Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი, 2012

My Kindle A

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს ალბათ ახსოვს, როგორი მოუთმენლობით ველოდებოდი “ამაზონზე” შეძენილ ჩემს პირველ “ქინდლს”. საპრეზენტაციო პოსტიც სასიამოვნოდ აჟიტირებულმა დავწერე. თუმცა, ნაქები რიდერის ავ–კარგი მაინც დროს უნდა გამოეცადა – სარეკლამო პროსპექტებში და სურათებზე ყველაფერი ისეა შეფუთული, ხარისხში ეჭვი არ შეგეპარება…

ახლა, როდესაც ვირტუალურ ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა  ას ოცს გადაცდა, უკვე შესაძლებელია, რამდენიმე პრაქტიკული დასკვნა გამოვიტანო და გამოცდილება გაგიზიაროთ – სხვა რომ არაფერი, ბლოგის სტუმართა შორის “ქინდლით” დაინტერესებულები მომრავლდნენ  – ზოგმა უკვე შეიძინა, ზოგიც უახლოეს მომავალში აპირებს. ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, ჩემი და გრეისის ურთიერთობაზე ორიოდე სიტყვით გიამბოთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Portrait of Hans Christian Anderson

ისეთი სევდა თუ გინახავთ, სინათლე რომ მოჰყვება თან? მოჰყვება და გულში ისე შემოვა, ისე მოიკალათებს, ვეღარც ხვდები, სად პირველია და სად – მეორე. მხოლოდ იმას გრძნობ, რომ ნელ–ნელა ივსები სითბოთი, სიბრალულით, სინაზით და ვეღარც ის გაგიგია, თვალზე მომდგარი ცრემლი მარტო მწუხარებისაა თუ ღიმილიც ურევია მზის ათინათივით.

ცოტა არ იყოს, აბდაუბდა შესავალი გამომივიდა და თუ დაგაბნიეთ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის წიგნი გადაფურცლეთ – მაშინვე მიხვდებით, რაზე ვლაპარაკობ.

ამბობენ, დანიელ მწერალს საკუთარი ზღაპრები ჭირის დღესავით სძულდაო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, არ მჯერა. უბრალოდ, ისეთ ისტორიებს გვიამბობდა, ლოგინში ჩათბუნებულმა, სიბნელეში თვალებმილულულმა ბავშვებმა რომ არ უნდა მოისმინონ – პატარა, ალერსით განებივრებული გულებისთვის  ასანთის გამყიდველი გოგოს ისტორია ზედმეტად ნაღვლიანია…  კაცმა რომ თქვას, “კალის მედგარ ჯარისკაცს“ ზღაპარსაც ვერ დაარქმევ მაინცდამაინც. ვერც “პატარა იდას ყვავილებს“, ვერც “ქალთევზას“… მეტისმეტად ბევრი ტკივილია მათში, ოღონდ, ისეთ სინათლეში და სიფაქიზეში გახვეული, როგორც ვიოლინოზე შესრულებული მინორული მელოდია… “თოვლის დედოფალიც“ კი, პატარა გერდასა და კაის სიყვარულით, ერთგულებითა და თავგანწირვით გაჯერებული ამბავი – წაიკითხავთ და აუცილებლად იგრძნობთ, როგორ მოგიჭერთ გულზე ცივი მარწუხი…

(more…)

Read Full Post »

Sir Arthur Conan Doyle. Sherlock Holmes. Turks & Caicos islands 1984

მათ, ვინც მოლი ბლუმის პოსტებს რეგულარულად ადევნებს თვალს, ემახსოვრებათ, რომ სულ ორიოდე კვირის წინ BBC-ის გადაღებულ ახალ ჰოლმსიანაზე ვწერდი. ჰოდა, ეტყობა, გამოყოლილი შთაბეჭდილებების ბრალი იყო, რომ შაბათ–კვირას კონან დოილის გაცრეცილი ტომი ხელიდან არ გამიშვია. მეტიც – გადავწყვიტე, მცირე ხნით თქვენც წარსულში დაგაბრუნოთ და ჯეოპარდის დღევანდელი ტური მთლიანად განთქმულ მაძებარს მივუძღვნა. მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Salvador Dali. The Great Paranoiac

ამას წინათ, დათო ტურაშვილმა, სატელევიზიო ინტერვიუში ასეთი რამ თქვა – მოდა ლიტერატურულიც არსებობს და ყველა დროს თავისი “ელიტური” ავტორი ჰყავს. ახლა ფამუქი და ბეგბედერია აქტუალური, ადრე მარკესი იყოო.

დათოზე უმცროსი კი ვარ, მაგრამ ის დრო მეც მახსოვს, წიგნიერების დასამტკიცებულად ინტელექტუალურ საუბარში, ჭიქა ყავისა და სიგარეტის თანხლებით, სინიორ გაბრიელ გარსიას რომელიმე რომანის მოხსენიება სავალდებულოდ რომ ითვლებოდა.

გასაკვირი ის არის, რომ ლიტერატურული სნობების აუცილებელ საკითხავში არასოდეს ფიგურირებდა კოლუმბიელი მწერლის შედევრი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა, საქვეყნოდ ცნობილ რომანებს და მე თუ მკითხავთ, “მარტოობის ას წელიწადსაც” კი მირჩევნია.

