“ქინდლის” წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრებაში, გარდატეხა რომ მოხდებოდა, ადრევე ვიცოდი და იმედი ნამდვილად არ გამცრუებია – კომპაქტურობასა და პრაქტიკულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელექტრონულ თაროზე უკვე ისეთ წიგნებს მოვუყარე თავი, სხვაგვარად ხელში ჩაგდება აშკარად რომ გამიჭირდებოდა.
ირინა ხაკამადას “Sex-ი დიდ პოლიტიკაში” რუსეთში რომ პოპულარული იყო, მსმენოდა. ორიოდე ნაწყვეტიც მქონდა წაკითხული, თუმცა თბილისში არსად წავწყდომივარ – აქ სულ სხვა “სექსი” და “უსექსობაა” მოდაში.
თუ ავტორი არ გეცნოთ – მეცნიერი, ბიზნესლედი, პოლიტიკოსი, მემარჯვენე ოპოზიციონერი, რუსეთის სახელმწიფო დუმის სამგზის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, მთავრობის წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატიც კი გახლდათ. ხმამაღალი რეგალიების მიღმა კი დახვეწილი ინტელექტუალი და ქარიზმატული ქალბატონია.