ვფიქრობ, ბიბლიოფილები დამეთანხმებიან, თუ ვიტყვი, რომ ქართველ მწერლებს დეტექტივების წერა მაინცდამაინც არ უყვართ. მიზეზების კვლევა–ძიება შორს წაგვიყვანს, ფაქტი კი ჯიუტია – სამამულო პარნასი ლიტერატურის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას არ სწყალობს. ორიგინალ თხზულებებს ვინ ჩივის – ხეირიანი თარგმანიც სანატრელია.
სწორედ ამიტომ ველოდებოდი განსაკუთრებული ინტერესით “პალიტრა L”-ის მასშტაბურ საგამომცემლო პროექტს – მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივების მრავალტომეულს. მშვენიერი ჩანაფიქრი მაცდუნებლად იყო დაანონსებული და წესით, ჟანრის თაყვანისმცემლებს ჩინებული საჩუქარი უნდა მიეღოთ.
პირველმა ტომმა მართლაც მასიამოვნა – ჯეიმს ჰედლი ჩეიზის ” დათარსული კაცი” ორიოდე საათში შემომეკითხა. თარგმანი შესანიშნავად იყო ქართულ თარგზე მორგებული, კრეატიულად გაფორმებული გარეკანიც სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა…
სამწუხაროდ, ეს აღტაცება, ყოველი მომდევნო წიგნის გამოსვლასთან ერთად, დილის ნისლივით იფანტებოდა – სერია, რომელიც შორიდან ასე მიმზიდველად გამოიყურებოდა, არაფრით გამორჩეული, მდარე და უხარისხო ნაწარმოებების კრებული აღმოჩნდა.
ყველაზე უფრო ის მეხამუშება, რომ ოცდათორმეტტომიან სეიფში კრისტინ ზემსკისთვის მოიძებნა ადგილი, სამაგიეროდ, სებასტიან ჟაპრიზო, რექს სტაუტი, ჟან-კრისტოფ გრანჟე ან ნაიო მარში არავის გახსენებია. კაცმა რომ თქვას, არც არტურ ჰეილის “ოტელია” დეტექტივი და არც ფრიდრიხ დიურენმატის “ავარიის“ ამ პროექტში შეტანა მეჩვენება მაინცდამაინც მართებულად. ბუნებრივია, გამოცემას სარედაქციო საბჭო ჰყავდა და ავტორებსაც თავად შეარჩევდნენ, თუმცა, იოლი მისახვედრია, რომ არჩევანი მხოლოდ ლიტერატურული გემოვნებით არ ყოფილა განპირობებული.
საქმე იმაშია, რომ სამი ათეული ტომიდან, რამდენიმეს გარდა, ყველა თარგმანი ძველია. “პალიტრა L”-მა გაკვალული გზით სიარული არჩია და მკითხველს, ჯერ კიდევ “საბჭოთა საქართველოს”, “მერანის”, “ნაკადულის” და სხვა გამომცემლობების მიერ გასულ საუკუნეში დაბეჭდილი დეტექტივები შესთავაზა. არადა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს პროფესიონალი მთარგმნელებიც მოგვიმრავლდა და სალიტერატურო ქართულიც სხვაა – ენა, მოგეხსენებათ, ცოცხალი და მუდმივად განახლებადი ორგანიზმია.
რა თქმა უნდა, ძველი ავტომატურად ცუდს არ გულისხმობს. უბრალოდ, გულსატკენია, მიხო მოსულიშვილის მიერ რუდუნებით გადმოქართულებული აკუნინის გვერდით, უხეში შეცდომებით, აშკარად მოძველებული და არქაული სტილით, გაუმართავი ენით შესრულებული კრისტის და სიმენონის თარგმანების ხილვა. ბუალო–ნარსეჟაკის “ქალი, რომელიც სიცოცხლეს გამოასალმეს“ ისეა გამოჩორკნილი, დარწმუნებული ვარ, ამ ავტორების შემოქმედებასთან უფრო ახლოს გაცნობის ყოველგვარი სურვილი დაგეკარგებათ; ფილიგრანული ინტრიგების ვირტუოზის – სიდნი შელდონის “ნიღაბჩამოხსნილი სახე“, ჯერ ერთი, მისი ყველაზე სუსტი ნაწარმოებია, მეორეც – უღმერთოდ არის დამახინჯებული.
მართალია, სერიაში ახალ თარგმანებსაც წავაწყდი, მაგრამ რად გინდა – ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, ამაზე ნათქვამი – ჯო ჰორზის “მტაცებელთა ჟამის“ ბოლომდე წაკითხვა, უბრალოდ, შეუძლებელია და არა მხოლოდ ულაზათო თარგმანის გამო – ვეჭვობ, ვერც ორიგინალით მოვიხიბლებოდი. სეიფის მეოცე ტომის ჩამთავრების შემდეგ კი ღმერთს მადლობა შევწირე, რომ პოპულარულმა ფრანგმა ავტორმა – ფრედ ვარგასმა ქართული არ იცის… დიდი იმედი მაქვს, არც არასოდეს ისწავლის…
ერთი სიტყვით, არა მგონია, დეტექტივების მოყვარულთა უმრავლესობამ ეს წიგნები განსაკუთრებული სიამოვნებით წაიკითხოს, მით უმეტეს, დღეს, მომრავლებული სპეციალიზებული მაღაზიების თუ ელექტრონული ბიბლიოთეკების წყალობით, ორიგინალიც ხელმისაწვდომია და ბევრად ხარისხიანი რუსული თარგმანიც.
მე კი ორ რამეზე მწყდება გული – ერთი ის, რომ წიგნის თაროებზე ყოვლად გამოუსადეგარი ტომები მიწყვია, მეორეც – “პალიტრა L”-ს, რომელიც დღემდე უშვებს დიდი მხატვრების ფანტასტიურ ალბომებს, ნამდვილად შეეძლო, ბიბლიოფილებისათვის გემოვნებიანი საკითხავი შეეთავაზებინა.
ბუნებრივია, უხეირო თარგმანი მკითხველს სიუჟეტის აღქმასა და მკვლელის ვინაობის დადგენაში ხელს ვერ შეუშლის. იმასაც ვხვდები, რომ მაღალ სტანდარტებზე ორიენტირება დამატებით დროს და, რაც მთავარია, სახსრებსაც მოითხოვდა, სერიას ასეთი რეკორდული ტემპით ვერ გამოსცემდნენ და თვითღირებულებაც მკვეთრად გაიზრდებოდა… მაგრამ მაინც დასანანია, რომ პრაქტიკულმა მოსაზრებებმა, პირველ რიგში, ხარისხი დააზარალა და ამ ბოლო დროს უზომოდ პოპულარული “იაფი წიგნის” ნაცვლად ხელთ იაფფასიანი გამოცემები შეგვრჩა.
აგათ კრისტი მიყვარდა ძალიან ერთ დროს. განსაკუთრებით ,,ბოლო სიკვდილია”. თან მაშინ ეგვიპტომანიც ვიყავი. ახლა ყველაფერი ისე მაქვს გაუფერულებული, მეც არ ვიცი რა მინდა და რა მომწონს :(
LikeLike
უფრო სწორად, ვიცი, რაც მინდა და მომწონს, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებ.
ხო წავიღე ტვინი ჩემი უიმედობით და სასოწარკვეთით :დ
LikeLike
კრისტი რომ მომწონს და საერთოდ, დეტექტივებიც, იმიტომ ვარ ამ სერიით უკმაყოფილო. სულერთი რომ იყოს, თქვენ კი არ დაგღლიდით ამის კითხვით :)
LikeLike
და აი წიწაკიანი მოლიც!
მშვენიერია.
დეტექტივების ექსპერტობას ვერ დავიბრალებ მაგრამ ვინაიდან ამ სერიის ყველა წიგნი გამაჩნია ნამდვილად დაგეთანხმები რომ თვალისმომჭრელი თარგმანები არ არის :|
იაფი წიგნის საოცარი ქართული ფენომენი ალბათ თავის თავში ცუდ ხარისხსაც გულისხმობს :)
LikeLike
დაბალი ფასი, სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ხარისხის ხარჯზე მიიღება, აგათა. ამაშია უბედურება :(
LikeLike
მაგ სეიფიდან ერთადერთი წიგნი შემომეყიდა, ისიც დროის გაყვანის მიზნით.. დრო კი გავიყვანე, მაგრამ იმ დეტექტივის არც სახელწოდება მახსოვს ახლა და არც ავტორი, იმიტომ, რომ დიდი არაფერი იყო და ვერ თარგმანით აღფრთოვანდებოდა კაცი. არადა, დიდი მხატვრები მართლა კარგი გამოუვიდათ, მაგრამ რატომღაც არ დაუანონსებიათ ისე შთამბეჭდავად, როგორც 50 წიგნი, მაგალითად…
LikeLike
დიდი მხატვრები ერთადერთი სერიაა, რომელსაც მართლა ველოდები და სიამოვნებით ვკითხულობ.
50 წიგნი, რომელიც უნდა იყიდო… ჩვენი თანთია.
და ჩვენი ტკივილი,
LikeLike
მაინც ვერ ხვდები რას ერჩით ამ 50 წიგნს . . . კი, ბატონო, მასთ რიდები არ უნდა არსებობდეს . . . მაგრამ სულ არ გკიდიათ პროექტის დასახელება და ისიც რომ პალიტრამ თარგმანი შეიტყაპუნა?
მე ამ პროექტმა თავის ტკივილისგან მიხსნა და შევწყვიტე ბიბლუსისი მეპატრონის დატერორება, ქალს ჩემი და მამაჩემის გამოჩენის უკვე ეშინია. არა უშავ საახალწლოდაც ვეწვევი :) :)
LikeLike
1. არ მკიდია 2. მირჩევნია, ნაგავს ნაგავი დავარქვა.
LikeLike
სამწუხაროდ, არც სხვა ჟანრის წიგნების თარგმანებია უკეთეს დღეში, თორემ ჩემი დამოკიდებულების გამო დეტექტივებთან, ეგებ არც დავემწუხრებინე ამ ფაქტს. ძალიან ხშირად რუსული თარგმანიდან გადმოქართულებულია და ეს სამმაგი “სალტო” საშინელი წასაკითხია :)
LikeLike
სამმაგი სალტო არ გამახსენო. ბათუმში ვნახე ერთხელ ენდოს “ქალი, რომელიც მივატოვე” – ჯერ იაპონურიდან რუსულად იყო ნათარგმნი და მერე რუსულიდან ქართულად. კოშმარი :(
LikeLike
თავიდან ისე დაიწყე ვიფიქრე ეს როგორ არ უნდა ვიყიდო-თქო და ბოლოს… გრანჟე სტაუტი და რევერტე თარგმნონ და არ გვინდა არავინ.მოდი მოვითხოვოთ!
ვარგასის რაღაც მაქვს წაკითხული და არ მახსოვს რა,ეგ მე-20 ტომი რა ნაწარმოებია? საწყალი)))
LikeLike
ამ სერიაში ერთი პირველი ტომი ვარგა და მეორე – მიხო მოსულიშვილის ნათარგმნი “ლევიათანი”. დანარჩენი – მტრისას.
გრანჟეს, სტაუტს და რევერტეს ესენი ვერ გამოსცემენ, არ მაქვს დიდი იმედი და ვინმე სხვა თუ თარგმნის… არადა, ისევ რუსულს უნდა მივეძალო.
წამოდექით, მიცვალებულებო-ა. ფრედ ვარგასი, თანამედროვე ფრანგი მწერალი ქალი.
LikeLike
ავარია მაგარია ძაან.
ან შეეძლოთ მოსამართლე და მისი ჯალათი ან აღთქმა შეეტანათ.
ჟაპრიზოც. რამპოც… მაგრამ მაინც გემოვნების ამბავია.
მე მაგალითად მარშს არ შევიტანდი. ვცადე წაკითხვა და არ მევასა.
ვარგასი არ წამიკითხავს… ისე, ფრანსუაზა საგანსაც აქვს დეტექტივი დაწერილი – გულის გუშაგი ქვია.
და უილიამ ფოლქნერსაც აქვს დეტექტივები. მე ეგეთ გამოცემაში აუცილებლად შევიტანდი, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის, რომ კლასიკურ სტილში დეტექტივებსაც წერდა.
სთაუთიც არ მევასება და მომკალით. :)
წიგნების მაღაზიაში კი რამდენიმე დღის წინ შევედი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ… საშობაო ბარათების საყიდლად :):)
LikeLike
გემოვნების ამბავია, მილორდ, მე და შენ წავიკითხავთ თუ არა, მაგრამ როდესაც ოცდათორმეტ ტომიან პროექტს აკეთებ, ანუ პრეტენზია გაქვს მასშტაბურ გამოცემაზე, ზოგიერთი ავტორი, უბრალოდ, არ უნდა გამოტოვო. ამას ხომ მკითხველისთვის ბეჭდავ, შენს პირად ბიბლიოთეკას ხომ არ ადგენ…
და რაც მთავარია, მთლად გემოვნების მიხედვით არ არის ეს სია შერჩეული. უფრო იმის მიხედვით შეირჩა, რაც ხელთ მოხვდათ. ანუ, რის გამოცემას დრო და თანხები არ დასჭირდებოდა.
LikeLike
+1 lordis azrs.
avaria momwons mec.
da ertic, japrizos rom ar sheitan, arc lerus (klasikuri deteqtivia), imas am janrze saubris (rom araferi vtqvat gamocemaze) ufleba ar aqvs! mteli rigi deteqtivebi gamotoves, saqmea axla es?
LikeLike
ლორდის აზრის რომელ ნაწილს? ლორდმა ისიც, თქვა, შენ ვინ გეკითხება, მანდ რას შეიტანდნენო.
LikeLike
ჩვენც მაგ აღტაცებით დავიწყეთ სერიის წიგნების შეძენა და თუ არ ვცდები ოცეულზე შევჩერდით,,, რაც მართალია მართალია, ზაფხულში წიგნებს ვერ ვწყდებოდი, კარგი დეტექტივი ჩამთრევია. მერე ზოგი აღარ მომეწონა და მოვეშვი…
LikeLike
კარგი დეტექტივი ჩამთრევია, კი, მაგრამ სასურველია, თარგმანიც კარგი იყოს :) ასე ბევრად გემრიელი გამოვა.
LikeLike
მეც სადღაც შუაში გავჩერდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ველოდებოდი მაგ სერიას და რა იმედგაცრუებული დავრჩი :(
LikeLike
მე კი ჩავამთავრე ბოლომდე, მაგრამ რა ხეირი… იმედგაცრუება ჩემი უნდა გენახა, მერი.
LikeLike
საშინელებაა ამ სერიის წიგნები, შინაარსზე რომ არაფერი ვთქვათ, ხარისხი თვითონ წიგნის არის ძალიან დაბალი, რომ ვკითხულობდი მელანი ხელზე მრჩებოდა და მეორეჯერ წიგნის წაკითხვა შეუძლებელი იყო :(
LikeLike
ხარისხი ცალკე თემაა, თუმცა ყდის გაფორმება მომეწონა. ორიგინალური კომპოზიცია იყო.
შინაარსზე კი ვთქვი, რასაც ვფიქრობდი…
ისევ ფასამდე დადის ყველაფერი :(
LikeLike
ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ თავი ბედნიერად ვიგრძენი, რომ ამ სერიას არ “მივყევი” :D კიდევ კარგი, აკუნინი მაინც “დაუფასებიათ” :)
LikeLike
აკუნინი მიხოს პერსონალური დამსახურებაა. ლევიათანიც მისია, აზაზელიც და თურქული გამბიტიც.
LikeLike
ჩამოთვლილ მწერალთა უმრავლესობა არ ვიცოდი, მაგრამ ასეთი აზრი მეც გამიჩნდა, ოღონდ პალიტრა-L-ის სხვა გამოცემასთან დაკავშირებით. აი,”მსოფლიოს რჩეული მოთხრობები”-ს სერია რომ არის.
LikeLike
არა, მარტო მოთხრობებზე, დიტო. აი, ის სუპერ პროექტი რომ არის, სრულიად საქართველოს, სრულიად ქართველ ერს რომ აერთიანებს, 50 წიგნი, რომელიც უნდა იყიდო, სანამ ცოცხალი ხარ (წაკითხვა აუცილებელი რომ არ არის) – იმ პროექტზეც დაახლოებით ამავე აზრის ვარ.
LikeLike
ეგრეა საქმე???
“50 წიგნი, რომელიც უნდა იყიდო”- ძაან მაგარი ნათქვამია! :D ეჰ, სასაცილო კი არა, სატირალია! თაროების შესავსებად ყიდულობს ხალხი წიგნებს!
LikeLike
კი, ნამდვილად ასეა.
ეს საყოველთაო ისტერიკა ლამაზი სუპერების გამოა, თორემ ბალზაკი და დოსტოევსკი, ქუჩის დახლებზე, ლარადაც მინახავს (რუსულადაც და ქართულადაც) და რა ვიცი, რიგები მანდ არ შემიმჩნევია.
LikeLike
სამწუხაროა არადა ამ წამოწყების შესახებ ახლა გავიგე (რაღა წამოწყება მაგრამ მაინც), ძალიან ცამოვრჩი ცხოვრებას და ახალ გამოშვებებს თითქმის აღარ ვადევნებ თვალყურს. გამიმართლა, რომ არსებობს შენი ბლოგი :)
დიდი ხანია თარგმანებზე აღარ მიმდის გული, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად უხარისხობის ბრალია, უბრალოდ თუ მაქვს შესაძლებლობა ბუნებრივია ორიგინალის წაკითხვა მირჩევნია, ან ინგლისური თარგმანის თუ ონლაინ ვყიდულობ.
აკუნინი მიყვარს, თუმცა ლევიათანი არ მომეწონა.
ეს კომენტარი დილით დავწერე, შემდეგ ინტერნეტი გამეთიშა და მხოლოდ ახლა მოვახერხე დატოვება :)
LikeLike
ლევიათანი დეტექტივად საშუალოა. მანდ სასპენსზე მეტად მეორადი, პარალელური სიუჟეტური ხაზები მომეწონა. იაპონელი სამურაის და, განსაკუთრებით, ბარონეტის ისტორია.
ორიგინალი ძალიან კარგია, მაგრამ მე ქართულ თარგმანსაც დიდი ყურადღებით ვკითხულობ. ზუსტადაც, რომ თარგმანის გამო. მაგალითად, ოსტატს და მარგარიტას, ან ლინდგრენს და როდარის. რუსულად ყველგანაა, ოღონდ მე ქართულის ხარისხიც მაინტერესებს. ამ სერიასაც ზუსტად უხარისხობისთვის ვემდური.
