ცხრა წლისაც არ ვიქნებოდი, დედამ სელმა ლაგერლოფის “ნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” რომ მაჩუქა. ეს გემრიელი წიგნი, საზაფხულო უსაქმურობის ჟამს, სამიოდე დღეში შემომეკითხა და კარგად მახსოვს, ცეროდენა ბიჭუნას საარაკო ფათერაკებიდან ყველაზე მეტად ერთი, ზღვაში დანთქმული, ქალაქის ამბით რომ მოვიხიბლე.
რას ვიფიქრებდი მაშინ, რომ, წლების შემდეგ, სხვა ჩაძირულ ქალაქსაც აღმოვაჩენდი. ოღონდ, შორეული ლაპლანდიისკენ მიმავალ გზაზე კი არა, აქვე, ყურის ძირში და მეგზურობასაც, შვედი ნობელიანტის ნაცვლად, საყვარელი ქართველი მწერალი გამიწევდა.
დათო ტურაშვილის წიგნებთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ მოლი ბლუმის ბლოგის ძველ სტუმრებს კარგად მოეხსენებათ – ყოველი ახალი გამოცემის ერთ–ერთი პირველი მკითხველი გახლავართ და მოლოდინიც არასოდეს გამცრუებია. არც “ჩაძირული ქალაქის ღამე” აღმოჩნდა გამონაკლისი და ვისაც “ეთნოგრაფიული რომანი” მოსაწყენი საკითხავის სინონიმი ჰგონია, მწარედ ცდება – საკმარისია, გადაფურცლოთ და, სანამ ბოლომდე არ გახვალთ, თვალს და გულისყურს ვერ მოსწყვეტთ.
ბრიტანეთის მუზეუმში საგულდაგულოდ დაცული ჩვიდმეტი წერილის წყალობით დაწერილი წიგნი ზუსტად ისეთ, რომანტიულ საბურველში გახვეულ და გემრიელად შეზავებულ, ისტორიას ყვება, დათოს რომ უყვარს – მეოცე საუკუნის დამდეგს, 27 წლის ირლანდიელი პოეტი და რევოლუციონერი პატრიკ ო’ლირი, მოგონილი გვარ-სახელით, თბილისს სტუმრობს. როგორც თავად ამბობს – აქაური ყოფის, ლიტერატურისა და პოეზიის შესასწავლად. შვინდისფერ ჩოხას იკერავს, გოგებაშვილის წიგნს ბეჯითი მოსწავლესავით ჩაჰკირკიტებს ქართულ ენის ასათვისებლად, საგურამოში ილიაობას ესწრება და მიხეილის ქუჩაზე, ნემენცების ბაღში, “ვეფხისტყაოსნის” მოძრავი სურათების ჩვენებასაც აწყობს…
ევროპელ სტუმარს ფეხდაფეხ დაჰყვება ერთგული დოსტი – ქეშიშ დარდიმანდი, ტფილისელი აშუღი, კაცი ფრიად მომლხენი, გიჟიპურის ჭამის, გეჯაიათანის და აფრინდა ქალების მოყვარული. მეგობრები ტივით მტკვარს სერავენ, ორთაჭალის ბაღებში ქეიფობენ, სარაჯიშვილის ბრენდის და მიტროფანე ლაღიძის ტკბილ და შუშხუნა წყალს წრუპავენ, შეითან-ბაზარში ლულა-ქაბაბს გეახლებიან, ოპერას სტუმრობენ – ერთი სიტყვით, დროს ისე ატარებენ, მოდი და ნუ შეგშურდება.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ კარგად შერჩეული ნიღაბია, სინამდვილეში კი ზურმუხტოვანი კუნძულის მკვიდრი მითიურ მფრინავ ხალიჩას უდგას კვალში. ქართველებს, ოქროს საწმისის შემდეგ, ეს ერთი განძი დარჩათ და საგულდაგულოდ მალავენო – კარგად ახსოვს ირლანდიელს პაპის, დიდი პატრიკ ო’ლირის, მონაყოლი.
ჰოდა, ისიც ყველგან დაეძებს – ზეპურ სახლებში და იმერულ დუქნებში, ქუჩებსა და სირაჯხანებში, ნაცნობებსა და უცნობებში… ზღაპრული არტეფაქტის ასავალ-დასავალს ხან პეტერბურგიდან ჩამოსულ გიორგი გურჯიევთან არკვევს, ხან სპარსული ფარდაგების მესაიდუმლე ელდარ აღასთან. და ამ ძებნაში მითიურს კი არა, ნამდვილ საუნჯეს პოულობს – ქართველი ოფიცრის ულამაზეს ასულს – სოფიო მეტრეველს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ წარსულის იდუმალება გიზიდავთ, თუ ერთხელ მაინც გაგჩენიათ ფიროსმანის სამყაროში მოხვედრის სურვილი, თუ გაინტერესებთ, რას ნიშნავს ასასი, ფარეზად ან საბუჰად ყოფნა, ვის ეძახდნენ “სარაჯისტკებს”, რატომ აუკრძალა მეფისნაცვალმა ტფილისელ გიმნაზისტებს ოპერაში სიარული და როგორ აღმოჩნდა ქართველების ირლანდიელი სიძე ავადსახსენებელ “ტიტანიკზე” – “ჩაძირული ქალაქის ღამე” თქვენი წიგნი ყოფილა.
მე კი, ამ მხატვრულ-დოკუმენტური რომანის მთავარი გმირი მაინც ტფილისი მგონია. ის ტფილისი, დიუმას, ტოლსტოის, შალიაპინს და ჰამსუნს რომ აღაფრთოვანებდა ოდესღაც და მერე მტკვრის მღვრიე ტალღებში გაუჩინარდა – გოლოვინის პროსპექტით და ღვინის აღმართით, მუშტაიდით და სან–სუსის ბაღით, ზემელის აფთიაქით, სოსიკო მერკვილაძის წიგნის მაღაზიით და კამბიაჯოს ფოტოსტუდიით, ნიკალას მოხატული დუქნებით, დარდიმანდი პოეტების – ალაშა ხალხის ცეცხლოვანი პერფორმანსებით, იტალიური ოპერით, აგრერიგად რომ უყვარდათ აქაურებს, მეტეხის ციხით, ანჩისხატით, შიიტური მეჩეთით და სობოროთი… სოვდაგრებისა და მეამბოხეების, მესურათხატეებისა და მიკიტნების, სახელოვანი მოგზაურებისა და ორთაჭალელი ყარაჩოღელების ქალაქი.
ძველი, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდგარი, იშვიათი სილამაზის და განუმეორებელი ხიბლის ტფილისი, რომელსაც, საუკუნეთა მტვრის მიღმა, ასე თუ გავიხსენებთ…
ფინალმა მომკლა… გამაჟრიალა. პოსტი საუკეთესო იყო, ეტყობა, რომ ძალიან მოგწონებია და გულთან ახლოს მიგიტანია, ეს არ იყო უბრალო მიმოხილვა წიგნის, ემოციამ ჩემამდეც მოაღწია.
LikeLike
დათოს, ერთი წიგნის გარდა, ყველა მომწონს. თან, ძალიან ძალიან. ის ერთიც კარგი იქნებოდა, მაგრამ აბსოლუტურად მიკერძოებული მგონია.
LikeLike
ვხვდები, რომელსაც გულისხმობ
LikeLike
პირველი პოსტი დათოზე ზუსტად მაგით დავიწყე. “ჯინსების თაობა” მისი ყველაზე სუსტი ნაწარმოები მგონია.
LikeLike
ეკრანიდანვე ვიგრძენი ტფილისის სითბო. წარმომიდგენია, რა სიამოვნება მელის სულ მალე “ჩაძირული ქალაქის ღამის” და დათოს კიდევ ოთხი ნაწარმოების სახით :)
LikeLike
რომელი ოთხი გაქვს? ბოლოს, “მე რომ ფეხბურთელი ვიყო” წავიკითხე.
LikeLike
“შავი კეტები” ელოდება რიგს. შემდეგ ვიზიტზე (ალბათ უკვე ფესტივალზე) “ტიბეტი არ არის შორს”, “ამერიკული ზღაპრები” და “მე რომ ფეხბურთელი ვიყო” შეემეტება…
LikeLike
შავი კეტები პიესაა :) და დანარჩენი სამიც უმაგრესობაა.
LikeLike
100% გეთანხმები, ჯინსების თაობა ყველაზე პოპულარული და ამავე დროს ყველაზე სუსტია… მე საერთოდ არ მომწონს
LikeLike
ასეა, სამწუხაროდ :( ერთმა ჩემმა მეგობარმა, ძალიან ჭკვიანმა გოგომ, ისიც მითხრა, რასაც მანდ წერს, დიდი შანსია, გულის კუნჭულში, თავადაც არ ეთანხმებოდესო. დათო უაღრესად გულწრფელია და ამიტომ მიყვარს პირველ რიგში და ასეთი ახსნა რომ მოგაფიქრდება, ძალიან ცუდად უნდა იყოს წიგნის საქმე.
LikeLike
კატერინასი არ იყოს, გამაჟრიალა ფინალზე..
ნილსის და ვინეტას ამბებზე მეც როგორ დამიმძიმდა გული, კარგად მახსოვს და ახლა აღმიდგა ეგ ემოცია, თბილისი რომ აღწერე!
წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ეს მართლა განსაკუთრებული პოსტია… ჰოდა, რადგან შთაგაგონა, ე.ი. აუცილებლად უნდა წავიკითხო!
LikeLike
განსაკუთრებულობის რა გითხრა და წიგნი მართლა უმაგრესია. აგერ,ქვემოთ, თაიას კომენტარია და ამ კომენტარისთვის “ბინდის” ყველა სერიას ვპატიობ :)))) წაიკითხე აუცილებლად.
LikeLike
კი, კი, ნამდვილად რაღაც სხვანაირი პოსტია :)
თან პურივით გემრიელი ყოფილა და…
LikeLike
ეპილოგში ახსენებს დათო მეგობრის, ჯუანშერ ტიკარაძის ნათქვამს, წერა პურის მოყვანას ჰგავს და ნეტავ, პურივით გემრიელი წიგნი დამაწერინაო. ჰოდა, მეც ვესესხე.
LikeLike
ასეთი გემრიელი წიგნი ან ქართული მე კარგა ხანია არ წამიკითხავს. თან შემთხვევიტ აღმოვაჩინე მამაჩემს თავისთვის უყიდია. რამდენიმე ფურცელი ჰქონდა წანაკითხი, რომ ავწაპნე და კარგა ხანი დაკარგული ეგონა :)
მეც ყველზე მეტად ის ძველებური ეშხი მომეწონა ტფილისს რომ ახლავს თან. და ის უცნაური ფაქტები რომლებიც პატრიკ ო’ლირის უბის წიგნაკში მოცემული, აისედორა დუნკანზე თუ ძველ ხუმრობაზე რომლის მიხედვით სოსისს მოწუწნიკი ქვია. :)
LikeLike
მოწუწნიკი ხუმრობა არ არის, თაია :))) მაგ სიტყვის დამკვიდრებას მართლა ცდილობდნენ, რონოდასთან, გამზირთან და სხვა შესატყვისებთან ერთად. ზოგი გადარჩა, ზოგი – ვერა.
შენ რა დაკვირვებით წაგიკითხავს წიგნი :)))) აისიდორას მანქანას ადევნებული ხალხიც დაგიმახსოვრებია. მოკლედ, ხუთიანი შენ და ასი პლიუსი ამ არჩევანს.
LikeLike
ჰა :) არადა მე მეგონა რომ ხუმრობა იყო :)
ისე ამ წიგნს პროლოგი აქვს ძალიან ძლიერი :) მყვინთავის აღმოჩენილ წყალქვეშა ქალაქზე და მფრინავი ხალიჩით დანახულ მეიდანზე რომ წერს :)
რაც შეეხება ყურადღებით წაკიტხვას. მე უფრო ვფიქრობ რომ ძალაინ ბევრჯერ წავიკიტხე თან დუნკანის მანქანით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ბევრი მაცინა :)
LikeLike
პროლოგიც ძალიან კარგია და საერთოდ, მთელი წიგნი. ყდის დიზაინის ჩათვლით :) ქავერიც ფრიად სიმპატიურად გამოიყურება.
LikeLike
დიუმა არ გამოფხიზლებულა საერთოდ :) და ეგ მოეწონა :)
არ წამიკითხავს. ზღაპრები მომეწონა. ეს ეთნორომანები კი რაღაც არ მგონია საჩემო იყოს.
ფეხბურთელს წავიკითხავ, პატივს თუ დამდებენ და დადებენ ონლაინ.
LikeLike
ფეხბურთელიდანაა ის ციტატა, შენ და ნატოს ასეთი ტკბილი მოგონებები რომ აღგიძრათ. თუ გადმოწერ, ყდა შეუცვალე ოღონდ. არა მგონია, გაკრეჭილი მესის ხილვა გესიამოვნოს.
LikeLike
რატო არა – გაკრეჭილი და მიჩმორებული მესის ხილვა სასიამოვნოა.
LikeLike
წავშლი ახლა ორივე კომენტარს :(( ჩემსას – პირველ რიგში. მიჩმორებული არა, ღრმად კმაყოფილი სახე აქვს.
LikeLike
Dr. Jozeph: LOL!
LikeLike
ცუდად დაამთავრა მაგ დოქტორმა. თავის მოკვლას კიდევ არა უშავს, ოთხი შვილის საკუთარი ხელით დახოცვა მოუწია. არადა, ყველაფერი ისე კარგად იწყებოდა… სულ LOL-ებით ჰქონდა საქმე აწყობილი.
LikeLike
რათ არ წაშალე? :) შეგენანა?
LikeLike
კიარადა დაგენანა?
LikeLike
არა, რას ამბობ, მაგას როგორ ვიზამდი…. კომენტარების წაშლა სად გაგონილა.
LikeLike
მე რაღა ვთქვა.. ტურაშვილი თუ ვინმეს არ მოსწონს, არ ვიცი და, პოსტიც შესაფერი გამოვიდა! უმაგრესი
LikeLike
მოიძებნებიან ალბათ :) მადლობა, გამახარე :) დათოს დაბდღე იყო გუშინ და რაღაც განსაკუთრებულად გემრიელის დაწერა მინდოდა.
LikeLike
მიყვარს ეს ავტორი!მე “ტიბეტი არ არის შორს”დან გავიცანი,სხარტი იუმორი და საოცარი თხრობა აქვს,სულმოუთქმელად ჩასაკითხი!
რა კარგი ბლოგია.ლიტერატურა,ფოტო,მუსიკა, ჩემი საყვარელი ასტრიდი!)
LikeLike
მეც ძალიან მიყვარს :) ბლოგის შექებისთვის მადლობა :)
LikeLike
ese igi sworad mimxvdarvar.. tiflisia mtavari gmiri ^^
LikeLike
მე ასე მგონია
LikeLike
მეგობრის რჩევით მაქვს წაკითხული და კითხვის პროცესში მეც ტფილისი მელანდებოდა ყველა სტრიქონიდან…
ხო, თუ შენ და მე ერთნაირად დავინახეთ, ესე იგი მართლაც მწერალს ასე ჩაუდია რომანში და ეს მიხარია, ანუ გამოვიცანი ^^
LikeLike
მომწონს ასეთი სტილის ნაწარმოებები – ბევრი ახალი ფაქტი და გულწრფელი ემოცია! :)
LikeLike
კი, ზუსტად ასეა.
LikeLike
ძალიან მაგარია, წაკითხვა მომინდა :) ავტორის მხოლოდ ორი წიგნი – “ჯინსების თაობა” და “ამერიკული ზღაპრები” მაქვს წაკითხული, თუმცა ეს ორი წიგნიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ტურაშვილი ჩემი ფავორიტი თანამედროვე ქართველი მწერალი გამხადარიყო.
LikeLike
ზღაპრები ძალიან კარგია და ჯინსების თაობა სასტიკად არ მომწონს. ერთადერთი ტურაშვილი, რომელიც არ მომწონს.
LikeLike
ტურაშილის შემოქმედები დიდი ტაყვანისმცემელი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მოლი ისე წერ ამ პოსტებს რომ წაუკითხავად დასატოვებლად მენანება :) იმედია ფესტივალზე იქნება.
LikeLike
მეც ყველაზე თბილად ეს წიგნი მახსოვს, ოღონდ დიდი ხანია,რაც წავიკითხე. ამ ყველაფერთან ერთად, დამამახსოვრდა ფრაზა, ალბათ ქალს წიგნის კითხვა ალამაზებსო და ის ქალი, ასე რომანტიკულად რომ უყვარდა ვანო სარაჯიშვილი, მწარედ მოტყუვდა,რომ თქვეს ვანომ იტალიაში ცოლი
შეირთოო და იძულებული გახდა, ირლანდიელს გაჰყოლოდა ცოლად.
LikeLike
მართლა ძალიან თბილი წიგნია და იმიტომ :)
LikeLike
ძალიან მიყვარს, ზუსტად ის არის რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს და მაინტერესებს
LikeLike