ჰო, რატომაც არა?! თეატრი გასახდელით იწყება, წიგნი – გარეკანით.
დიდი ამბავიო, ჩაიქირქილებს, ალბათ, ვინმე. უვარგის წიგნს მსოფლიოში საუკეთესო ყდაც ვერაფერს უშველისო.
სრული სიმართლეა, ჩემო ძვირფასებო. მდარე საკითხავი, რაგინდ კრეატიულად შეფუთო, მდარედ დარჩება, ამაზე ვინ დაობს… ოღონდ, მოდი, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ გარეკანი მაინც მნიშვნელოვანია, თვალს ახარებს და, საერთოდ, გემრიელად მოხატული გამოცემის ხელში აღება ერთი-ორად გსიამოვნებს.
თქვენ არ გემახსოვრებათ (და, მადლობა ღმერთს, რომ არ გახსოვთ) ის დრო, ყველა წიგნი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთნაირად უჟმურ, შეუხედავ, უსქესო ყდაში რომ იყო მოქცეული. საბედნიეროდ, დღეს ამას უკვე ყურადღებას აქცევენ და სამხატვრო აკადემიაში წიგნის დიზაინის კათედრაც კი არსებობს.
ვწერ ახლა ამ პოსტს და თან ჩემს თაროებს ვათვალიერებ. გადაშლაც არ გინდა, შეხედვაც კი სასიამოვნოა… ყველას თავისი, შეხამებული, გონივრულად შერჩეული გაფორმება აქვს – ეტყობა, ამაზე გულიანად უფიქრიათ. “ქართული კლასიკური მწერლობა” მდიდრული, საზეიმო და პომპეზურია, “დიოგენეს ბიბლიოთეკა” – სადა, ფუნქციონალური, თანამედროვე სერიას რომ შეეფერება, ზუსტად ისეთი… ქართული “ვარდის სახელი” ტყავში გახვეულ უძველეს ფოლიანტს ჩამოჰგავს, პოტერიადის შვიდი ტომი ლამის ცისარტყელას ყველა ფერითაა აჩახჩახებული. ზელაზნის “ამბერის ქრონიკები” მკაცრ შავ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ნატო დავითაშვილის წიგნებს ტალავერიანი გმირები, ლომები, კოშკები და უბელო ცხენები ამშვენებენ…
აკა მორჩილაძის “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი” მართლა ღია ბარათებით, გაზეთის ამონაჭრებით, სურათებით და წიგნაკებით სავსე ყუთია, “სანტა ესპერანსას” ერთი ძველი გამოცემა – საყვარელი ჩანთა, ლოგოს პრესის “მარკო პოლო”, “შექსპირი”, “ლეონარდო” და “კლეოპატრა” – ორიგინალურად გაფორმებული ალბომები ათასი სიურპრიზით… მოკლედ რომ ვთქვათ, საგანგებოდ განსწავლული ბიბლიოდიზაინერები ბევრს და კარგად მუშაობენ.
უამრავ წიგნს შორის საუკეთესოს არჩევა, ცოტა არ იყოს, მეძნელება კიდეც, მაგრამ იმ ხუთ გარეკანზე, განსაკუთრებით რომ მხიბლავს, მაინც უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა.
ამქვეყნად ყველაფერი ფერადი რომ მიყვარს და მირჩევნია, მგონი, ბლოგსაც ეტყობა, მაგრამ, მომკალით და, სტიგ ლარსონის ტრილოგიას შავი შეფერილობა აშკარად უხდება. პირველი ტომიც მშვენივრად გამოიყურება, მეორეც, მაგრამ ახალი – “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია” – მაინც ყველაზე სიმპატიურია და არქაული ტელეფონიც ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ სურათით ვტკბები, მაგრამ კალეს და ლისბეთის ცინცხალ თავგადასავალს დღედღეზე მოგართმევთო, გვაიმედებენ…
ერთგან წავიკითხე, თავის დროზე, რუსეთში, ძმები სტრუგაცკების ორი რომანი გამოუციათ წაღმა-უკუღმა ფორმატით. გამოუციათ და მკითხველიც აღშფოთებულა – ეს რა არისო, წუნდებულ წიგნებს ყიდითო, ლანძღვა-გინებით აუკლიათ მაღაზიები. რუსებმა თავისი იკითხონ და ახლა ყირამალა ტომი ჩვენც გვაქვს – აქეთ “ტავერნა “ათი სექტემბერია”, იქეთ – “ქალაქის მელიები”. აკა აქაც პიონერია და ლიდერი – დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ მსგავსი ვერაფერი გავიხსენე.
“ახალ ქართულ ლიტერატურაზე” ვყვებოდი ერთი კვირის წინ და მაკა მიქელაძის “სურათი” მაშინაც ვახსენე – აშკარად ბოლო წლების ყველაზე თამამი და პიკანტური ქავერია. ერთ-ორი აღშფოთებული მკითხველის კომენტარსაც გადავაწყდი ნეტში – აქაოდა, უხერხულიაო, წიგნს რაებს ახატავთო… უხერხულობის რა მოგახსენოთ, ლამაზი და მიმზიდველი უფრო მგონია, დახვეწილი ეპატაჟი კი ლიტერატურას ნამდვილად უხდება…
ბიბლიოკრეატივის ჩემს პირად ტოპ-ხუთეულში ღირსეული ადგილ ერნსტ გომბრიხის “ხელოვნების ამბავსაც” უჭირავს. მკაცრ, კლასიკურ, აკადემიურ ფონს მიქელანჯელოს “ადამის შექმნა” და ისეთი კოლაჟი ამშვენებს, იმგვარი ფერებია დაღვრილი, ჩახედვაც არ გჭირდება – გარეკანითაც მიხვდები, რომ ხელთ ჭეშმარიტი არტ-ბიბლია გიჭირავს.
და მაინც, უპირობო ფავორიტი ისევ “ადიბასია” – შავის და ოქროსფერის სინთეზი, ნაკვეთი სამყურა ლოგო და adibas – სიყალბის სიმბოლო. ამას ისიც დაუმატეთ, რომ თავად რომანი მიყვარს ძალიან და იოლად მიხვდებით, როგორ მიხარია, თაროზე თვალს რომ მოვკრავ ხოლმე.
მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, გაგონილი გექნებათ… გემოვნებაზეც არ დაობენ. ჰოდა, ჩემო კარგებო, ახლა საკუთარ ბიბლიოთეკას გადახედეთ და იმ ქავერებზე მომიყევით, თქვენ რომ განსაკუთრებით მოგწონთ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია!
მოდი, ისიც ვთქვათ, რომ წიგნი, რაც უნდა კარგი იყოს, თუ ბაზარზე არ გაიყიდა, ვერავინ გაიგებს, მართლაც რა კარგი რამაა… დღეს ვერც ერთ სფეროში გავექცევით სწორი მარკეტინგის საჭიროებას :)
ჰოდა, თუ მკითხველის დაინტერესება გინდა, კარგი წიგნი კარგად უნდა შეიფუთოს. რა თქმა უნდა, თუ ცუდის შეფუთვაც კარგად გამოვიდა, ეგეც იგივე შედეგის მომტანია, მაგრამ მკითხველი დარჩება იმედგაცრუებული…
აი, როდესაც აიღებ წიგნს, რომლის ყდაც მოგეწონა, წაიკითხავ და მიხვდები, რომ არ მოტყუვდი, ეს ალბათ კარგი შეგრძნება უნდა იყოს :)
ასე რომ, ყდის გაფორმება ძალიან საპასუხისმგებლო რამაა, იმიტომ, რომ საბოლოოდ აკინძული წიგნის ნაწილი ხდება და არ უნდა ყდამ სწორად უნდა გადმოსცეს ის, რაც წიგნშია…
LikeLike
გარეკანებს მეც დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე <3
თამაზ ვარვარაძის გაფორმებული მსოფლიო კლასიკის და აკა მორჩილაძის ბიბლიოთეკის სერია ყველაზე მეტად მომწონს.
ცალკეულ წიგნებს რაც შეეხება :
კიზის "გუგულის ბუდე"
ეკოს "ვარდის სახელი"
ჩქვანავას "ჭიანჭველები"
სტიგ ლარშუნის სამივე წიგნის ყდა
აკას "სანტა ესპერანსა"
ბურძულაძის "ადიბასი" და "გასაბერი ანგელოზი"
შმიტის "ოსკარი", "იბრაჰიმი" და "ულისე"
ქარჩხაძის "ზებულონი"
ბექაურის "ბებია რეი"
მარკესის "100 წელი"
ჯანდიერის "კონკიას ღამე"
უცბად ესენი გამახსენდა.
და კიდევ მალე გამოუშვებ ბაკური იაპონური მოთხრობების ანთოლოგიას და იმას ყდა ექნება…. <3
წიგნის ჩატკბარუნებაში რომ დაგეხმარება ისეთი
LikeLike
გარეკანს მეც ყურადღებას ვაქცევ და ხშირადაც ვილანძღები ხოლმე,მაგრამ :) ახლა ისეთ გაფორმებას და ფოტოებს ადებენ ყდად,რომ სჯობს ძველებურად ერთ ფერში უბრალო და ლამაზები გამოდიოდეს.. :(
LikeLike
აშკარად სხვადასხვა წიგნები გვივარდება ხელში მე და შენ, ანა :)
LikeLike
წიგნის გაფორმება ყიდვის პროცესში ნაკლებად მოქმედებს ჩემზე. უფრო მარკეტოლოგის თვალით ვუყურებ, ვიდრე მკითხველის… :) “დიოგენეს ბიბლიოთეკის” და “ახალი ქართული ლიტერატურის” გაფორმება ნამდვილად აღსანიშნავია. პირველი სადაა, მეორე – ორიგინალური და, რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში შინაარსს შეესაბამება… პრატჩეტის გარეკანიც მომწონს – თავიდანვე მხიარულ გაწყობას ქმნის… და ბოლო დროს გამოსული საბავშვო წიგნებისაც – ჩემს დროს ფერადყდიანი წიგნის შოვნა დიდი ბედნიერება იყო :)
LikeLike
მე არ ვაქცევ გარეკანს დიდ ყურადღებას, თუმცა თვალს რომ უხარია, ამას არ უარვყოფ.
LikeLike
მე ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესის” ყდა მომწონს და დიოგენეს გამოცემულ , ილონ ვიკლანის ილუსტრაციებით გაფორემბულ კარლსონზე და პეპიზე უკვე არაფერს ვამბობ :)))
LikeLike
საერთოდ ახალი გამოცემების ყდები დიდად არ მომწონს, ბევრჯერ მიფიქრია ეხლა ეს რა სიმახინჯეა მეთქი, ადიბასი ბოლოს ნაყიდი წიგნებიდან ყველაზე კარგი ყდითაა. და საბავშვო წიგნებს აქვს ლამაზი ყდები ძალიან. ყიდვას რომ მმოგანდომებს ისეთი, განსაკუთრებით სულაკაურის გამოცემებს-ხსირადაც ვყიდულობ.
LikeLike
მოდიიიიი, აკას წიგნებზე გამზადებული დრაფტებში შენახული პოსტი გამიუფასურე :D :D
რაც შეეხება გარეკანს, გარეკანი ყოველთის იქცევს ყურადღებას. თვალი ჭამს და თვალი სვამსო რომ იტყვიან :)
LikeLike
ვაი :) მე მაპატიეთ… ისე, უფრო საინტერესო არ არის, ერთ თემაზე ორი პოსტი დაიდოს? ორი ხედვა და ორი იმპრესია… მშვენიერი ტანდემი გამოვა. ესეც არ იყოს, შენი პოსტის გაუფასურება ცოტა არ იყოს, რთულია…
LikeLike
ფავორიტი ქავერები მეც მაქვს, პირველი “ტიპი მეზობელი საფლავიდან” მახსენდება, რა ვქნა ძალიან მიყვარს ეს უდარდელად წამოწოლილი ქალბატონი, გვერდზე წითელი, ქუსლიანი ფეხსაცმელი რომ უყრია და თავად ბოტებში რომაა გამოწყობილი და სიგარეტს “აბოლებს”. ეს წიგნი ამ ყდის გამო ორმაგად მიყვარს.
ფერადობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ძალიან მიყვარს 1987 წელს “მერანის” გამოცემული ფაუსტის I ნაწილი, ირაკლი ფარჯიანის ილუსტრაციებით. ყდაც არაჩვეულებრივი აქვს და შიგნით ილუსტრაციებიც შეუდარებელია.
კიდევ თუ დავფიქრდები გამახსენდება ბევრი :)
LikeLike
მასეტი <3 ,მართლა ეფექტურია. ოღონდ, მშვიდი რაღაცნაირად, არ ყვირის, მაგრამ მაინც ეფექტურია.
თუ კიდევ გაიხსენე, გაზიარება არ დაიზარო :)
LikeLike
აკამდე იყო მილორად პავიჩის ,,ხაზარული სიტყვისკონა” ძალიან მაგარი იდეით და გამოცემით:)))
წიგნის ყდებზე ჩემი ქართულის მასწავლებელი გამახსენდა, ამ ქალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მახსოვს ერთხელ გვითხრა- საკონტროლოსთის რვეულები მოიტანეთ, იცოდეთ ყდებს მივაქცევ მნიშვნელობასო და უნდა გენახა რამდენი ვარჩიე ლამაზ ყდიანი რვეული:)) დღმდე მახსოვს და მას შემდეგ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ბლოკნოტებსაც კი ყდების მიხედვით ვარჩევ…
ჰო წიგნები… ფამუქის ,,უმანკოების მუზეუმის” ახალი ყდა მომეწონა რაღაც სიგიჟემდე- სიგარეტის ნამწვავები. ეს უდა უფრო შეეფერება, ვიდრე წინ გამოცემის ყდა.
კიდევ 50 წიგნში მარკესის ,,მარტოობის 100 წელიწადი” ოქროს თევზი მომწონს და ა.შ. და ა.შ.
LikeLike
mm dzalian kargi postia <3
https://mollyblooms.files.wordpress.com/2012/12/larson-3-cover.jpg?w=500&h=330 es gogona drakonis tatuti magis gagrdzelebaa?
LikeLike
კი :) მესამე ნაწილია. მეორეც არსებობს.
LikeLike
meores akhla vkitkhulob. cota ar iyos danmgala
LikeLike
ოდნავ გაწელილია, კი. ლარსონი ჟურნალისტობას ვერ გაეშვა. პირველ ნაწილზეც მაქვს პოსტი დაწერილი და მეორეზეც. მესამეზეც ვაპირებ :))
LikeLike
warmatebebi }}
LikeLike
ბეჭდების მბრძანებლის სამივე ტომი მესიმპატიურება მე :დ
LikeLike
რუნული სტილი :) მეც მომწონს.
LikeLike
კიდევ გამახსენდება რამდენიმე წიგნი და აუცილებლად გაგანდობთ :)
LikeLike
წიგნის მხატვრობა/კომპიუტერული გრაფიკა ხელოვნებაა, რასაც ბიძგს ტექსტი აძლევს: როცა ხვდებიან ერთმანეთს ნიჭიერი მხატვარი/დიზაინერი და “ნიჭიერი ტექსტი” – პროდუქტიც შესაბამისია.
LikeLike
მეც ამას ვამბობ.
LikeLike
[…] ორი წლის წინ დავწერე და მკითხველს ჩემი ფავორიტი ქავერები გავუზიარე. ჰოდა, ვფიქრობ, დადგა დრო, […]
LikeLike