LikeLike
მიყვარს დეტექტივები, რაც შეეხება ამ სერიით გამოცემულ წიგნებს მართლაც უხარისხოა. :( ““პალიტრა L”-მა გაკვალული გზით სიარული არჩია და მკითხველს, ჯერ კიდევ “საბჭოთა საქართველოს”, “მერანის”, “ნაკადულის” და სხვა გამომცემლობების მიერ გასულ საუკუნეში დაბეჭდილი დეტექტივები შესთავაზა. არადა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს პროფესიონალი მთარგმნელებიც მოგვიმრავლდა და სალიტერატურო ქართულიც სხვაა – ენა, მოგეხსენებათ, ცოცხალი და მუდმივად განახლებადი ორგანიზმია.” – აჰა! :(
LikeLike
ზუსტად.
LikeLike
ჩეიზი მართლაც კარგი თარგმნილია, მაგრამ გამომცემლებმა ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ მთარგმნელის გვარი სწორად დაეწერათ :))))))))))
LikeLike
ზაზა ჭელიძე წერია და თუ არ ვცდები, ჭილაძე უნდა იყოს. “გუგულის ბუდის” მთარგმნელი.
LikeLike
კი, ეგ არის :)
LikeLike
მე გუგულიც მომწონს. მშვენიერი თარგმანია. სათაურიდანვე ორიგინალური.
LikeLike
ახლა სარტორისს თარგმნის და მგონია, რომ კარგი გამოვა. გუგული მეც მომეწონა.
LikeLike
ფოლკნერს? სორრი, ვორდპრესი ვერ გცნობს და გალოდინებს :(
LikeLike
ერთადერთი ტომი ვიყიდე და უჟას! ჯერ ერთი ხარისხი იყო საშინელი მომითხვარა ხელები, პლუს ამას თუ დიდ ხანს დაადებდით თითს ასოები იდღაბნებოდა.
პრინციპში დეტექტივიც არ ყოფილა ბოლო დონის (ერლ სტენლი გარდენის “ცალთვალა მოწმის ჩვენება”) მაგრამ ერთ ჯერზე წაიკიტხვადა კაცი და დროსაც მოკლავდა, მაგრამ თარგმანიც არ ვარგოდა .. .
აი, დათარსული კაცი წანაკითხი მაქვს, მე მგონი დაახლოებიტ 4-5 წლის წინ წავიკიტხე, ერთი უნდა მოვძებნო და კიდევ ერთხელ გადავიკითხო . . .
LikeLike
რუსულად ან ინგლისურად წაიკითხავდი შენ :)
LikeLike
ისე, დროა თანამედროვე და ნაკლებადჩვენშიგაპიარებულ დეტექტივისტებს მოკიდონ ხელი.
დივერს. ქონელის. მენკელს აუცილებლად. რა თქმა უნდა გრანჟეს.
და ალმოდოვარის ფილმის ფონზე ჟონკეს თუ თარგმნიან არ იქნება ცუდი.
და აკუნინი კიდე ამ საკმაოდ სუსტი წიგნით რატომ დაიწყეს? სოვეტნიკი გამოეცათ.
Comment left from my Kindle Fire via gReader
LikeLike
ეს კომენტარი ქინდლით დატოვე?
LikeLike
Kindle Fire
ლორდი ძერზკია.
LikeLike
აკუნინი ამათ არ დაუწყიათ. მიხო მოსულიშვილმა თარგმნა აზაზელი, თურქული გამბიტი და ლევიათანი. ამათ სერიაში შეიტანეს.
მიხომ ამ სამით რატომ დაიწყო, არ ვიცი. პრინციპში, მას უკეთ მოეხსენება.
რაის დივერი და ქონელი… რა იციან მაგათ დივერი და ქონელი. ეგ ხომ პატრიოტული გამოცემაა. ტრადიციული. “საბჭოთა საქართველოს” და :”მერანის” ფესვმაგარ მუხაზე დამყნობილი ნორჩი ყლორტი.
LikeLike
ჩემი იოტა კი გამოუდეგარია მსგავსი რაღაცებისთვის. მე ისევ ნოუთბუქი მირჩევნია :)
LikeLike