ამას წინათ “ბიბლუსში“ შემიცდა ფეხი. ფესტივალი სულ ორიოდე დღის დამთავრებული იყო და არანაირი სიახლის იმედი არ მქონია, უბრალოდ, იქვე ვიყავი და ჩვეულებას არ ვუღალატე. რამდენჯერმე ავუარ–ჩავუარე თაროებს და, სრულიად შემთხვევით, ღია იისფერყდიან წიგნს წავატანე ხელი.
ალბათ, სწორედ ასეთი შეგრძნება ეუფლებოდათ პოტერიადის გმირებს, როცა პორტაჟით სარგებლობა უწევდათ – ვიგრძენი, როგორ ამიტაცა ქარბორბალამ, დამატრიალა, დამაბზრიალა და სუნთქვაშეკრული გადამისროლა იმ შორეულ დროში, ჩემი ბავშვობა რომ ერქვა.
თვალის დახამხამებაში თბილისიდან შორს, ახლობელ ოჯახში აღმოვჩნდი, სადაც უზარმაზარი ბიბლიოთეკა მეგულებოდა სატყუარად და ყოველთვის სიხარულით მივცუნცულებდი სტუმრად. ჰოდა, ვილჰელმ ჰაუფის “ქარავანიც“ ზუსტად იქ ვიპოვე, ყდაშემოძარცვული და ფურცლებგაცრეცილი, ეტყობოდა, რომ პატრონის ხელშიც გვარიანი ჯაფა დასდგომოდა.
მეც ჩავყვინთე და რა ჩავყვინთე… ჯერ ცხელ, მოტორტმანე ჰაერში გახვეულ უდაბნოში მოვხვდი ჩალმიანი და განიერშარვლიანი ვაჭრების ქარავანთან ერთად, მერე მამაცი სელიმ ბარუხი ვნახე, საღამოს მოგზაურთა კარავშიც მოვიკალათე და მათ ნაამბობს სულგანაბული ვუსმენდი.
ჯერ სელიმი ჰყვებოდა მზაკვარი გრძნეულის მიერ წეროდ გადაქცეული ხალიფა მანსურის ამბავს… ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ვუთანაგრძნობდი და როგორ მინდოდა, დავიწყებული ჯადოსნური სიტყვა შემეხსენებინა – “მუტაბორ“, “მუტაბორ“-მეთქი, ვჩურჩულებდი..
მერე იყო და ქარავნის წინამძღოლმა ახმედმა ლამის გული გამიხეთქა აჩრდილებიანი ხომალდის ამბით, კარგა ხანს მესიზმრებოდა უკიდეგანო ზღვაში მოხეტიალე, ცოდვილი მიცვალებულებით დასახლებული გემი, თან მეშინოდა და თან მაგნიტივით მიზიდავდა…
ბერძენი ექიმის – ცალეუკოსის ისტორიამ ხომ მართლაც თავზარი დამცა – იდუმალი, წითელწამოსასხამიანი უცნობი, მშვენიერი ბიანკას მკვლელობა, ულმობელი განაჩენი და მოკვეთილი მკლავი – მაინცდამაინც საბავშვო ზღაპარი არ იყო, მაგრამ რომ იცოდეთ, როგორ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ შიშისგან თვალებდაჭყეტილი ვკითხულობდი.
სამაგიეროდ, პატარა მუკის თავგადასავალმა გამამხიარულა, მთელი არსებით ვქომაგობდი და ძალიანაც გავიხარე, როცა უსამართლო მეფეზე ჯავრი იყარა. ისე, მისი სწრაფმავალი ქოშების და ჯადოსნური ხელჯოხის კი მშურდა ჩუმ–ჩუმად.
გული დამწყდა, რომ, როცა ბავშვობის წიგნების სიას ვადგენდი, არც მე გამხსენებია და სტუმრებს შორისაც არავინ გამოჩენილა ისეთი, ვისაც ჰაუფის ეს მშვენიერი ზღაპრები ექნებოდა წაკითხული. არადა, დრო იყო, ხელიდან ვერ მგლეჯდნენ – სიარულის დროსაც ცხვირი მქონდა ჩარგული და ამის წყალობით ზედიზედ ორჯერ ჩავვარდი იატაკში ამოჭრილ, თავახდილ სარდაფში.
ამ ყველაფერმა ელვის სისწრაფით ჩამიქროლა თვალწინ და მხოლოდ კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ ყურებამდე პირგახეული, ბრიყვულ-ბედნიერი გამომეტყველებით ვიდექი შუა მაღაზიაში და მივიწყებულ, თუმცა ძველებურად საყვარელ წიგნს ვფურცლავდი… მერე რა, რომ ილუსტრაციებიც სხვა იყო, გვერდებიც – ახალი და პრიალა, აქ ისევ ის გმირები ცხოვრობდნენ, რომლებმაც პატარა მოლის გულში სამუდამოდ დაიდეს ბინა და ახლა, შორეული კუნჭულიდან თავდახსნილები, ხელს მიქნევდნენ, მეფერებოდნენ და მეალერსებოდნენ.
რაღაცნაირი, თბილი და ნათელი სევდით შეპყრობილი გამოვედი გარეთ, როგორც მჩვეოდა, სიარულის დროს გადავშალე ხელახლა ნაპოვნი ზღაპრები და გამეღიმა, როცა მივხვდი, რომ ფინალურ ფრაზას ძველებური გულისფანცქალით ვკითხულობდი:
“– უდაბნოს ბატონ-პატრონად მიცნობენ, ყაჩაღ ორბაზანს მეძახიან!“
ეს ზღაპრები არ ვიცი,მაგრამ მახსოვს ბავშვობაში არაბული ზღაპრების ორი წიგნი მქონდა. :) რამდენჯერმე ვკითხულობდი ხოლმე ფავორიტებს.ახლა,რომ მკითხო რომლებსო ალბათ სულ ყველას ერთმანეთში ავურევ და ერთ ზღაპარს მოგიყვები,რადგან თავიდან ბოლომდე არც ერთი მახსოვს..
LikeLike
მე არ მქონია არაბული ზღაპრები :( მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიიდან არ მახსოვს… სამაგიეროდ, ათას ერთი ღამე მქონდა :))
LikeLike
დიდი ვერაფერი იყო. :) ბლომად აქლემი,კარავი და უდაბნო.
LikeLike
თითქმის ყველა აღმოსავლურ ზღაპარში ასეა.. და ამით არის მომხიბვლელი. ამითაც, უფრო სწორად.
LikeLike
გამაჟრჟოლა . . . მიუხედავად იმისა რომ არც წამიკითხავს და არც გამიგონია წამით მაინც უდაბნოში აღმოვჩნდი :)
LikeLike
პატარა მუკზე ძველი მულტფილმიც არ გინახავს, თაია?
LikeLike
თავს ვედ დავდებ , შეიძლება მინახავს და არ მახსოვს :(
LikeLike
all right :)
LikeLike
ხალიფა მანსურს მთელი ბავშვობა “ვგულშემატკივრობდი” :) მაშინაც კი, როცა უკვე ვიცოდი, როგორ დამთავრდებოდა :) …პატარა მუკზე უფრო მულტფილმი მახსოვს :)
LikeLike
ისე, მუკის მულტფილმი ჯობია. ხალიფა-წერო ნამეტანი მინორული გამოვიდა.
LikeLike
მეც მაქვს ეს წიგნი, ორი სამი წლის წინ ვიპოვე სადღაც და ვიყიდე, ლარნახევარში :) ძალიან მიყვარს ესეც და საერთოდ ზღაპრები, მე და მამა სულ ერთად ვკითხულობდით ხოლმე, 50 წლის ასაკშიც ისეთივე გატაცებით კითხულობდა ზღაპრებს, როგორც მე 3-4 წლის
LikeLike
რა დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება უნდა გქონდეს, ზღაპრებს შვილებთან ერთად რომ კითხულობდე… ისე, არც გამკვირვებია. თავის დროზე შენც ასეთივე კარგი იქნები :)
მე არ მაქვს ძველი გამოცემა :(
LikeLike
ზღაპრები დიდად არ მიყვარს.
ძმები გრიმების ზღაპრები მქონდა ადრე, ხან ისეთი სადისტობები ეწერა ხოლმე შიგნით :( სულ მკვლელობებზე იყო. ბოლოს ყველა კი მთავრდებოდა “ჭირი იქა, ლხინი აქა”-თი, მაგრამ… :)
LikeLike
ქართულ ზღაპრებშიც ასეა ხოლმე…
LikeLike
მოლი არც კი ვიფიქრებდი რომ ქვეყნად რამე ზღაპარი არსებობდა რომელიც მე არ მქონდა წაკითხული და ძალიან დამწყდა გული ამ ამბავზე :( საოცარი ნიჭი გაქვს ისე წერო, იმ მკითხველსაც კი რომელსაც არა თუ წაკითხული გაგონილიც კი არ აქვს ესა თუ ის წიგნი, თავი ერთ ერთ გმირად აგრძნობინო :)
LikeLike
შენც ჩემსავით ზღაპრების დიდი მოყვარული ყოფილხარ :) მადლობა, თაკლინე. მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა :)
LikeLike
როგორ მიყვარს მოლი შენი ნოსტალგიური პოსტები, ძალიან თბილია ხოლმე :) არ მაქვს წაკითხული ჰაუფის ზღაპრები, არადა როგორ ძალიან მომინდა :)
LikeLike
ასეთ ზღაპრებზე სხვანაირად ვერც დაწერ, ფინიკი. დანკე! :)
LikeLike
ჰაუფი მეც ძალიან მიყვარს, რამდენიმე ზღაპარი თარგმნილიც მაქვს თავის დროზე. ჰაუფი პოეტიც კარგია!
LikeLike
ლექსები არსად შემხვედრია, სამწუხაროდ :( ზღაპრები როგორ მიყვარს, პოსტსაც ეტყობა :))
LikeLike
შენ გერმანულად კითხულობ? გერმანულად მქონდა რაღაც კრებული.ნოველებიც ქონია.
LikeLike
არა, გერმანულად არ ვკითხულობ. ძველი ქართული წიგნი მახსოვს. ნუ, ახლა ახალი მაქვს.
LikeLike
მოლი, შენი ხათრით დავდე ჩემი ძველი თარგმანი ჰაუფის “ზღაპარი-ალმანახი”. რაღაცეები ბლოგზე დასალაგებელი მაქვს, მაგას ნუ მიაქცევ ყურადღებას ჯერ-ჯერობით.
LikeLike
მომივიდა, რუსა, შენი ჰაუფი ფოსტით, მაგრამ რომ გადმოვედი ვერაფერი შევამჩნიე და მეთქი, უბრალოდ სათაური გაექცა…
LikeLike
SANTELIBLOG – ხომ ჩემი ბლოგია და Santeli – კიდე არის ჩემი მეგობარი ბლოგი, სანამ დამოუკიდებლად დავრეგისტრირდებოდი, მანდ ვდებდი თარგმანებს და წერილებს, ახლაც ვაგრძელებ ზოგჯერ. დღეს დავდე კიდე ერთი ჰაუფი, ნახე: Santeli.Wordpress.com
LikeLike
ვნახავ აუცილებლად, რუსა.
LikeLike