“პატრიარქის შემოდგომა”, მაგიური რეალიზმის ფუძემდებლის, ალბათ, ყველაზე უჩვეულო წიგნი და ავტოკრატიული ხელისუფლებისთვის შეთხზული საუკეთესო რექვიემი, ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების წელს დაიწერა ბარსელონაში. იმ ქალაქში, სადაც ყველაზე გრძელი პროსპექტი – დიაგონალი – ათწლეულების მანძილზე ხენერალისიმოს სახელს ატარებდა.

(more…)

Read Full Post »

Paul Gauguin. D'où venonsnous? Que sommes-nous? Où allons-nous?მოლი ბლუმის ფერწერით გატაცება, ალბათ, მეტნაკლებად ცნობილია ერთგული მკითხველისთვის. იმასაც ბევრი შეამჩნევდა, რომ მიყვარს ისეთ ტილოებზე საუბარი, რომელთა ირგვლივ ყოველთვის კამათი და მითქმა–მოთქმაა. ჰოდა, როდესაც იდუმალი სიმბოლოებით დატვირთულ სურათებზე ჩამოვარდება სიტყვა, ვერაფრით ავუვლი გვერდს პოსტიმპრესიონიზმის გენიოსის – პოლ გოგენის განთქმულ შედევრს – “საიდან მოვედით? ვინ ვართ? საით მივდივართ?“

სანამ მხატვარი ამ კომპოზიციაზე დაიწყებდა მუშაობას, დიდი უბედურება დაატყდა თავს – სრულიად მოულოდნელად მისი ქალიშვილი – ალინა გარდაიცვალა. უკვე დაავადებული, უიმედო მდგომარეობაში მყოფი გოგენისათვის ეს დარტყმა მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა და ისედაც შორს წასული დეპრესია უკიდეგანოდ გაუმძაფრა.

კუნძულ ტაიტიზე გახიზნულმა მხატვარმა თავდავიწყებისთვის ისევ ფუნჯს მოჰკიდა ხელი. სწორედ იქ დაიწერა ღრმად ფილოსოფიური და ამოუცნობი ტილო, რომელსაც თავად ავტორი საკუთარი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა და რომლის შინაარსი და სიმბოლიკა დღემდე ცხოველ ინტერესს იწვევს.

(more…)

Read Full Post »

ორიოდე დღის წინ, ბიბლიოთეკას მოწესრიგების დროს, ზურაბ ქარუმიძის “ჯაზის ცხოვრება“ მომხვდა ხელთ. ჰოდა, ის სიამოვნება გამახსენდა, მისმა პირველმა წაკითხვამ რომ მომიტანა. არ ვიცი, რამდენად არიან მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველებს შორის ამ მუსიკალური ჟანრის მოყვარულები, მაგრამ ძალიან მომინდა, ავტორის ის გულწრფელი სიყვარული, უკიდეგანო ცოდნა და სათუთი დამოკიდებულება ჯაზის მიმართ, რომლითაც წიგნია გაჟღენთილი, თქვენამდეც მომეტანა.  მაშ ასე, რიტმის, პულსაციის და იმპროვიზაციების სამყაროში გეპატიჟებით,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

mary poppins cover

მერი პოპინსს

ჩემს ბავშვობაში, სამწუხაროდ, ძიძების ინსტიტუტი არ არსებობდა – ბებიების თემა უფრო აქტუალური გახლდათ. შინ მეც ორი დიდედა მყავდა, თან ისეთი მზრუნველები და მოსიყვარულეები იყვნენ, ისე მანებივრებდნენ და მევლებოდნენ თავს, რომ გაეგოთ, ქარიან ამინდში ჩუმჩუმად დაძვრება ბაღში და ქოლგით მონარნარე ძიძის მოლოდინში ცას მისჩერებიაო, გული გაუსკდებოდათ.

არადა, სულ არ იყო ჩემი ბრალი – “მერი პოპინსი“ თვითონ არ წამიკითხეს? იქამდე ისეთი წესიერი ვიყავი, შურის ნატამალი არ გაჰკარებია ჩემს ფიქრებს, ალუბლების ქუჩაზე დატრიალებული ამბების შემდეგ კი ისე მშურდა მაიკლ და ჯეინ ბენქსების, ენით ვერ აგიწერთ.

როგორ არ უნდა შემშურებოდა? მართალია, ძალიან ლაღი და სასიამოვნო ბავშვობა მქონდა, მაგრამ მე რომ საჭადრაკო ამოცანებს ჩავჩიჩინებდი, ისინი, ძია ელბერტთან ერთად ჭერში იყვნენ გამოკიდებულები და ისე მიირთმევდნენ ჩაის, თანაც, არ დაგავიწყდეთ – ტორტთან ერთად! და სიცილის ჭიასთან ერთად ფართხალებდნენ!

ახლა ბუშტები? დიახ, დიახ, სწორედ ისინი, მუშტისტოლა დედაბერი რომ ყიდდა, გაბერავდი თუ არა, შენი სახელი და გვარი დაეწერებოდა და ჰაერში აგალივლივებდა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: