ამ წიგნს განსაკუთრებით ველოდი.
ახალი ლიტერატურული ნუგბარის ხელში ჩაგდებამდე დღეები აქამდეც დამითვლია, გამომცემლობების ფეისბუქ-გვერდებიც ამიტალახებია და მაღაზიაშიც გავქცეულვარ დილაბნელზე – რამდენიმე ეგზემპლარი ექნებათ და, არიქა, ვინმემ არ დამასწროს, ხელცარიელი არ დავრჩე-თქო…
მაგრამ ეს მაინც სხვა იყო.
თავის დროზე, მოცლილი იურისტი რომ გახლდით, საღამოობით, საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზს ვსტუმრობდი ხოლმე. “სარბიელის” შეკრულას დავითრევდი, ნომერ-ნომერ ვფურცლავდი, ჯერ ბოლო გვერდის საფირმო ფოტოკოლაჟს ჩავათვალიერებდი, მერე, სადღაც შუაში, ერთი წვერმოშვებული კაცის სილუეტით დამშვენებულ მოკლე ტექსტს ვეძებდი, “გიო ახვლედიანის სვეტი” რომ ეწერა თავზე.
საკითხავი ბლომად იყო მანდ, მაგრამ წლობით ნაგროვებ მტვერს უფრო იმ სვეტების გამო ვყლაპავდი.
ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ რამდენიმე თვის წინ, “სულაკაურთან” რომ იკითხეს – აკა “სარბიელისთვის” რომ წერდა, თუ გახსოვთო.
როგორ არ მახსოვს-მეთქი, აღტაცებული ჭყლოპინი დამთავრებული არ მქონდა, ესეც მოაყოლეს – რას იტყვით, წიგნად რომ გამოვცეთო…
… კალენდარი რომ ვხაზე, სადაც ხელი მიმიწვდა, ყველგან რომ ვიწუწუნე, დანაპირებს აგვიანდება-თქო და ცა, დედამიწა და გამომცემლობის თანამშრომლები შევაღონე, აქ არ მოვყვები – ვერაფერი შვილი საამაყო საქციელია და თავად მრცხვენია, რომ ვიხსენებ. ასე იყო თუ ისე, ნანატრი დღეც დადგა და…
აგერ მიდევს ახლა, მაგიდაზე, ტომი მწვანე ერთიანით, მშიერ კატასავით ვუტრიალებ და, გემრიელი ლუკმის არ იყოს, ვერ გადამიწყვეტია, საიდან დავიწყო დაგემოვნება.
ისე, სვეტების კრებულს ერთი დიდი პლიუსიც აქვს – თუ გინდა, ალალბედზე გადაშლი, შუაგულიდან ან, თუნდაც, ბოლოდან შეყვები კითხვას და იოტისოდენადაც არ დაზარალდები, არაფერი გამოგრჩება.
“აკა მორჩილაძე “სარბიელში”, თქვენც გეცოდინებათ, ათტომეულად ჩაუფიქრებიათ და პირველი ნაწილი საწყის სამ წელს მოიცავს. ოღონდ, ადამის დროინდელია და ყავლი გასვლიაო, გუნებაშიც არ გაივლოთ. აკა და ფეხბურთი – ჩემი ორი დიდი გატაცება, ისე გემრიელად არის შეზავებული, კეთილშობილი კონიაკის არ იყოს, დაძველება მხოლოდ წაადგება.
თუმცა, რატომ მხოლოდ ფეხბურთი? ყველა დროის საუკეთესო სპორტული გაზეთის საუკეთესო მესვეტე ჰოკეიზეც წერს, ძიუდოზეც, რაგბზეც, ზაფხულის ოლიმპიადაზეც, ჭადრაკზეც და კრივზეც. თან ისე წერს, რომ ყოვლად არასპორტულ მკითხველსაც კი გაუღვივებს ინტერესს.
ბებერი “მილანი” და “ბარსა”, “ბაიერნის” და “დორტმუნდის” ჯახი, პასარელა და კანიჯა, ერიკ კანტონასთვის მიწერილი წერილი, “ევრო-96”-ის ქრონიკები, რუს მორაგბეთა პირველი ძლევა, ქინქი და ყაველა, ინგლისური პრემიერ-ლიგა, NBA და მარად ცოცხალ-მკვდარი ქართული ბურთაობა, მანჩესტერული დერბი და ჩვენი ფაფხური ევროთასებზე – მოკლედ, სპორტი თუ გიყვართ და მარილიან სიტყვასაც აფასებთ, სათქვენო ყოფილა, ნახეთ და მერე გამამტყუნეთ.
პროექტის სულისჩამდგმელის და რედაქტორის – ზურაბ მეძველიას წინათქმაც ზუსტად ისეთი დახვეწილია, აკას რომ ეკადრება და დიზაინიც შესაფერი… რბილგარეკანიანი წიგნები, ცოტა არ იყოს, უხერხული წასაკითხია, ეს ჩვენი სვეტები კი იმდენად კომფორტულია, მართლა ვერაფერს დაუწუნებთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემო კარგებო, აკას ძველი ახალი კრებული, ცნობილი ფრაზის არ იყოს, ნამდვილად ღირდა ლოდინად და ახლა მხოლოდ ის მეფიქრება, დანარჩენი ცხრა ტომის გამოსვლამდე რა გაძლებს…
იცის ამ ბიჭმა წერა და მოკალი :) ყველაზე მეტად რაც მომწონს მასში ისაა, რომ კითხვისას თან დაგდევს შეგრძნება, რომ კი არ კითხულობ, თვითონ გიყვება, გესაუბრება.
LikeLike
ზუსტად! :)
LikeLike
აუცილებლად წავიკითხავ.
თუმცა სპორტი და მე ძალაინ შორს ვართ ერთმანეთისგან :დ
აი, “სარბიელი” კი …. რა ვიცი, რა ვიცი მე პირველად გავიგე :(
მოკლედ რეჟიმი in ჭური რეჟიმშია :დ
LikeLike
რეჟიმშ კი არა ექშენში :დ
LikeLike
ძველი გაზეთია, თაია. პატარა იქნებოდი მაშინ შენ. ნუ, ახლა ხომ დიდი ხარ :))))
LikeLike
ვაიმე, მოლ…
არ წამიკითხავს აკას სვეტების წაკითხვის საშუალება არ მქონია არასდროს და ახლა ერთი სული მაქვს, როდის ჩავიგდებ ხელში ჯერ პირველ ტომს, მერე დანარჩენს…
სპორტზე გამოვნებით ნაწერი წარმომიდგენია, რა იქნება <3
უფრო სწორად, რომ წარმოვიდგინო, ამისთვის უნდა წავიკითხო : ))
მართლა გულწრფელად უღრმესი მადლობა ამ პოსტისთვის განსაკუთრებით… ასე მგონია, რომ რაღაც ისეთი აღმოვაჩინე დღეს, რომ არც ელოდები, ვერ წარმოგიდგენია და გამოჩნდება…
რომ წავიკითხავ, მეც ვეცდები შთაბეჭდილებებზე დავწერო ^_^
LikeLike
ნამდვილად არ ინანებ მარიამ. არ იცი, როგორ უხდება ფეხბურთზე და სპორტზე თხრობას აკას მარილიანი სტილი.
შენს პოსტს ველოდები განსაკუთრებით. და მადლობა შენ :)
LikeLike
verasodes tavikitxav am tigns verasodes
LikeLike
თუ შენი თემა არ არის, გასაგებია…
LikeLike
mgoni ertaderti tignia romelzec mteli gulit datere da me ver movjadovdi
LikeLike
ეგ არაფერი… მე ჯერ წიგნი არ შემხვედრია, ყველას ერთნაირად მოსწონდეს. გემოვნების ამბავია.
LikeLike
პოსტით მოვჯადოვდი და წიგნით მეც ვერ, თამი. ძალიან შორს ვართ მე და სპორტი. ეგეც არ იყოს, ჩემი საშინლად მწირი დრო ჩემთვის უფრო საინტერესო საკითხავებს და კარგა ხანია სანახავად გამზადებულ ფილმებს მინდა დავუთმო.
პოსტი კი ისეთია, ლამის ბოდიში მოვუხადო მოლის, ასეთი შესავლის შემდეგ მისი მყიდველი და წამკითხველი რომ არ ვარ :)
LikeLike
აბა, ბოდიში რა შუაშია :))) ეს ხომ სარეკლამო ტექსტი არ არის და არც ეს ბლოგია პიარ ბლოგი. მე იმ წიგნებზე ვწერ, რომლებიც მე მომწონს და თუ სტუმრებსაც მოეწონათ, ეს მხოლოდ მეორადი ეფექტია. ძალიან სასიამოვნო, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც გვერდითი ეფექტი.
LikeLike
ზუსტადაც რომ სარეკლამო არ არის და წრფელი გულითა და ემოციებითაა დაწერილი :)
LikeLike
mapatios molimac,akamac. arc sarbieli tamikitxavs arasodes, verc am tigns tavikitxav da fexburtic jiris dgesavit mdzuls
LikeLike
ნუ, ჰო. ჩვეულებრივი ამბავია.
LikeLike
1995-97 წლებში კითხვა კი ვიცოდი უკვე, მაგრამ არც აკას ვიცნობდი და არც ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი :) კარგია, რომ დანაკლისის შევსება შემიძლია… მაგრამ ათი ტომი როდის გამოვა… :( ვერ ვიტან ლოდინს (მილერიც მეყოფა “სატანჯველად”) :))
LikeLike
შენ ეგა თქვი… კიდევ ცხრა ტომი ასე სათითაოდ…
LikeLike
“ბებერი “მილანი” და “ბარსა”, “ბაიერნის” და “დორტმუნდის” ჯახი, პასარელა და კანიჯა, ერიკ კანტონასთვის მიწერილი წერილი, “ევრო-96″-ის ქრონიკები, რუს მორაგბეთა პირველი ძლევა, ქინქი და ყაველა, ინგლისური პრემიერ-ლიგა, NBA და მარად ცოცხალ-მკვდარი ქართული ბურთაობა, მანჩესტერული დერბი და ჩვენი ფაფხური ევროთასებზე.” – ვაიმე! როგორ ძალიან მომინდა.
LikeLike
სხვა ტომები არ გამოვაა თუ იცით?
LikeLike
გვპირდებიან, იქნებაო. მეორე ტომი მალე გამოვაო, ესეც გამიგია.
LikeLike