Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for June, 2012

ღრმად პატივცემულმა ენგელსმა ბრძანა, შრომამ შექმნა ადამიანიო, იმაზე კი არავინ არაფერს ამბობს, რომ დასვენებამ კმაყოფილი და ბედნიერი ჰომო საპიენსი მოუვლინა ქვეყანას.

საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ეჭვი მეპარება, ჩემმა სტუმრებმა იცოდნენ, ენით აუწერელი ზარმაცი რომ გახლავართ. წელიწადნახევრის წინ ვინმეს რომ ეთქვა, კვირაში სამ პოსტს დაწერ, თითოეულ სიტყვას და წერტილ-მძიმეს საგულდაგულოდ გაასწორებ და დათქმულ დროზე გამოსაქვეყნებლად ნებისმიერი თავყრილობიდან დარსა თუ ავდარში უკანმოუხედავად გამოიქცევიო, გულიანად გამეცინებოდა და, რა თქმა უნდა, არ დავიჯერებდი.

არადა, ფაქტია – შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული, გაგანია სიცხესა თუ თავსხმა წვიმაში, ჰიჩკოკური დიეტისას თუ ლუკულუსის ნადიმზე, სახლსა თუ სამსახურში, ავადმყოფობისა თუ კარგად ყოფნისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში ერთი წუთით არც ბლოგი დამვიწყებია, არც მკითხველები და ჩემივე დაწესებული მკაცრი გრაფიკი ოდნავადაც არ დამირღვევია.

(more…)

Read Full Post »

EURO 2012 Official logo

მოგეხსენებათ, ადამიანებს ფეხბურთთან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ – ზოგი თავგადაკლული ქომაგია, ზოგიც აბსოლუტურად გულგრილადაა განწყობილი. ზოგი მწვანე მინდორზე გაგორებული ბურთის ცქერით მხოლოდ მოცალეობის ჟამს იქცევს თავს. მოკლედ, როგორც ამბობენ, კაცია და გუნებაო… თუმცა, დარწმუნებული ვარ, მოლი ბლუმის ბლოგის ყველაზე არასპორტულმა მკითხველმაც კი იცის, რომ დღეს უკრაინასა და პოლონეთში დიდი ზეიმი იწყება – ევროპის ჩემპიონატი.

ჭადრაკის გარდა არაფერი მითამაშია, თუმცა ამას გულშემატკივრობისთვის ხელი არასოდეს შეუშლია – რამდენიმე, განსაკუთრებით მოსაწყენი სახეობის გარდა, ყველაფერს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს, უპირობო ფავორიტი კი მაინც ფეხბურთია – La Liga და პრემიერლიგა, ათასგზის რეფორმირებული ევროთასები და რა თქმა უნდა, მუნდიალი და ევრო…

“ჩემი” მსოფლიო ჩემპიონატების ათვლას მექსიკით ვიწყებ. სულ რაღაც რვა წლის გახლდით და, რა გასაკვირია, რომ სპორტულ პერიპეტიებზე მეტად ტელეტრანსლაციების შთამბეჭდავი “ქუდი”, მწვანესომბრეროიანი ბიჭუნა ჩილი, ბულგარელების სიმპატიური ფორმა და მარადონას სიხარულის ცრემლები დამამახსოვრდა. სხვათა შორის, შინ საკმაოდ სქელი და ინფორმატიული, საგანგებოდ მსოფლიოს თასისთვის გამოცემული ჟურნალი მქონდა და სტატისტიკას გულმოდგინედ, მონდომებისგან ენაგამოყოფილი ვავსებდი კიდეც.

(more…)

Read Full Post »

ძველი თბილისი

ალბათ, არ არსებობს ხელოვნება, რომელიც ფერწერაზე უკეთ ახერხებს, ადამიანის სულს ჩასწვდეს და უხილავ, ყველაზე სათუთ და ფაქიზ სიმებს შეეხოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დღევანდელი ჯეოპარდის თემად ქართველი მხატვრები ამერჩია – ისინი, ვისი სახელებისა და შემოქმედების ცოდნა, დიახაც, რომ მოგვეთხოვება.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Wilhelm Hauff. Die karawane

ამას წინათ “ბიბლუსში“ შემიცდა ფეხი. ფესტივალი სულ ორიოდე დღის დამთავრებული იყო და არანაირი სიახლის იმედი არ მქონია, უბრალოდ, იქვე ვიყავი და ჩვეულებას არ ვუღალატე. რამდენჯერმე ავუარ–ჩავუარე თაროებს და, სრულიად შემთხვევით, ღია იისფერყდიან წიგნს წავატანე ხელი.

ალბათ, სწორედ ასეთი შეგრძნება ეუფლებოდათ პოტერიადის გმირებს, როცა პორტაჟით სარგებლობა უწევდათ – ვიგრძენი, როგორ ამიტაცა ქარბორბალამ, დამატრიალა, დამაბზრიალა და სუნთქვაშეკრული გადამისროლა იმ შორეულ დროში, ჩემი ბავშვობა რომ ერქვა.

თვალის დახამხამებაში თბილისიდან შორს, ახლობელ ოჯახში აღმოვჩნდი, სადაც უზარმაზარი ბიბლიოთეკა მეგულებოდა სატყუარად და ყოველთვის სიხარულით მივცუნცულებდი სტუმრად. ჰოდა, ვილჰელმ ჰაუფის “ქარავანიც“ ზუსტად იქ ვიპოვე, ყდაშემოძარცვული და ფურცლებგაცრეცილი, ეტყობოდა, რომ პატრონის ხელშიც გვარიანი ჯაფა დასდგომოდა.

(more…)

Read Full Post »

Old Rubik's Cube

კითხვაზე – რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგიო, ყველას, დიდსა თუ პატარას, კლასიკური ქართული კინოკომედიის წყალობით, ერთი პასუხი აქვს – სათამაშო არ ჰქონდა და იმიტომ.

ცხრაას ჩვიდმეტ წლამდე რა ხდებოდა, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგ დროს არ მოვსწრებივარ, მაგრამ ოთხმოციანებში ხარისხიანი სათამაშო რუსეთში ან საზღვარგარეთ უნდა გეძებნა – “ყველაფერი საუკეთესო – ბავშვებს”, საბჭოთა ლოზუნგების უმრავლესობის მსგავსად, მთლად ზედმიწევნით არ სრულდებოდა.

ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ არც სამამულო წარმოების გასართობი მაკლდა და მოსკოვ-ლენინგრადიდანაც უხვად ჩამოჰქონდათ საჩუქრები, ყველაზე გემრიელად მაინც გერმანული, უცნაური, ფერად-ფერადი კვადრატებით აჭრელებული კუბი მახსენდება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: