არ ვიცი, ვინმეს თუ მოსვლია აზრად, ამ მიმართულებით საფუძვლიანი კვლევა ჩაეტარებინა, მაგრამ თუ საქმეს მოჰკიდეს ხელი, რატომღაც, დარწმუნებული ვარ – დღემდე ცნობილ ლიტერატურულ ჟანრებს შორის ყველაზე პოპულარული დეტექტივი აღმოჩნდება.
ძნელი სათქმელია, რისი ბრალია ეს. იქნებ, ადამიანის ბუნების – ჩვენ ხომ ყველაფერი ამოუცნობი და დანაშაულებრივი ანდამატივით გვიზიდავს. ან, იქნებ, რამე სხვა საცდური და სატყუარაა… ერთი ცხადია – იმ ჩინელი მოსამართლის ამბებიდან, ლიტერატორები კაცობრიობის ისტორიაში პირველ დეტექტივებად რომ მოიხსენიებენ, ედგარ ალან პოს “ოქროს ხოჭომდე”, ჟანრის კლასიკოსებიდან ეკოს, ფამუქის, რევერტეს პოსტმოდერნისტულ რომანებამდე, უამრავი crime fiction-ია დაწერილი. ზოგი დახვეწილი და ფილიგრანული, ზოგიც – მდარე და უხარისხო…
თუმცა, ამ უკიდეგანო ზღვაშიც მოიძებნება წიგნები და ავტორები, რომელთა ლიტერატურულ ღირსებებში ეჭვის შეტანა დღემდე არავის უფიქრია, ბიბლიოგურმანები კი მათ აუგად ხსენებას ლამის მკრეხელობად ჩაგითვლიან.
აგათა კრისტის ათეულობით რომანიდან რამდენიმე მართლაც ისეთია, უხერხულად რომ აგაჩეჩინებს მხრებს – ამ პატიოსან ქალს ეს რამ დააწერინაო, მაგრამ “ათი პატარა ზანგი”, “აღმოსავლეთის ექსპრესთან” და “როჯერ ეკროიდის მკვლელობასთან” ერთად, ის წიგნია, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო დეტექტივთა სამეულში უყოყმანოდ რომ შეიტან და ერთი წამითაც არ დაფიქრდები – იქნებ, შევცდიო.
ამ ჟანრის ლიტერატურაზე წერისას, საერთოდ, ვფრთხილობ ხოლმე – ისეთი არაფერი წამომცდეს, ვინმეს პირველი წაკითხვის სიამოვნება ჩავუშხამო. ახლა კი მშვიდად ვარ – არ მეგულება დეტექტივების მოყვარული, წიგნი თუ არ მოხვედრია ხელში, ის შედევრალური რუსული ფილმი არ ჰქონდეს ნანახი, ჩემი ბავშვობის ბათუმში, ერთი ციცქნა “პიონერის” აფიშიდან რომ არ ჩამოდიოდა.
შუა ზღვაში, ღვთისგან მიტოვებულ უკაცრიელ კუნძულზე ერთმანეთს ათი სრულიად უცხო ადამიანი ხვდება, რომლებსაც, თითქოს, არაფერი აქვთ საერთო. მისის ემილი ბრენტი კონსერვატული, ძველი ყაიდის ქალბატონია, მისს ვერა კლეიტორნი – ახალგაზრდა, მომხიბვლელი მასწავლებელი; გენერალი მაკ-არტური ჭარმაგი, ათას ომგამომვლილი ვეტერანია, ენტონი მარსტონი და ფილიპ ლომბარდი – უსაქმური ყალთაბანდები; ლოურენს უორგრეივი – ყოფილი მოსამართლეა, ედუარდ არმსტრონგი – ექიმი, უილიამ ბლორი – გადამდგარი ინსპექტორი, ცოლ-ქმარი როჯერსები – პროფესიონალი მსახურები…
ერთი შეხედვით, შეუძლებელია, ამდენად განსხვავებული პერსონაჟები რაიმემ დააკავშიროს, მაგრამ არც ასეა საქმე – მათ საშინელი საიდუმლო აერთიანებს. თითოეული მათგანის სული მიუტევებელი ცოდვით არის დამძიმებული – ისინი მკვლელები არიან, თან ისეთი მკვლელები, თავის დროზე, ნაქებმა ბრიტანულმა მართლმსაჯულებამ ვერაფერი რომ ვერ დააკლო და გამოძიებას, სასამართლოს, სამუდამო კატორღას და სახრჩობელას გადაურჩნენ. ახლა კი ანგარიშის გასწორების დროა – ამ კუნძულზე საკუთარი სიცოცხლით უნდა გამოისყიდონ დანაშაული…
და ისინიც იღუპებიან. იდუმალი შურისმაძიებელი ნაბიჯ–ნაბიჯ ახორციელებს დაუნდობელ ჩანაფიქრს – თითოეული დამნაშავე საკუთარი ფეხით მიდის სიკვდილთან – ერთი შეხედვით, არაფრისმთქმელი, სულელური საბავშვო ლექსის ზუსტი შესაბამისობით. ჰოდა, კითხულობ წიგნს, ცდილობ ამ საზარელი სპექტაკლის რეჟისორისა და მთავარი გმირის აღმოჩენას, ხან ერთზე გაქვს ეჭვი, ხან – მეორეზე, მერე ვაივაგლახით აკინძული ლოგიკური ჯაჭვი ხელში გაწყდება, დედუქციურ წიაღსვლებს თავს ანებებ და გამალებული ფურცლავ გვერდებს – ბოლოში გასვლას ჩქარობ. საფინალო აკორდი კი მართლაც შთამბეჭდავი, გამაოგნებელი და შემაძრწუნებლად დიდებულია.
აგათა კრისტის “ათი პატარა ზანგი” ბიბლიოთეკის თაროზეც მიდევს და “ქინდლშიც”, ის ძველი ფილმიც ლამის ზეპირად მახსოვს, მაგრამ ვირტუოზულად ნაქსოვი ინტრიგით და ფილიგრანულად ჩახვეული ხლართებით ყოველი წაკითხვისას თავიდან ვიხიბლები. და ისიც ვიცი, რომ ოდესმე აუცილებლად ავისრულებ ერთ უცნაურ სურვილს – სადმე ათ პატარა, შოკოლადისფერ ფაიფურის ფიგურას და იმ საბავშვო ლექსს მივაგნებ, ზანგების კუნძულზე, საბედისწერო სახლის ყველა ოთახში რომ ეკიდა და ჩემი ლიტერატურული არტეფაქტების კოლექციაში საპატიო ადგილს მივუჩენ.
მე ვერ გამოვიცანი ვინ იყო მკვლელი, ბოლო მომენტამდე :დ :დ
LikeLike
ვერც მე :(
LikeLike
მე წაკითხული არ მაქვს . . . . :( მაგრამ კრისტის ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად ალბატ “5 გოჭი” მომწონს :)
LikeLike
ეგეც მაგარია… მანდაც პირღია დამტოვა მწერალმა :დ
LikeLike
არადა, კრისტი ყველაზე იოლად გამოსაცნობად ითვლება. კონან დოილი ბევრად რთულია – მანდ არც არაფერს გეუბნება. კრისტი ყველა სამხილს წინ გიდებს.
LikeLike
გამიკვირდა ნამდვილად – სწორედ კონან დოილი მგონია (შედარებით) ადვილი გამოსაცნობი. კრისტის მკვლელები კი ვერც ერთხელ ვერ გამოვიცანი.
LikeLike
კონან დოილი თითქმის არაფერს გეუბნება, თაბუ – ჰოლმსმა მამაკაცს შეხედა და თავისთვის ჩაიქირქილაო. მერე უკვე, ფინალისკენ ხსნის, რომ მუხლებზე შეუხედავს, იმას დასვრილი ჰქონია და აქედან დაუსკვნია ჰოლმსს – რაღაცას თხრიდაო.
