Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი, 2011

Jane Webster. .Daddy long-legs

ქურდობა რომ დასაძრახი საქციელია და მერვე მცნება ამას პირდაპირ გვიკრძალავს, ყველას მოგვეხსენება. მიუხედავად ამისა, წუთით არ მინანია, წლების წინ ჩემი უბნის ბიბლიოთეკიდან ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო“ რომ მოვიპარე. მოვიპარე რა, წამოვიღე და აღარ დამიბრუნებია. რა თქმა უნდა, ეს შეგნებულად მოვიმოქმედე და არა გულმავიწყობის გამო.

დარწმუნებული ვარ, ბევრი გაიფიქრებს – შე დალოცვილო, წაკითხვას ხომ არავინ გიშლიდა, რაღას იპარავდიო, მაგრამ საკმარისია, ერთხელ გადაფურცლოთ ეს წიგნი და მაშინვე მიხვდებით, რამ მიბიძგა ამ სამარცხვინო დანაშაულისკენ.

(more…)

Read Full Post »

mimino movie posterდღევანდელ კითხვებზე პასუხების გასაცემად მოლი ბლუმის სტუმრებს ქართული კინოს ისტორიისთვის თვალის გადავლება დასჭირდებათ. ვგონებ, ეს საქმიანობა არც რთული იქნება და, მით უმეტეს, არც უსიამოვნო. მე კი ისღა დამრჩენია, ყველას წარმატება გისურვოთ,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Segregated Water Fountains“მაშ, თქვენ ბრძანდებით ის პატარა ქალბატონი, ვისმა წიგნმაც დიდი ომი გამოიწვია?” – ამ სიტყვებით მიესალმა აბრაამ ლინკოლნი  თეთრ სახლში სტუმრად მყოფ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს. მაშინ რომ მათთვის ვინმეს ეთქვა – ამერიკაში ფერადკანიანთა პრობლემა ასი წლის შემდეგაც აქტუალური იქნებაო, ალბათ, არც შეერთებული შტატების მეთექვსმეტე პრეზიდენტი დაიჯერებდა და არც “ბიძია თომას ქოხის” ავტორი.

ეს ფოტოსურათი აპარტეიდის სამშობლოში – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ან რომელიმე კოლონიურ სახელმწიფოში გადაღებული არ გეგონოთ. რასობრივი სეგრეგაციის ამ კლასიკურ ნიმუშს ებრაული წარმოშობის ამერიკელმა ფოტოგრაფმა – ელიოტ ერვიტმა 1950 წელს, ჩრდილო კაროლინაში მიაკვლია.

(more…)

Read Full Post »

De Millenium trilogie

გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით – რომელი თქვენგან დაფიქრებულა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძილმორეულმა პეპი გრძელიწინდამ ვილა “ყიყლიყოში” სანთელი ჩააქრო, ხოლო შეუპოვარმა კალე ბლუმკვისტმა მწვანე გაბარდინისშარვლიანი მკვლელი პოლიციას პირდაპირ ლანგრით მიართვა?

აჰა… გაჩუმდით? მაინცდამაინც ნუ დაირცხვენთ – მიუხედავად იმისა, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები ლამის ძილის დროსაც თავქვეშ მეწყო, არც მე მომსვლია აზრად, რომ პეპი და კალე მარადიულ ბავშვებად ვერ დარჩებოდნენ, გაიზრდებოდნენ და კიდევ უფრო მეტ ფათერაკს გადაეყრებოდნენ.

სამაგიეროდ, ჩემსა და თქვენს ნაცვლად, ამაზე ასტრიდის თანამემამულემ – სტიგ ლარსონმა იფიქრა – ეტყობა, ვიმერბიუელი ჯადოქრის პერსონაჟები ბავშვობაში მასაც ძალიან უყვარდა…

აბა, სხვა რით აიხსნება ის ფაქტი, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” წესიერად გადაშლილიც არ მქონდა და მაშინვე კალე ბლუმკვისტს გადავაწყდი.

(more…)

Read Full Post »

ღმერთმა აიღო მზის რამდენიმე კაშკაშა სხივი, რიჟრაჟის ყველა მომაჯადოებელი ფერი, მთვარის კაეშანი, გველის სილამაზე, კნუტის სიცელქე, ბულბულის ხმა, გველის სილამაზე, ბეწვეულის ალერსიანი სითბო, ცეცხლის მცხუნვარება, ყინულის სიმყიფე, თაფლის სიტკბო, ანდამატის მიმზიდველობა-და ერთმანეთში აურია; მერე, მოსაყირჭებელი რომ არ ყოფილიყო,  დაუმატა ვარსკვლავთა ციმციმი, ქარის მოუსვენრობა, ღრუბლების ცრემლთა დენა, მელას ეშმაკობა, ბუზის აბეზარობა, ჯორის სიჯიუტე, ზვიგენის გაუმაძღრობა, ობობას ოსტატობა, ქამელეონის ფერისცვალება, თაგვის შიში, ძუ ვეფხვის ეჭვიანობა, წურბელას შურისგება, გველის შხამიანობა, ოპიუმის მათრობელობა, ზვავის ულმობელობა და სხვა სტიქიური უბედურება. ყოველივე ეს მან შეაზავა, გამოკვეთა სხეული და შთაბერა სიცოცხლე…

ასე მოევლინა ქვეყანას ქალი, რომლის მოდგმას მოლი ბლუმის ჯეოპარდის დღევანდელი ტური ეძღვნება.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

ღრმად კონცეპტუალურ პროზაზე წერა, იცოცხლე, კარგი საქმეა, მაგრამ, ვგონებ, არც იმის გახსენება იქნება ურიგო, რომ წიგნის მაღაზიებში, ბრედბერისა და ბორხესის გვერდით, სხვა ავტორების გვარებსაც ხშირად ვხედავთ ხოლმე. ზოგი პარნასის მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზეა შერჩენილი, ზოგი მთის კალთებს ჩასჭიდებია წრიაპებით, ზოგი კი მოწყენილი სახით ჩამომჯდარა დაბლობზე და არ იცის, რომელ გზას დაადგეს…

რამდენიმე ხნის წინ შვედი მწერლის – კატარინა მასეტის რომანი – “ტიპი მეზობელი საფლავიდან” ჩამივარდა ხელთ. ჩამივარდა რა, რომელიღაც ბიბლიოივენთის დროს შევიძინე, სადაც, როგორც ჭეშმარიტ წიგნის ჭიას შეეფერება, სიახლეების ძებნაში გაფაციცებული დავსუნსულებდი. სათაურმა დამაინტრიგა, ანოტაციაც არ მომეჩვენა ცუდი, ჰოდა, სხვა ნადავლთან ერთად ჩავუძახე ჩანთაში.

თავიდანვე მინდა, გითხრათ, რომ კატარინა მასეტი კარგად წერს. უბრალოდ, გასაგებად, იოლად, ყოველგვარი პერფორმანსებისა და  კრეატიული იდეების გარეშე. ახლა ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ზემოჩამოთვლილის საწინააღმდეგო მქონდეს რამე, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან მარტივ ცხოვრებისეულ პრობლემებზე წერა (და კითხვაც) არც მავნეა და, მით უმეტეს, არც სამარცხვინო. მასეტიც ზუსტად ამ ტიპის მწერალია – შინაურული, ახლობელი და მყუდრო, როგორც ძველი, ჭრიჭინა სავარძელი შეშის ღუმელთან.

(more…)

Read Full Post »

© Ilon wikland. Karlson on the roof

შესაძლებელია, სათაური უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ შეცბუნდებით – არაფერი შემშლია. წერას ნამდვილად ყველასთვის საყვარელ პროპელერიან კაცუნაზე ვაპირებ. მინდა, “ლამაზ, ჭკვიან, ზომიერად ფერ-ხორციან, მოწიფულ მამაკაცთან” დაკავშირებული ჩემი ერთობ უჩვეულო იმპრესიები გაგიზიაროთ.

ამას წინათ, “ფლეიბოის” ძველი ნომრის ფურცვლისას, ერთ სახალისო სტატიას გადავაწყდი  – “ათი საბავშვო რამ, რითაც უფროსებიც ერთობიან”. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიდად არ გამკვირვებია, როცა სიაში, რუბიკის კუბსა და სათამაშო რკინიგზასთან ერთად, ლინდგრენის შედევრიც აღმოვაჩინე.

მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველების უმრავლესობაც, სახურავის ბინადარ კარლსონს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ. ისიც ვიცი, რომ ვასასტანელი ბიჭუნას ღორმუცელა მეგობრის ხსენებაც კი მხიარულ ღიმილს იწვევს და ოინბაზობის გუნებაზე გვაყენებს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ – მსოფლიოში საუკეთესო გადია, მეხანძრე, მშენებელი და შინამტანჯველების მომთვინიერებელი გულის სიღრმეში საოცრად ეული და მარტოსული არსებაა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: