თუ აქაურობას ხშირად სტუმრობთ და განახლებებსაც ყურადღებით ადევნებთ თვალს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მოქალაქე ბლუმს იშვიათად ვაწუხებ და არც თქვენ გაბეზრებთ თავს აღშფოთებული, საპროტესტო პოსტებით. წიგნებზე წერა ბევრად მირჩევნია – გამოგიტყდებით და მათ სამყაროში სიმშვიდის და სინათლის ისეთი გრძნობა მეუფლება ხოლმე, რომ მომკალით და აღარ მინდა, ეს ჰარმონია რამეს დავარღვევინო. თუმცა, მხოლოდ პოზიტივით გაჟღენთილ თემებზე საუბარიც არ გამოდის – ზოგჯერ ისეთ სიუჟეტს გადააწყდები კაცი, გვერდს რომ ვერაფრით აუვლი…
ამ პოსტის იდეა სამიოდე თვის წინ გამიჩნდა, მაგრამ მაშინ ბლოგერულ შვებულებაში გახლდით, ევროჩემპიონატით ვტკბებოდი და გულშემატკივრობისგან დაზარალებულ ყელს ნაღებიანი ცხელი ყავით ვმკურნალობდი, აქ კი ლამის მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვიხედებოდი… არა უშავს, არც ახლაა გვიანი.
ივნისის დასაწყისში “ცხელი შოკოლადის” ვებ-გვერდზე, რომელსაც სისტემატურად ვკითხულობ ხოლმე, ანა კორძაია-სამადაშვილის ეს მცირე ჩანაწერი გამოქვეყნდა. თუ სრული ვერსია დაგაინტერესებთ, ბმულს გაყევით, მე კი ორ, ფრიად სახასიათო, აბზაცს მოგაწვდით.
ისე მოხდა, – ზოგჯერ ძალიან კარგი რამეც ხდება ხოლმე – რომ ძალიან ახალგაზრდა ადამიანებთან მაქვს საქმე. ისინი არიან ლამაზები, მხიარულები, ნიჭიერები, მათთან ყოფნას არაფერი სჯობს. მე ეს ხალხი ძალიან მომწონს, – და სულ მიკვირს, რომ წასვლის აზრი თავში არავის მოსდის. მიზეზი ვეძებე, ვეძებე და – ევრიკა! მათ არ სცალიათ. არა იმიტომ, რომ სწავლაში ხდებათ სული – ჩვენ ძალიან კარგად ვსწავლობდით, ბოდიში მომითხოვია და, მათზე გაცილებით უკეთაც. არც დედ-მამა უშლით რამეს, არც ფიზიკური ამტანობა აკლიათ. არა, არა… ისინი მუშაობენ!
შემზარავი სიტყვათშეთანხმებაა: წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდობა. რა ჯანდაბას ნიშნავს, არ ვიცი, მარცხის ტრფიალს ისედაც არავის ვიცნობ და ეს „წარმატება“ რაღაა, ვერ გამიგია. ალბათ, ბევრი ფული და ოცდახუთი წლის ასაკში – დიდი სადაზღვევო კომპანიის მმართველობა, პლასტიკური ქირურგიის შედევრად ჩამოყალიბება და ცოტაც – ვალიუმი. ჩემს ასაკში რაღა იქნება, არ ვიცი. არცაა ჩემი საფიქრალი – ნეტა, საკუთარი თავისთვის მიმახედინა. არადა, საინტერესოა, არა? რა ვქნა, არ მჯერა, რომ ადამიანი შრომამ შექმნა. შრომით წელში გაწყვეტილი ბევრი მინახავს, დამშვენებული – არცერთი.
ქალბატონი ანა ჩემი ფავორიტი მწერალია. მის სვეტებს და ესსეებს უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებ, “შუშანიკის შვილები” და “ქურდების მბრძანებელი” საყვარელი წიგნების თაროზე, განსაკუთრებით საპატიო ადგილას მიდევს და, სიმართლე გითხრათ, “შრომით თავს რად იკლავთ, როცა ასე გემრიელად, საინტერესოდ და შინაარსიანად დასვენება შეიძლება” პათოსმა გულიც დამწყვიტა და იმედიც გამიცრუა.
ახლა ისე არ გამიგოთ, თითქოს ბუნებაში ხეტიალის, მთვარის ცისარტყელით ან პეპლების გადაფრენით ტკბობის წინააღმდეგი ვიყო – არამც და არამც. მოგზაურობაც მიყვარს, უცხო ქალაქებში უმიზნოდ და უმისამართოდ ბოდიალიც და ნეტარი უსაქმურობის გემოც კარგად ვიცი. ოღონდ, მართლა ვერ ვხვდები, როდის აქეთ გახდა შრომა სათაკილო…
ტრიბუნაზე მე არ ვდგავარ და არც ბრტყელ-ბრტყელი ქადაგებებით ვაპირებ თქვენს გამასპინძლებას. უბრალოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია გამაჩნია და მინდა, გაგიზიაროთ. შრომა რომ უაღრესად არისტოკრატული ჩვევაა და შენება – ბედნიერება, აღარ გავიმეორებ – ემანდ, ყალბ პათეტიკად არ ჩამითვალოთ. იმას კი ნამდვილად ვიტყვი, რომ ამქვეყნად ყველაზე ფასეული რამ თავისუფლებაა. ჰოდა, სრული თავისუფლება საკუთარი ხელით შექმნილი ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე წარმოუდგენელი მგონია.
არც “წარმატებული ადამიანის” ავტორისეული პორტრეტი მეჩვენება მთლად ზუსტი. სხვების ნაცვლად ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ 25 წლის ასაკში უკვე მქონდა საკუთარი გემოვნებით შერჩეული პროფესია, საინტერესო სამსახური, ხელფასი, რომელსაც “ბევრ ფულს” ნამდვილად ვერ დაარქმევდით, მაგრამ ჩემს დამოუკიდებულობას უზრუნველყოფდა და ეს ძალიან მომწონდა. დრო დასვენებისთვისაც მრჩებოდა, გართობისთვისაც და ჩემი საყვარელი ბიბლიოთეკისთვისაც. არც ვალიუმი დამჭირვებია და არც პლასტიკური ქირურგია…
ქალბატონი ანას ამ, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო სვეტის საპირწონედ ერთ ამონარიდსაც მოგართმევთ ვლადიმერ პოზნერის ინტერვიუდან, რომელიც სულ ახლახანს რუსულმა “ფლეიბოიმ” დაბეჭდა. თუ რესპოდენტი არ გეცნოთ, პარიზში დაბადებული და ამერიკაში გაზრდილი ტელეჟურნალისტი გახლავთ, რუსეთის ტელე-აკადემიის პირველი პრეზიდენტი, CNBC-ის გახმაურებული თოკ-შოუს Pozner & Donahue თანაწამყვანი, თხემით ტერფამდე არისტოკრატი, რარიტეტული ავტომობილების კოლექციონერი, წითელი ღვინის, ჩოგბურთის და ბეისბოლის მოყვარული, დენდი და სიბარიტი (ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა ყველას, ვისაც “ფლეიბოი” მხოლოდ შიშველი ქალების სურათებით გაძეძგილი, მდარე და უშინაარსო პორნოგრაფიული გამოცემა ჰგონია).
ადამიანს უნდა ესმოდეს, საიდან რას იღებს. ამერიკაში რომ ვიზრდებოდი, მშობლებისგან ჯიბის ფულის მიღება ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ამის ნაცვლად სახლში უნდა გეფუსფუსა: ყოველდღე სუფრა აგელაგებინა, შაბათობით ყველასთვის ფეხსაცმელი გაგეწმინდა და ასე… როცა მამას გამოვუცხადე, ფული მეცოტავება–მეთქი, ყველაფერი გასაგებია, სამუშაო უნდა მონახოო, მიპასუხა.
ცხრა წლის ვიყავი მაშინ. გამოვედი გარეთ და ქუჩის კუთხეში შევუხვიე, ჯიხურთან, პრესით და და ათასგვარი წვრილმანით რომ ვაჭრობდა. სემმა, მეპატრონემ, გაზეთების დამტარებლად ამიყვანა. მართალია, არაფერს მიხდიდა, სამაგიეროდ, მთელი ფეხის ქირა მე მრჩებოდა. ჰოდა, საშობაოდ ასი დოლარი დავაგროვე! 1943 წელი გვადგა კარზე, ახლანდელი კურსით ეს თანხა 2000 დოლარს უდრიდა. ჩინებული ველოსიპედი ვიყიდე და ასე დავატარებდი გაზეთებს. როგორ მომქონდა თავი! წარმოიდგინეთ – ველოსიპედი კი არ მაჩუქეს, თავად გამოვიმუშავე მისი საყიდელი ფული! მაგრამ ერთხელ სამსახურში დამაგვიანდა. დავიწყე თავი მართლება: სემ, მაპატიე, სტუმრები მყავდა, გვიან დავწექი–მეთქი… სემმა მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა: ნუ ნაღვლობ, მეგობარო. მხოლოდ, თუ კიდევ ჩაგეძინა, ნუღარ მოხვალ. აქ ერთი ბიჭია და შენს ადგილზე ოცნებობსო. აი, მესმის აღზრდა! ეს მეთოდი ყვირილსა და დამუნათებაზე გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა.
