Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for დეკემბერი, 2012

Coca-Cola Art - Christmas Santa

ძვირფასო მოლი!

რიხიანად კი მოგესალმე, მაგრამ უკვე ათი წუთია, გაგრძელებას ვეძებ და ჯერ ვერაფერი მომიფიქრებია. გამოგიტყდები, დაბნეული ვარ… არადა, ჩემი დაბნევა იოლი ნამდვილად არ არის.

ვერ წარმოიდგენ, რამდენი საქმის კეთება მიწევდა ხოლმე წლების მანძილზე საკვამურებში ძრომიალისას. ძიძაც ვყოფილვარ, მზარეულიც, ჯვარი გწერიათ და მეხანძრეც (აგიზგიზებული ბუხარი დარჩათ ერთგან). შარშან, სტოკჰოლმში, ვაზასტანის უბანში, ორი ქურდბაცაცა გავკოჭე და პოლიციის მოსვლამდე ანეკდოტებით ვართობდი… ოღონდ, ბლოგერობა ჯერ არ მიცდია.

არა, ბლოგოსფერო ჩემთვის უცხო არ არის. ვორდპრესს ხშირად ვსტუმრობ (ბლოგსპოთზე ორჯერ შევიხედე და ორჯერვე კომპიუტერი გადამეწვა, ჩორვენ!) შენს ბლოგსაც ვკითხულობ… ჰოდა, შარშანდელი უსტარის შემდეგ გადავწყვიტე, ხმა ამომეღო. დაბადების დღეზე შემოგირბინე, გვარიანადაც გავერთე, პირველი კომენტარი შენთან დავტოვე და რა გასაკვირია, რომ პირველ გესტ პოსტსაც შენთვის ვწერ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ტესტი

დიდხანს უყურა ორ წითელ ხაზს. დახუჭავდა თვალებს, გაახელდა, ისევ ორი ხაზი იყო. ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ ერთი გამქრალიყო. ის კი ჯიბრზე არ ქრებოდა.

– რომ წახვალ, ჩემზე დაწერ რამეს?

ყველაფერი თავდაყირა დადგა და თუ როდესმე რამე უნდა დაეწერა, ალბათ ბოლოდან. ოღონდ ვერ მიხვდა, რატომ სთხოვა მასზე რამე დაეწერა, რადგან ბოლოს რაღაც ჩანახატის მსგავსი მეთერთმეტე კლასში დაწერა, პასკალს რომ კითხულობდა და სოფელს აკვირდებოდა.

ახალი წელი მალე შემოვა. სოფელს არაფერი ეტყობა.

უსიცოცხლობა და სიმშვიდე – ამაღამ შიმშილი არავის ემუქრება. აუტანელია ეს სიმაძღრე და სიმშვიდე, სიზანტე, კმაყოფილება – წინააღმდეგობა ჩვენი ბუნების არსთან.

“აქ აშკარად მეტყობა იმ დამთრგუნველი წიგნის გავლენა”.

კაცმა არ იცის, რამ გაახსენა ცამეტი წლის წინანდელი დღიურის ბოლო ჩანაწერი. მაშინ მიხვდა, წერა არ უნდა გაეგრძელებინა, თუ არ უნდოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი თავისთვის დაეცინა.

(more…)

Read Full Post »

blogging

მართალია, ჯეოპარდის ბოლო ტური გასულ კვირას ჩავატარეთ და დღეს ინტელექტუალური პაექრობისგან უნდა დაგვესვენა, მაგრამ წლის ბოლო ოთხშაბათი დადგა და, აბა, მითხარით, როგორ შემეძლო, ჩემს საყვარელ ბლოგერებთან ერთად არ გამეცილებინა აპოკალიფსს გადარჩენილი 2012 :) ეს პაკეტი სწორედ მათ მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ პოსტებს ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, არც პასუხებზე დაფიქრდებით დიდხანს და ვერც იმაში შემედავებით, რომ კითხვების შედგენისას ბლოგოსფეროს საუკეთესო ავტორებს ვეყრდნობოდი. მაშ, ასე,

Автора на сцену!

(more…)

Read Full Post »

"კალე ბლუმკვისტი და რასმუსი"; "ლოტა აურზაურის ქუჩიდან". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2012

ძვირფასო მამა, შეგიძლია ამ თვის ჯამაგირი დამიკავო, რადგან მე წავიღე 1 კილოგრამი ძეხვი, 1 კილოგრამი ღორის სოსისი, 1,5 კილოგრამი შებოლილი ბარკალი, 10 პატარა მდნარი ყველი, შენ რომ იცი, ის, 4 პური, 0.5 კილოგრამი ყველი, 1 კილოგრამი კარაქი, 1 შეკვრა ასანთი, 10 ფილა 50-ერეიანი შოკოლადი, 1 ბიდონი ბენზინი საწყობიდან, 2 კოლოფი კაკაო, 2 კოლოფი რძის ფხვნილი, 1 კილოგრამი შაქრის ფხვნილი, 5 საღეჭი რეზინი, 10 ყუთი მშრალი სპირტის ტაბლეტი.

და მგონი კიდევ რაღაც-რაღაცები, ახლა ზუსტად არ მახსოვს. ვიცი, რომ ნაწყენი ხარ, მაგრამ რომ იცოდე, რა მოხდა, აღარ გამიბრაზდები. ძია ლისანდერსა და ანდერსის მამას უთხარი, არ იდარდონ. გეხვეწები, არ გაბრაზდე… ჯობია, ამით დავამთავრო, თორემ ავტირდები.

დიდი მოკითხვა გადაეცი დედას.

P.S. არ მიჯავრდები, ხომ?!                      კალე

თუ თეთრი ვარდის უშიშარი, კეთილშობილი რაინდი ხარ და შემთხვევით ნახავ, როგორ იტაცებენ ბანდიტები ცნობილ პროფესორსა და მის პატარა, ცხვირპაჭუა ბიჭუნას, სხვა რაღა დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ დამნაშავეებს კვალში ჩაუდგე?! მით უმეტეს, როცა გვერდს ასეთივე ერთგული და გაბედული მეგობრები გიმშვენებენ. ამ დროს ისეთი მნიშვნელოვანი საქმეც კი უნდა გადადო, დიდებული მუმრიკის ხელში ჩაგდება რომ ჰქვია – ბოლოს და ბოლოს, არამზადა ალისფერი ვარდები არსად გაგექცევიან, სასაცილო, ჭორფლიანი რასმუსი კი საფრთხეშია.

(more…)

Read Full Post »

აკა მორჩილაძე "სარბიელში". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2012

ამ წიგნს განსაკუთრებით ველოდი.

ახალი ლიტერატურული ნუგბარის ხელში ჩაგდებამდე დღეები აქამდეც დამითვლია, გამომცემლობების ფეისბუქ-გვერდებიც ამიტალახებია და მაღაზიაშიც გავქცეულვარ დილაბნელზე  – რამდენიმე ეგზემპლარი ექნებათ და, არიქა, ვინმემ არ დამასწროს, ხელცარიელი არ დავრჩე-თქო…

მაგრამ ეს მაინც სხვა იყო.

თავის დროზე, მოცლილი იურისტი რომ გახლდით, საღამოობით, საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზს ვსტუმრობდი ხოლმე. “სარბიელის” შეკრულას დავითრევდი, ნომერ-ნომერ ვფურცლავდი, ჯერ ბოლო გვერდის საფირმო ფოტოკოლაჟს ჩავათვალიერებდი, მერე, სადღაც შუაში, ერთი წვერმოშვებული კაცის სილუეტით დამშვენებულ მოკლე ტექსტს ვეძებდი, “გიო ახვლედიანის სვეტი” რომ ეწერა თავზე.

საკითხავი ბლომად იყო მანდ, მაგრამ წლობით ნაგროვებ მტვერს უფრო იმ სვეტების გამო ვყლაპავდი.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ რამდენიმე თვის წინ, “სულაკაურთან” რომ იკითხეს – აკა “სარბიელისთვის” რომ წერდა, თუ გახსოვთო.

როგორ არ მახსოვს-მეთქი, აღტაცებული ჭყლოპინი დამთავრებული არ მქონდა, ესეც მოაყოლეს – რას იტყვით, წიგნად რომ გამოვცეთო…

(more…)

Read Full Post »

woodstock poster

ის ფაქტი, რომ მე მოლის ბლოგზე ჯეოპარდს ვწერ, იმდენად ამაღელვებელია, რომ ამ სიტყვების წერისას თავი გრემის დაჯილდოებაზე მგონია. :)

როგორც ჯიმი ჰენდრიქსი ამბობდა, მუსიკა არასოდეს იტყუება. თუკი ამ სამყაროში არსებობს რამე, რისი შეცვლაც შეიძლება, მაშინ ეს მხოლოდ მუსიკის საშუალებითაა შესაძლებელი.

კითხვები ე.წ. Power Ballad-ებზეა შექმნილი. ვიფიქრე, რომ თუნდაც “ჩემი” ჟანრის მსმენელნი არ იყოთ, ამ სიმღერების უმრავლესობა ყველა თქვენგანისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი იქნება.

ჩემი მოკრძალებული აზრით, პაკეტი საკმაოდ იოლია.  ყველას წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ არ მოიწყენთ ;)

Good luck!

(more…)

Read Full Post »

my kindle
დეკემბერს “ქინდლის” გარეშე ვატარებ.

არა, რიდერებს არაფერი მოსვლია. “გრეისი” ახალ წლამდე მეგობარს სტუმრობს,  საპრიზო DX კი, გაბარიტების გამო, თან არ დამაქვს და, ძირითადად, ელექტრონული არქივის ფუნქციებს ასრულებს. ჰოდა, მეტი რა დამრჩენია – თავს ძველი, ტრადიციული მეთოდებით ვშველი.

სიმართლე გითხრათ, საკითხავი ჯერ არ მომკლებია. ჟურნალები გადმოვქექე, დავახარისხე და ნება-ნება ვაგემოვნებ. რა ვქნა, ლიტერატურული ნუგბარი იმდენია, ყველაზე ნაკლებად მათთვის ვიცლი ხოლმე. არადა, მიყვარს, ეს ოხერი, ბავშვობისდროინდელი ჩვევაა, “დილას” და “პიონერის” წყალობით აქამდე რომ გამომყვა.

მართალი უთქვამთ – ზოგი ჭირი მარგებელიაო. ბიბლიოთეკას გადავხედე, რამდენიმე ახალი წიგნი გადმოვდე, ძველებიც მოვინიშნე გადასაკითხად, ფავორიტი გამომცემლობების ვებ-გვერდებს დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ – დაპირებული სიახლეები ერთი-ორად მეჩქარება.

მოკლედ, “უქინდლობას” გმირულად ვუძლებ, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, უცნაური დისკომფორტის შეგრძნება არ მტოვებს. ასე მგონია, დილაობით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, აუცილებელის და საჭიროს გარეშე გამოვდივარ შინიდან.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: