Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for დეკემბერი, 2011

Santa Claus

ძვირფასო სანტა!

წერილს პირველად გწერ და სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არც კი ვიცი, როგორ გამოგიგზავნო. არა, შენს ელექტრონულ მისამართებს კი მოვიძიებ იოლად –  დარწმუნებული ვარ, სკაიპიც გექნება, თვითერის და ფეისბუქის პროფილიც. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ  ვორდპრესზეც ხარ დარეგისტრირებული და დროდადრო ბლოგებსაც სტუმრობ.

თუ ხელი მომეცარა და ვერ მოგაგენი, გაისად თადარიგს დავიჭერ  – ბარათს ადრიანად დავწერ და ნილსს გამოვატან. ჩვენში დარჩეს და სულ გადაირია ეს ბიჭი, აქაოდა, ბავშვობას მახსენებსო, ყოველ ზამთარს ლაპლანდიაში ატარებს, ოღონდ ბატის კისერზე მგზავრობას უკვე აღარ კადრულობს – იმ დღეს აეროპორტში მოვკარი თვალი, ბიზნეს კლასის ბილეთს ყიდულობდა. ისე, გვარიანად კი დამძიმებულა – საწყალი მარტინი ვეღარც გაუძლებდა.

არ ვიცი, რატომ არასოდეს მომიწერია შენთვის, ერთმანეთს ხომ უხსოვარი დროიდან ვიცნობთ –   საოჯახო ლეგენდის თანახმად, შენს ქართველ კოლეგასთან სტუმრად, პირველად ექვსი თვის ასაკში, ღია მწვანე კომბინიზონში გამოწყობილი გახლდით. ჰოდა, წესით, მას შემდეგ გულითადი მიმოწერა უნდა გვქონოდა გაჩაღებული.

(more…)

Read Full Post »

Happy New Year!

მოლი ბლუმის ბლოგზე ამ წელიწადის უკანასკნელი ოთხშაბათია, ამიტომ, რაც უფრო მხიარული იქნება დღევანდელი ჯეოპარდი, მით უკეთესი! მოდით, ერთად ჩავერთოთ საახალწლო აურზაურში და ისედაც სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო გავიხალისოთ – იქნებ ჩვენი ჟრიამულით თოვლის პაპის ყურადღება მივიპყროთ და საჩუქრები ჩამოგვირიგოს – მერე რა, რომ ბავშვები აღარ ვართ, მათზე ნაკლებ არც ჩვენ გვიხარია ახალი წლის შემობრძანება :)

Good luck!

(more…)

Read Full Post »

nutcracker
ყველაზე უცნაური…ყველაზე ჩახჩახა და ნათელი…

შობა ღამეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ისიც კი, პატარა გოგონა ყველაზე თამამ ოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენს.

ეს სასწაულების და საოცარი გარდასახვების ღამეა.

მკაცრი და პირქუში ნათლია, სინამდვილეში, კეთილი ჯადოქარი აღმოჩნდება და დაუვიწყარ თავგადასავალს გაჩუქებს, შეუხედავი, გატეხილი თოჯინა კი ზღაპრულ უფლისწულად გადაიქცევა, სწორედ ისეთად, ღამღამობით, ბალიშში თავჩარგული პატარა ქალბატონები რომ ნატრობენ.

ჯოხის ერთი აქნევით ჩვეულებრივი ოთახი ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსება.

ნაძვის ხის ფერად-ფერადი სათამაშოები გაცოცხლდებიან და პატარა ჯარისკაცებად იქცევიან.

უძლეველ არმიას სათავეში უშნო და გულადი მაკნატუნა ჩაუდგება…

(more…)

Read Full Post »

Patrick James Lynch . The gift of Magi

ერთი, ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი, ფილმისა არ იყოს, ახალ წელს ტრადიცია მაქვს – დეკემბრის მიწურულს, თაროდან ღია ფერის, ყდაშემოცრეცილ წიგნს გადმოვიღებ და პატარა, სულ ორიოდე ფურცლიან მოთხრობას, ვინ იცის, მერამდენედ ვკითხულობ.

ვინმე რომ დაინტერესდეს, ვერც კი ვუპასუხებ, ასე რატომ ვიქცევი… იმ დროს, როდესაც ირგვლივ სადღესასწაულო სამზადისია გაჩაღებული, სამზარეულოში ათასნაირი გემრიელი სურნელი ტრიალებს და მისაღებ ოთახში კოპწია ნაძვის ხე მხიარულად გვიპაჭუნებს ფერად-ფერად ნათურებს, მე ჩემს საყვარელ სავარძელში ფეხმორთხმული ვზივარ და ლამის გაზეპირებულ სტრიქონებს გულაჩუყებული დავცქერი.

განა თავად არ ვიცი, რომ უცნაური ჩვევაა, მაგრამ რა ვქნა – ო’ჰენრის “მოგვების ძღვენი” თუ არ გადავიკითხე, ჩემს შობას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დააკლდება.

მეასედ უნდა მივადგე  გულგატეხილ, დანაღვლიანებულ დელასთან ერთად ფანჯარას  და თვეების მანძილზე გაჭირვებით დაზოგილი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი გადავთვალო… მერე უმწეოდ უნდა ვადევნო თვალი, როგორ წავა პატარა დიასახლისი მადამ სოფრონიესთან და თავის არაჩვეულებრივ, ულამაზეს თმას დაუფიქრებლად გაიმეტებს – მას ხომ საყვარელი ქმრისთვის საჩუქარი აქვს საყიდელი.

(more…)

Read Full Post »

წითელი ხალიჩა… ათეული ობიექტივის თვალისმომჭრელი სინათლე… მქუხარე აპლოდისმენტები და აღტაცებული შეძახილები… ალბათ, ერთხელ მაინც, ნებისმიერ ჩვენგანს უნატრია ამ მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა. თუმცა, ოცნება მხოლოდ რჩეულებისთვის ქცეულა რეალობად. დღეს, ტრადიციულ ოთხშაბათს, მინდა, ერთად ჩავერთოდ საოსკარო ვნებათაღელვაში და ის ფილმები და მსახიობები გავიხსენოთ, რომელთა სახელებით სხვადასხვა დროს დაბოლოვებულა ლეგენდარული ფრაზა – and the Oscar goes to…

Good luck!

(more…)

Read Full Post »

polenta pizza

თუ ამ ბლოგის ერთგული მკითხველი ბრძანდებით და ახალ–ახალ პოსტებს ყურადღებით ადევნებთ თვალს, არც ჩემი კულინარიული წიაღსვლები დაგრჩებოდათ შეუმჩნეველი. მას შემდეგ, რაც მოლის ვერანდა ზამთრის ბაღად გადაკეთდა, სულ ვაპირებ, მოგუზგუზე ბუხართან, რამე გემრიელობაზე დაგპატიჟოთ. ფუმფულა ხალიჩაზე ფეხი მოვირთხათ, შეშის ტკაცუნს მივუგდოთ ყური და გურმანულ–შემეცნებითი ორგია მოვაწყოთ.

ერთი სიტყვით, მოხერხებულად მოკალათდით, გეთაყვა. მერწმუნეთ, ადგილიც და სასუსნავიც ყველას ეყოფა. თქვენ მიირთვით, მე კი ვეცდები, მასპინძლის მოვალეობას კარგად გავართვა თავი და მოწყენილობა არ გაგრძნობინოთ.

მართალია, უთოვლო, მაგრამ მაინც ზამთარია გარეთ, ამიტომ ვამჯობინე, დღევანდელი მენიუ მხოლოდ გემრიელი კი არა, ცხელიც ყოფილიყო – იმედია, ჩემი უსაყვარლესი პიცას – “როტონდას“ თითო ნაჭერზე უარს არ მეტყვით.

(more…)

Read Full Post »

ვფიქრობ, ბიბლიოფილები დამეთანხმებიან, თუ ვიტყვი, რომ ქართველ მწერლებს დეტექტივების წერა მაინცდამაინც არ უყვართ. მიზეზების კვლევა–ძიება შორს წაგვიყვანს, ფაქტი კი ჯიუტია – სამამულო პარნასი ლიტერატურის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას არ სწყალობს. ორიგინალ თხზულებებს ვინ ჩივის – ხეირიანი თარგმანიც სანატრელია.

სწორედ ამიტომ ველოდებოდი განსაკუთრებული ინტერესით “პალიტრა L”-ის მასშტაბურ საგამომცემლო პროექტს – მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივების მრავალტომეულს. მშვენიერი ჩანაფიქრი მაცდუნებლად იყო დაანონსებული და წესით, ჟანრის თაყვანისმცემლებს ჩინებული საჩუქარი უნდა მიეღოთ.

პირველმა ტომმა მართლაც მასიამოვნა – ჯეიმს ჰედლი ჩეიზის ” დათარსული კაცი” ორიოდე საათში შემომეკითხა. თარგმანი შესანიშნავად იყო ქართულ თარგზე მორგებული, კრეატიულად გაფორმებული გარეკანიც სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა…

სამწუხაროდ, ეს აღტაცება, ყოველი მომდევნო წიგნის გამოსვლასთან ერთად, დილის ნისლივით იფანტებოდა –  სერია, რომელიც შორიდან ასე მიმზიდველად გამოიყურებოდა, არაფრით გამორჩეული, მდარე და უხარისხო ნაწარმოებების კრებული აღმოჩნდა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: