად. არჩევანს გიწონებ.
LikeLike
მადლობა, კეთილი სურვილებისთვის, ტაბუ! შენი გემრიელი ბლოგები ნამდვილად არ დამავიწყდებოდა. ისე, ბარემ დავიწუწუნებ და იმასაც გეტყვი, რომ იშვიათად წერ. დარწმუნებული ვარ, შენი მკითხველები მხარს ამიბამენ – აშკარად არ გვყოფნის და მეტი გვინდა :)
LikeLike
რა მაგარია წერილს იმ ადამიანისგან რომ იღებ რომელსაც ყველა აქეთ წერს და დახმარებას სთხოვს
ეს იგივე წერილი ბეიკერ სტრიტის 221b -დან რომ მიგეღო
LikeLike
ახლა დავფიქრდი და მართლა მაგარია :) შენ რომ რაღაც განსაკუთრებული არ შეამჩნიო, არ იქნება, ჰექსუს :)
LikeLike
გულუხვი და სულგრძელია შენი სანტა, მოლი, ჩემნაირი უჟმურიც რომ არ დაავიწყდა :)
LikeLike
კარგი ხალხი არ ავიწყდება სანტას!
LikeLike
:* <3
LikeLike
aaaaah ♥
LikeLike
Tjorven <3
LikeLike
უუუ სანტა <3 მოლის სტუმრებიც გილოცავთ ახალ წელს, კიდევ უთვალავ წელს იცხოვრე, ჯანმრთელად და გემრიელად :* ძალიან მიყვარს აქაურობა და ვიცოდი საახალწლოდაც, რაღაც ძალიან სასიამოვნო რომ დამხვდებოდა <3 :)
ყველას გილოცავთ ბავშვებო :*
LikeLike
“…მაგრამ ერთ სულიერს ის წითელი ცხვირი ნაღდად გაუშავდება.” – აი ასეთი წარმომედგინა, თუ წარმომედგინა სანტა… ასე ძალიან რომ ეცნო ჩემს ქვეცნობიერს, რადგან ოდესმე თუ მჯეროდა შენი არსებობის, ზუსტად ასეთი მეხატებოდი წერილის წერისას დაიმედებულს…)) ამ წერილის შემდეგ ალბათ, ახლაც მჯერა შენი არსებობის, მაგრამ მიჭირს აღიარება :D
LikeLike
რადგან სანტა მე არ მილოცავს, ჩემ თავს მე თვითონ მივულოცავ <3
და ყველას გილოცავთ, ვისაც გიცნობთ/არ გიცნობთ :*
მაინც ყველა საყვარლები ხართ, ბოლოს და ბოლოს, ახალი წელია <3
LikeLike
უსაყვარლესი პოსტია,, თურმე მართლა არსებობს სანტა :)))))
LikeLike
არსებობს ნამდვილად :)
LikeLike
მმმ.. ხვალინდელი დაბადების დღეე.. :)))
საწყალი სანტა. :( რა დღეშია..
LikeLike
მე რუდოლფიც შემეცოდა :)
LikeLike
მართლა რა კარგი სანტაა :) მეც კი, ყველაზე პასიური მკითხველი, მაინც არ დავავიწყდი…. გილოცავთ ….
LikeLike
აბა, რა :) პასიური კი არა, ერთგული და მუდმივი :)
LikeLike
ძვირფასო სანტა!
პასუხი ალბათ ასე უნდა დავიწყო, არა? გაგიკვირდება და არასდროს არაფერი მომიწერია შენთვის, შენთვის კი არა, ჩემს ბავშვობაში ნაბდიანი თოვლის ბაბუა რომ გვყავდა, არც იმისთვის – უცნაური ბავშვი ვიყავი, სხვების შეწუხებას ვერიდებოდი და ეს დღემდე გამომყვა. ახლაც შენ რომ არ გეხსენებინე, ხმას არ ამოვიღებდი. მაგრამ რადგან გაგახსენდი, უნდა გიპასუხო.
რჩეული სამტომეული უგვიანდებაო. ოდესმე თუ მექნება, დაგვიანებაზე როგორ დავიწუწუნებ? ეს მოლის და ჩემს სხვა ერთგულ მკითხველებს (ასეთი ასეულობით მყავს-მეთქი, ვერ დავიკვეხნი) სჯერათ, მე – არა. აი, როცა ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ, როგორც ახლა, ჩემთვის ვამბობ, მართლა თუ დამაფიქრეს წიგნის გამოცემაზე, ორმოცდაათიანი ტირაჟით მომიწევს-მეთქი და ღირს? :))
ძალიან მინდა, ჩემს ერთგულ მკითხველებს მაინც არ მობეზრდეთ ჯერ ჩემი დეპრესიული ჩანაწერები. მერე… მერე ვნახოთ :)
სიყვარულით,
პროფესორი :)
LikeLike
ძვირფასო რუსა!
თავიდანვე გეტყვი, შენმა პასუხმა ძალიან გამახარა. დღემდე არაფერი მომიწერია, შეწუხებას ვერიდებოდიო… სულ ტყუილად. აქამდე სად იყავი-თქო, კი გისაყვედურებდი, მაგრამ რაც იყო, იყო… მთავარია, რომ შემეხმიანე.
რუსა, ლაპლანდია კი მაქვს მისამართად, მაგრამ მთელ მსოფლიოს ვარ მოდებული, ხან სად ვარ და ხან სად, საქართველოსაც ხშირად ვსტუმრობ, აქაური ამბებიც წვრილად ვიცი, თანამედროვე პროზასაც ვკითხულობ, მწერლებსაც ვიცნობ, კრიტიკოსებსაც, გამომცემლებსაც და ბლოგერებსაც.
ჰოდა, თამამად შემიძლია გითხრა, რომ შენი მოთხრობები ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა, საავტორო კრებული კი ისეთი წარმატებული გამოვიდოდა, არ მოგასვენებდნენ – რას უყურებ, ყველაფერი გვერდზე გადადე და, სასწრაფოდ, შემდეგის აკინძვა დაიწყეო.
ამას სხვებიც გეუბნებიან ხოლმე (შენს ბლოგზე ერთი კომენტარიც არ გამომიტოვებია და ვიცი) მაგრამ რად გინდა, საშინლად თავისნათქვამა ხარ… არადა, მართლა გულით მენანება, ოქროს კალამს ვორდპრესის ტოპ-ათეულის პირველი ადგილისთვის რომ ხარჯავ.
და, რაც მთავარია, არც ისე ახალგაზრდა ვარ, დრო თავზე საყრელად მქონდეს… ძალიან მინდა, რუსას სახელობითი ავტოგრაფით დამშვენებულ ცინცხალ წიგნს მოვესწრო. ერთს, მეორეს,მესამეს… მერე რჩეულზეც ვიფიქრებთ.
შენი ერთგული მკითხველი
სანტა
LikeLike
[…] გენახა ჩემი გაოცება, საახალწლოდ შენი პასუხი რომ მომიფრიალა ფოსტამ, იქნებ, […]
LikeLike