მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს ალბათ ახსოვს, როგორი მოუთმენლობით ველოდებოდი “ამაზონზე” შეძენილ ჩემს პირველ “ქინდლს”. საპრეზენტაციო პოსტიც სასიამოვნოდ აჟიტირებულმა დავწერე. თუმცა, ნაქები რიდერის ავ–კარგი მაინც დროს უნდა გამოეცადა – სარეკლამო პროსპექტებში და სურათებზე ყველაფერი ისეა შეფუთული, ხარისხში ეჭვი არ შეგეპარება…
ახლა, როდესაც ვირტუალურ ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა ას ოცს გადაცდა, უკვე შესაძლებელია, რამდენიმე პრაქტიკული დასკვნა გამოვიტანო და გამოცდილება გაგიზიაროთ – სხვა რომ არაფერი, ბლოგის სტუმართა შორის “ქინდლით” დაინტერესებულები მომრავლდნენ – ზოგმა უკვე შეიძინა, ზოგიც უახლოეს მომავალში აპირებს. ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, ჩემი და გრეისის ურთიერთობაზე ორიოდე სიტყვით გიამბოთ.