მოლი ბლუმის ბლოგზე, მეოცე საუკუნის ფოტომატიანეს თუ ფურცლავთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ “ექსპონატთა” უმრავლესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც თუ მსუბუქი შინაარსისაა. გასაკვირია არაფერია – კაცობრობის ისტორიის ყველაზე დრამატული ასწლეული მხოლოდ პოზიტიური, ფერადი შტრიხებით ნამდვილად ვერ დაიხატებოდა.
ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში, “დიდი დეპრესიის” მსხვერპლ მიგრანტთა თავშესაფარში, ორად გაყოფილ ბერლინში ან სისხლით მორწყულ ივოძიმაზე გადაღებული კადრები გულგრილს არავის ტოვებს, მაგრამ სურათი, რომლის შესახებაც დღეს მინდა გიამბოთ, ნებისმიერ ბატალურ სცენაზე შემზარავი მეჩვენება… თუნდაც იმიტომ, რომ ამ დრამის მთავარი გმირი ყოველგვარი ძალადობის უარყოფასა და ამქვეყნიური ამაოებისგან განშორებასთან ასოცირდება.
ტჰი კუანგ დუკის – სამხრეთ ვიეტნამელი ბუდისტი ბერის სახელი, შესაძლოა, უცებ ვერც გაიხსენოთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველას გეცნობათ ეს კადრი – უიმედო, უღონო. სასოწარკვეთილი პროტესტის სიმბოლო.