მშვენივრად მომეხსენება – მარკ ტვენის სახელს რომ მოჰკრავთ ყურს, პირველ რიგში, ყველას ერთი თმააბურძგნული და აჩაჩულ–დაჩაჩული ბიჭი გახსენდებათ, პირის დაბანა ჭირივით რომ ეჯავრებოდა, მოხუც დეიდას ყოფას უმწარებდა და ღამღამობით სასაფლაოებზე დაწანწალებდა მეჭეჭების მოსარჩენად. არა, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს – გულადი და ღირსეული ყმაწვილი გახლდათ, მაგრამ ეს საყოველთაო აღტაცება, ცოტა არ იყოს, მწყინს – ბოლოს და ბოლოს, ერთი მწერლის პერსონაჟები ვართ ორივე და მაინცდამაინც სამართლიანი არ მეჩვენება, იშვიათად რომ გაგონდებით ხოლმე.
სიტყვამ მოიტანა და კარგა ხანს საერთოდ არ მჯეროდა, რომ სამართალი და იღბალი სადმე არსებობდა – ასე რომ არ ყოფილიყო, თოთო ბავშვს ვინ გაიმეტებდა საიმისოდ, რომ ლონდონის ხიდის მახლობლად, ნასუფრალთა ჩიხში დაბადებულიყო და თანაც ჯონ კენტის ოჯახში.
ნათქვამია, მშობლებს არ ირჩევენო და ისიც ვიცი, ღვიძლ მამაზე ასეთი ლაპარაკი მკრეხელური საქციელი რომ გახლავთ, მაგრამ რა ვქნა – მისგან ცემა–ტყეპის და ლანძღვა–გინების მეტი არაფერი მრგებია. განსაკუთრებით ცუდ დღეში მაშინ ვიყავი, ალქაჯი ბებიაჩემიც თუ წამოეშველებოდა. საბრალო დედა კი ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა – იცოდა, ასეთი გულჩვილობისთვის გვარიანად მოხვდებოდა. ბეტი და ნენიც არ იყვნენ ურიგო გოგოები – იატაკზე დასაფენ ჩალას ყოველთვის მიწილადებდნენ ხოლმე – ამას ყველაზე უფრო მაშინ ვაფასებდი, როცა დალილავებული გვერდები უსაშველოდ მტკიოდა.
ასე მხიარულად ვატარებდი ბავშვობას და რას ვიფიქრებდი, თუ ბედის უცნაური ჭირვეულობის წყალობით, ორი წვეთი წყალივით ვგავდი… არც მეტი, არც ნაკლები – ინგლისის ტახტის მემკვიდრეს – ედუარდ ტიუდორს. ან იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ეს ნალოლიავები, ფუფუნებასა და მაქმანებში ჩაფლული უფლისწული იმდენად მარტოსული იყო თავის უზარმაზარ, ოქროთი მოვარაყებულ სასახლეში, ჩემი უბადრუკი ყოფაც კი შეშურდებოდა.
ისე, რომ მცოდნოდა, რამდენი არაჩვეულებრივი თავგადასავალი გადახდებოდა მის უმაღლესობას, ჩემს ძონძებში გამოწყობილი წინდაუხედავად რომ გავარდა ალაყაფის გარეთ, ცოცხალი თავით არ გავუშვებდი. ჯერ მარტო მაილს ჰენდონის მსგავსი მეგობარი რომ იპოვა, ეს რად ღირს. თუმცა, მეტი ხეირი ნამდვილად არ უნახავს – ხან ქურდბაცაცა მამაჩემს ჩაუვარდა ხელში და საკუთარ თავზე იწვნია მისი მუშტები, ხან მაწანწალებთან ერთად მოუწია ცხოვრება, მერე იყო და შეშლილმა განდეგილმა ლამის სიცოცხლეს გამოასალმა. ახლა მრცხვენია კიდეც, როცა გავიფიქრებ, რომ ამ დროს ვესტმინსტერის დიდებულ სასახლეში ვნებივრობდი, ბენვენუტო ჩელინის ნახელავი ოქროს ჭურჭლიდან ნაირ–ნაირ კერძს მივირთმევდი, საუცხოო ატლასის ტანსაცმელი მეცვა და თვალ–მარგალიტით მოოჭვილი მოსასხამით ვიწონებდი თავს. კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც ცუდად არ გამირთმევია თავი მოვალეობისთვის, უბრალოდ, ხანდახან დასანანი შეცდომები მომდიოდა. ან რა გასაკვირია – ნასუფრალთა ჩიხში დანა–ჩანგლის ხმარება არავის უსწავლებია ჩემთვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ვარდის წყალს მომართმევდნენ ხოლმე ხელის დასაბანად. ჰოდა, ზოგჯერ ფრიად უცნაურად და სასაცილოდ ვიქცეოდი, სამაგიეროდ, კეთილი საქმეების ჩადენაც მოვასწარი – ნორფოლკის ჰერცოგს სიცოცხლე შევუნარჩუნე, ჯადოქრობაში ბრალდებული დედა–შვილი ვიხსენი, სიკვდილით დასჯის საზარელი ხერხიც – მდუღარეში მოხარშვა, სხვათა შორის, ჩემი გაუქმებულია. ჰოდა, დიდი ამბავი, თუ ინგლისის სახელწიფო ბეჭდით კაკალს ვამტვრევდი. რა ვიცოდი, ასეთი მნიშვნელოვანი რამ თუ იყო ის ოქროს დისკო, თანაც არაფერი დაშავებია, უვნებელი დავუბრუნე კანონიერ მფლობელს ტახტთან ერთად.
არ მითხრათ ახლა – მშვენივრად იფერებდი მეფობასო. კაციშვილს ვერ გავაგებინე, ედუარდ ტიუდორი კი არა, ღარიბ–ღატაკი ტომ კენტი რომ ვიყავი და რა მექნა. სამაგიეროდ, როგორც კი ნამდვილი მეფე დაბრუნდა, მაშინვე დავუთმე ადგილი. ისე, ჩვენში დარჩეს – გარდა იმისა, რომ პატიოსანი კაცი გახლავართ და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ქვეყნის მართვაც არ მეჩვენა მაინცდამაინც სახალისო, ათასგვარი საზრუნავისაგან ქანცი გამიწყდა. ამიტომ ოდნავაც არ დამწყვეტია გული, ედურდს თავისი კვერთხი და გვირგვინი რომ მივაჩეჩე. აკი ვერც იმ საბრალომ გაუძლო დიდხანს ამ ტვირთს – ახლაც გული მიკვდება, რომ მახსენდება, რა ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ინგლისი ვალშია ჩემს წინაშე – მე რომ არა, კარგა ხანს არ ეღირსებოდათ ედუარდის მსგავსი კეთილი და მზრუნველი მმართველი. ყველას უკვირდა, სისხლისმსმელი ჰენრიხ ტიუდორის შვილი ასეთი სათნო და გულმოწყალე რომ გამოდგა და სულ რამდენიმე კაცმა ვიცოდით, რომ უბრალო მაწანწალის ტყავში ყოფნამ ახალგაზრდა მონარქს ბევრი რამ ასწავლა. ბევრჯერ მისაუბრია ამაზე მის უდიდებულესობასთან და ვიცი, რასაც ვამბობ…
ეჰ, კარგი დრო იყო, ნამდვილად კარგი… ის კი აღარ ვიცი, ვინ უამბო ეს დაუჯერებელი ისტორია ბატონ სემუელ კლემენსს, მაგრამ გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით – გამოვიდა თუ არა ჩინებული წიგნი?
ჩინებული პოსტიც გამოგივიდა – წავიკითხე და ღიმილი შემრჩა :)
LikeLike
პირველი შეფასება – მადლობა, რუსა :) გამახარე ;)
LikeLike
კი ბატონო წიგნი უდაოდ ჩინებული გამოვიდა, მაგრამ არც პოსტი გამოსულა ნაკლები! :) ძალიან მომეწონა მოლი, ძალიან!
LikeLike
გადასარევია!!! :)
წიგნიც ჩინებული გამოვიდა და პოსტიც :)
LikeLike
ძალიან კარგი იყო, მართლა ძალიან!
LikeLike
კი გამოვიდა ჩინებული კი არა არაჩვეულებრივი წიგნი :))
LikeLike
რავა ერთნაირი კომენტარები ჩამწკრივებულა :) არადა, რომ შემოვედი, არაფერი იყო :)
LikeLike
ანუ, ჯერჯერობით, კარგია :) მადლობა ბავშვებო. გამახარეთ :)
LikeLike
მოლი,პირველ პირში რომ გიწერია,ეგეც კი რაღაცნაირად ბევრად სასიამოვნო წასაკითხს ქმნის პოსტს. :)
LikeLike
ტომ კენტის მონოლოგია, ანა :) მოლი აქ ნომინალურად არის წარმოდგენილი :)
LikeLike
ნუ,ჰო. :) მაგარი ვინმეა ტომი.
LikeLike
მოლი არაჩვეულებრივი პოსტია ))) უფლისწულ ტიუდორს მაწანწალას ტყავში გატარებულმა მცირე ხანმა ის ცხოვრებისეული გამოცდილება მოუტანა რომელმაც თავისი ხალხისა და ქვეყნის , თავისი სამშობლოს შვილების ტკივილი დაანახა . პატარა მემკვიდრემ დაინახა ის რაც აქამდე ნანახი არ ქონდა , მან ნახა რომ მოჩუქურთმებიული სასახლისა და ოქროს კარიბჭის იქეთ სხვა სამყაროც არსებობს , სადაც ყველაფერი ისეთი უზრუნველი არ არის როგორც მის ცხოვრებაში იყო. ნათქვამია სხვა რომ განსაჯო , ჯერ მისი ფეხსაცმელი მოირგე და ერთი მილი გაიარეო და ამ ბევრის მთქმელ ფრაზას სწორედ ამ შემთხვევას შევუსაბამებ. :)))))))))
LikeLike
ნამდვილად ასეა, ნია :)
LikeLike
როგორ მიყვარს :შ როოოგორ როგორ :*** მოლიკოო <3
პ.ს რამდენი ხანია შენსკენ არ ვყოფილვარ :/:/ :შ
LikeLike
მეც ძალიან მიყვარს ეს წიგნი :)
LikeLike
წიგნიც, პოსტიც სუპერ. ნიჭიერი, განათლებული ჭაბუკი, კეთილი, რბილი ბუნებით, რომ არა მისი სუსტი ჯანმრთელობა იქნებ ინგლისს არ ჰყოლოდა ელისაბეთი.
ტომ, რომ არა შენ, ხომ ვერ მოიპოვებდა მაილს ჰენდონი მეფის წინაშე ჯდომის უფლებას? ისე მეც მინდა მსგავსი პრივილეგიით ვისარგებლო ინგლისის მონარქის წინაშე.
LikeLike
ანგელოზებს ნებართვა არ სჭირდებათო, ასე ამბობენ ჩვენთან, ინგლისში და თქვენთანაც ასე იქნება, მისს :))
LikeLike
ჩინებული წიგნი და არაჩვეულებრივი პოსტი. როგორც ყოველთვის! როგორ მიყვარს აქ შემოსეირნება, სულ კარგ ხასიათზე ვდგები და ხშირად შემეცნებითი ვიზიტებიც მაქვს ხოლმე. მადლობა რომ არსებობ მოლი! :*
LikeLike
მადლობა, ასეთი მკითხველი რომ არსებობს :) ამას რომ გეტყვიან, ცუდად როგორ უნდა დაწერო? :)
LikeLike
ბატონ ტომ კენტს ვეთანხმები :) მეც მწყინდა, რომ ცოტა არ იყოს, მივიწყებულია ეს ნაწარმოები :)
LikeLike
არც ისე მივიწყებული ყოფილა :) ბევრნი ვართ. გვახსოვს და გვიყვარს.
LikeLike
მოლი, აღვფრთოვანდები ხოლმე :)
სხვა კომენტატორებისა არ იყოს, პოსტიც ჩინებული გამოვიდა. პრინციპში, როგორც ყოველთვის!
LikeLike
ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ექსპერიმენტი, ჯერჯერობით, ამართლებს, თაბუ :) როგორც ვატყობ, ღირს ლიტერატურული მონოლოგების გაგრძელება…
LikeLike
კი, კი ნამდვილად ღირს. ძალიან მომეწონა. სულ დეტალებში გამახსენა ბავშვობის წიგნი <3 მადლობა მოლი
LikeLike
გარდასულ დღეთა მოგონებანი, წიგნის კითხვაში გათენებული ღამე… უნდა მოვძებნო და ჩემს შვილს წავუკითხო, ლიონებერგელ ემილს რომ დავამთავრებთ, მერე.
LikeLike
ძველი გამოცემა გექნება, თამი. ახალი, სიმართლე გითხრა, არსად მინახავს. არც არსებობს, ალბათ.
LikeLike
xooo tom soier, hek fini da uflistuli da matxovari rom aris ertad:)
LikeLike
ჰო, მეც ზუსტად ეს მახსოვდა.
LikeLike
გულზე ხელის დადებით– გამოვიდა!
საუკეთესო ხარ, მოლი :*
LikeLike
danke!
LikeLike
ნეტავ, კიდევ რამდენი პარალელური სამყარო ჰქონდათ
LikeLike
ბევრი, ალბათ…
LikeLike
წიგნი ძალიან მაგარია. პოსტით აღვფრთოვანდი.
LikeLike
წიგნი უმაგრესია. გაიხარე, ფინიკი.
LikeLike
განსხვავებული მიდგომა იყო წიგნთანაც და პერსონაჟთანაც და ძალიან მომეწონა
LikeLike
აჰა :) პერსონაჟის სახელით მონოლოგი აქამდე არ დამიწერია, კატერინა.
LikeLike
და რომ იცოდე, ძალიან გაამართლა, მე მომხრე ვარ ამ წამოწყების.საითაც გაიხედავ, ყველა ლიტრევიუს წერს უკვე, ეს კი ახალია და სიამოვნებით წავიკითხავ მოლის მიერ ალაპარაკებული სხვა პერსონაჟების მონოლოგებსაც
LikeLike
ოლ რაიტ. ისე, კარგია, ყველა ლიტრევიუს რომ წერს. რაღაცები შეცვლილა ბლოგოსფეროში.
LikeLike
მოლი, ლიტერატურული მონოლოგები მუდმივ რუბრიკად უნდა აქციო. დარწმუნებული ვარ, სხვა მკითხველებიც დამეთანხმებიან, რომ ბლოგს დაგიმშვენებს.
LikeLike
მეც ასე მგონია, მერი :) გავაგრძელებ აუცილებლად.
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია მოლი, ნაწარმოებიც კარგია :)
LikeLike
sure :)
LikeLike
აი მეც მერის ვეთანხმები, შესანიშნავი რუბრიკა გამოვა ;)
პ.ს. რაც შეეხება ნაწარმოებს, ძალიან მომწონს. პატარა რომ ვიყავი ისე მომეწონა, რომ ერთი დამთავრების შემდეგ ისევ წავიკითხე. :)
LikeLike
მერი იშვიათად ცდება :))
LikeLike
ხო! ^^ და მიხარია. ნეტავ ამ რუბრიკის შემდეგი სტუმარი ვინ იქნება?! :)
LikeLike
ჯერ არ გადამიწყვეტია, ცოტნე. მოვიფიქრებ ვინმე საინტერესოს.
LikeLike
ეჭვიც არ მეპარება! :)
პ.ს. ხო კიდევ. ჩემს მეგობრებს დავაწყებინე ბლოგების კითხვა და შენ ბლოგზე ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პოსტები ხომ კარგია, მაგრამ კომენტარები არანაკლებ ღირებული. და მერე ერთი პოსტი საუკეთესო კომენტარებს დაუთმე. :)
LikeLike
რა ძალიან კარგი იყო:))) ბავშვობის ოცნებები გამახსენა:)
LikeLike
ხანდახან კარგია ბავშვობის ოცნებების გახსენება :)
LikeLike
და მერე როგორი!
რომ გითხარი, პირველი არაა, პატარა უფლისწულზე რომ წერ-თქო, აუცილებელი იყო – არც ბოლოო – დამეყოლებინა. ვიმედოვნებ, ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება მოლი ბლუმის ბლოგზე ასეთ პოსტებს, რუბრიკის იდეას ვესალმები ორივე ხელით :)
LikeLike
მე ვერ მივხვდი თავიდანვე, რა მაგარი რამ მითხარი :)
მუდმივი რუბრიკის ბედი უკვე გადავწყვიტე – დროდადრო ასეთ მონოლოგებსაც დავწერ.
LikeLike
ზერ გუთ :)
LikeLike
vaime,molly ramdeni mogoneba makavshirebs am wigntan…am nawarmoebis wyalobit viswavle gamartuli kitxva cremlic bevri vgvare da gameebic vatene, lamfis shuqze kitxvashi gartulma da mokled. ugrmesi madloba, imdenad kargad wer rom davalebulad vgrznob tavs shen winashe :)
LikeLike
რას ამბობ, ნინო :) ახლა მე ვარ დავალებული შენთან, ასე რომ მოგეწონა :) გამახარე ძალიან :)
LikeLike
მშვენიერი კი არა, დიდებული ამბავი იყო. მართალია ტომ სოიერი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ტვენი ამ ნაწარმოების გარეშე არასდროს მახსენდება. მახსოვს, როგორ დავათრევდი სამი არდადეგების მანძილზე მის სამნაწარმოებიან წიგნს :დ
LikeLike
თვალწინ გამირბინა…
LikeLike
კარგად დამიწერია :) ველქამ ბექ!
LikeLike
მადლობა <3
შენ ცუდადაც წერ ოდესმე? :)
LikeLike
:)) იშვიათად :) :დიდი იმედი მაქვს:
LikeLike
dzalian momewona:)
LikeLike
მადლობა!
LikeLike