ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.
ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.
ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.
პროგრამაში სტენდების განლაგების ფრიად მოხერხებულ სქემას კი მოვკარი თვალი, მაგრამ ჯიბეები უკვე ისე მქონდა ფლაერებით და ბუკლეტებით გამოტენილი, გზამკვლევით სარგებლობას საკუთარ ალღოზე მინდობა ვამჯობინე და საყოველთაო ორომტრიალში ჩავები.
რა გასაკვირია, რომ თავიდანვე ფავორიტი გამომცემლობების სტენდებს ჩამოვუარე – ქარჩხაძესთან ნატო დავითაშვილის “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი” მოვიკითხე, “დიოგენესთან” – ფამუქის “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” და ჩემი ბავშვობის სიყვარული “პეპი გრძელიწინდა”, (საჩუქრად მჭირდებოდა)… ყველაზე დიდხანს სულაკაურის წიგნებთან შევრჩი – რემონ კენოს “ლურჯ ყვავილებს” და ჯაბა ზარქუას “მკითხველი უნდა მოკვდეს”-ს ორი ფანტასტიური ალბომი – “რენესანსი” და “იმპრესიონიზმიც’ მივამატე და სიმძიმისგან წელში გაზნექილი, სულის მოსათქმელად კაფესკენ გავეშურე.
პავილიონს ნელ-ნელა მკითხველიც ემატებოდა და ცნობადი სახეებიც. ყველას მოსასმენად და დასანახად ყურები და თვალები აშკარად არ მეყო, მაგრამ დეფი, რატი ამაღლობელი, მიხო მოსულიშვილი და ზაალ სამადაშვილი ნამდვილად შევამჩნიე. ერთ-ერთ კუთხეში, ჩემდა გასაკვირად, გურამ პეტრიაშვილიც აღმოვაჩინე – “პატარა ქალაქის ზღაპრებს” სამახსოვრო წარწერებს უკეთებდა.
იქვე, იმპროვიზებულ სტუდიაში, ლიკა ჩაფიძე და დიანა იანსე საუბრობდნენ “ავღანურ დღიურებზე”. პარალელურად, “ტამელის ჰიპები” სტუმრებს, მეგა-კონკურს “წიგნების თაობის” ეგიდით, მორიგ სახალისო აქციაზე ეპატიჟებოდნენ.
ფესტივალის პირველ დღეს არც პრეზენტაციები დაკლებია – lit.ge-მ იოტა რიდერი და წიგნების ონლაინ-მაღაზია წარადგინა, TBC ბანკმა – “საბას” ახალგაზრდა ნომინანტი ზვიად კვარაცხელია… თუმცა, სიახლეების მეტი წილი მაინც მომდევნო დღეებისათვის იგეგმება. ასე რომ, თუ ჯერ ვერ მოიცალეთ, გული ნუ დაგწყდებათ – სანახავი კიდევ ბევრია.
ხვალისთვის “ინტელექტი” ბესიკ ხარანაულის ერთტომეულის პრეზენტაციას გეგმავს, “წლის საუკეთესო მოთხრობის” დაჯილდოვების ცერემონალიც აქვე გაიმართება და, რაც მთავარია, ნატო ახალ წიგნს წარმოგიდგენთ – ზემოთ რომ ვახსენე და უკვე შინ მიდევს, ავტორის ხელმოწერით დამშვენებული.
… გული მიგრძნობს, სამსახურში საყვედური არ ამცდება, მაგრამ ჯანდაბას – დღევანდელი სიამოვნება ყურის ერთ აწევად ნამდვილად ღირდა.
აჰა, ანუ დიანა იანსე მიცვნია ფოტოზე :) რაღაც ძალიან მესიმპათიურება ეგ ქალი…
პეტრიაშვილის დანახვა მეც გამიკვირდებოდა. მაგრამ “პატარა ქალაქის ზღაპრებს” ვერ დავუკარგავთ სიკარგეს, როგორც უკვე ვილაპარაკეთ :)
LikeLike
კი, დიანამ და ლიკამ წარადგინეს “ავღანური დღიურები”.
ზღაპრები ძალიან კარგია, რაც მართალი მართალია.
LikeLike
პეტრიაშვილის ნახვა ისე გმაიხარდა მთელი დღე გამყვა კარგი განწყობა <3
LikeLike
უთბილესი ზღაპრები აქვს, ეს გამახსენდა :)
LikeLike
ნუ მაკულატურის ამბავი სისულელეა, ადრევე გავარკვიე, აი როდემ იცის :) ისე წავალ და ავარჩევ რამეს
LikeLike
ერთი, რომ ცოტაა ხუთ კილოზე ერთი წიგნი (თან, ხუთი კილო მინიმუმია, ბევრად მეტია საჭირო). მეორე – წიგნებია ისეთი, ნაკლებად მიმზიდველი. სხვისი არ ვიცი და მე არჩევა გამიჭირდებოდა. რაც მომწონს, ისედაც ბიბლიოთეკაში მიდევს და რაც არ მომწონს, არც არაფერში მჭირდება.
უბრალოდ, ხალხი იყო ძალიან ბევრი. ყველასთვის არ გამოდგა სისულელე.
LikeLike
ოღონდ ვინმემ ეს საბჭოთა წიგნები მომაშოროს და არაფერი არ მინდა :)) …მაინცდამაინც სამუშაო დღეებს როგორ დაამთხვიეს (კიდევ კარგი, ხელფასსაც) :D
LikeLike
მე დღეს გამოვიპარე და მეტი ვერა.. ჰოდა, ვრჩები შეკვეცილი პროგრამის ამარა.
LikeLike
კარგი ქენი მე6 პავილიონში რომ არ დაკარგე დრო, პალიტრა L–ის დახლებთან გაუთლელი, ხეპრე გოგონები იდგნენ. თავს ისე იფასებდნენ და ისე უხეშად პასუხობდნენ მუშტარს – მიკვირს, თავზე როგორ არ გადაეხათ ის ხარვეზიანი წიგნები :/
LikeLike
შევიჭყიტე ბოლოსკენ. გოგონები არ მინახავს, მაგრამ სერვისი, დიდი ხანია, ჩვენი თანთია. და არც არაფერი მიკვირს, სამწუხაროდ :((
LikeLike
უმანკო სახითო, კისერწაგრძელებული… მაგრად ვიცინე:) ისე კი გუშინ ვერ მოვახერხე და დღეს მეც წავალ ფესტივალზე ორი წიგნი მჭირდება და შევიძენ-მგონი ფასდაკლებებიც არის ბაკურ სულაკაურის გამოცემებზე(თუ მეშლება?) ზუსტად არ ვიცი…:)
LikeLike
არის, ოღონდ მაინცდამაინც საგრძნობი – არა :)
LikeLike
მეტიც შეიძლებოდა. ბოლოს და ბოლო,ს, წელიწადში ერთხელ არის ეს ფესტივალი.
LikeLike
ხო და იმ მაკულატურის თრევა მართლა სისულელეა რას არ მოიფიქრებენ ხოლმე:::)
LikeLike
ვისაც უღირს, იმისთვის ნაკლებადაა სისულელე.
LikeLike
xo dges vnaxe rom bevrs utrevia is makulatura:)
LikeLike
აჰა :) საკმაოდ ბევრს.
LikeLike
მოლი, ისე სახალისოდ და საინტერესოდ აღწერე, ყველაზე ზანტი მკითხველიც კი სულმოუთქმელად გაეშურება ,,ექსპო ჯორჯიასაკენ”! :) :) :)
სიმართლე რომ გითხრა, წიგნის ფესტივალს დღესასწაულივით ველოდები ყოველ წელს, ეხლაც ეიფორიაში ვარ! ჯერ ვერ მოვახერხე სამსახურიდან გაძრომა, მაგრამ თავს თავისუფალი უიქენდით ვიმშვიდებ :)
LikeLike
ნამდვილად დღესასწაულია,იალინდა. ამდენი გამომცემლობა, ამდენი წიგნი ერთად… მეც შაბათ-კვირის იმედად ვარ.
LikeLike
რამდენი რამე მინდა :( რა ვქნა როდის გავარდე, იქნებ კვირას მოვახერხო მაინც
LikeLike
მეც მაგ დღეში ვარ, თეო :(
LikeLike
ხელცარიელი არც მე წამოვსულვარ, მაგრამ მომეჩვენა, რომ შარსან მეტი სიახლე და კრეატივი იყო. კვირას კიდევ შევივლი, დასვენების დღეა და, წესით, მეტი რამ უნდა იყოს სანახავი.
LikeLike
სიმართლე გითხრა, მერი, ახალი წიგნებიც მეცოტავა. ახალი,ანუ სპეციალურად საფესტივალოდ გამოცემულები.
LikeLike
ხვალ დილიდან იქ დავსახლდებით მე და ჩემი ბაია და ამ ორ სამუშაო დღესაც ავინაზღაურებ.
დიოგენეს აქვსო კაი ფასდაკლებებიო, მართალია? :)
LikeLike
დიოგენეს აქვს ახალი სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და ძალიან კარგი წიგნები. 5-10 ლარის ფარგლებში.
LikeLike
მოლი, მადლობა პოსტისთვის. ცოტა რთული იყო ერთდროულად მოდერატორობა და თან კითხვების მოფიქერება/გახსენება და ცოტა არეული ინტერვიუ გამოვიდა, მაგრამ იმედი მაქვს არც ისე ცუდი იყო.. სამწუხაროდ მე არ დამინახიხართ…
LikeLike
მშვენიერი ინტერვიუ იყო :)
LikeLike
სამწუხაროდ, მე მხოლოდ კვირას შევძლებ მისვლას….
LikeLike
როგორც ვატყობ, მეც :(
LikeLike
დღეს ვიყავი მეც და კმაყოფილი დავრჩი შენაძენილი წიგნებით.
რემონ კენოს “ლურჯ ყვავილები” მეც ვიყიდე და ახლა მხოლოდ დრო დამრჩა გამოსაძებნი რომ კარგად ჩავუჯდე და წავიკითხო :)
LikeLike
კიდევ რა წამოიღე, ხათ? (თუ საიდუმლო არ არის)
რჩევები გამოადგებათ აქაურ სტუმრებს.
LikeLike
საიდუმლო არ არის :)
კუნის ბერძნული მითოლოგია წამოვიღე, სკანდინავიურსაც ვეძებდი მარა ვერ მივაგენი.
ემილი ბრონტეს “ქარიშხლიანი უღელტეხილი”
ჰერმან ჰესე “ნარცისი და გოლდმუნდი,” “ტრამალის მგელის” წაკითხვის შემდეგ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და იმედია ესეც მომეწონება.
კობო აბე “ქალი ქვიშაში” და “ადამიანი ყუთი” სერიიდან მსოფლიო კლასიკა.
მე-6 პავილიონში არ შევსულვარ.
ყველაფერზე არის ფასდაკლება და მაგან გამახარა ყველაზე მეტეად :)
LikeLike
მეთერთმეტეში გიმუშავია :)
მშვენიერი შენაძენია. მშვიდობაში და გემრიელად წაკითხვაში.
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარები მოლის ბლოგზე. ველქამ!
LikeLike
მე დღეს ვაპირებ წასვლას, შარშან არ ვყოფილვარ და გული ძალიან დამწყდა. რომელიმე კონკრეტული წიგნისთვის არ მივდივარ იქ, ვნახოთ რას გამოვიყოლებ :)
LikeLike
კარგი ტაქტიკაა. დღესაც ჩამოვუარე სტენდებს და რაღაც ახალი ვნახე, არადა მეგონა, რომ ყველა სიახლე უკვე წამოღებული მქონდა. ხვალაც დავათვალიერებ.
LikeLike
საინტერესო ნადავლით დავბრუნდი ფრიად, ისეთი წიგნები გამოვიყოლე რომლებზეც არც კი მიფიქრია, ზოგზე არც არაფერი გამეგო, ერთადერთი ფამუქის “მე წითელი მქვია” მინდოდა წინასწარი განზრახვით.
ბაირონის “დონ ჟუანი” მიხარია ძალიან, ალბერ კამიუ, და “ჰიტლერი და იბსენი” ^ ^ უაღრესად კმაყოფილი ვარ. დატვირთული წამოვედი :)
LikeLike
ჰო, როდემაც კამიუ ახსენა – უხვად იყო წარმოდგენილიო.
მშვენიერი ნადავლი გქონია, ფინიკი. მშვიდობაში და გემრიელად წაკითხვაში :)
LikeLike
უჰ, გადავფიჩინდი შურით :(
მე რომ საბჭოთ მაკულიტერარტურა მივიტანო გასაცემი წიგნიც აღარ დარჩება :)
რამ წამაკითხა ეს პოსტი? ვივლი ახლა ბურდღუნით და მშობლიურ ქალაქს მაგარ მაგარი სიტყვებით შევამკობ :(
LikeLike
:)))))))))) რაღაც უნდა მოიფიქრო, თაია, თორემ დარჩება ფოთი წიგნის ფესტივალის გარეშე.
LikeLike
აბაა . . . ჩემს ერთ თითის გატკაცუნებას ელიან და აქაცს ჩაატარებენ :)
LikeLike
[…] […]
LikeLike
[…] […]
LikeLike
მე ხომ არასდროს არაფრისთვის მცალია, რა :(
LikeLike
ფულს ყოველთვის იშოვი და დროს ვერავინ გასესხებსო, ღრმა ბავშვობაში წავიკითხე სადღაც და მაინცდამაინც ვერ დავიჯერე. თურმე, რა მწარე სიმართლე ყოფილა :(((((
LikeLike
ეს პოსტი ზუსტად იმ პერიოდში წავიკითხე, ანუ პირველ ღამეს, როცა ფესტივალის შესახებ მაინტერესებდა ინფორმაცია და დამეხმარე. სჯობს ახლა აღმენიშნა, ვიდრე არასდროს :)
რამდენი ახალი რამ გავიგე, მათ შორის დედაჩემის შესახებ, წიგნის ქურდი ომახიანად რომ დააჭერინა გამყიდველებს. არა და მეგონა, მოითმენდა :)
LikeLike
აბა, რა უნდა ექნა :)) ასეც უნდა მოქცეულიყო.
LikeLike
კი, და ვნახე ბოლო დღეს, რომ უფრო დაცულად ყიდიდნენ.
LikeLike
პირველ დღეს მართლა მძიმედ იყვნენ. მე ათი წუთი მეჭირა ხელში წიგნი ისე, რომ ჩანთაში რომ ჩამედო, კაციშვილი არ იყო იმის პატრონი…
LikeLike
როგორ მინდოდა წასვლა მაგრამ ბანაკში ვიყავი :(
LikeLike
ნუ, ბანაკიც მშვენიერია, სანდრო.
LikeLike