ან, ცნობილი დეპეშები – გააგზავნა, მიიღო, წაიკითხა და რა წაიკითხა, ამას უკვე ბოლოს ამბობს.
შესაძლოა ადვილი იყოს, ოღონდ არა იმიტომ, რომ მკითხველი იმასვე ხედავს, რასაც მაძებარი.
LikeLike
ხოდა მაგაზე ვგიჟდებოდი. როგორც ერთ–ერთი პროფესორი (იურიდიული ფაკულტეტის, და თან კომუნისტურ პერიოდში) ამბობდა: დანაშაულებრივად დაუკვირვებელნი ვართ ადამიანები :დ
LikeLike
გვარი გახსოვს?
LikeLike
არა, იმიტომ რომ ეს წავიკითხე, ლევ შეინინის გამომძიებლის ჩანაწერებში, იქ კი გვარი არ ეწერა :(
LikeLike
მე ჩვენი პროფესორი მეგონა და გამიკვირდა :)
LikeLike
მე ჯერ არ წამიკითხავს და აუცილებლად ხვალიდანვე დავიწყებ ძებნას :)
LikeLike
მოვძებნე: http://lib.ru/DETEKTIWY/CHRISTIE/9piccans.txt
LikeLike
არც ნაწარმოები ვიცი და არც ფილმი :( ვუი, ვუი, ვუი :)
LikeLike
ორივეს ბმულს მოგაწვდი, როგორც კი მოიცლი :)
LikeLike
აუცილებლად ;)
LikeLike
მოლი, შეგარცხვინეთ :)
შენი ბლოგის რიგით მეოთხე მკითხველი და კომენტატორი ვარ, ვისაც შენი სამეულიდან ეს დეტექტივი არ წაუკითხავს :პ
უკვე ვეძებ: ჩემს ქინდლში უნდა გადავასკუპო მეც :)
პ.ს. პოსტში ბოლოსწინა 3 აბზაცი გამოვტოვე – წაკითხვის სიამოვნება რომ არ ჩავიშხამო
LikeLike
მე მაპატიეთ :((( რომელ ენაზე გირჩევნია წაკითხვა, მითხარი და ბმულს მოგართმევ დანაშაულის გამოსასყიდად :)
LikeLike
უკვე მოვძებნე, მოლი, და კომპიუტერშიც გადმოვიტანე :)
პირიქით, მდლობა – კარგი წასაკითხი რამ გამახსენე :)
LikeLike
წაიკითხე, თაბუ და იმ სამ აბზაცს მერე მოუბრუნდი :)
LikeLike
ფილმიც ვიცი და მოთხრობაც. მიყვარს აგათა მე, ყველაზე მეტად მაინც ” მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” მომწონდა და “ენდჰაუზის საიდუმლოება”
LikeLike
ანუ, შენ ის ძველი გამოცემა გქონია. ენდჰაუზი და ექსპრესი ერთად. მეც მაქვს და ძალიან მიყვარს <3
LikeLike
bavshvobashi vgijdebodi agata kristze da konan doilze:) konan doilis titkmis kvelaferi cakitxuli makvs :))
LikeLike
მე საჯაროში ვნახე სრული ჰოლმსიანა, გადავიკითხე და სხვათაშორის, მართლა საუკეთესო რაღაცები უთარგმნიათ. ზოგი, ახალი და ჩვენ რომ არ ვიცოდით, ისეთია, ამოხეულ გვერდს ვეძებდი – ვერაფერი გავუგე.
LikeLike
“იქნებ, ადამიანის ბუნების – ჩვენ ხომ ყველაფერი ამოუცნობი და დანაშაულებრივი ანდამატივით გვიზიდავს”
შესაძლოა ასეა, თუმცა მე სხვა მგონია მიზეზი. ვფიქრობ დეტექტივი შედარებით იოლი საკითხავია (легкая чтиво – როგორც რუსები ამბობენ) და მაგიტომ ეტანება ადამიანი. “რთული საქმის” კეთება (მაგალითად ეკზისტენციალური პრობლემებით დახუნძლული წიგნის კითხვა და წაკითხულის გაანალიზება და მასზე მსჯელობა) ადამიანს როგორც წესი ეზარება ან …. :)
LikeLike
ლოგიკურია ნამდვილად. მაგრამ მხოლოდ ეს რომ იყოს, ყველაზე პოპულარული ე.წ. “სასიყვარულო რომანები” იქნებოდა.
მისტერის თავისი დამატებითი ეშხი აშკარად აქვს.
LikeLike
რა თქმა უნდა მასეა, ამოუცნობი და მისტიური ხომ აკრძალული ხილივითაა და ადამიანი მისკენ უნებურად მიილტვის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სავარაუდოთ “სასიყვარულო რომანები” მხოლოდ დეტექტივებს, თუ ჩამოუვარდება პოპულარობით, რაც უფრო მეტად ამყარებს ჩემს ზემოთხსენებულ “თეორიას” :)
LikeLike
და საიენს ფიქშენი და ფენტეზი? ესეც მარტივად საკითხავია? არა მგონია, სასიყვარულო ისტორიებზე ნაკლებად პოპულარული იყოს.
LikeLike
და თქვენ ბევრს იცნობთ ვინც ფანტასტიკას კითხულობს? მე სამწუხაროდ არა :( და ისიც აღსანიშნავია, რომ ფანტასტიკის “სიყვარულის” მოდა (უფრო მეტად ფენტეზის ჟანრის) ბოლო დროს შეიმჩნევა, როდესაც უამრავი წიგნის ეკრანიზაცია მოხერხდა ჰოლივუდში. ვინ იყო ტოლკიენი ქართველი მკითხველისათვის ჯექსონის ეკრანიზაციამდე? ვინ იყო ჯორჯ მარტინი სერიალ “Game of thrones”-ის გამოსვლამდე?
LikeLike
არა, ბევრს არ ვიცნობ, სამწუხაროდ :( უფრო სწორად, ერთი ადამიანის სანაცნობი წრისთვის ბევრია, მაგრამ საერთო სტატისტიკისთვის ცოტა :(
ფენტეზი ახლა ფრიად მოდურია, ამაშიც დაგეთანხმებით, მაგრამ მე ის დროც მახსოვს, ფენტეზის და Sci fi- ს ტონობით რომ კითხულობდნენ, ჯერ ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში, ფილარმონიის ქვეშ და მერე – უნის პირველი კორპუსის დარბაზში. მაშინ, არც ფილმი იყო გადაღებული და არც სერიალი.
LikeLike
SciFi-ს საკმაოდ სპეციფიური მკითხველი ყავს. ტექნიკური განათლების არ მქონე ადამიანისათვის ნაკლებად საინტერესო ჟანრია, რაც ამცირებს ამ ჟანრის “მომხმარებელთა” რიცხვს. ფენტეზის კი ძირითადად ახალგაზრდობა ეტანება, ვინაიდან უფროსი თაობა თვლის, რომ ზღაპრების კითხვის ასაკიდან კაი ხანია გამოვიდნენ :) მოკლედ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და ვერავითარი სტატისტიკური მონაცემებით ვერ ვამყარებ ამ “თეორიას”, მაგრამ მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ ფანტასტიკა ნაკლებად პოპულარულია ვიდრე “სასიყვარულო რომანები” და დეტექტივი :)
LikeLike
გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება იმ წიგნებიდანაც, რომლებიც უკანასკნელ დროს ითარგმნა საქართველოში. როგორც წესი თარგმნიან იმას, რაც იყიდება, ანუ რასაც რეალურად ყავს მომხმარებელი. შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მახსოვს წიგნის მაღაზიებში ქართულად აზიმოვი, კლარკი ან ჰაინლაინი მენახოს. სამაგიეროდ ტომებად ალაგია აკუნინი, რევერტე და პამუკი :) არანაირად არ ვაკნინებ ამ მწერლების შემოქმედებას, უბრალოდ ჩემს “თეორიას” ვანვრცობ :)
LikeLike
პრინციპში, შენს თეორიას დავეთანხმები. ფანტასტიკას ბევრად ნაკლები მკითხველი ჰყავს, ვიდრე სასიყვარულო რომანებს და დეტექტივს. ერთადერთი, რაც მეხამუშება, წიგნების “მარტივად” და “რთულად” დაყოფაა. რამდენიმეჯერ მომისმენია, დეტექტივი “დაბალი” ჟანრიაო (კლასიკას ადარებდნენ) და ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები.
ტექნიკურ განათლებას რაც შეეხება, აბსოლუტური ჰუმანიტარი ვარ, მაგრამ საიენს ფიქშენს იმ დროიდან ვკითხულობ, რუსული გამომცემლობა “მირი” “ზარუბეჟნაია ფანტასტიკას” პოკეტბუკებს რომ ბეჭდავდა და “ისკატელს” და “ვაკრუგ სვეტას” ლიტერატურული დამატებები რომ მოჰყვებოდა. მაშინ, საბჭოთა კავშირში, ფენტეზიზე მეტად სამეცნიერო ფანტასტიკა იყო პოპულარული. ფენტეზის ახლაც დიი სიამოვნებით ვკითხულობ და ზღაპრებად არ ვთვლი. ისე, ნამდვილი ზღაპრებიც ძალიან მიყვარს.
კლარკი და საიმაკი თარგმნეს ამ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ღრმად უხეიროდ. აზიმოვის უძველესი თარგმანი მახსოვს, “მე, რობოტი” და “მარადისობის აღსასრული” იყო ერთად. ჰაინლაინი, ორიგინალის გარდა, მხოლოდ რუსულად მინახავს.
რევერტე, აკუნინი და ფამუქი ჩემი ფავორიტი მწერლებია :) ოღონდ, ფანტასტიკის სიყვარულს ხელს არ უშლის ეს.
LikeLike
მე არ შემიდარებია ჟანრები და არც ვაპირებ ვინაიდან ეს სრული უაზრობაა ჩემი აზრით :) უბრალოდ გამოვთქვი საკუთარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ჟორჟ სიმენონი და აგატა კრისტი უფრო მოთხოვნადი (წაკითხვადი), ვიდრე მაგალითად კამიუ ან გრასი. ხოლო “მარტივი” და “რთული” მხოლოდ ტერმინებია და თუ გეხამუშებათ, შეგვიძლია სხვა, უფრო “ნეიტრალური” ტერმინები გამოვიყენოთ :)
LikeLike
მოსაზრება გასაგებია და ვეთანხმები კიდეც. “მარტივს” და “რთულს”, როგორც წესი, ჟანრების დამპირისპირებლები იყენებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, აზრი გასაგებია და თავად როგორც მოგიხერხდებათ, ის ტერმინები მოიშველიეთ.
საერთოდ კი, ეს პოსტი იმის გარკვევას ნამდვილად არ ისახავს მიზნად, რომელი ლიტერატურული მიმდინარეობა უფრო პოპულარულია და რატომ. სულ სხვა თემაზე დავწერე.
LikeLike
აგათასი ყველაზე მეტად “10 პატარა ზანგი” მიყვარს და “ის” წიგნი, მისი ორი საუკეთესო (ჩემთვის) ნაწარმოები რომ არის ერთად… ფილმმაც დამაინტერესა. მოვიძიე უკვე და ვნახავ აუცილებლად… :)
LikeLike
ფილმში იმ დროის საბჭოთა მსახიობების საუკეთესო ჯგუფია შეკრებილი. თითქმის ყველა ვარსკვლავია.
LikeLike
აბა, სად მოიძე? მე ვეძებ და, ჯერჯერობით, უშედეგოდ
LikeLike
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3801382
რუსულ ტორენტ-საიტზე, თაბუ. უფასოა, მხოლოდ მარტივ რეგისტრაციას ითხოვს.
LikeLike
დიდი მადლობა, მოლი :)
ყოველთვის ფეხს ვითრევ ტორენტებზე რეგისტრაციაზე (რატომღაც) – მეუღლის პაროლით შევალ :)
LikeLike
ეს წაკითხული არ მაქვს :/ სამაგიეროდ აგატა კრისტის “მივიწყებული მკველელობა” მაქვს წაკითხული, ისიც შთამბეჭდავია და აზარტში შევედი ბოლო წუთამდე ვერ გავაკვიე ვინ იყო მკვლელი :(
LikeLike
დეტექტივი, საერთოდ, აზარტულია. კრისტი – მითუმეტეს.
LikeLike
ჰოო მეც მომწონს :)
LikeLike
ალბათ, მაინც საბავშვო წიგნები აჯობებს ტირაჟით.
ჯოზეფა მე არ მევასება და 10 ზანგი ნამდვლად საუკეთესოა… აღმოსავლეთის ექსპრესიც მომწონს რაღაც მომენტებში, თუმცა მანდაც ბევრი სიაფანდური ვირეშმაკობებია :).
LikeLike
აქაც არის რა თქმა უნდა :) მაგრამ კარგადაა ძალიან დაწერილი ფსევდომისტიკურობით ქონან დოილის საუკეთესო ტრადიციებში.
LikeLike
ეკროიდი რომ არ მოგწონს, ვიცი :) კრისტი აფერისტიო :)))
LikeLike
ნწუ ეგ ეგრე არაა :)
ჰოლმსმა უკვე იცის პასუხი და საგანგებოდ მიდის,რომ დახედოს მის მუხლებს და დარწმუნდეს და ამასვე ამბობს – ის ტიპი კი არ მაინტერესებდა, მისი მუხლებიო…
ჰოდა, გამოდის რომ დოილი ინფორმაციის ნაწილს გაძლევს და თუ მაგარი ხარ უნდა მიხვდე რა შეიძლება წაეკითხა მუხლებზე ჰოლმსს ;)
აგათა 100% აფერისტია უმრავლეს შემთხვევაში :)
LikeLike
ჟღალთმიანთა კავშირიდან არის ეს ეპიზოდი, მილორდ და მანდ ზუსტად მახსოვს, შეხედავს, არაფერს ამბობს და მერე ამხელს, მუხლები მაინტერესებდაო. რატომ აინტერესებდა, ამას ფინალში თუ გაიგებ.
LikeLike
ჰოდა მაგს ვამბობ – ჰოლმსი საგანგებოდ მიდის, რომ მუხლებს დახედოს და ამას გეუბნება – ჰოდა თუ მაგარი ხარ, მიხვდი რატომ აინტერესებდა მუხლები. :) ის რომ მუხლები აინტერესებს, ეს ხაზგასმულია, უბრალოდ რა შენიშნა ესაა ბოლოს.
ესთეტური ფაქტორი გამორიცხულია – კაცია. სხვა რა უნდ მუხლებისგან ეგ უკვე უნდა მოიფიქრო. :)
LikeLike
ჰოდა, მეც მაგას ვამბობ – რთულია :) და მუხლებს დავხედეო, მაინც მერე ამბობს. წინასწარ არ ამხელს.
LikeLike
უიჰ, არ მაქვს ეს წაკითხული… :///
საერთოდ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ დეტექტივი ნაკლებად მიზიდავს… :/
დიდი ხანია შენთან არ შემოვსულვარ, მოლი, მე მაპატიეთ… :)) <3
LikeLike
ეგ არაფერი :) რა საპატიებელია :) მიხარია, რომ მოიცალე და შემოიხედე, დეტექტიური თემის მიუხედავად.
LikeLike
აშკარად ცნობისმოყვარეობის ბრალია. თავიდანვე იმხელა ინტრიგა იხლართება, ძნელია მოწყდე. :)
LikeLike
მეც ასე მგონია :)
LikeLike
კრსიტი მეც მიყვარს ძალიან. თუმცა ეს არ წამიკითხავს, რა ვქნა. მაგრამ სიამოვნება წინ მელის რიგირც სჩანს. არასდროს არ დავრჩენილვარ იმედგაცრუებული მისით :)
LikeLike
მერე, მაგას რა ჯობია… ახალ ქინდლში გადაქაჩე და ისიამოვნე :)
LikeLike
ზუსტად მაგას ვაპირებ :)))) ეხლა ვამბობ, ნეტავ აქამდე სად ვიყავი-მეთქი, როგორ ვარსებობდი-თქო :)
LikeLike
მეც დაახლოებით მასე ვარ :) რაც ქავერი ჩამოვიდა, ქინდლის გარეშე გარეთ არ გავსულვარ.
LikeLike
სულ ჩანთაში მაქვს და როგორც კი 15 წუთი გამოჩნდება ეგრევე ვიღებ :)
LikeLike
მეც მიმათვალეთ :)
გზაში კითხვას შევეჩვიე ქინდლის დამსახურებით – ასეთი თავისუფალ 20 წუთიან ინტერვალებს ცხოვრების რიტმი ადვილად არ მჩუქნის და ვსარგებლობ ხოლმე :)
LikeLike
გზაში და ტრანსპორტში კითხვა ჩემი ბავშვობის სიყვარულია <3
LikeLike
ბავშვობიდან ზღვის ავადმყოფობის მთელი სიმპტომატიკა ჩემზე ისახებოდა ტრანსპორტში კითხვისას…
ახლა მივეჩვიე – უდროობას რა ვუთხარი :)
LikeLike
ჩემი აგათა <3
LikeLike
ლიტერატურულ გემოვნებას – დიდი პლიუსი! :)
LikeLike
ეს არ ვიცი, უნდა წავიკითხო! :)
LikeLike
არ ინანებ :)
LikeLike
აბა,ახლა ამას კომენტარი სჭირდება? :) ერთი სითყვით-მაგარია,ორით :)-ძალიან მაგარი :)
LikeLike
:) ლაკონური და ამომწურავი კომენტარი :)
LikeLike
ეს წიგნი ქართულად მოიძებნება?
LikeLike
მე არსად შემხვედრია, ეთო. ინგლისურად ან რუსულად.
LikeLike
აუ არ ცუდიააა
LikeLike
ეჰ სასწრაფოდ უნდა ვისწავლო რომელიმე ენაა :D
LikeLike
აუცილებლად :) ისევ შენ გამოგადგება.
LikeLike
[…] ვეტერან მკითხველებს ემახსოვრებათ, ამაზე რომ ვწერდი; მეორე – “აღმოსავლეთის […]
LikeLike
იქნებ ვინმემ ლინკი მოიწეროთ რა PLZ
სად წავიკითხო ეს წიგნი? 10 პატარა ზანგი. ქართულად მინდა ძალიან და თუ არ არსებობს მაშინ ინგლისური ან რუსული სულერთია.
LikeLike
https://saba.com.ge/books/details/3064/%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%90
ეს “საბას” ბმულია. იგივე გამოცემა ნაბეჭდი სახითაც არსებობს.
LikeLike
აბა როგორ გამოვიცნობდი მკვლელი უკვე მკვდარი მეგონა, მაგრამ ერთი კარფი სი გააკეთა რომ სამართალი აღადგინა და ყველას მოკითხა ძველი საქმეები სასამართლოს და კანონიერი გზის გარეშე.
თუმცა ის რომ თვითონაც ამას იმსახურებდა თავისი თავიც კი გაასამართლა
LikeLike