1980 წლის ზაფხულს მოსკოვი უჩვეულოდ მოწესრიგებული შეხვდა.
ხუმრობა საქმე ხომ არ იყო – საბჭოეთის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიადას მასპინძლობდა.
კომუნისტებს მთელი მსოფლიოსთვის უნდა დაემტკიცებინათ – აქაც თქვენზე უკეთესები ვართო. ჰოდა, ქუჩები გააკრიალეს, მაღაზიები დეფიციტური საქონლით გამოტენეს, მაწანწალები და მეძავები ქალაქიდან გაასახლეს და რკინის რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრეს.
მოკლედ, სპორტული იდილია ვერავის და ვერაფერს უნდა დაერღვია.
თუმცა, დრაკონულ ზომებს ხელი არ შეუშლია ათასობით მოსკოველისთვის, 28 ივლისის ცხელ დილას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილიყო. საამისო მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ – ვლადიმერ ვისოცკის ემშვიდობებოდნენ.
ამბობენ, სამოქალაქო პანაშვიდზე იმდენი ხალხი მივიდა, არც ერთ დიქტატორს და პარტიულ მოღვაწეს რომ არ დასიზმრებიაო. იმასაც ირწმუნებიან, ბოლო, არშემდგარი სპექტაკლის ბილეთი არავის ჩაუბარებია – რელიქვიად შეინახესო…
თეატრალებისთვის ვისოცკი ღრმად ნონკონფორმისტული ტაგანკის მსახიობი გახლდათ და მისი ჰამლეტი და გალილეი დღესაც ახსოვთ.
კინომოყვარულთათვის – ოცდაათამდე როლის მიუხედავად, ალბათ, მაინც ერთი საკულტო ფილმის საკულტო პერსონაჟი – ბანდიტების რისხვა სისხლის სამართლის სამძებროდან – გლებ ჟეგლოვი.
მილიონობით მსმენელისთვის კი მომღერალი, სიცოცხლეშივე რომ იქცა ლეგენდად, ხოლო სიკვდილის შემდეგ ეპოქის სიმბოლოდ აღიარეს.
ზოგს ამისთვის სამი სიცოცხლე არ ეყოფოდა, მან კი ყველაფერი სულ რაღაც 42 წელიწადში მოასწრო.
რომანტიკული ბურუსიც მოცულ ფიგურას მეორე ნახევარიც შესაფერი ჰყავდა – მარინა ვლადი – ფრანგი მსახიობი, იმ დროის უზომოდ პოპულარული კინოვარსკვლავი და, უბრალოდ, ულამაზესი ქალი.
მცოდნე ხალხი ამტკიცებს, გიტარას მაინცდამაინც კარგად ვერ უკრავდა – უკეთაც შეიძლებოდაო. მაგრამ აი, პოეტსა და მომღერალს ვერაფერს დაუწუნებდით.
მისი სამხედრო და “ქურდული” სიმღერების მოსმენის შემდეგ გაოცებულები კითხულობდნენ – რომელ ფრონტზე იბრძოდა ან სასჯელს სად იხდიდაო.
ანდა, რუსების დამოწმება რად მინდა, როდესაც დღესაც სუნთქვაშეკრული ვუსმენ სხვის ენაზე შესრულებულ “Вершина”-ს, არადა, ალპინიზმი არასოდეს მიტაცებდა და კიბეზეც ლამის სვენებ-სვენებით ავდივარ.
უკლებლივ ყველა სიმღერას, ჟანრის მიუხედავად – სერიოზულს თუ სახუმაროს, საბავშვოს, სპორტულს, ლირიკულს, საბრძოლოს თუ ძველბიჭურს – ერთი საერთო შტრიხი – აბსოლუტური გულწრფელობა აერთიანებს და ზუსტად ეს გულწრფელობა განასხვავებდა ვისოცკის იმ დროის გულისრევამდე დათაფლული, ჩარჩოებში მომწყვდეული ესტრადისგან.
ბავშვობაში რამდენიმე გრამფირფიტა და ლექსების კრებული მქონდა – შეცდომებით სავსე, ხელით ნაბეჭდი და აკინძული წიგნი და ფონს ამით გავდიოდი – ტოტალურ ცენზურას დაქვემდებარებული ჟურნალები და ტელევიზია სახელგანთქმულ ბარდს მაინცდამაინც არ სწყალობდა. მერე უკეთესი ხარისხის და უფრო საინტერესო გამოცემებმაც იმატა და საჯარო ბიბლიოთეკის აუდიოგანყოფილებაში სტუმრობასაც მოვუხშირე. ათიოდე წლის წინ, ინტერნეტში სიმღერების ალბათ ყველაზე სრულ კოლექციას მივაგენი. ერთი კვირა ვიწერდი და ვახარისხებდი.
ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ვისოცკი მოდის ჭირვეულობას ნაკლებად ემორჩილება და, დარწმუნებული ვარ, საოცარი ლირიზმით გაჯერებულ ბალადებს ჩემი შვილიშვილიც დიდი სიამოვნებით მოუსმენს.
ამ პოსტის მუსიკალურ “ქუდზე” დიდხანს ვიფიქრე. გულისამაჩუყებლად თბილი “07”-ც მოუხდებოდა, უკიდურესად დამუხტული “охота на волков”, მხიარული “Москва-Одесса” ან დეკადენტური “Моя цыганская”, საბოლოოდ კი მაინც უპირობო ფავორიტი – ერთგვარი რექვიემი შევარჩიე. სხვისი არ ვიცი და “Кони привередливые” ჩემთვის ერთ სიმღერაში განსხეულებული ვისოცკია – მეამბოხე რომანტიკოსი პატარა ბავშვის სულით.
ნამდვილად ყოველთვის განსხვავებულად დარჩება, გამორჩეულად…
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია!
ვრცელ კომენტარს მერე დავწერ, თან სხვებს დაველოდები…
LikeLike
ჩემი გულის კაცია ეგ <3 არაჩვეულებრივი მსახიობი, კარგი მუსიკოსი, კარგი პოეტი და გადასარევი ადამიანი. გულგრილად ვერ მოუსმენ, გულგრილად ვერ წაიკითხავ მის ლექსს, შიშველი ნერვია…ეს რაც დადე მაგარი სიმღერაა და ტექსტი ნამდვილი მეამბოხის სულის ამოთქმაა. აჰა შენ ჩემგან http://www.youtube.com/watch?v=G0xPb3BQAh0&feature=related რაც მე ამ სიმღერაზე მემართება ეგ კიდე ცალკე თემაა :) მადლობა, მოლი, ამ პოსტისთვის.
LikeLike
უკრადუ, ესლი კრაჟა ტებე პო დუშე, ზრია ლი ია სტოლკო სილ რაზბაზარილ <3
ულამაზესი, უსაყვარლესი, უაღრესად თბილი, ლირიული და რომანტიკული სიმღერა <3
შიშველი ნერვია ნამდვილად და გულგრილად როგორ უნდა მოუსმინო, მართლა ვერ ვხვდები.
სიმღერა ჩაგისვი კომენტარში. სხვებიც მოუსმენენ :) და მადლობა :)
LikeLike
რას ამბობ, პირიქით, გული შემიტოკ-გამითბე ამ კაცით.
LikeLike
კიბეზე სვენებ სვენებით ავდივარო?გადავყირავდი. არ ვიცნობამ მომღერალს და საერთოდ რუსულ ესტრადას, მგონია რომ ჩემთვის არ არის.
LikeLike
ესტრადა ნაკლებად არის ეს და რუსულსაც ვერ დაარქმევ. უფრო, საბჭოთაა.
LikeLike
უვიცი ვარ ამ საკითხში მართლაც.
LikeLike
მოვუსმინე ეხა და ცუდი არაა,ჩემთვის არაა უბრალოდ.
LikeLike
ზოგიერთისგან გამიგონია – ვისოცკი არ გამოდგებაო სამაგალითოდო ეგ ნარკომანი იყოვო, ლოთიცო, ცოლსაც ღალატობდაო და მერე მიატოვაო, ამორალურ ცხოვრებას ეწეოდაო (პაპიროსსაცო) ჰოდა აბა რაღაის მაგალითიაო? :)
ჩემთვის ვისოცკი მაგალითია გულწრფელობის, თავისუფლების, იმის რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ადამიანმა სხვისი ცხოვრებით იცხოვრო, სხვისი წესებით.
იმას აკეთებდა რაც მას უნდოდა და თან ისე ახერხებდა რომ საზოგადოებამ კი არ გარიყა და უკუაგდო (როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე) არამედ შეიყვარა. უნივერსიტეტი პირველივე კურსზე მიატოვა რადგან იგრძნო რომ ეს მისი არ იყო, ცოლიც, ალბათ ანალოგიური მიზეზით :დ.
ახლა აღარაა რეპრესიული რეჟიმი მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისათვის მაინც აქტუალურია მიუხედავად იმისა რომ ვისოცკის შემოქმედება მრავალფეროვანია ის ჩემთვის უპირველესად თავისუფლებისთვის მებრძოლად აღიქმება და იმის სიმბოლოდ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
В дорогу – живо! Или – в гроб ложись.
Да! Выбор небогатый перед нами.
Нас обрекли на медленную жизнь –
Мы к ней для верности прикованы цепями.
А кое-кто поверил второпях –
Поверил без оглядки, бестолково.
Но разве это жизнь – когда в цепях?
Но разве это выбор – если скован?
პ.ს. მოლი მადლობა გადასარევი პოსტისთვის! :)
LikeLike
ჩემთვისაც მაგალითია და ჩემთვისაც მებრძოლი სულის განსახიერება (ოღონდ, ისიც ფაქტია, რომ არც ლირიულობა აკლდა, არც რომანტიზმი და არც იუმორი).
და ძალიან მაგარი ტიპია. აი, ძალიან. გინდა ცხოვრების წესი აიღე, გინდა – ლავსთორი, გინდა სიმღერები… ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც უნდოდა. არც სახელი დაკლებია, არც პოპულარობა, არც დაფასება და არც სიყვარული.
თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია (ახლა – განსაკუთრებით) და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ესეც მართალია.
LikeLike
რომ ვთქვა კარგად ვიცნობ მეთქი ვისოცკის სიმღერებს აშკარა ტყუილი იქნება, არც მის ცხოვრებაზე ვიცოდი ბევრი რამ. საინტერესოა, იქნებ ღირდეს ჩაჯდომად.
LikeLike
მუსიკაზეც რა კარგად წერ მოლი <3
შენ ჯაზზეც რომ დაწერდე რამეს, რა კარგი იქნებოდა…
აი ვისოცკიზე რა უნდა ვთქვა იმის გარდა რაც დედაჩემისგან მსმენია, მართლაც ეპოქის სიმბოლო იყო
LikeLike
მუსიკაზე თამარამ, ტაბუმ და შენ წერეთ :) მე სულ ოთხი მუსიკალური პოსტი მაქვს.
დედას ჩემი გულწრფელი აღტაცება გადაეცი. მიყვარს ის ხალხი, ვისოცკის რომ უსმენს და მოსწონს.
LikeLike
ჩვენც დავწერთ, მაგრამ შენ სულ სხვანაირად წერ, სხვანაირად გემრიელად, მე არ ვარ ვისოცკის მსმენელი, მაგრამ ისე ტკბილად შემომეკითხა პოსტი, ბოლოს აღტაცებული დავრჩი. <3
LikeLike
მადლობა, სოფი :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
კარგად ვერ უკრავდაო, ხმა არ უვარგოდაო, უწესოდ ცხოვრობდაო … არადა, ბევრ ხმიან “წესიერ” ვირტუოზს შეშურდებოდა მისი გულწრფელობა და თავისუფლების სიყვარული (ამიტომაც ვაფასებ)… :)
ეს მიყვარს განსაკუთრებით: http://www.youtube.com/watch?v=oBOwe_KNGtE
LikeLike
რუსული არაა, იმიტომ რომ ჩვენთვისაც აქტუალურია :)
შანსონია. მარა დღეს რომ შანსონს უძახიან რუსები ის შანსონი არაა, სხვა შანსონია კლასიკური – აი ჟაკ ბრელი რომ იყო მაგალითად ისეთი.
აქ მთავარი ტექსტია, როგორ უკრავს და რა ხმა აქვს – მეორეხარისხოვანია.
О златоустом блатаре рыдай, Россия!
Какое время на дворе – таков мессия.
LikeLike
მნიშვნელოვანი, ცხადია, ტექსტია. თუმცა, ხმაც და მანერაც მომწონს მე. უხდება.
აქტუალურია და მერე როგორ…
LikeLike
ძალიან ცუდად ვიცნობ მე ამას. შეიძლება ითქვას, რომ არც. ჩმს ბავშვობაში, ღრმა ბავშვობაში სწორედ ის გულისამრევი რუსული ესტრადა იყო ძირითადი სულიერი საკვები და კიდევ ქართული რაღაც, ფილმების ატაცებული ტრეკები და მათი ვითომრემიქსები.
LikeLike
უნდა გამოგიტყდეთ რომ ამ ტექსტის კითხისას ცუდად ჩაცმული საბჭოთა პატარა , სათვალიანი ებრაელი ბიჭი დამიდგა თვალწინ,მოსკოვის ჭუჭყიანი თოვლით გალესილ ქუჩაში. კარაკულის საყელოიანი პალტოში, ვიოლინოთი ხელში.
LikeLike