Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მაისი, 2012

The Widow and the Parrot

გილბერტ ჩესტერტონმა თქვა – მკვლელი ადამიანს ჰკლავს, თვითმკვლელი კი კაცობრიობასო. დეპრესიული და სუიციდისკენ მიდრეკილი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც მომინდა, ჯეოპარდის დღევანდელი ტური იმ ცნობილი პიროვნებებისთვის მიმეძღვნა, ვინც საკუთარი ნებით გამოეთხოვა სიცოცხლეს და ამით მთელს ინტელექტუალურ სამყაროს დაატყო კვალი…

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.

ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.

ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.

(more…)

Read Full Post »

ამბობენ, სიცილი ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებსო. ჰოდა, თუ ასეა, მოდით, ერთად ვიცინოთ იმ ბრიყვულ კანონებზე, დღემდე რომ მოქმედებენ – ზოგი სად და ზოგიც სად. ვფიქრობ, დღევანდელი ჯეოპარდი,  სახალისოსთან ერთად, თავსატეხიც გამოვა – პასუხების გამოსაცნობად ცოდნაზე მეტად მახვილგონიერება და იუმორის გრძნობა დაგვჭირდება. მაშ ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ მყვირალა სათაურების მოყვარული არ გახლავართ, ამა თუ იმ საკითხის რეზონანსულობით ბოროტად არასოდეს მისარგებლია და თემის შერჩევას ტელევიზიებისა და ფეისბუქის კარნახის გარეშეც მშვენივრად ვახერხებ ხოლმე. დღეს ჩვეულებას გადავუხვევ – არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა იმაზე, რასაც, აგერ, უკვე მეოთხე დღეა, მთელი ჯინეტი განიხილავს.

ალბათ, უკვე მიხვდით – ხუთშაბათს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ამაზრზენ ფაქტს და ზოგადად, იმ პრობლემას ვგულისხმობ, ჩვენდა სამარცხვინოდ, ოცდამეერთე საუკუნეშიც რომ აქტუალურია.

არ მგონია, ახლა ისეთი რამ გითხრათ, აქამდე რომ არსად წაგიკითხავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ანბანური ჭეშმარიტებები დროდადრო უნდა გაიმეორო, რადგან განსაკუთრებული მონდომებით სწორედაც რომ მათ ვივიწყებთ.

ადვოკატის მოქმედი ლიცენზიის მიუხედავად, ვექილად ნამდვილად არ გამოვდგები, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი – აბსოლუტურად ლეგიტიმურ, მშვიდობიან მსვლელობაში უხეში და ძალისმიერი ჩარევა ისეთი უკანონო და ამორალური საქციელია, მარტო დემონსტრანტებს კი არა, მთელ საზოგადოებას რომ აზიანებს.

(more…)

Read Full Post »

Vazery, Persian miniature, Combat scene, painted on ivory, 10 x 10 cm

მართალი უთქვამთ – გული არ ბერდებაო… აგერ, 964 წლის შევსრულდი და ისევ ის ომარ ხაიამი მგონია თავი, მედრესეში სწავლისას ონავრობით რომ გამოირჩეოდა. მაშინდელი ოინების გახსენებაზე ახლაც მეღიმება – ყოველდღე ახალ–ახალ თავსატეხს ვუჩენდი მხცოვან მასწავლებლებს. არა, ვსწავლობდი კიდეც – მათემატიკა გინდათ, ასტრონომია, გეომეტრია, თეოსოფია თუ ისტორია – ბადალი არ მყავდა. მთელი ყურანი ვიცოდი ზეპირად… აღმოსავლეთის განთქმული თეოლოგები მაკითხავდნენ ხშირად რჩევისთვის.

ბოლოს და ბოლოს, ტყუილად კი არ შემომთავაზა ნეტარხსენებულმა ნიზამ ალ–მულქმა ნიშაპურის მმართველობა – იცოდა დიდმა სელჩუკმა განათლებული ადამიანების ყადრი, მოგეხსენებათ, თავადაც ფრიად განსწავლული გახლდათ. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და დღეს არ გაატარებდა უჩემოდ – მიმიხმობდა და ღამეებს ვათენებდით საუბარში… “სიასეტ–ნამეს“ რომ წერდა, აზრს მეკითხებოდა ხოლმე – თავმდაბალი იყო უზომოდ… მისი დიდებული სასახლე მახსოვს, მცველებითა და სამოთხის ჰურიებით სავსე… მწვანეში ჩაფლული წალკოტი და ბულბულების საამო სტვენა… ვხედავ ჩემს თავს, მოქარგულ ბალიშებზე მონებივრეს, ნარგილეთი ხელში და მასპინძლის ამო საუბარი ჩამესმის ყურში… მას შემდეგ, რაც დიდი ვეზირი წყეულმა ასასინებმა მოკლეს, გულითადი მეგობარი აღარც მყოლია – მონათესავე სულები გახლდით.

აღარავინ მყავს, არვინ ისმენს ამ ჩემს ღაღადისს,
მარტოღა ვუმზერ ქვეყანას და არც ღირს ნახვად ის.
მეგობრის ნაცვლად სუფრის თავში ზმანებას დავსვამ
– უცებ რომ მოვკვდე, ამან მაინც მითხრას “ნახვამდის“…

(more…)

Read Full Post »

The Apollo Gallery. Louvre Museum

ხელოვნების საქვეყნოდ ცნობილ ნიმუშებზე წერა, იცოცხლე, კარგი საქმეა, მაგრამ ვგონებ, არც ის იქნება ურიგო, თუ იმ ადგილებს გავიხსენებთ, სადაც ისინი საგულდაგულოდ არიან დაცულნი შეშლილი თაყვანისმცემლებისგან, თავგადაკლული კოლექციონერებისგან ან, უბრალოდ, იოლად გამდიდრების მოსურნეებისაგან და სადაც იღბლიან მნახველს ყველა ეპოქის  შედევრებით ტკბობა შეუძლია. მოლი ბლუმის ბლოგის ტრადიციული ოთხშაბათი დღეს განთქმულ მუზეუმებს ეთმობა, მოდით, ერთად გავიხსენოთ ისინი,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: