საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ ბავშვები ხახვზე მაინცდამაინც არ გიჟდებიან და არც გაემტყუნებათ – კაცმა რომ თქვას, რა საყვარელია მწარე, მძაფრი სუნის მქონე, შეუხედავი ბოლქვი, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია, ცხარე ცრემლით გატიროს. თუმცა, მაინც არსებობს ერთი ხახვი, რომელზეც უკლებლივ ყველა პატარა ჭკუას კარგავს. მას ჩიპოლინო ჰქვია და მზიან, ხმაურიან იტალიაში ცხოვრობს. მართალია, აქედან საკმაოდ შორსაა, მაგრამ მისი გმირობის ამბებმა ჩვენამდეც მოაღწია და ახლა, დარწმუნებული ვარ, ვინმეს თვალში რომ ჩაგივარდეთ, თითსაც არ ამოისვამთ. არადა, როგორი მოსათმენია ხახვი თვალში?
ჩიპოლინოს მამას – მოხუც ჩიპოლონეს პრინცი ლიმონოსთვის კოჟრზე რომ არ დაებიჯებინა, არაფერიც არ მოხდებოდა – იცხოვრებდა ხახვების მრავალრიცხოვანი ოჯახი თავის ბუდრუგანაში და მათი ამბები იქაურობას არ გასცდებოდა. ამ პრინცმაც რაღა მაინცდამაინც ის დაკოჟრილი ფეხი მიუმარჯვა საწყალ ჩიპოლონეს – თუ ასე სტკიოდა, შეეძლო, ცოტა მეტად გაფრთხილებოდა. სტაცეს უდანაშაულო ბერიკაცს ხელი და ციხეში გამოამწყვდიეს.