ამერიკას ზედმიწევნით ვიცნობ–მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შრომის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. იქ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობას ადრიდანვე უნერგავენ. საკუთარი შრომით მოპოვებული სარჩოს გემოს და დამოუკიდებულად აზროვნების, მოქმედების, გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ლამის აკვნიდან აჩვევენ. ისე ნუ მიიღებთ, თითქოს იქაურ ყოფას ვაიდეალებდე და ჩვენსას ვუბზუებდე ცხვირს, მაგრამ ფაქტია, სწორედ ასეთი აღზრდის გამო ისინი ზუსტადაც რომ ბევრად თავისუფალნი არიან, სილაღეც მეტი აქვთ, სითამამეც, გამბედაობაც და, ჩვენს მსგავსად, მშობლების კალთას ჩამოკიდება და საკუთარი პრობლემების სხვისთვის გადაბრალება–გადაბარება არ სჩვევიათ. პოზნერის ისტორიას რომ ვკითხულობ და მერე აქაურ, ინფანტილიზმით ხელფეხშეკრულ, მარადიულ ბავშვებად დარჩენილ თაობებს გადავხედავ, რაღა გასაკვირია, რომ ეს ყბადაღებული “ამერიკული ცხოვრების სტილი” ბევრად მესიმპათიურება.
თქვენ?
25 წლისას საკუთარი საქმე (საგამომცემლო და კომპიუტერული მომსახურება) მქონდა, თანაც საკმაოდ მძიმე პერიოდში, 1989 წლიდან.
ანას ეს სტატია კარგად მახსოვს. ასე მგონია, განსხვავებით სხვებისგან, სათქმელი მთლად მკაფიოდ ვერ ჩამოაყალიბა. ჩემი აზრით, მხედველობაში ჰქონდა, რომ საქმით ”შეპყრობილები” არ უნდა ვიყოთ. დაახლოებით ისეთები ”ტრუდაგოლიკებს” რომ ეძახიან. ეს ტერმინი არ მიყვარს და არც მომწონს, მაგრამ სხვა ვერ მივუსადაგე.
LikeLike
შესაძლოა, ნატო. მართალი ხარ, აქ “ჩვეულებრივ” მშრომელებსა და “ტრუდოგოლიკებს” შორის განსხვავებას ვერ ვხედავ – ყველა ერთ ქვაბშია მოხარშული და ზოგადად, შრომაა გაქილიკებული.
ესეც არ იყოს, ვერც “ტრუდოგოლიკობაში” ვხედავ რაიმე ცუდს. ვისაც როგორ სურს და უღირს, ისე მუშაობს. შრომობს, ხომ არ იპარავს?
LikeLike
”ტრუდაგოლიკი” სხვას არაფერს პარავს, მხოლოდ საკუთარ თავს.
ვყოფილვარ და ვიცი. :)))
LikeLike
ესეც საკამათოა, რას პარავს. მონა ხომ არ არის, ძალად ამუშაო. მუშაობს ისე, როგორც უნდა და საყვარელ საქმეს აკეთებს – ძალად ტრუდოგოლიკი ძნელად წარმომიდგენია მე.
უახლოესი მეგობრები მყავს ასე რომ მუშაობენ და უდიდესი პატივისცემის გარდა სხვა დამოკიდებულება არ მაქვს. მე ასე ვერ შევძლებდი.
LikeLike
მე ვიგულისხმე, როცა მეგობრებთან ურთიერთობაზე, ოჯახში ყოფნაზე, შვილებთან თამაშზე, ჯანმრთელობაზე უარს ამბობ და მხოლოდ ერთზე ფიქრობ – საქმეს მიხედო. სრულყოფილი ცხოვრებით არ ცხოვრობ. სხვაგან ყოფნას გულს ვერ უდებ, საკუთარ დაბადების დღეზე, უკეთეს შემთხვევაში, ყველაზე გვიან მიდიხარ, ანაც არ მიდიხარ. ამ დროს არავის ემონები, მხოლოდ საკუთარ სურვილს – გაიკეთო კარიერა, ან განავითარო შენი საქმე.
LikeLike
პრიორიტეტების ამბავია.
შარშანწინ, ახალი წლის ღამეს, ჯვარი გვწერია ყველას და პროზექტურაში ვიყავი. საქმე მქონდა, თორემ მხართეძოზე წამოწოლის, ცხელი ელარჯის და შემწვარი გოჭის ყურების გემო ისე ვიცი, მთელ მწერალთა კავშირს გავეჯიბრები და სამარცხვინოდ ნამდვილად არ წავაგებ.
და ამ “საქმე მქონდაში” (თუნდაც, კარიერულ მოტივაციაში) ცუდს და, მითუმეტეს, გასაქილიკებელს ვერაფერს ვხედავ.
LikeLike
პრიორიტეტებში გეთანხმები. ეს სხვა ამბავია,
LikeLike
ოოო, ოოოოო! :)
გადასარევი თემაა…
ეს სვეტი არ წამიკითხავს, მაგრამ ვფიქრობ, ამონარიდიც საკმარისია, რომ წარმოდგენა შევიქმნა, თუ რაზეა საუბარი.
სიმართლე გითხრა, მთელი ამონარიდი ლამის თავის ქნევით ჩავიკითხე, მაგრამ ბოლო წინადადების წაკითხვისთანავე წარბები სადღაც გამექცა.
შრომისადმი ამერიკელების დამოკიდებულებაზეც აბსოლუტურად გეთანხმები, ამაზე მაგნუმშიც ვისაუბრეთ ადრე.
ერთი, რაშიც ქალბატონ ანას დავეთანხმებოდი, თუმცა, არ ვიცი, მან რამდენად იგულისხმა სწორედ ეს, ჩემი და უმცროსი თაობის გადაჭარბებული კარიერიზმია. არა შრომის სიყვარული, არამედ კარიერიზმი ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით.
ჩვენთან არ ეძებენ გაზეთის დამტარებლის ადგილს, არც ოფიციანტისას და არაფერს მსგავსს… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ “საქმიანი ადამიანის” იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შრომა და ამ შრომით მოპოვებული შემოსავალი. ძალიან მესასაცილოება ჰალსტუხგაჭერილი, პლანშეტით შეიარაღებული თვრამეტ-ცხრამეტი წლის ბიჭი, პერანგის სახელოები ღილის მაგიერ საკინძებით რომ აქვს შეკრული ანუ ეს ყოვლად გაუგებარი მისწრაფება არა შრომის, არა კარიერული და პროფესიული ზრდის, არამედ სტატუსისა და იმიჯისკენ. სანამ ბოლოში ჩავიდოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იგულისხმებოდა, მაგრამ მეორე აბზაცმა გადამაფიქრებინა…
რა გითხრა, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამონარიდის საერთო პათოსს.
LikeLike
კარიერიზმი (როცა პროფესიაზე მეტად თანამდებობა და სტატუსი გაინტერესებს, მერე რა, თუ არ შეეფერები, მთავარია გაქაჩო) დიდს და პატარას ერთნაირად არ უხდება.
LikeLike
რა თქმა უნდა…
ამიტომაც ვთქვი, არ აღმოჩნდა ქალბატონი ანა იმ მიმართულების, რასაც ვვარაუდობდი :) ასე რომ, ვერც მე დავეთანხმები და მომკალით… იმაზე ხომ ლაპარაკი არ არის, რომ შრომით დამშვენებული ადამიანი არ გვინახავს თურმე…
LikeLike
ერთი აქვეა :) პოსტში :) ბოდიშს ვუხდი ქალბატონი ანას ყველა მკითხველს სათითაოდ, მაგრამ წარმატების ხარისხს თუ შევადარებთ, უპირატესობა ვის დარჩება, მგონი, ცხადია.
LikeLike
momewona
LikeLike
აბსოლუტური ჭეშმარიტებაა- შრომა გათავისუფლებს და არის შენი დამოუკიდებლობის გარანტია. რასაკვირველია, იქნებ დამღლელიცაა და ზოგჯერ მომაბეზრებელიც, მაგრამ ეს ისეთივე აუცილებელია, როგორც ჰაერი. მე არასდროს არ ვარ უსაქმოდ, თუ შემოსავლიანი საქმისგან ვისვენებ, რაღაცას აუცილებლად ვიგონებ, მგონია, რომ უსაქმურობა დეპრესიის სათავეცაა. თანაც როცა შრომით იღლები, დასვენების ფასსაც უფრო იგებ, აბა სულ თუ მხართეძოზე ხარ, სადღა დაინახავ განსხვავებას, ან როგორ დაიჭერ წამის მშვენიერებას? :)
LikeLike
და, რაც მთავარია, მამრებისთვის დამახასიათებელ დედ-მამის კალთაზე ჩამოკიდების სინდრომს შველის.
LikeLike
ხო, ცოლიც შედის ზოგჯერ მაგ ჩამოსაკიდებელთა სიაში :)
LikeLike
არც თუ იშვიათად :(
LikeLike
შენს აზრს ვიზიარებ
LikeLike
ღმერთმა ყველას იმდენი მისცეს , რომ შრომა არ დასჭირდეს და მთელი დღე ლურჯი პეპლების გადაფრენას უყუროს, მაგრამ როდის აქეთ გახდა შრომა სათაკილო და ახალგაზრდების საკმაოდ მართებული ამბიციები – შემზარავი?
რაღაცნაირად გული დამწყდა. ანა კორძაია-სამადაშვილის ნაწარმოებები მეც მაქვს წაკითხული და მსგავსმა პათოსმა იმედი გამიცრუა. ჩემი მოკრძალებული აზრით ინტელიგენტ ქალს , მით უმეტეს მწერალს უფრო მეტი ტოლერანტობა მოეთხოვება.
LikeLike
ძალიან გადაჭრით ნათქვამი კი მოუვიდა ისე :) მე მაინც მგონია სწორედ იმ კოსტუმიანი ბიჭების კარიერისტობაზეა აცრილი და განაზოგადა ალბათთქო, გასამრჯელოს საშოვნელად ნაყინის პატარა ყუთებსაც ვეზიდებოდი ბავშვობაში და ფლაერებსაც ვარიგებდი სკოლის დროს, ნამდვილი სამუშაო კიდევ სტუდენტობისას დავიწყე, მაგრამ დღემდე – გზას რომ მიხსენბენ, რუგზაკი უკვე ჩალაგებული მაქვს და სტარტზე ვარ :) არ მგონია (ან არ მინდა მეგონოს) ანას ახალგაზრდების შრომა აღიზიანებდეს, უბრალოდ მეც ბევრი მინახავს ეს ნორჩი კარიერისტები (ცუდი გაგებით კარიერისტები) და ძალიან უფერული ცხოვრება აქვთ, უნივერსიტეტების თვითმმართველობებში მაგალითად – ვედრო აბაზად ყრია მისთანები :)
LikeLike
ეს რა შრომაა :) ეს არის, თუ არის, ნამდვილი მუქთახორობა :))))
LikeLike
მუქთახორობაა ჩვენთვის თორე იმათთვის სამსახურია მოლი, ბოსიც ყავთ მაგისთანებს, განკარგულებებსაც ღებულობენ და გასამრჯელოც მშვენიერი ერგებათ. უნის შემდეგ კი პირდაპირ მერიაში სკუპდებიან სხვა და სხვა თანამდებობებზე (ბათუმში ყოველ შემთხვევაში ასეა) :)))
პ.ს. მუქთახორობა ჩემი პირველი სამსახური იყო, იმ ყუთების გადაზიდვაში ნაყინებით მეხდებოდა ხელფასი :) საოცნებო სამსახური იყო ღმერთმანი :D
LikeLike
მე სამსახურს და მუშაობას სხვა რაღაცას ვეძახი, იაკო (მგონი, შენც) და იმათ თუ ეს ჰგონიათ, ღმერთმა შეარგოთ :)
ძედააა… ბავშვობაში მინდოდა ნაყინის გამყიდველობა :( არ იცი შენ, როგორ მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამყიდველი ზუსტად იმდენ ნაყინს ჭამდა, რამდენიც უნდოდა. ჰოდა, მართალი ვყოფილვარ :)
LikeLike
ეს არის დამღუპველი მენტალიტეტი, რომელიც იმედია საბოლოოდ მოიშთობა საქართველოში.
ამაზე წინ ვეკამათებოდი საკმაოდ ხანში შესულ ადამიანს, მიმტკიცებდა 18 წლის ზრდასრული ადამიანი საზღვარგარეთ არ უნდა წავიდეს თუ მშობლებს არ სურთ მისი გაშვებაო.
აბა როგორ ეკადრება უნივერსიტეტდამთავრებულ ახალგაზრდას, ბარმენად, მიმტანად, დამლაგებლად ან სხვა არახელსაყრელ პოზიციაზე მუშაობა, მაინცდამაინც ყველა მენეჯერი ბანკირი ან სხვა თანამდებობის პირი უნდა იყოს. არადა მშვენიერი მაგალითია პოზნერის სახით მოყვანილი, მე პირადად 9 წლის დანის სიამოვნებით გავუშვებდი თავისი ჯიბის ფულის საშოვნელად, თუმცა ისევ ეს მენტალიტეტი სადაც 9 წლის ბავშისთვის კი არა 29 წლის კაცისთვისაც ჭირს სამუშაოს ძებნა.
LikeLike
მე მეგონა, თამი, უკვე მოშთობილი იყო და თურმე სად ხარ…
18 წლის ზრდასრული ადამიანი, თუ მკითხავ, აუცილებლად უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, ისწავლოს, იმუშაოს, იწვალოს, ათას ღობეზე გადაძვრეს…ისევ მას გამოადგება.
LikeLike
ხო, მე მაგალითად ჩემს შვილს ვაიძულებ
LikeLike
1) სიბარიტი რას ნიშნავს?
2) ჩვენ არც შრომა ვიცით როგორ უნდა, არც დასვენება .. უკიდურესობების ხალხი ვართ :(
3) მე ერთი ვიცი: მინდა ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს და გულს მიხარებს. არადა ეს ოხერი, ყოველთვის ისე არაა ამ ცხოვრებაში როგორც მე მინდა :(((
რატომ? ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს :დდდდ
LikeLike
1. ფუფუნებით განებივრებულ უსაქმურ ადამიანს. ფართო გაგებით – ადამიანი, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს და უყვარს.
2. მე ორივე ვიცი (ნუ, იმდენი, რომ მეყოს, სამსახურშიც კმაყოფილი არიან და არც მე ვუჩივი) და ვიღაცამ ასეთი ტონით თითი ნამდვილად არ უნდა მიქნიოს, რაკი პეპლების გადაფრენას არ ესწრები, ჩემზე ნაკლები ხარო.
LikeLike
ააა, ხედავ შენ სიბარიტი ვინ ყოფია :დდდ
დავიმახსოვრებ… ისე, სულ უსაქმურობაც დამღლელია და მიკვირს როგორ არ იღლებიან :)
LikeLike
16 წლიდან დავიწყე იმაზე შრომა რომ საკუთარი ფული მქონოდა. სრულიად გეთანხმები რომ თავისუფლება ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. არც ე.წ. „ტრუდაგოლიკობაა“ ჩემთვის უცხო, პერიოდი ყოფილა სამსახურით მიცხოვრია, ახლაც უმეტეს დროს სამსახურზე ფიქრს ვუთმობ, თუმცა ეს არავის დაუძალებია, ეს არც მაუბედურებს და არც მაბედნიერებს, თუმცა მიხარია რომ იქ ვარ სადაც ვარ და იმას ვაკეთებ რასაც ვაკეთებ. არც გართობა მაკლია, არც ჩემ გემოზე დასვენება და საკუთარი თავისთვის „საჩუქრების“ გაკეთებაც შემიძლია, ამის გარეშე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლებოდა მეარსება.
თუმცა ამაზე ალბერ კამიუ გამახსენდა, ეს პირდაპირ შრომასთან კავშირში არაა, მაგრამ კამიუ ერთ–ერთ ესსეში წერს რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო როცა არაფერი ქონდა, შემდეგ დაიწყო შრომა, მიაღწია ერთს, მეორეს, მესამეს და აღმოაჩინა რომ თავისუფლების შეგრძნება დაკარგა „დასაკარგი“ გაუჩნდა და ბორკილები იგრძნო, ამბობდა რომ ყველაზე ლაღი და ბედნიერი მაშინ იყო როცა ღარიბი იყო. დარწმუნებული ვარ არც ის გულისხმობდა რომ ამის გამო არასოდეს უნდა იმუშავო და არასოდეს უნდა გქონდეს რამე და არც მე ვფიქრობ ასე, თუმცა ამაში რაღაც დევს. იქნებ ამას გულისხმობდა? რაღაც ასაკამდე შეირგეთ ეს სილაღეო? იცი, მე მგონია რომ ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე, მართალია მგონია რომ არ შეიძლება ადამიანს ყველაფერი თავისით, უზრუნველად მისდიოდეს, ეს საშინელებაა, თუმცა რაღაც ეტაპამდე ზედმეტი პასუხისმგებლობები არ უნდა აიღოს, ცოტა დრო სჭირდება იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს, გაანალიზოს, შეცნობის სურვილი დაიოკოს და ა.შ.
არ ვიცი რამდენად სწორად გადმოვეცი, თუმცა ვეცადე :)
LikeLike
რაღა დავამატო, ფინიკი. ჩემს სათქმელს ამბობ. აშკარად ერთ აზრზე ვართ.
LikeLike
შრომაზე საუკეთესო ნაწარმოები რაც დაწერილა, ჩემი აზრით, ფაუსტია :)
ანას ეს წერილი კარგად მახსოვს, სხვა ბლოგებზეც გაკეთდა, მახსოვს, კომენტარი, მაგრამ ვფიქრობ ავტორი ცოტა სხვა რამეს გულისხმობდა, ანუ რადიკალიზმს: თუ ფული გაქვს დრო არ გაქვს, თუ დრო გაქვს, ფული არ გაქვს, – ჩემი საყვარელი ფრაზაა. ანუ ბალანსის დაცვას ითხოვს, ანუ მხოლოდ ერთი მიმართულებით წასვლაზე საუბრობს.
LikeLike
რა საინტერესოა… ლაროშფუკოს და სიყვარულის არ იყოს, ყველა ამ პოსტში ჩადებულ “რაღაც სხვა აზრზე” საუბრობს, არადა, კითხვა მეც ვიცი და ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე ანას ამონარიდები და ის “სხვა აზრი” მაინც ვერ შევამჩნიე. აქედან ვუტრიალე, იქედან, მაგრამ მაინც “შრომით წელში გაწყვეტილი ბევრი მინახავს, დამშვენებული – არცერთი.” წერია.
მე მაპატიეთ, რა თქმა უნდა.
LikeLike
http://www.youtube.com/watch?v=mJ8twAamdkI :)
LikeLike
მანდ დავყარე ფარ-ხმალი მეც, ზუსტად… არავითარი სხვა აზრი!
LikeLike
ra damtxvevaa rom kitxvis processhi saats davxede da gamaxsenda rom samsaxurshi magviandeba. gaviqeci blogs sagamos kidev ertxel davlashqrav :D
LikeLike
შეიძლება სულ სხვა რამეს ვამბობ ახლა, ადრე მინდოდა იმდენი ფული მქონოდა, რომ მუშაობა არ დამჭირვებოდა და ეს რომ ვთქვი ერთმა უფროსმა მეგობარმა მითხრა, სამუშაო ყველას სჭირდება, რომ თავი საჭირო ადამიანად იგრძნოს და საზოგადოებიდან სულ არ გაირიყოსო. კამათი ყველაფერზე შეიძლება რასაკვირველია, მაგრამ შრომის გარეშე რომ არაფერი გამოვა ცხადზე უცხადესია
LikeLike
კიდევ ერთი არგუმენტი შრომის სასარგებლოდ :) ნამდვილად არ მეგონა, მტკიცებულებების მოძიება თუ დაგვჭირდებოდა :))
LikeLike
სულ ამას ვამბობ, ქართველი ერის ოცნებაა მხართეძოზე წამოწოლილი იყოს და ყველაფერი სახლში მოუტანონ… “თათქარიძეები” ვართ ბუნებით სამწუხაროდ :(((
LikeLike
არ თქვა :(((
LikeLike
ქართველებს შრომა რომ არ გვიყვარს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მერე კიდევ გვიკვირს, რატომ ცხოვრობენ ამერიკელები განსხვავებულად…
როგორც არ უნდა მიყვარდეს პეპლების ყურება და ჩრდილში წიგნების კითხვა, უნდა ვაღიარო, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვა და თუ 25 წლის ასაკში რამეს მივაღწევ ჩემს საქმეში (მგონი, ვერ ვასწრებ, მაგრამ მაინც :) ), 40, 50 ან თუნდაც 60 წლისთვის ყოველგვარი ზედმეტი ქირურგიულ-მედიკამენტოზური ჩარევების გარეშეც მშვენივრად ვიგრძნობ თავს (არარეალიზებული ადამიანებისგან განსხვავებით)… შრომის პარალელურად წიგნებს და პეპლებსაც სხვა “მუღამი” ექნებათ… უფრო სწორად, უკვე აქვთ – აპრობირებული მაქვს – დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დასვენებას არაფერი სჯობს ( თათქარიძეებს გაუკვირდებოდათ, მაგრამ სულ დასვენებაც კი არ არის ასეთი სასიამოვნო) :)
LikeLike
შრომამ შეიძლება ნაოჭები გაგიჩინოს, მაგრამ შინაგანად ნამდვილად გაკეთილშობილებს, ასეთი ნიუანსები მწერლის თვალს არ უნდა გამოეპაროს.
ისეც ნუ გამოგვივა, ანას თავს დავესხათ, აქვს მაგას სუფთა ქართული სისუსტეები.
მე გერმანიის მაგალითზე ვიტყვი, ტყუილად საჩუქარსაც არ გაჩუქებენ, თუ რამით არ დაიმსახურე და კ. გამსახურდიასაც უწერია, ამ ერმა შრომის დროს შრომა და დასვენების დროს დასვენება კარგად იცის, ჩვენსავით ერთმანეთში არ ერევათო. – ზუსტი ნათქვამია!
LikeLike
თავს არ ვესხმი :) ჩემი უსაყვარლესი მწერალი რომ არის, მიწერია კიდეც. უბრალოდ, ამის გამო უფრო დამწყდა გული…
LikeLike
ჩემ თავზე ვთქვი, ასეთი ნიუანსები უნდა ესმოდეს-მეთქი.
LikeLike
არც ანას აწყენდა, სხვათა შორის.
LikeLike
ოქროს შუალედი :) მოკლედ ის რაც ყოველთვის ყველგან კარგია. ჩემ შემთხვევაში ვცდილობ ეს შუალედი არ გავუშვა და ყველაფერი თავის ადგილზე მქონდეს. ისე, რო ვაკვირდები ჩემ თავს, რი მიმიშვა ტრუდაგოლიკი კი არა 2ჯერ ტრუდაგოლიკი გავხდებოდი. იმიტომ კი არა რომ უზომოდ შრომისმოყვარე ვარ. პირიქით, ჩემზე ზარმაცი ადამიანი არ მეგულება :) უბრალოდ როცა საქმე მაქვს პასუხისმგებლობა მაქვს ზენიტში, თუ ბევრი საქმე მაქვს 2ჯერ მეტად მემატება პასუხისმგებლობა და დროის გადანაწილებაც უფრო მიადვილდება…
სამსახური ჩემთვის თვითრეალიზაციაა და არამც და არამც ანაზღაურება. ბევრჯერ მითქვამს, 50 ლარს რომ მიხდიდნენ სამსახური მაინც მექნება მეთქი. იმიტომ რომ ის გეხმარება განვითარებაში, მეტს სწავლობ, საკუთარ თავს პასუხისმგებლობებს უწესებ, შრომას სწავლობ, თვითკონტროლს, ფორმაში ხარ, თავი გიყვარს…. მე ასე ვარ და ასე წარმომიდგენია.
LikeLike
მეც ასე ვფიქრობ, ჯეინ.
LikeLike
ეს პოსტი გამოქვეყნებისთანავე წავიკითე, მაგრამ სათქმელი მინდოდა მეთქვა, როგორც საქმეში სხვაგვარად ჩახედულ ადამიანს.
ადამიანებს გვამოძრავებენ მოტივატორები. ეს მოტივატორები გვიბიძგებენ მოვიპოვოთ პური არსობისა, ვიურთიერთოთ, გავერთოთ, დავისახოთ მიზნები და შევეცადოთ, ამ მიზნებს მივაღწიოთ, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, ბავშვები გავაჩინოთ და ა.შ. მოტივატორები ბევრზე ბევრია და თუ დიდი ლუპით შევხედავთ, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა მიკრო-მოტივატორი უბიძგებს ერთსადაიმავე ნაბიჯისაკენ. მაგრამ შევხედოთ მოტივაციას მაკრო ასპექტში, მსხვილ კლასიფიკატორებად და დავინახავთ, რომ თურმე ადამიანთა დიიდ უმრავლესობას ერთიდაიგივე მოთხოვნილებები (როგორც მოტივატორები) მართავენ, თანაც ერთიდაიგივე იერარქიით.
მოტივაციის ყველაზე გავრცელებული და, ჩემი აზრით, ყველაზე მოქმედი თეორია მოთხოვნილებებს 5 ჯგუფში აერთიანებს: პირველი ჯგუფები უფრო საბაზისო და პირველადი საჭიროებისაა; მაღალი რიგის მოტივატორის/მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ჩნდება მოთხოვნა მომდევნო თანრიგის მოტივატორზე.
ეს მოთხოვნილებებია:
1. ფიზიოლოგიური (წყალი, საკვები, სითბო);
2. უსაფრთხოების (დაცულობა, მზრუნველობა);
3. სოციალური (ოჯახი, მეგობრები, სოციუმი);
4. თვით-პატივისცემა (მიღწევები, აღიარება);
5. თვით-რეალიზაცია (შემოქმედებითობა, უნარების გამოვლენა).
აი, ის, რასაც ხშირად “კარიერიზმს” უწოდებენ (პოსტში მოყვანილ ფრაგმენტში კი “წარმატებაზე ორიენტირებად” არის ნახსენები) ადამიანის ერთ-ერთი არსებითი მოთხოვნილებაა აღიარების, დაფასების გვერდით. მართალია, ამ მოთხოვნილების დათრგუნვა სამი სხვა ტიპის მოთხოვნილებებზე უფრო ადვილია, მაგრამ ადამიანის კმაყოფილების და ჰარმონიულობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. რომ არაფერი ვთქვათ თვითონ მუშაობის ინსტიტუტზე, რომელიც ფულით ანაზღაურებადია და ამდენად უფრო მაღალი რიგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წყაროა. სხვა საქმეა, რომ თვით-პატივისცემის მოთხოვნებს სოციალურ მოთხოვნილებებზე მაღლა არ უნდა ვაყენებდეთ, მაგრამ ხაზი გადაუსვა და დააკნინო მისი მნიშვნელობა, ცალსახად არასწორი მიდგომაა.
პ.ს. იმხელა კომეტარი გამომივიდა, პოსტად დაიწერება :D
LikeLike
ვისაც უფრო მეტი აინტერესებს, გუგლში შეუძლია მოიძიოს მოტივაციის თეორიები:
https://www.google.com/search?q=motivation+pyramid&hl=en&tbo=u&rls=com.microsoft:en-US&tbm=isch&source=univ&sa=X&ei=3Jq0UMPAFoiHswa854DIDA&sqi=2&ved=0CDoQsAQ&biw=1280&bih=905
http://en.wikipedia.org/wiki/Motivation
https://www.google.com/webhp?hl=en&tab=ii#hl=en&sugexp=les%3B&gs_nf=3&tok=0MhMK3MEZjjPCgHArSC7Sw&cp=13&gs_id=2h&xhr=t&q=theories+of+motivation&pf=p&tbo=d&output=search&sclient=psy-ab&oq=theories+of+m&gs_l=&pbx=1&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_cp.r_qf.&fp=c3848b2e404c7498&bpcl=38897761&biw=1280&bih=905
LikeLike
თან, საინტერესო პოსტი :)
ასეა, ტაბუ და მეც იმიტომ გამიკვირდა, ან უცნაური რა იყო კარიერული წინსვლის სურვილში, ან სათაკილო.
LikeLike