Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ნოემბერი 2nd, 2012

Ambroise Louis Garneray. Capture of Kent by Surcouf

სიმართლე გითხრათ, დღეისთვის სრულიად სხვა თემაზე ვაპირებდი წერას – ერთ-ერთი ლიტერატურული სიახლე მქონდა საკბილოდ შემონახული, მაგრამ თაროებზე ქექვისას ძველი და გაცრეცილი წიგნი დამეცა თავზე. სათაურს რომ დავხედე, მივხვდი – მთელი გეგმები წყალში ჩამეყარა. ისეთი ნოსტალგია მომაწვა გულზე, ვერც კი წარმოიდგენთ… ცხადად გავიგონე შეშის მხიარული ტკაცა-ტკუცი ბუხარში და საკუთარი თავიც დავინახე, სოფელში, ჭრაჭუნა დივანზე მოკალათებული, წიგნით ხელში. ერთბაშად წამომოტივტივდა ყველა მოგონება, ამ პერსონაჟთან რომ მაკავშირებდა. ჰოდა, არ შემეძლო, აი, არანაირად არ შემეძლო, ორიოდე სიტყვა არ მეთქვა კეთილშობილი მეკობრის – პიტერ ბლადის შესახებ.

არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ალბათ, იქიდან, ბებოს ბამბუკის ეტაჟერზე საბატინის რომანის ფურცელ-ფურცელ დაშლილი ეგზემპლარი რომ აღმოვაჩინე. მაშინ ისეთი ბიბლიოფაგი ვიყავი, გაზეთში დაბეჭდილ სამგლოვიარო განცხადებებს არ ვუშვებდი წაუკითხავს. დიდი წვალებით დავალაგე გვერდები თანმიმდევრობით და… სავახშმოდ რომ დამიძახეს, უარი ვთქვი – არ მცალია-მეთქი. შეშინებულმა დედამ ჯერ შუბლი გამისინჯა, მერე მხარზემოდან ჩამხედა, რას კითხულობ ასე გაფაციცებითო და ჭადის ნატეხი მომიტანა შიგნით ჩამდნარი სულუგუნით.

ასე შევხვდით ერთმანეთს მე და კაპიტანი ბლადი – პროფესიით ექიმი, სულით რაინდი და ხელობით მეკობრე. რა აღარ გადავიტანეთ ერთად – ჯერ იყო და მეფის დრაგუნებმა სულ კინწისკვრით წაგვათრიეს ოგლთორპის მამულიდან, მერე, არამზადა მოსამართლე ჯეფრეისის წყალობით, იამაიკაზე გაგვყიდეს მონად და დედამიწის ზურგზე ყველაზე საზიზღარი კაცის – პოლკოვნიკი ბიშოპის ხელში ჩავცვივდით. თითქოს ჩვენი გასაჭირი არ გვეყოფოდა, ბლადი არაბელა ბიშოპს შეხვდა და ცოტა გამოშტერდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა და, გამოგიტყდებით, შვებით ამოვისუნთქე, კუნძულს ესპანელი მეკობრეები რომ დაესხნენ თავს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: