Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი 10th, 2012

to blog or not to blog

დღეს ოთხშაბათია და მოლი ბლუმის ბლოგის ერთგული მკითხველიც, დარწმუნებული ვარ, მორიგ ჯეოპარდს ელოდება. ზოგიერთები, ალბათ, იმის გამოცნობასაც კი ცდილობენ, მოლიმ ამჯერად რა თავსატეხი მოგვიმზადაო… გასაკვირი არაფერია – მეორე წელია, ტრადიცია არ დარღვეულა – თუ ქვეყანა არ იქცევა, კვირაში ერთხელ აქ ინტელექტუალური პაექრობების მოყვარულები ვიკრიბებით. ოღონდ, დღეს, ახალი პაკეტის ნაცვლად, ერთ, არც თუ მარტივად გადასაწყვეტ დილემას გთავაზობთ – ღირს თუ არა პროექტის ამ სახით და ფორმატით გაგრძელება…

ჯეოპარდი, კარგა ხანია, ბლოგის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და გულშემატკივრების ნაკლებობასაც არ უჩივის. მეორე მხრივ, ალბათ, იმასაც შეამჩნევდით, რომ სხვა პროექტებთან შედარებით, მაინც ნაკლებ რეიტინგულია… სწორედ ამიტომ, ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ამ წამოწყებამ საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა, ჰოდა, იქნებ აჯობებდა, ოთხშაბათი “ჩვეულებრივი” პოსტებისთვის დაგვეთმო?

ჩემი სტუმრების უმრავლესობა თავადაც ბლოგერია და არავის ესწავლება, რომ ამგვარ საკითხებს, როგორც წესი, ავტორი წყვეტს. თუმცა, ამ შემთხვევაში, საბოლოო ვერდიქტის მთლად ერთპიროვნულად მიღების იდეა არ მომწონს – ბევრჯერ მითქვამს და ახლაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებ – ეს ბლოგი ვიზიტორებზე კი არა, მკითხველებზეა ორიენტირებული. აქაურობა მათ გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებდა… ამიტომ მგონია, რომ სანამ არჩევანს გავაკეთებდე, უპრიანი იქნებოდა, თქვენთვისაც მომესმინა.

ასეა თუ ისე, გულწრფელად მადლობელი ვარ თქვენი იმის გამო, რომ ერუდიტ–მარათონის მანძილზე ერთხელაც არ დაგიწუწუნიათ, არ მაკრიტიკებდით, თემებს არ მიწუნებდით და არც იმას მეუბნებოდით, თავი ნუ მოგვაბეზრეო. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ჯეოპარდმა ამდენ ხანს იარსება და, ვგონებ, მცირე სარგებელი მაინც მოგვიტანა. ჰოდა, მოდით, ამ საჩოთირო კითხვასაც ერთად ვუპასუხოთ. რას იტყვით, ტრადიციას მივყვეთ თუ უკვე ცვლილებების დროა?

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: