Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი, 2012

Lunchtime atop a Skyscraper. Rockefeller Center. New York City, United States. 1932

თუ აქაურობას ხშირად სტუმრობთ და განახლებებსაც ყურადღებით ადევნებთ თვალს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მოქალაქე ბლუმს იშვიათად ვაწუხებ და არც თქვენ გაბეზრებთ თავს აღშფოთებული, საპროტესტო პოსტებით. წიგნებზე წერა ბევრად მირჩევნია – გამოგიტყდებით და მათ სამყაროში სიმშვიდის და სინათლის ისეთი გრძნობა მეუფლება ხოლმე, რომ მომკალით და აღარ მინდა, ეს ჰარმონია რამეს დავარღვევინო. თუმცა, მხოლოდ  პოზიტივით გაჟღენთილ თემებზე საუბარიც არ გამოდის –  ზოგჯერ ისეთ სიუჟეტს გადააწყდები კაცი, გვერდს რომ ვერაფრით აუვლი…

ამ პოსტის იდეა სამიოდე თვის წინ გამიჩნდა, მაგრამ მაშინ ბლოგერულ შვებულებაში გახლდით, ევროჩემპიონატით ვტკბებოდი და გულშემატკივრობისგან დაზარალებულ ყელს ნაღებიანი ცხელი ყავით ვმკურნალობდი,  აქ კი ლამის მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვიხედებოდი…  არა უშავს, არც ახლაა გვიანი.

ივნისის დასაწყისში “ცხელი შოკოლადის” ვებ-გვერდზე, რომელსაც სისტემატურად ვკითხულობ ხოლმე, ანა კორძაია-სამადაშვილის ეს მცირე ჩანაწერი გამოქვეყნდა. თუ სრული ვერსია დაგაინტერესებთ, ბმულს გაყევით, მე კი ორ, ფრიად სახასიათო, აბზაცს მოგაწვდით.

(more…)

Read Full Post »

Time - Protesters

ახალს ვერაფერს გეტყვით. იმას, რაც გუშინ ვნახეთ, ვერც აღმაშფოთებელს დავარქმევ, ვერც შოკისმომგვრელს და ვერც ამაზრზენს – არაადექვატურად რბილი ეპითეტებია. დღეს ბევრად უარესად ვარ. საშინელი გულისრევის შეგრძნება არ მშორდება.

თვალწინ იმ სადისტების კმაყოფილი სახეები მიდგას. იდიოტური გამომეტყველება და საშინლად მშვიდი, ავადმყოფურად მშვიდი ხმა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ რომელიმე მაინც ჯანმრთელია და ნორმალური. არ არსებობს. გამორიცხულია. ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი უმწეო პატიმარს კი არა, მოსისხლე მტერს ვერ მოექცევა ასე.

და იმის წარმოდგენაც მიჭირს, რომ ამ არსებებს ოჯახები ჰყავთ, ცოლები და შვილები, ღამით შინ მიდიან, ვახშმობენ და ჩაძინებულ ბავშვებს შუბლზე კოცნიან.

არადა, ჰყავთ, ალბათ… დედებიც ჰყავთ და მართლა არ ვიცი, იმათ დედებს წუხელ როგორ დაეძინათ.

არ მითხრათ, ახლა, ქურდებიო… ქურდული სამყარო სხვაზე ნაკლებად არ მეზიზღება, მაგრამ აბსოლუტურად დეგრადირებული ფორმიან-სამხრეებიანი პირუტყვი, ადამიანური რომ არაფერი შერჩენია, “შავი იდეოლოგიის” აღმსარებელ ნებისმიერ კრიმინალზე საშიში მგონია.

ბლოგს ვხურავ. წიგნებზე, მუსიკაზე და მულტფილმებზე წერის თავი ნამდვილად არ მაქვს.

რა დროს ესთეტიკაა.

ქალაქში დინოზავრები დადიან.

Read Full Post »

ხალხნო და ჯამაათნო! ინდუისტურ მითოლოგიასა და ფილოსოფიაზე  რა აზრის ბრძანდებით? დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითის, რადგან დღევანდელი ჯეოპარდის თემად სწორედ ეს შევარჩიე და აბა, თქვენ იცით :),

Good luck!

(more…)

Read Full Post »

The Beatles. ილუსტრირებული ბიოგრაფია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2012

“როგორც არქიტექტურაზე ვერ იცეკვებ, ისე ვერ ისაუბრებ მუსიკაზეო” – ფრენკ ზაპას უთქვამს.

როკის კლასიკოსთან კამათს არ ვაპირებ, მაგრამ, დამეთანხმეთ, არც ასეა საქმე, საუბარი ყველაფერზე შეიძლება და კარგად დაწერილი “მუსიკალური” წიგნის დაგემოვნებაზე არც ერთი მელომანი იტყვის უარს.

საბჭოთა და მოძმე სოციალისტური ქვეყნების ესტრადით გაძეძგილ ჩემს ბავშვობაში, ხარისხიანი მუსიკა სანთლით იყო საძებარი, ფირფიტები და კასეტები ჭირდა და აბა, წიგნებზე ვინ იოცნებებდა… მახსოვს, Doors-ის, Deep Purple-ის, Red Hot Chili Peppers-ის სურათებს და რამდენიმეაბზაციან, მშრალზე მშრალ სტატიებს საყმაწვილო ჟურნალებიდან ვჭრიდი და სახელდახელოდ აკინძულ ალბომში ვინახავდი სათუთად.

მიზეზთა გამო, მუსიკაზე დაწერილი სამამულო წიგნებით დიდად განებივრებული არც დღეს ვართ. ახლა მხოლოდ ბასა ჯანიკაშვილის “აბსურდისტანი” (თავის დროზე საშინლად რომ არ მომეწონა), კახა თოლორდავას “საუბრები ჯაზზე” და ზურაბ ქარუმიძის ფანტასტიური “ჯაზის ცხოვრება”  – მუსიკის, ალბათ, ყველაზე დახვეწილი ჟანრის დიდი სიყვარულით და საქმის ცოდნით დაწერილი ისტორია – მახსენდება.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ ოთხიოდე თვის წინ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფერად-ფერად კატალოგში “ბითლსის” და “პინკ ფლოიდის” ილუსტრირებული ბიოგრაფიები რომ აღმოვაჩინე.  თვალის ერთი შევლებითაც მივხვდი, რომ არაჩვეულებრივ საკბილოს წავაწყდი, ამიტომ წამიც არ დამიხანებია, ვტაცე ხელი და შინ წამოვაცუხცუხე.

(more…)

Read Full Post »

pippi's house

საღამო მშვიდობისა, ხალხნო! რა კარგია, რომ ჯერ არ გძინავთ, თორემ გამოვყრუვდი სიჩუმისგან. მოგეხსენებათ, მარტო ვცხოვრობ, ეს ტომი და ანიკა კი ისეთი სამაგალითო ბავშვები არიან, ახლად შებინდებულზე ეძახიან დასაძინებლად და ისინიც ცხვრებივით მორჩილად მიჩანჩალებენ. მე კიდევ ვზივარ ახლა, უფრო სწორად, ვწევარ იატაკზე და კვერებისთვის ცომს ვზელ. ჯერ სწავლა არ დაწყებულა და ორივენი დილით ადრიანად მოირბენენ ნაღებიანი ყავის დასალევად.

უჰ, როგორ მიხარია, სტუმრები რომ მოდიან ხოლმე! სხვათა შორის, თავადაც ძალიან მიყვარს სტუმრად წასვლა, მაგრამ რად გინდა – ერთხელ ძლივს დამპატიჟეს და ისეთი ამბები დავატრიალე, ფრუ სეტერგრენმა მითხრა, აქ აღარ დაგინახოო.

ისე, კაცმა რომ თქვას, რა უნდა მექნა? ბაიყუშივით ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი, იქ სამხიარულოდ მივედი. ჰო, ტკბილი ღვეზელებიც ფრიად მომეწონა და მგონი, მეტისმეტად ბევრი მივირთვი, არც კი ვიცი, სხვებსაც შეხვდათ თუ არა.  და კიდევ შაქარი დავყარე იატაკზე. დიდი ამბავი.

(more…)

Read Full Post »

კადრი კინოფილმიდან "მიმინო"

სიტყვა “კულტი“, ზოგადად, ცუდად მხვდება ყურში, მაგრამ ამ ფილმის ხსენებისას გვერდს ვერ ავუვლი, იმიტომ, რომ მართლაც საკულტო კინოზეა საუბარი. ეს ის შედევრია, რომელიც, ასაკის, სქესის და გემოვნების მიუხედავად, ნებისმიერ ჩვენგანს  ერთხელ მაინც უნახავს და საყოველთაო პოპულარობაც სრულიად დამსახურებულად აქვს მოპოვებული. მაშ ასე, თქვენს წინაშეა გიორგი დანელია ლეგენდარული ქმნილებით “მიმინო“,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Kevin Carter. Famine in Sudan

მართალია, მოლი ბლუმის ბლოგი, ძირითადად, ლიტერატურასა და ფერწერაზეა ორიენტირებული, მაგრამ ერთგულ მკითხველს არც ის პოსტები დარჩებოდა შეუმჩნეველი, განვლილი ასწლეულის ფირზე აღბეჭდილ ქრონიკას რომ ასახავს. ჰოდა, თუ გახსოვთ, როგორ გიამბობდით ბუდისტი ბერის განწირულ პროტესტზე ან მიგრანტთა დედაზე, შესაძლოა, იმ კომენტარებსაც მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე სტუმარმა რომ დატოვა – კი, მაგრამ, ეს ოხერი ფოტოგრაფები, კამერის ჩხაკუნის ნაცვლად, იმ საცოდავებს რომ დახმარებოდნენ, უკეთესი არ იქნებოდაო?!

კითხვა ლოგიკურია და, სიმართლე გითხრათ, პასუხი არც მაქვს – ადამიანური და პროფესიული მოვალეობების კოლიზია ის თემაა, მარტივად რომ ვერ ამოწურავ. არც მედიაეთიკის სპეციალისტი გახლავართ და სხვისი განსჯის სურვილიც არ მკლავს. აბსტრაქტული დისკუსიის ნაცვლად, ვფიქრობ, უპრიანი იქნება,  მეოცე საუკუნის ფოტოისტორიის მორიგი ფურცელი  გადავშალო და ერთი ბრწყინვალე ჟურნალისტური კარიერის ტრაგიკულ დასასრულზე გიამბოთ.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: