სიმართლე გითხრათ, დღეისთვის სრულიად სხვა თემაზე ვაპირებდი წერას – ერთ-ერთი ლიტერატურული სიახლე მქონდა საკბილოდ შემონახული, მაგრამ თაროებზე ქექვისას ძველი და გაცრეცილი წიგნი დამეცა თავზე. სათაურს რომ დავხედე, მივხვდი – მთელი გეგმები წყალში ჩამეყარა. ისეთი ნოსტალგია მომაწვა გულზე, ვერც კი წარმოიდგენთ… ცხადად გავიგონე შეშის მხიარული ტკაცა-ტკუცი ბუხარში და საკუთარი თავიც დავინახე, სოფელში, ჭრაჭუნა დივანზე მოკალათებული, წიგნით ხელში. ერთბაშად წამომოტივტივდა ყველა მოგონება, ამ პერსონაჟთან რომ მაკავშირებდა. ჰოდა, არ შემეძლო, აი, არანაირად არ შემეძლო, ორიოდე სიტყვა არ მეთქვა კეთილშობილი მეკობრის – პიტერ ბლადის შესახებ.
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ალბათ, იქიდან, ბებოს ბამბუკის ეტაჟერზე საბატინის რომანის ფურცელ-ფურცელ დაშლილი ეგზემპლარი რომ აღმოვაჩინე. მაშინ ისეთი ბიბლიოფაგი ვიყავი, გაზეთში დაბეჭდილ სამგლოვიარო განცხადებებს არ ვუშვებდი წაუკითხავს. დიდი წვალებით დავალაგე გვერდები თანმიმდევრობით და… სავახშმოდ რომ დამიძახეს, უარი ვთქვი – არ მცალია-მეთქი. შეშინებულმა დედამ ჯერ შუბლი გამისინჯა, მერე მხარზემოდან ჩამხედა, რას კითხულობ ასე გაფაციცებითო და ჭადის ნატეხი მომიტანა შიგნით ჩამდნარი სულუგუნით.
ასე შევხვდით ერთმანეთს მე და კაპიტანი ბლადი – პროფესიით ექიმი, სულით რაინდი და ხელობით მეკობრე. რა აღარ გადავიტანეთ ერთად – ჯერ იყო და მეფის დრაგუნებმა სულ კინწისკვრით წაგვათრიეს ოგლთორპის მამულიდან, მერე, არამზადა მოსამართლე ჯეფრეისის წყალობით, იამაიკაზე გაგვყიდეს მონად და დედამიწის ზურგზე ყველაზე საზიზღარი კაცის – პოლკოვნიკი ბიშოპის ხელში ჩავცვივდით. თითქოს ჩვენი გასაჭირი არ გვეყოფოდა, ბლადი არაბელა ბიშოპს შეხვდა და ცოტა გამოშტერდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა და, გამოგიტყდებით, შვებით ამოვისუნთქე, კუნძულს ესპანელი მეკობრეები რომ დაესხნენ თავს.
ვიცი, იფიქრებთ, ხომ არ გაგიჟებულხარო, მაგრამ სწორედ დონ დიეგოს ყაჩაღების წყალობით მოვახერხეთ იმ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა. კაპიტანმა ძალიან იყოჩაღა, “სინკო ლიაგასი” და მისი ეკიპაჟი ისე ჩავიგდეთ ხელში, ერთი კაციც არ დაგვიკარგავს. მერე იალქნები ავუშვით და უკან მოვიტოვეთ პლანტაციებიც, ნიკრისიანი გუბერნატორიც, ნაძირალა ბიშოპიც და, მადლობა ღმერთს, მის არაბელაც.
ჩვენი თავგადასავალი, როგორც მიხვდით, ამით არ დამთავრებულა. წინ იმდენი არაჩვეულებრივი ამბავი გველოდა – ტყუილად ნუ შეგვეჯიბრება ოდისევსი…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სულ მალე ჩვენი სახელი ბაჰამიდან ქარის კუნძულებამდე ქუხდა და გრგვინავდა. თუმცა, გეფიცებით, რამდენადაც შეგვეძლო, პატიოსნად ვიქცეოდით და თუ ვინმეს ვძარცვავდით, იმსახურებდა კიდეც. მარტო ის რად ღირს, ნამუსგარეცხილ ლევასიერს ტორტუგის გუბერნატორის შვილები რომ გამოვტაცეთ ხელიდან.
ამას მარაკაიბოს ექსპედიცია მოჰყვა… უჰ, გვარიანი შიში ვჭამე მაშინ, არ მეგონა, თუ ცოცხლები გადავრჩებოდით, მაგრამ, კაპიტნის წყალობით, ამ ხაფანგსაც დავაღწიეთ თავი, თუმცა, რად გინდა – სულ მცირე ხანმა განვლო და უარესი უსიამოვნება დაგვატყდა – აბორდაჟზე აყვანილ “როიალ მერიზე” არაბელა ბიშოპს გადავეყარეთ.
ჰოდა, წახდა კიდეც საქმე. ბლადს ისევ სულელური, მეოცნებე გამომეტყველება გადაეფინა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალბატონმა “ქურდი და მეკობრე” უწოდა. ახი იქნებოდა, ეგ კუდაბზიკა ესპანელების ხელში დაგვეტოვებინა იმ ფარშავანგთან, ლორდ ჯულიანთან ერთად, მაგრამ კაპიტანი ამას როგორ იზამდა – არაბელას რომ უყურებდა, მთელი პოემა ეწერა ხოლმე სახეზე.
ამის მერე კიდევ რამდენჯერმე გავედით ზღვაში. “არაბელად” მონათლული საფლაგმანო ხომალდის უკანასკნელი ბრძოლაც ჩემი თვალით ვნახე და ბლადის ცრემლებიც, იმ მატრაკვეცასთან კაპიტნის შეხვედრასაც ვუთვალთვალებდი (მინდა, გითხრათ, სულაც არ მრცხვენია) და როცა მივხვდი, რომ ჩვენს ხიფათით აღსავსე ცხოვრებას გაგრძელება აღარ ეწერა, დანანებით დავხურე წიგნი, როგორც კარს მიუკეტავენ ხოლმე სახლიდან წასულ ადამიანს.
ასე იყო ეს ამბავი… მაგრამ დღეს, ფურცელ–ფურცელ აკინძულ, ნემსითა და ძაფით შეკერილ ტომს რომ დავყურებდი, მივხვდი – ჩემი და კაპიტან ბლადის ოდისეა ჯერ არ დასრულებულა.
არც არასოდეს დასრულდება.
წაკითხული წიგნის ნოსტალგია რომ შემოგაწვება, ო ეს ისეთი ტკივილიანია…
LikeLike
არ თქვა :( თან, გადაკითხვაც ვერ შველის.
LikeLike
გადაკითხვამ შეიძლება უარესად გაამძაფროს – წლების შემდეგ, უკვე გაზრდილი იმ “გემოს” რომ ვეღარ ჩაატან…
LikeLike
რამდენჯერმე ვცადე და, შენ წარმოიდგინე, ვინანე კიდეც. ერთი, რომ იმ განცდებს ნამდვილად ვერ აბრუნებს, მეორე, უარესი, წარმოდგენები გემსხვრევა. ის, რაც ტკბილად გაგონდებოდა, სულ არ გეჩვენება საინტერესო და მართლა ჯობდა, აღარ გადამეკითხა.
ოღონდ, ბლადს და კიდევ სხვა რაღაცებს დღესაც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ. თუმცა, იმდროინდელ იმპრესიებს ვერაფერი შეედრება.
LikeLike
აბსოლუტურად გეთანხმები… და არა მხოლოდ წიგნებზე. ბავშვობაში საყვარელი ფილმების ხელახლა ნახვის შემდეგ დამეუფლა დიდი იმედგაცრუება რამოდენიმეჯერ.
ბლადის ოდისეას კი გადავიკითხავ… ოღონდ მოგვიანებით
LikeLike
პოსტის დასრულების შემდეგ უცებ ბექს მოხვდა მზერა და…
LikeLike
ეხამება, არა? :) მთლად ტორტუგა ვერ არის, მაგრამ მაინც…
LikeLike
აი, ესაა ნათხოვარი წიგნების ნაკლი… რაც ჩემი იყო, ყველა რამდენჯერმე მაქვს წაკითხული, ეს კი გადამვიწყებია :( ბლადი მახსოვს, არაბელა, “არაბელა” და “მილაგროსა” :)
ეს სახელები. შინაარსი კი მახსოვს მეტ-ნაკლებად… ნუ, ფინალი აღარ, სირცხვილო!!! :(
LikeLike
მანდ ფინალია ისეთი, არ იცი, გაბრაზდე თუ გაგიხარდეს…
LikeLike
ბავშვობიდან ისე მიყვარდა სათავგადასავლო ჟანრი,რომ სიტყვა “მეკობრე”-ც კი,რომ მესმის სულერთია როგორია კარგი თუ – “ცუდი” (უფრო კარგი ჩემთვის რადგან,ვთვლი,რომ “ცუდი” პერსონაჟები უფრო საინტერესოები არიან :)) .. ზოგადად მიყვარს ყველა მათგანი. :)
LikeLike
ბლადი მაინც განსაკუთრებული იყო. ისე, მე სილვერიც მომწონდა.
LikeLike
ჰაუჰ, მეც რა კარგად მახსოვს ეს წიგნი. იმ ძველს მართალია გადასაგდებად ვერ ვიმეტებთ, მაგრამ ‘ახალი’ ვიყიდე წელს მაინც <3 :დ
LikeLike
მე მაჩუქეს ახალი. მოზარდთა ბიბლიოთეკის ტომი. მოზარდი ვერ ვარ, მაგრამ ბლადი ისევ მიყვარს <3
LikeLike
ეგ ახალი არა. ლურჯყდიანი, ძველი. ბუკინისტებთან. მაგრამ კარგადშენახული
LikeLike
უჰ, მშვიდობაში! ეს რა გემრიელი გამოცემა ჩაგიგდია ხელში. ყოჩაღ, შენ :)
LikeLike
მე რა, ყოჩაღ იმას ასე კარგად რომ შეუნახავს და მადლობა კიდე
LikeLike
ნუ, ეს თავისთავად. ბუკინისტების წიგნების მთავარი პრობლემა ნესტი და ცუდად შენახვაა. შენ ყოჩაღ, რომ მიაგნე. მე ასე მარდი ვერ ვარ მიგნებებში.
LikeLike
ეჰ, შემთხვევით :დ
LikeLike
ასე იყო თუ ისე, მოსალოცი საქმეა და მაინც ყოჩაღ შენ. ბარე ორი ვიცი, ამ წიგნის ისე აუვლიდა გვერდს, მეორეჯერ არც შეხედავდა.
LikeLike
მახსოვს ეს წიგნი :) ბლადი ფრიად სიმპათიურად გამოიყურება ყდაზე :) …რაც შეეხება არაბელას, არ მომწონდა ეგ ქალი, ოღონდ არ ვიცი რატომ (ან აღარ მახსოვს, ან უბრალოდ არ მომწონდა) :)
LikeLike
ყდაზეც და ფილმებშიც… ბელა რატომ არ მომწონდა, კი დავწერე აგერ.
LikeLike
bavshvoba gamaxsena…:*
LikeLike
საუკეთესო კომპლიმენტია ამ პოსტისთვის. მადლობა!
LikeLike
დონ პედრო სანგრე :)
მეც მსგავს ასაკშ წავიკითხე პირველად :)
LikeLike
კანონირი ოგლი გახსოვს? სულით პოეტი არტილერისტი :)
LikeLike
კი, და ის ახალგაზრდა ბიჭი კიდე, სახელი დამავიწყდა – დუელში რომ მოკლეს კინაღამ და კაპიტანმა გადაარჩინა თაღლითურად :)
LikeLike
ჯერემი პიტი :) ბლადის ქრონიკებს, თუ სწორად მახსოვს, პიტი ყვება.
LikeLike
– Английская собака!!
– Ирландская, с вашего позволения.
LikeLike
კლასიკა! სტატუსად მიმაქვს.
LikeLike
კი, დღემდე ვღადაობ ხოლმე ამ ფრაზაზე, ამდენი წლის შემდეგაც :))
LikeLike
სუპერ ფრაზაა! :)
LikeLike
კიიი <3
პ.ს. მსგავსი დიალოგები მორის მუსტანგერსაც აქვს :)))) ირლანდიელი მამალი :დ
LikeLike
უთავო მხედარზეც დავწერ ერთხელ. მიყვარს ირლანდიელები <3
LikeLike
შენ კი გეყვარება ირლანდიელები, ბლუმ :)
LikeLike
უჰ, არ თქვა :) მაგარი ხალხია.
LikeLike
მაინ რიდის მაგნუმ ოპუსი :)
LikeLike
მორის ჯერალდი <3 მაგნუმ ოპუსია ნამდვილად. ისე, რუსული ტომები არ შემრჩა, თორემ გადავიკითხავდი მოცალეობის ჟამს დანარჩენებსაც…
LikeLike
აჰა, შენი საყვარელი წიგნების სიაშიც არის ხო ეს წიგნი? კაპიტანი ბლადი ჩემი შეყვარებულების სიაში ერთ-ერთი ფავორიტია :) და სულ მშურდა არაბელასი :)
LikeLike
არის და მერე როგორ :)) მოწინავე პოზიციებზე. არაბელას მშურდა კი არა, საშინლად არ მომწონდა, უსამართლო იყო და ახლაც არ მომწონს :))
LikeLike
ვაიმე ჩემი უსაყვარლესი <3 ჩემი სიყვარული.
როგორ მინდოდა არაბელა ვყოფილიყავი. ვფიქრობდი როგორ არ ვატკენდი გულს პიტერს და როგორ დავუდგებოდი გვერდში. მილიონჯერ კიდევ გადაკითხული და მილიონჯერ ჩემი ხელით დახატული წითელი ”არაბელა”..
ნოსტალგიები : (((((
და მართალია, გადაკითხვაც რომ არ შველის :((
ჩემი პიტერ ბლადი..
კი ჯერემი ყვება : ) სულ გვერდში ყავდა, ბოლომდე : )
LikeLike
არა, ანაბელ, მართლა არ შველის :(
ჯერემი უმაგრესი ტიპია და არაბელა საშინლად არ მომწონს და ეტყობა კიდეც პოსტს.
წითელი “არაბელა” რა საყვარლობა იქნებოდა <3
LikeLike
კი, იცი რა კარგი გემი გამომდიოდა : ))) ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ იმდენ ანძიანს ვხატავდი, რამდენიც ჰქონდა, : )) ხან მეკობრეების, ხან ინგლისის დროშით : )) <3
LikeLike
აფსუს, შემოგენახა რამდენიმე… ასეთი ნახატების დაკარგვა როგორ შეიძლება :(
LikeLike
სახეზე ღიმილით ჩავიკითხე პოსტი, მერიონ-მოლი :)
იყო პერიოდი, ჩემი უსაყვარლესი წიგნი რომ იყო “კაპიტან ბლადის ოდისეა” და ახალი წიგნი სწორედ ჩემს ხელში იქცა “ფურცელ-ფურცელ დაშლილ ეგზემპლარად”. რა სასიამოვნო მოგონებები აღმეძრა…
მადლობა, მერიონ-მოლი :)
LikeLike
გამახარე, ტაბუ. მადლობა შენ :)
LikeLike
შეყვარებული ვარ ბლადზე :)
ზოგი დიალოგი ზეპირადაც კი მახსოვს, წიგნი რომელიც წავიკითხე უამრავჯერ და უაზროდ, უაზროდ მიყვარს.
შავგვრემანი სახე და მუქი ლურჯი თვალები <3 <3 <3
ეს ვინ გამახსენე ბლუმ!
სრულიად კინოსამყარო ვალშია ჩემს წინაშე ეს გმირი რომ არ გააცოცხლეს!
1935 წლის ფილმი არ ითვლება :დ
LikeLike
ეროლ ფლინის ბლადი მართლა არ ითვლება, კაკატო და რუსული ვერსია, ბევრად თანამედროვე, არ გაწყობს? დაგილინკავ, თუ გინდა.
LikeLike
უფრო ახალი რომელი?
მომილინკე რა :)
რუსული საერთოდ უჟასტიკობაა :/
LikeLike
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2442978
აი, ეს. რუსული. სხვა არ ვიცი და არც არსებობს, მგონი.
LikeLike
ეს ვიცი :(
ვიფიქრე რამე ახალია და გამომრჩათქო :(
სიბერეში მაინც მომაწევენ ფილმს იმედია :დ
LikeLike
არადა, მშვენიერი ფილმი გამივიდოდა. კარიბის ზღვის მეკობრეებზე არაფრით ნაკლები.
LikeLike
agree
მთელ საგას ააგებდნენ. ვინმემ სადმე დასანახ ადგილზე დაუდოს ჰოლივუდის პროდიუსერებს ეს წიგნი :დ
LikeLike
ჩემი საყვარელი ბლადი!
LikeLike
ჩემიც <3
LikeLike
მოლი, როგორ მიყვარხარ იცი?
მთელი წიგნის განმავლობაში ჩემი აუხდენელი ოცნება იყო ბლად არაბელა გემბანიდან ესროლა :დ
LikeLike
აუ, თაია, მე ვიცი ერთი სპეციალური გამოცემა, მანდ გემბანიდან ისვრის, მერე ამოათრევს, ცემს, ისევ ისვრის, ისევ ამოათრევს და ასე რვაჯერ. და ბოლოს ტორტუგაზე მონად ყიდის :( უბრალოდ, ძალიან ცოტაა დაბეჭდილი და ვერ ჩავიგდე ხელში :(((
LikeLike
მშვენიერი გამოცემა ყოფილა ღმერთმანი :დ
უნდა ვიშვო ერთი :დდდდდ
არადა ყველას ისე ეს ბლადარელა რომ ლამის ოდები შეუთხზან. :დ
LikeLike
განსაკუთრებით მიყვარს როდესაც სიუჟეტზე “ჩვენ”–ს გამოყენებით წერ ხოლმე, გაცილებით მარტივი ხდება იგრძნო ემოცია რომელსაც კითხვისას განიცდიდი.
სათავგადასავლო ჟანრი ძალიან მიყვარს, ბევრ წიგნში მიცხოვრია დ მეც ბევრი რამ “გადამიტანია” :) განსაკუთრებით მაგარია როდესაც დიდი ხნის წინ წაკითხულ წიგნს გადააწყდები და დაუოკებელი სურვილი მოგაწვება ყველაფერი თავიდან გადაიტანო :)
LikeLike
“ჩვენ” კარგი ხერხია :) თან, ბევრად გულწრფელი და მშრალ რევიუსაც ვარიდებ თავს. გადაკითხვა, მგონი, პირველ წაკითხვაზე ნაკლებად არ მიყვარს, თავისი ეშხი აქვს აშკარად… ერთი სიტყვით, ამ ამბავში ვემთხვევით, ფინიკი.
LikeLike
მაგ ბლადის ოდისეის გამო მთელი მეკობრეების ისტორია გადავიკითხე , რეალურად ოდესღაც არსებული ბლადი რომ აღმომეჩინა :))) და კი აღმოვაჩინე ოღონდ ცოტა იმედი გამიცრუვდა :დ საბატინის ულევი ფანტაზიის შემშურდა :))
LikeLike
ჰო, საბატინისთან იდეალიზებულია ყველაფერი. ჟანრია ასეთი და რეალიზმი არც მოეთხოვება, ალბათ.
თუ საიდუმლო არ არის, ნამდვილი ბლადი და ნამდვილი მეკობრე სად აღმოაჩინე?
LikeLike
აი, მე კი საერთოდ არ მაღელვებს შეურაცხყოფა, რაც ესპანელებმა ინგლისის დროშას მიაყენეს :))
LikeLike