პოლიტიკური ორომტრიალის მიუხედავად, ბიბლიოფილებს ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ, რომ კვირას პრემია “გალას” საზეიმო დაჯილდოვებაა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნომინანტებს და სტუმრებს წელს მეექვსედ უმასპინძლებს.
ცერემონიას ალბათ ვერ დავესწრები – ჩემი ნეტარი უიქენდი უკვე დაგეგმილი მაქვს. თუმცა, ხელს არავინ გვიშლის, ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებულ შორტლისტს თვალი გადავავლოთ და ერთმანეთს მოლოდინები გავუზიაროთ. ჩამონათვალში ისეთი გემრიელი წიგნებია მოხვედრილი, დარწმუნებული ვარ, სათქმელი ყველას მოგვეძევება.
“გალას”, მოგეხსენებათ, ხუთკაციანი ჟიური ჰყავს, ლიტერატურული გემოვნება კი იმდენად ინდივიდუალური რამ გახლავთ, ლაურეატთა გამოცნობას არც ვეცდები. უბრალოდ, იმით ვისარგებლებ, რომ ნომინანტ გამოცემათა უმრავლესობა ბიბლიოთეკაში მიდევს და მხოლოდ საკუთარ იმპრესიებს გაგიზიარებთ.
“სამაგიდო წიგნის” არსი თუ სწორად მესმის, ნომინაციის წლევანდელი გამარჯვებული ბესიკ ხარანაულის “ლექსები, პოემები 1954–2005” უნდა გახდეს. პოეზიას პროზა რომ მირჩევნია, ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ამ კრებულის ხიბლი და ღირსება ჩემნაირი დილეტანტისთვისაც კი გასაგებია.
“წლის წიგნად” გურამ მეგრელიშვილის “მოდელი 18/12“-ს ან სანდრო ნავერიანის “არგენტინულ პიტბულს” დავასახელებდი. რა ვქნა, ორივე ძალიან მომეწონა და არჩევანის გაკეთება მიჭირს კიდეც, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, მაინც “მოდელს” ვამჯობინებ.
ახალ ქართულ თარგმანებს როგორი გაფაციცებით ვაკვირდები, კი გეცოდინებათ. ჰოდა, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამ ნომინაციაში ერთი მეორეზე უკეთესმა პრეტედენტებმა მოიყარეს თავი. დათო წერედიანის “ფაუსტი“, ლიკა ჩაფიძის გადმოქართულებული “LATERNA MAGICA“, ორჰან ფამუქის “სტამბოლი” თამარ ალფენიძის შესრულებით… თუმცა, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მოლი ბლუმის გული “ულისეს” ეკუთვნის. ჯოისის საკულტო რომანის ღირსებებზე საუბარი, ცოტა არ იყოს, ზედმეტიც მგონია, იმას კი სიხარულით ვიტყვი, რომ ნანატრი სრული “ულისე” ისეთი ხარისხიანი გამოცემაა, დაუბანელი ხელის მოკიდებას ვერ შეჰკადრებ…
სურათებიანი წიგნები განსაკუთრებით რომ მიყვარს, აქამდე არსად მიხსენებია. ასე რომ, წიგნის მხატვრობა მარტო პატარა მკითხველისთვის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი… ამ ნომინაციაში უპირატესობას, ცრუპენტელა ბარონის ხათრით, თამარ ბაქრაძის მოხატულ “მიუნჰაუზენს” მივანიჭებდი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ სამივე პრეტედენტი “სულაკაურს” ეკუთვნის. სასიამოვნოა, რომ ჩემი საყვარელი გამომცემლობა ესთეტურ მხარეზეც ასე ზრუნავს.
ფენტეზი ჩემი ფავორიტი ჟანრია, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ წლის საბავშვო წიგნად ნატო დავითაშვილის ახალ რომანს “ოთხ მხარეს და ოთხ სვეტს” ვირჩევდი. სხვათა შორის, ნატო შარშანდელი “გალას” ტრიუმფატორიც გახლავთ. კარგად მახსოვს, როგორ გამიხარდა, კოლხური ცული “ნისლებში და ნისლებს მიღმა“-ს რომ ერგო.
არ ვიცი, ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა თუ სხვა რამ საცდურიც არსებობს, მაგრამ წიგნების სერიებს ახლაც დიდი გატაცებით ვაგროვებ. “ინტელექტის” ლიტერატურული პროექტი – “ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი” ჩინებული წამოწყებაა და შინ უოლტ უიტმენის “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანოც” მაქვს, მაგრამ საუკეთესო მაინც “დიოგენეს ბიბლიოთეკაა“. ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, პოლ ოსტერის “მისნის ღამე”, ფამუქი და ფოლკნერი – დამეთანხმეთ, რომ ფანტასტიური თაიგულია. თბილისის წიგნის ბოლო ფესტივალზე აღებული მშვენიერი სტარტი არანაკლებ შთამბეჭდავად გრძელდება – სულ რამდენიმე კვირის წინ სერიას ჯონ მაქსველ კუტზეეს “სირცხვილი” შეემატა და ოქტომბრის ბოლოსთვის ჯეკ კერუაკის “გზაზე”-საც გვპირდებიან…
“გალას” ბოლო ნომინაციაზე – კინოსცენარებზე ვერაფერს მოგახსენებთ. იშვიათად ჩამივარდება ხოლმე ხელში. ამიტომაც, ჟიურის არჩევანს ვენდობი.
ახლა, ჩემო ძვირფასო სტუმრებო, თქვენც სიამოვნებით მოგისმენთ. კვირა საღამოს კი შედეგებს ერთად დაველოდოთ.
რა კარგია, გამომცემლობები ასე აქტიურად რომ მუშაობენ <3<3<3
ჩემი გულშემატკივრობა და კეთილი სურვილები ნატოს! :)
LikeLike
მე პირველად “ვესწრები” ამ დაჯილდოებას, ამიტომ მოვუსმენ ^_^
LikeLike
ამ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სულ დამავიწყდა “გალა”… ისეთი ნომინანტები შეურჩევიათ, რომელ ერთს მივანიჭო უპირატესობა, არ ვიცი. ერთადერთი ნომინაცია, რომელშიც ცალსახად შემიძლია ფავორიტის დასახელება, ლიტერატურული პროექტია – დიოგენეს ბიბლიოთეკა ნამდვილი “ოქროს საბადოა” :)
LikeLike
წლევანდელი ”საბას” შესახებ დაწერილ სტატიაში მაშო სამადაშვილს ეწერა: ” “საბა” კერძო ინიციატივაა, რომელიც თითქმის დაარსებისთანავე იქცა ქვეყნის ნომერ პირველ პრემიად. მისი მიღება გაცილებით უფრო პრესტიჟულად ითვლება, ვიდრე – იდეოლოგიით დაღდასმული შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიისა და მისი “ახალგაზრდა” და შედარებით გლამურული კლონის – “გალას” მოპოვება”.
ამ სტატიის გამოქვეყნების წინ გალა გადასცეს მიხო მოსულიშვილს, მარიამ წიკლაურს, ”ვარდის სახელის” თარგმანს და მეც. სიტყვა ”გლამურული” იმდენად შეუსაბამოდ მომეჩვენა, სტატია ბოლმდე ინტერესდაკარგულმა არც თუ დიდი ნდობით წავიკითხე. თუნდაც ჩამოთვლილი ავტორები და წიგნები, ჩემი აზრით, ძალიან შორს ვართ ავტორის ნაგულისხმევ გლამურულობისგან. ამ ეპითეტს ვერ წლევანდელ შორთლისტს მოვარგებ.
მოკლედ, მოლი ამიტომ მიყვარს შენს ბლოგზე კითხვა, საოცრად კარგი და ადექვატური შეფასებები გაქვს-ხოლმე :)
ბოლოს, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის ყველას.
LikeLike
მაშო რას გულისხმობდა, არ ვიცი, მაგრამ მეც წინა ლაურეატებს გადავხედე (ზუსტად იმათ, შენ რომ ჩამოთვალე, ნატო) და რაღაც არ ჩანს, გლამურთან გვქონდეს საქმე. შესაბამისად, გალაც საინტერესო, საიმედო, სერიოზული და ანგარიშგასაწევი კონკურსი მგონია.
ამ ბლოგზე მე წიგნებზე ვწერ :) ზედა და ქვედა დინებები სხვებმა იკვლიონ :)
წარმატებები, ნატო! გგულშემატკივრობთ!
LikeLike
ლიკა ჩაფიძეს და ნატო დავითაშვილს ვგულშეატკივრობ მთელი გულით :)))) და ბ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობი” “მიუნჰაუზენმაც” ძალიან მასიამოვნა. რაც სეეხება სამაგიდო და წლის წიგნებს თავს ევრ დავდებ, არც ერთი არ მაქვს წაკითხული :გაწითლებული:
LikeLike
სულაც არ მახხსოვდა ეს დაჯილდოებაა, რაა გასაკვირი.
მაგრამ შენნაირი პროფესიონალის პროგნოზების მერე ჯობია მე ხმა აღარ ამოვიღო.
LikeLike
პროფესიონალის რა გითხრა, თამი,ერთი რიგითი მკითხველი ვარ, აი, პროგნოზები რამდენად გამართლდება, ხვალ საღამოს ვნახოთ.
LikeLike
ველოდები მეც
LikeLike
“მიუნჰაუზენი” და “სირცხვილი”!!!
LikeLike
ჩემი პროგნოზი გამართლდა: “მიუნჰაუზენის” მხატვარმა გაიმარჯვა, დიოგენეს ბიბლიოთეკამაც, როგორც წლის პროექტი. მოლი გილოცავ, “ულისეც” გამარჯვებულთა შორისაა – ბატონი ნიკო ყიასაშვილი 25 წელი თარგმნიდა და ნამდვილად ღირდა, რომ გვაქვს ასეთი თარგმანი!
ახლა მოვედი და გახარეთ, არ ვიცი, უკვე იცით, თუ არა შედეგები.
LikeLike
არა, არ ვიცოდი და ვეძებდი შედეგებს :) მადლობა, რუსა.
დანარჩენებიც ხომ არ იცი?
LikeLike
1. საუკეთესო სცენარი: მარიამ ხაჭვანი;
2. წლის ლიტ. პროექტი: “დიოგენეს ბიბლ'”
3. წიგნის მხატვრობა: თამარ ბაქრაძე “ბარონ მიუნჰაუზენი;”
4. საბავშვო წიგნი: თეა თოფურია “გასაღვიძებელი ზღაპრები”;
5. თარგმნილი წიგნი: ჯ. ჯოისი “ულისე” მთ. ნ. ყიასაშვილი;
6. სამაგიდო წიგნი: ბესიკ ხარანაული “ლექსები–პოემები”;
7. წლის წიგნი: ბ. ბალარჯიშვილი “კიპარისები”.
LikeLike
მადლობა!
LikeLike
შენი გვერდი რომ არა, გამარჯვებულთა სრულს სიას ვერსად ვერ მივაგენი! მერიის გვერდზეც კი არ დევს ჯერ…
ჩემი ნუგეში ხარ, მოლი :)))))
LikeLike
მადლობა რუსას :) შედეგები რომ გვაქვს, მისი დამსახურებაა.
LikeLike
მე ისევ არ ვარ :(
LikeLike
[…] მას, ვისაც არ სწამს” წლევანდელი “გალას” ტრიუმფატორის – “დიოგენეს […]
LikeLike
[…] ლიტერატურულ პროექტზე” ბევრი არ მიფიქრია – ფავორიტი აშკარა იყო… თურმე, ჟიურიც […]
LikeLike