ვისაც ახალი ამბებისთვის სისტემატურად თვალის დევნება სჩვევია, დღევანდელი პოსტის თემას სათაურითაც იოლად მიხვდება. ნიუსებისადმი გულგრილ მკითხველს დეტალების მოძიება აქა და აქ შეუძლია. მე კი ორი სიტყვით გიამბობთ, რაში იყო საქმე.
5 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, ზაზა ბურჭულაძეს თავს დაესხა აღშფოთებული სუბიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ პოლიტიკურ თოკ-შოუში გაჟღერებულმა მწერლის მოსაზრებებმა და მისი მოთხრობიდან წაკითხულმა ნაწყვეტმა გააღიზიანა. სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკურიც მოჰყვა და ზაზა ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა.
მეშვიდე დღეა, ფეისბუქზე და ბლოგოსფეროში ამ ამაზრზენ ფაქტზე რეაქციას ვაკვირდები და, საღად მოაზროვნე ადამიანების პროტესტთან ერთად, ჩემდა გასაკვირად, არც თუ კანტიკუნტად ასეთ კომენტარებსაც ვაწყდები – “მეტის ღირსი იყოო…”
ეს ფრიად კაცთმოყვარე პოზიცია, ძირითადად, ორი არგუმენტით არის გამყარებული – ზაზა, მწერალი კი არა, ერთი უზნეო გრაფომანიაო და ასეთ სიბინძურეს რომ წერდა, აბა (გულზე მჯიღის ცემით და იქედნური ქირქილით), რა ეგონაო…
თქვენის ნებართვით, პირველით დავიწყებ.
არც ლიტერატურათმცოდნე გახლავართ და არც ჟურნალისტი, ერთი ჩვეულებრივი მკითხველი ვარ. მწერლებზე და წიგნებზე საკუთარ იმპრესიები მაქვს, ოღონდ მათ თავს არავის ვახვევ – დღეისათვის ერთობ მოდური ექსპერტობა არასდროს და არსად დამიჩემებია. მხოლოდ ის მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ზაზა ბურჭულაძე უბრალოდ კარგი კი არა, ძალიან კარგი მწერალია.
ზაზას სრული ბიბლიოგრაფიიდან, ცხადია, ყველაფერი ერთნაირად არ მომწონს. მე თუ მკითხავს ვინმე, “Passive attack”, “ფონოგრამა” და “კონფორმისტის ჩანაწერები” “სიმპსონებს” ჯობია, “ხსნადი კაფკა” “გასაბერ ანგელოზზე” უკეთესია და “adibas”-ი, მის აქამდე დაწერილ და აწი დასაწერ ყველა წიგნს ერთად მირჩევნია.
დოგმატური და ურყევი შეხედულება “ვეფხისტყაოსანზე” არ არსებობს და, ბუნებრივია, კრიტიკოსი ზაზასაც ბევრი ჰყავს. სხვის აზრს, თავისთავად, პატივს ვცემ, მაგრამ პრეფერენციებს საკუთარი გემოვნებით განვსაზღვრავ. ისიც მყოფნის, რომ ჩემზე ბევრად ნაკითხი ადამიანები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არათუ მეთანხმებიან, უფრო თამამ შეფასებებსაც არ იშურებენ.
ბოლო რამდენიმე დღეა, ფსევდოლიტერატურულ განხილვებს ვკითხულობ და გულწრფელად მეღიმება იმათ რიტორიკაზე, ვისაც ავტორი და პერსონაჟი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია და მწერალს მისივე გმირის სურვილებს და ზრახვებს მიაწერს. ამ “რკინის” ლოგიკით, ქალბატონებო და ბატონებო, ილია ჭავჭავაძე თათქარიძიზმის აპოლოგეტი გამოდის, ტომას ჰარისი – კანიბალი და ვლადიმერ ნაბოკოვი – მოძალადე პედოფილი… ისეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ დამწუნებლებს სატირის, პაროდიის, ფარსისა და მსგავსი ჟანრების შესახებ არაფერი სმენიათ…
კარგი, ჯანდაბას, ერთი წუთით, სულ ერთი წუთით ჩავთვალოთ, რომ ზაზა ბურჭულაძე უნიჭო მწერალია და “მგლების”, “მწვანეთვალება ანგელოზის” და “გისოსებს მიღმა საქართველოას” დონის მდარე ნაწარმოებებს თხზავს. არც სლენგს ერიდება, არც ფსევდომორალისტების მიერ ყბადაღებულ ნატურალიზმს და არც ჩემთვის ბოლომდე გაურკვეველი მიზეზებით ტაბუდადებულ თემებს.
და მერე რა?
ეს საკმარისია იმისთვის, ვინმე ქუჩაში დახვდეს, უშვერი სიტყვებით ლანძღოს და ცხვირ-პირი დაამტვრიოს?
თუ ლიტერატურული კრიტიკის ახალი, რადიკალური ფორმა მკვიდრდება და არც ავტორებმა, არც მკითხველებმა ამაზე არაფერი იციან?
შესაძლებელია, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ზედმეტად ემოციური ვარ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არც ისე მარტივადაა საქმე და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ერთი მწერლის ერთი კონკრეტული პრობლემაა, მწარედ ცდება.
თავს არავის ვადარებ, ასეთი სულელი და თავხედიც ნუ გეგონებით, მაგრამ ხვალ, მავანს, აი, ამ პოსტის ბოლო ფრაზები რომ არ მოეწონოს და გარყვნილებად ჩამითვალოს, რა ვქნა?
ზეგ რომ ვიღაცამ პაზოლინის “ოიდიპოსზე” დაწერილი პოსტი ინცესტის პროპაგანდად აღიქვას, ქუჩაში აღარ გავიდე?
თქვენს ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, ჩემო კარგებო, მაგრამ მე, ერთ რიგით, არაფრით გამორჩეულ, საშუალოსტატისტიკურ ბლოგერს, ძალიან მეძვირფასება უფლება, დავწერო თუნდაც უნიჭო, უგემოვნო, უხამსი და ვულგარული ტექსტი ისე, რომ მეორე დღეს თავის გატეხვის არ მეშინოდეს.
“გასაბერი ანგელოზის” დონის რომანები რომ გვქონდეს დღეს, ნამდვილად კარგი სიტუაცია გვექნებოდა.
კონფორმისტის ჩანაწერებიც ძალიან მიყვარს.
ადიბასი დიდად ვერ დავამუღამე, მაგრამ მერე რა.
ჯამში, ზაზა ბურჭულაძე ძალიან კარგი მწერალია ჩემთვის.
და ეს ფაქტი ერის სამარცხვინო შეგნების კიდევ ერთი გამოვლინებაა.
სიმართლე გითხრა, არ ყოფილა გასაკვირი ზაზას ცემის ამბავი. ცემა იმან, ისეთმა, ვის წინააღმდეგაც გამოდის მთელი ცხოვრება და როდესაც არ შეგიძლია მის სიმართლეს უპასუხო, მხოლოდ ძალადობაღა დაგრჩენია.
და არ მგონია ბოლო ცემა იყოს მისთვის.
სირცხვილია. ჩემი ნება რომ იყოს ასავალ-დასავალის სტაფს და მმკ-ს მთლიან შემადგენლობას საპნად ვაქცევდი და პრეზიდენტის საჩუქარის სტატუსით დავარიგებდი სოფლებში.
LikeLike
ტეხავს ! მაგრად ტეხავს :შ
LikeLike
ზაზას შეიძლება ხან ვეთანხმებოდე და ხან არა (როგორც მწერალს და როგორც პიროვნებას), მაგრამ ის რაც 5 ოქტომბერს მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, ამაზრზენი ფაქტია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, არც პირველი და არც უკანასკნელი – ბოლო დროს საკმაოდ ხშირად მესმის მსგავსი “ნიუსები” და “ზნეობის დამცველები” არც აპირებენ “დამშვიდებას” – როგორც თავად ამბობენ, “მათი დრო მოვიდა”…
LikeLike
მეც ზუსტად ამის თქმა მინდოდა…
LikeLike
მოლ, გეთანხმები სრულიად. აი, მომბეზრდა კიდეც რომ გეთანხმები სულ, ჯანსაღი კამათი მომენატრა შენთან :)
და ბურჭულაძის არაფერი მაქვს წაკითხული ჯერჯერობით, მაგრამ ისე მომანდომე წავიკითხავ აუცილებლად და იქნებ ჩემი საყვარელი ქართველი მწერალიც გახდეს :)
ისე თეიმურაზის როლს ხომ თამაშობს ეს, მაგრამ მანამდეც მიხეილ ჯავახიშვილს ვადარებდი ამ კაცს რატომღაც და არც ამ მწერალს აკლდა კრიტიკოსები თავის დროზე, მაგრამ ქუჩაში საცემად არავინ ხვდებოდა ყოველშემთხვევაში.
LikeLike
არაფერი წამიკითხავს ზაზასი. ამას არც მავანთა მსგავსად თავის საქებრად ვამბობ და არც ბოდიშის ინტონაციით – უბრალოდ არ წამიკითხავს და მისი შემოქმედების შემფასებლად ვერ გამოვდგები.
მაგრამ რა და როგორც არ უნდა დაეწერა 21 საუკუნეში დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ადამიანს, მისი სიტყვის უფლების უგულებელყოფის უფლება არავის აქვს. მით უმეტეს – ამ უფლების შეზღუდვისა ისეთი არაქრისტიანული, არადემოკრატიული და უბრალოდ არაჰუმანური მეთოდებით, როგორიც ფიზიკური ანგარიშსწორებაა.
სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები არსებობდა და ყოველთვის იარსებებს – ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ბურჭულაძის ცემის გამართლება სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა.
Agree!
LikeLike
სიაში “მინერალურ ჯაზს” მივამატებდი. ხუთეულში შესაყვანად მეჩვენება :>
LikeLike
მართალი ხარ, ანნა.
LikeLike
ეს “მეტის ღირსი იყო” ფორმულირება მაგიჟებს, ძალიან ხშირად ისმის სხვადასხვა ადამიანების მიმართ. როგორ არ მინდა ვცხოვრობდე იქ, სადაც სიძულვილი ბატონობს…
LikeLike
თავს საკმაოდ გამოცდილ და პროფესიონალ მკითხელად ვთვლი, მაგრამ “ბურჭულაძის, “ხსნადი კაფკა” ვერაფრით ვერ მოვიდა ჩემთან ახლოს, სხვა არაფერი წამიკითხავს. კაცია და გუნებაო :) აი, შენს პოზიციას კი ვეთანხმები 100%. წეროს გოჩა მანველიძემ და ხატოს და იმღეროს გვანცა ბაგრატიონმა. ცემა ტყეპას და სხვების ლანძღვას, ჯობია საზოგადოების გემოვნების გაუმჯობესებაზე იზრუნონ “გულშემატკივრებმა”
LikeLike
ვინმე გაღიზიანებს თავისი შეხედულებებით, გამოხატული თუ ჯერ გამოუხატავი (თვალებში რომ ეტყობა) აზრებით ან, უბრალოდ, მეტისმეტად გამართული სიარულით?
– “დაუპადიეზდე” და საქმე გაურჩიე. თუ ძალიან გაჭირდა, უბანში აიყვანე, ვინმე “ჩორნასთან”, თუ ამ უკანასკნელს არ სცალია (რიგი მიზეზების გამო) ან უბრალოდ ჯერ მთლად ასე “გაქაჩული” ვერ ხარ მოშავო სამყაროში, რომ “ჩორნას” თუ არა, მისი ბავშვობის ძმაკაცის დეიდაშვილის ქმარს მაინც იცნობდე, ადექი და ერთ მშვენიერ დღეს, როცა კარგი მომენტი ჩაგივარდება ხელთ (მიმშველებელი რომ არავინ ჰყავდეს), თავი გაუტეხე უბრალოდ…
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ახლო წარსულისთვის მშობლიურზე კიდევ უფრო მშობლიური იყო ეს მენტალიტეტი ერის დიდი ნაწილისთვის… სამწუხაროა, რომ დღეს ისევ მომრავლდა მსგავსი აზროვნება და უკვე შესაბამისი ქმედებებიც გამოჩნდა…
არ მინდა, ვინმემ სკეპტიციზმში დამადანაშაულოს ან ერის მტრად შემრაცხოს, ამიტომაც “წესრიგისდამცველების” მომრავლების სავარაუდო მიზეზების დასახელებისგან თავს შევიკავებ
LikeLike
ლიტერატურული გემოვნება ღრმად ინდივიდუალურია, კამათი ყველაფერზე შეიძლება, მწერალი ან მოგწონს ან არა და ამაში გასაკვირს (მით უმეტეს, პრობლემურს) ვერაფერს ვხედავ. მწერალი წერს მკითხველისთვის და მკითხველის უფლებაა, წაიკითხოს ან არ წაიკითხოს, მიიღოს ან არ მიიღოს. დოგმა არ არსებობს მანდ…
ოღონდ, კამათი ან “არ მომწონს, ჩემი მწერალი არ არის” ერთია და ცემა მეორე :) მართლა ძალიან მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა გემოვნების მკითხველი ამ პოსტს ისე იღებს და იგებს, როგორც მქონდა ჩაფიქრებული.
LikeLike
მე, ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული, საშუალოსტატისტიკური მკითხველი ვუერთდები შენს პათოსს და ვწუხვარ, რომ მიწევს ბანალური ფრაზის თქმა: “როგორ ბნელა!” ://
სულ ყოველთვის, ყველგან იმას ვამტკიცებ, რომ წიგნს რომ ვკითხულობდეთ, ვერც ვერავინ გვმართავდა და გვატარებდა თავის ჭკუაზე და არც არავისგან ავიტანდით დამცირებას და შეურაცხყოფას(ხელისუფელბას ვგულისხმობ პირველ რიგში). საგნებსაც უფრო მარტივად და საღად ჯერ აღვიქვამდით, და მერე შევაფასებდით!!!
ბავშვობაში სულ მიკვირდა, გოგებაშვილს თავში საიდან მოუვიდა რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეექმნა და ხალხისთვის რა და როგორ ეკითხათ, მიეთითებინა… არადა თურმე, ეჰჰ… ://
მე რათქმაუნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ერთ ქვაბში მოვხარშო და ჩვენ თავს გაუნათლებელი და უწიგნური ერი(!) ვუწოდო, მაგრამ ვისურვებდი საზოგადოება თუ არა, ერთი პატარა ფეიჯი მაინც გაგვეკეთებინა :))
(ზუსტად ისევე მეწყინა ზაზას ცემის ფაქტი, როგორც ციხის ამბები… ეს ქართველმა გააკეთა?.. რა შეურაცხმყოფელია! ://)
LikeLike
ზაზას შემოქმედებას მეტნაკლებად ვიცნობ, თუმცა საყვარელ მწერლად არასდროს ჩამითვლია, მისი გამოსვლებიც ხშირად მომჩვენებია გამიზნულად ეპატაჟური, მაგრამ ცემა? ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა მუშტების ქნევის გარეშე.
LikeLike
წერის მანერაც ხომ ეგეთი აქვს.
ჰარმონიაშია. :)
LikeLike
მართალია ამ მწერლის არცერთ ნაწარმოებს არ ვიცნობ მაგრამ რაც არ უნდა დაეწერა, (მჯერა შენი რომ კარგი მწერალია) ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა. ელემენტარულ კრიტიკას გაუძლებ ადამიანი, მაგრამ ასეთი ფაქტები(?!) ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო იარლიყი ყოველთვის დარჩება. ასე მგონია
ოდესმე ადამიანურ კრიტიკას თუ ვისწავლით ვიტყვი რომ გვეშველა , გაევროპელების გზაზე მეთქი.
LikeLike
აქა მშვიდობა.
ჩემი ნაკითხობისა რა ვთქვა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ უმცირესობების პრესინგი ახლა უფრო მოიმატებს და არ დაიკლებს.
ამიტომ სახალხო დამცველის კანდიდატურას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – შეიძლება ისეთი სახალხო დამცველი მივიღოთ, ნაწილის უფლებებს რომ დაიცავს მარტო, შეიძლება კი ისეთი, ვინც ყველას უფლებას დაიცავს, ვინც გულზე სულაც შეიძლება არ ეხატება იმათ უფლებებსაც.
ამიტომ – ვინც ფბ-ზე ხართ გადახედეთ კანდიდატებს. სოცქსელს მინიმუმ ის გავლენა მაინც ექნება, რომ მხარდაჭერილ კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენენ პარლამენტში დეპუტატები.
LikeLike
mec magrad ar mesimpatiureba zaza burchulaze, magram zalian amazrzenia is rac moxda. sashinlad mezizgebian es gaunatlebeli vitom patrioti da samshoblos girsebis damcveli tipebi
LikeLike
საბოლოო ჯამში მგონია რომ პრობლემა განსხვავებულის აუტანლობაშია, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს (საკმაოდ დიდს) აქვს ტვინში მაგრად ჩაბეჭდილი ნორმები, როგორც ქცევის ისე აზროვნების და სხვა, ყველა ამ ნორმიდან გადახრა კი იწვევს დაუოკებელ აგრესიას, აგრესია კი სამწუხაროდ ერს ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს, ძალიან ძნელია როცა გარემოა აგრესიული შენ პოზიტივი შეინარჩუნო, ანუ ჯაჭვი გვაქვს შექმნილი და პირობითად “არასოდეს ვიღიმით”. აგრესია თითქმის ყოველთვის აგრესიას შობს და იმიტომ.
გვაქვს სრულიად გაუგებარი, გაუცნობიერებელი, ყურით მოთრეული, მოგონილი ღირებულებები, რომლების უკანაც რა იმალება არავინ იცის, თუმცა ამ ყველაფრის დოგმატურად გვჯერა. მუდმივად შედარების პოლიტიკას ვიყენებთ და როგორც წესი უარყოფითებს ვედრებით, რატომ გაუგებარია. გვგონია რომ ყველაფერი რაც ჩვენ არ მოგვწონს ჩვენ წინააღმდეგაა და ა.შ.
ეს პრობლემა ყველა სფეროში არსებობს, ისინი ვინც ამ ფაქტს ამართლებენ და გულსაც იფხანენ ისეთივე ავადმყოფები არიან როგორც ისინი ვინც მაგ. მოითხოვენ რომ ნებისმიერ ძალადობაზე პასუხი იყოს ანალოგიური. ქვეყანას სჭირდება სამართალი (მთელი თავისი დამოუკიდებელი სისტემით), თითქოს ეს ყველას აქვს გაცნობიერებული და აღიარებული, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება აგრესია გვიჩნდება ამ სისტემის მიმართაც. ჩვენი პრობლემა “შერჩევითი სამართლის” გაუცნობიერებელ მოთხოვნილებაშია. აბა იმათ ვკითხოთ ვინც წერენ “მეტის ღირსია”–ო რას ფიქრობენ თუნდაც სამართალდამცავ ან სასამართლო სისტემებზე, დარწმუნებული ვარ რომ თითოეული მათგანი ხმამაღლა აღიარებს “ადამიანების უფლებების უზენაესობას” და რა თქმა უნდა მოითხოვს თავისუფალ, ობიექტურ და ცივილიზებულ სამართალს.
მოკლედ შესაძლოა ძალიან სხვაგან წავედი და ბოლომდე არ ეხმაურება შენი პოსტის პათოსს, თუმცა ეს არის რასაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ.
LikeLike
არ წასულხარ, მგონი, შორს და ეს ყველაფერი დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი რომ არის და ჰაერიდან არ გაჩენილა და მიზეზები აქვს, ცხადია.
ჰომოფობიაც განსხვავებულის მიმართ ზიზღია, ქსენოფობიაც, რასიზმიც. სამწუხაროდ, ამგვარი ფობიებისთვის აქ მეტად ნოყიერი ნიადაგია. ერთი ძველი ანეკდოტია – ინგლისში ანტისემიტიზმი არ არსებობს იმიტომ, რომ ინგლისელები თავს ებრაელებზე სულელებად არ თვლიანო. ჩვენ კომპლექსები გვჭამს. პლიუს მშვიდობიანი თანაცხოვრების ელემენტარული ჩვევების უქონლობა.
მოკლედ, ახლა მე წავედი სხვაგან. ყურით მოთრეულ და ირაციონალურ ღირებულებებზე 100 პროცენტით გეთანხმები.
LikeLike
მიუხედავად იმისა , რომ ზაზას წიგნების მოყვარული არ ვარ , მაინც დამწყდა გული. მე მის ნაწარმოებებში ვერავის მიმართ აგრესია ვერ დავინახე, წერს ის კაცი და თავის ჭიას ახარებს :) თან მისი პროტესტიც ძალიან მართებულად მეჩვენება.
ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის , რომ აქამდე მწერლები რატომღაც ხელშეუხებელი მეგონა :(
LikeLike
გოგო,რაც ჩვენთან მწერლები ცემას ვინ ჩივის – დაუხოციათ… რაის ხელშეუხებელი :)
ხელშეუხებელი ჩვეთან ისინი იყვნენ, მწერლობას რომ იბრალებდნენ ხოლმე.
LikeLike
თაია პრინციპს აწვება :) ასე უნდა იყოსო. არ არის, ოღონდ :((
LikeLike
ლორდ, დამთავრდა არჩევნები. მაგნუმში არ ბრუნდები? :დ
LikeLike
არჩევნები დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო.
LikeLike
ზაზას ნაწარმოებები მეც ძალიან მიყვარს მაგრამ მწერლის (და ზოგადად) ადამიანის ცემა განსხვავებული აზრის გამო ნამდვილად ამაზრზენია.
LikeLike
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, სანდრო, კომენტარის დასაწყისში “არ” გამოგრჩა.
LikeLike
რატომ? დასაწყისში უბრალოდ ვთქვი რომ მომწონს :) სწორედ მისი განსხვავებული აზრები მომწონს :)
LikeLike
მაგას რა ჯობია :) “მაგრამ” გადასვლამ მომატყუა.
LikeLike
ბებიაჩემი აგრაფინა ასე ამბობდა ბაბუაჩემ ნიკიფორეზე – ბიუტ, ზნაჩიტ ლიუბიტო :)
ასე რომ, არ გამორჩენია.
LikeLike
სამწუხაროდ, ბურჭულაძეს არ ვიცნობ. მისი ცემის ფაქტი ძალიან აღმაშფოთებელია, მართლაც. ,გმირს’ რა საამაყო ექნება, წარმომიდგენია. ასეთ ფაქტებს რომ ვგებულობ, მრცხვენია, და არ მჯერა ხოლმე კარგა ხანს.
არადა, დაუჯერებელი რაა, პრინციპში. ისეთი ,,ნაკითხი ადამიანებისგან” მსმენია არასამართლიანი შეურაცხყოფები მწერლებისადმი, წიგნის წაკითხვა, მარტო ასოებზე თვალის მიდევნება რომ ჰგონიათ :(
LikeLike
არ მჯერა რომ განათლება რამეს შველოდეს და წიგნის წაკითხვა.
ნერონს ისეთი განათლება ჰქონდა და ისეთი მასწავლებლები ყავდა, ბარე ორს არ დაესიზმრებოდა მარა გამაადგა რო?
იგივე გებელსი – გადასარევი განათლება ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგთან. და სადოქტორო ნაშრომიც ფრიად მარალი სამეცნიერო ღირსებისა დაუწერია…
მოკლედ ფიგნია ვსიო ეტო :) განათლება სჯობს გაუნათლებლობას, მაგრამ ტოლერანტობას რაც შეეხება – ეგ უკვე აკვნიდან მოდის და იმაზე კიდევ უფრო ადრეიდან.
LikeLike
მილორდ, შენ ერთეულებზე ნუ გადადიხარ ახლა. კაცი რომ მანიაკია, იმას ცხრა უნივერსიტეტი ვერ გამოასწორებს. საზოგადოება უნდა განათლდეს. სამოქალაქო საზოგადოება უნდა არსებობდეს და ამგვარი რაღაცები არ მოხდება და თუ მოხდება, იქნება გამონაკლისი და გასაკიცხი გამონაკლისი და არა როგორც ახლა – ნახევარი ფბ ტაშს რომ უკრავს. ჰოდა, ამისთვის არის საჭირო ტოტალური განათლება.
LikeLike
კი მარა მაგ მანიაკს მილიონები მიყვნენ და ჟუჟეს გემრიელად ვინც არ დაევასათ, ეს პოეტი და რომანტიკოსი ბავარიელები.
ან იაკობინელები კიდევ…
ბოლშევიკები იშვიათი გამონაკლისია გაუნათლებელი ტირანების. უმრავლესობა ფრიად დახვეწილი და განათლებული პუბლიკა იყო.
განათლება კი კაი რამეაზოგადად. არ შველის უბრალოდ. :) მულტიკულტურული გარემო, აღზრდა – ესენი უფრო შველის. და კანონი რაც მთავარია, რომელიც ლარი ფლინტსაც ისევე დაიცავს, როგორც მამა ჯერი ფალუელს.
LikeLike
ჰოდა. ის მილიონები რომ არ მიყვნენ იმ განათლებულ და დახვეწილ ტირანებს, განათლებაა საჭირო. მულტიკულტურული გარემოც და აღზრდაც. არც ერთი გამოვა განათლების გარეშე და არც მეორე. და კანონის დაცვასაც განათლება სჭირდება. სხვანაირად უზენაესობას ვერ დაამკვირდებ. ამკრძალავ ნორმას იმიტომ კი არ უნდა ემორჩილებოდე, რომ სასჯელის გეშინია, იმიტომ რომ ხვდები, ასეა საჭირო და აკრძალვა ისევ შენზე მუშაობს.
მოკლედ, მარტო განათლება არ ვიცი, რას იზამს, მაგრამ განათლების გარეშე სხვა არაფერი იმუშავებს. განათლებას მოაქვს განსხვავებულის შეგუება-აღიარება და აქედან ტოლერანტულობაც.
LikeLike
ნუ ფბ არ ვარ და არ ვიცი რა ხდება, მარა შალვა რამიშვილის კომენტარი კი ვნახე იუთუბზე და ძაან გამიკვირდა. ტიპი სულ იმითი კაიფობდა, რომ დრომოჭმულ ტრადიციებს დასცინოდა და ამ თვალსაზრისით მარგინალი იყო და ახლა ბურჭულაძეს უძახის მარგინალს.
LikeLike
მე არ გამკვირვებია. რეპუტაცია ყოველთვის მატყუარაა. მითუმეტეს, ისეთი რეპუტაცია, ცხვირში რომ გჩრიან, აი, ასეთი და ასეთი პრაძვინუტი და თანამედროვე ვარო.
LikeLike
კი განათლებულობა სჯობს გაუნატლებლობას და წიგნიერება უწიგნურობას. ჯობს გემოვნება გქონდეს, ვიდრე უგემოვნო იყო. და ყოფითი კულტურა გქონდეს თუნდაც, მაგრამ კაი ველური არსებაა ადამიანი რომ მიუშვა. :)
არ ვიცი მე უმრავლესობას უყვარდეს სადმე უმცირესობა. როკერს რეპერი უყვარდეს. ან მადრიდელს კატალონელი. პოლ ვალერი წერდა, მზერას რომ მოკვლა შეეძლოს ქუჩები სავსე იქნებოდა გვამებითო.
ფბ-ზე იმდენი ვინმე მყავდა დაბლოკილი რამდენიმე ათეული – ეგეც არატოლერანტობაა ჩემიმხრივ :).
LikeLike
რაც შეეხება მულტიკულტურას – 2 დღის წინ ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორის დოროთეა კიმიხის ლექციას დავესწარი თემაზე: ”ტრანსკულტურულობის მითები”. ევროპის უდიდესმა ქვეყნებმა აღიარეს რომ ტრანსკულტურულობამ მათ ქვეყნებში არ გაამართლაო. ერთი რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს საწინააღმდეგოსო. როგორც მივხვდი, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს პრობლემა ევრობაში ჩვენზე უფრო მძაფრად ვლინდება.
LikeLike
მე მქონდა პოსტი მულტიკულტურულობაზე ბოსნიაში ადრე :)
თავისთავად ეგ მაგათი მიდგომა – გაამართლა არ გაამართლა არის ბულშითი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მრავალეთნიკური საზოგადოება რეალობაა და ამას ვერ შეცვლი. მეორეც იმიტომ რომ არც არასოდეს ცდილან ასეთი საზოგადოების შექმნეს.
გერმანელებმა რაც სცადეს, ეგ ხომ კარგად ვიცით. :) და ფრანგებმა რაც სცადეს ეგ კიდევ მეორე დიდი მაიმუნობაა.
აი ამერიკაში გაამართლა.
LikeLike
რა ვანდალიზმია, თუ არ მოგწონს ნუ წაიკითხავ…ეს ცემა-ტყეპა რა უბედურებაა…..
LikeLike
[…] თვის წინ, გემახსოვრებათ, ზაზასთვის ქუჩაში საქმის გარჩევას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა და […]
LikeLike
ეს პოსტი მახსოვს, გავიზიარე კიდეც FB-ზე :) ამ წინამძღვრებით – “ამ “რკინის” ლოგიკით, ქალბატონებო და ბატონებო, ილია ჭავჭავაძე თათქარიძიზმის აპოლოგეტი გამოდის, ტომას ჰარისი – კანიბალი და ვლადიმერ ნაბოკოვი – მოძალადე პედოფილი…”
LikeLike
კარგი აბზაცი გამოსულა, ხო იცი :) მომეწონა :)
LikeLike