ფანტასტიკა არასერიოზული ლიტერატურააო – ხშირად იმეორებს ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც წიგნის მხოლოდ მაშინ კითხულობს, თუ ავტორი, სულ მცირე, ასი წლის მკვდარია და ოფიციალურ კლასიკოსად არის შერაცხული.
წარმომიდგენია მისი სახე, შემთხვევით ამ პოსტს თუ გადააწყდა – დღეს მოლი ბლუმის ბლოგზე “არასერიოზული” ჟანრის ყველაზე ნაკლებად აკადემიურ მიმართულებას – იუმორისტულ ფანტასტიკას ვიხსენებთ.
Sci Fi-ის და ფენტეზის ჭეშმარიტ მოყვარულებს, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, რობერტ შეკლი, რობერტ ასპრინი და ძმები სტრუგაცკების საკულტო რომანი “ორშაბათი იწყება შაბათს” მოაგონდებათ. მათ შესახებ ოდესმე აუცილებლად დავწერ, ახლა კი ინგლისელ ფანტასტს – ტერი პრატჩეტს გაგაცნობთ.
სერ ტერენსი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერია და “კომედიური ფენტეზის” მეტრად ითვლება. სახელგანთქმული “დისკოს სამყაროს” ოცდათექვსმეტი წიგნიდან ჩემს ბიბლიოთეკაში მხოლოდ “ლიგამუსის” მიერ თარგმნილ-გამოცემული პირველი ორი რომანი – “მაგიის ფერი” და “ფანტასტიური ნათება” მოიძებნება და დიდი იმედი მაქვს, დანარჩენებიც მალე შეემატებიან.