Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი, 2012

Marc Chagall. The Promenade

“…თითქოს უხსოვარი დროიდან ვიცნობდით ერთმანეთს და მან ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ – ბავშვობა, ახლანდელი ცხოვრება, ისიც კი, რაც მომავალში შემემთხვეოდა. თითქოს ყოველთვის თვალს მადევნებდა და გვერდით მყავდა, არადა, პირველად ვხედავდი. უცებ მივხვდი – ეს ქალი ჩემი ცოლი იყო…“

ასე იხსენებდა ავანგარდიზმის ვირტუოზი, ებრაული წარმოშობის რუსი, შემდგომ კი ფრანგი ფერმწერი მარკ შაგალი ბელა როზენფელდთან პირველ შეხვედრას.

ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო.

გრძნობა, რომელმაც მხატვარს სილაღის და სიმსუბუქის შეგრძნება მოუტანა.

ქალი, რომელიც ნაადრევად წავიდა ამქვეყნიდან და მაინც შაგალის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მის მუზად.

და ტილო, რომელიც სიყვარულის საგალობლად იქცა.

იმ სიყვარულის, მიწას თითქმის რომ მოსწყვიტა მუდამ დინჯი, თავშეკავებული მხატვარი.

(more…)

Read Full Post »

Foie gras. alsace

იცით, რას გეტყვით? დიეტა და ვარჯიში ცუდი არ არის, მაგრამ, გამოგიტყდებით და, ზოგჯერ  ძალიან მღლის. ხან სამზარეულოდან გამოსული სურნელი მახვევს თავბრუს, ხან ქუჩაში, შუშებს მიღმა მაცდურად გამოფენილი სასუსნავისკენ გამირბის თვალი და, სანამ ახალ ამბებში მოგისმენიათ, ბლოგერი მოლი ბლუმი საკონდიტროში შეჭრის მცდელობისთვის დააკავესო და საკუთარი თვალით გინახავთ, როგორ მომარბენინებს პატრული ხელში ჩაბღუჯული კრუასანებით, ერთი ჩვენებური თავყრილობა მოვაწყოთ ვერანდაზე.

ასე რომ, მობრძანდით, გეთაყვა, თავი ისე იგრძენით, როგორ საკუთარ სახლში. ბუხარი უკვე გიზგიზებს, ოღონდ, სანამ სუფრას გავაწყობდე, ვინმემ ყურადღება მიაქციეთ – შეშა არ მოაკლდეს. ბიბი, თეფშების გამოტანაში მომეხმარე, კარგი? და ჭიქების გაპრიალებასაც ხომ არ ითავებს რომელიმე? ოჰ, თაია, ოღონდ შენ არა! აი, ჩემი საყვარელი ბალიში, სარწეველა სავარძელში  მოკალათდი და ახალი წიგნები გადაათვალიერე, აქვე აწყვია, მაგიდაზე.

დღეს ნამდვილი ფრანგული დელიკატესით უნდა გაგიმასპინძლდეთ და, იმედია, არჩევანს არ დამიწუნებთ. გასტრონომიული ორგიის დაწყებამდე კი ორიოდე სიტყვით გიამბობთ ჩვენი დღევანდელი მენიუს შესახებ.

(more…)

Read Full Post »

სანტა ესპერანსა - Santa Esperanza book store

ისე გამოვიდა, ასაკით ბლოგის სტუმართა უმრავლესობაზე უფროსი გახლავართ და კარგად მახსოვს, ჩემი ბავშვობის თბილისსა და ბათუმში, ლამის ყველა კუთხეში თითო წიგნის მაღაზია რომ იყო გახსნილი. თუმცა, ხარისხიანი საკითხავი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც დახლქვეშ უნდა გეძებნა.

იმასაც მოვესწარი, ქვეყანაში საკითხავი კი არა, პური რომ ჭირდა, ბიბლიოფილები ქუჩის დახლების და ვერის პარკის სახელდახელო ბაზრობის იმედად ვიყავით და კაპიკ–კაპიკ ნაგროვები ფულით ნაყიდ წიგნებს შინისაკენ ელდორადოს განძივით მივარბენინებდით.

ახლა, საბედნიეროდ, სხვა დროა და ლიტერატურული სასუსნავით იმდენი გამომცემლობა გვამარაგებს, თუ გაფაციცებული არ იყავი, რომელიმე სიახლე აუცილებლად გამოგრჩება, წიგნის მაღაზიების მოსავლელად კი ერთი ხეირიანი გზამკვლევია საჭირო.

ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ რამდენიმე თავისუფალი წუთი მოგეპოვებათ და მოლი ბლუმის საზოგადოების საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ბუქ–შოფებში სახეტიალოდ გამომყევით. ყველგან ცხვირის შეყოფას, ალბათ, ვერ მოვასწრებთ, მაგრამ  ხშირად რომ ვსტუმრობ, იმათ აუცილებლად მოვინახულებთ.

(more…)

Read Full Post »

Cats - Musical in Moscow

წერო მოლი ბლუმის ბლოგზე გესტ-პოსტი, საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. უმასპინძლო ჯეოპარდს – ორმაგად საპასუხისმგებლო და საპატიოა. გადავწყვიტე ამ გესტ-პოსტში ჩემთვის ძალიან საყვარელი და ნაცნობი თემა – მიუზიკლები დაგახვედროთ.

სამწუხაროდ, ბევრი ცნობილი და კარგი მუსიკალური სპექტაკლი, ფილმი თუ მულტფილმი დამრჩა ჯეოპარდს მიღმა: მათ სიმრავლეში ისეთები ავარჩიე, რომლებიც ბევრისათვის ნაცნობია და კარგი მინიშნების შემცველ კითხვად შეიძლებოდა ჩამოყალიბება. იმედს ვიქონიებ, ეს ჯეოპარდი თქვენთვისაც სახალისო და საინტერესო იქნება.

Good luck! (more…)

Read Full Post »

Umberto Eco, Carlo Maria Martini. En que creen los que no creen?

ამ ბოლო დროს პუბლიცისტიკას მივეძალე.

Non fiction-ს აქამდეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი და არც სქელ-სქელ, ოსტატურად ჩახლართულ რომანებზე მითქვამს უარი, მაგრამ რამდენიმე თვეა, ჩემს თაროებზე და “ქინდლში” ამ ჟანრის წიგნებმა იმატა.

თან, ეს ოხერი, ისეთ ავტორებს გადავეყრები ხოლმე, მოდი და გამოტოვე – მკითხველის სინდისი შეგაწუხებს და არ მოგასვენებს.

უმბერტო ეკოს ბელეტრისტიკის ხიბლზე დღეს არ გექაქანებით – უჩემოდაც ყველაფერი კარგად იცით. აი, ეკო-პუბლიცისტზე ორიოდე სიტყვის თქმა კი, ვგონებ, არც ურიგო იქნება და არც უინტერესო. მით უმეტეს, ისეთ ლიტერატურულ ნუგბარზე უნდა გიამბოთ, თითებს ჩაიკვნეტთ…

(more…)

Read Full Post »

ე.ჰ. გომბრიხი. ხელოვნების ამბავი. ფრაგმენტი. ლოგოს პრესი. თბილისი, 2012

ხელოვნება მიყვარს…

უჰ, ესეც ახალი ამბავიო – ვიცი, რომ ჩაიქირქილებთ.

არადა, მართლა მიყვარს. მთელი ბავშვობა ფერწერული შედევრების თვალიერებაში გავატარე – მივიდგამდი სკამს, ზედ მეორეს შემოვასკუპებდი, ხვნეშით ავფოფხდებოდი და სულ ზედა თაროზე შემოლაგებული, პრიალაფურცლებიანი ალბომებიდან ხან რომელს ვტაცებდი ხელს, ხანაც – რომელს…

ერთხელაც ამ სანუკვარ თაროზე ახალი წიგნი აღმოვაჩინე, საინტერესოდ სქელი და მძიმე. სანამ სკამების პირამიდიდან ქვემოთ მოვცოცავდი, ფეხი დამიცდა და ძირს მოვადინე ტყაპანი. გაავებული ჯუჯღუნით ავდექი და დივანზე მოკალათებულმა ნადავლი გადავშალე თუ არა, ნატკენი მუხლი ხელად დამავიწყდა.

ადრე კი ვახსენე სადღაც, წერა-კითხვა ძალიან ადრე ვისწავლე-მეთქი, მაგრამ ეს  – ქართულად, რუსულისა რა მოგახსენოთ. ჰოდა, ერთადერთი, რისი გარკვევაც მოვახერხე, ავტორის გვარი და სახელი – ერნსტ გომბრიხი გახლდათ.

(more…)

Read Full Post »

news

ერთი კვირის წინ, ამ პოსტს რომ ვაქვეყნებდი, დიდი იმედი მქონდა, ჩემთვის მეტად რთული და მტკივნეული დილემის გადაჭრაში დამეხმარებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯეოპარდი მეც ფრიად მესიმპატიურება, დარწმუნებული ვიყავი, რომ პროექტმა რესურსები ამოწურა, აქტუალობა დაკარგა და, ცოდვა გამხელილი ჯობს, წერტილის დასმასაც ვაპირებდი.

ჰოდა, სიმართლე გითხრათ, დახმარების ნაცვლად საქმე ერთი-ორად გამირთულეთ :) ტრადიციული ოთხშაბათობების ასე ერთსულოვნად და არგუმენტირებულად მხარდაჭერის შემდეგ, ხელაღებით უარის თქმაზე ფიქრიც კი აღარ შეიძლებოდა და ისევ კომპრომისული ვარიანტის ძიება მომიხდა.

ჯეოპარდი, ცხადია, მოლი ბლუმის ბლოგის სავიზიტო ბარათი, ექსკლუზიური პროდუქტი და ერთობ სახალისო რამ გახლავთ, თუმცა, სტატისტიკას და ციფრებს გვერდს ვერ ავუვლით, ამ ფუფუნების უფლებას ვერც ერთი ბლოგერი მისცემს თავს…  უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს ინტელექტუალურ პაექრობას სხვა თემებთან მეტოქეობა აშკარად უჭირს. აქ მხოლოდ რეიტინგშიც არ არის საქმე. ვიქტორინა, დამეთანხმეთ, პოსტის სპეციფიკური ნაირსახეობაა და თქვენს ჩართულობას ყველაზე მეტად მოითხოვს.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ არსებობენ მოთამაშეები, ორი წლის მანძილზე ერთი ტურიც რომ არ გამოუტოვებიათ და, თუნდაც მხოლოდ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, პროექტის შეწყვეტა დიდი უსამართლობა იქნებოდა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე პაკეტს განსაკუთრებული ინტერესით ველოდები. სხვა თუ არაფერი, ბლოგოპარდი (მადლობა ნათლია ფაიფურის ანგელოზს) გვაქვს ჩასატარებელი.

ერთი სიტყვით, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ასეთ გამოსავალს მივაგენი – ჯეოპარდი არ გაუქმდება. უბრალოდ, დღეიდან, აზარტულ მკითხველს კვირაჩაგდებით ვუმასპინძლებ. გამოთავისუფლებულ ოთხშაბათებს კი “ჩვეულებრივ” პოსტებს დავუთმობ. ამით, ბლოგის მობილურობაც გაიზრდება, ცხელ-ცხელ ამბებზე რეაგირებისთვის სივრცე მომემატება და არა მგონია, ჩემს სტუმრებს ეს საწყენად დაურჩეთ.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: