უკვე 20 წუთია ლюკი ფანჯარასთან დგას, პერანგის ღილს აწვალებს და ცარიელ ქუჩას გასცქერის. юკიმ დაურეკა ნახევარი საათის წინ, ფლюკი ჩამოიყვანეს, დედა აქვს ნატირები, ხომ არ გვენახაო. ალბათ მალე მოვა юკი. ლюკიმ კარგად იცის რა ეცმევა юკის: ჯინსის, უსასრულოდ მოკლე ქვედაბოლო; ვიწრო, იდაყვებსა და მკერდზე გადაქექილი ყავისფერი ტყავის ქურთუკი; შოკოლადისფერი მაღალი წინდები და ლურჯი კედები.
юკი
აქვს მუქი ყავისფერი თმა, შავი თვალები, 172 სანტიმეტრია, იწონის 52 კილოგრამს.
შემოდგომის ბოლოს 26 წლის ხდება юკი. რვა წელია თავს და ოჯახსაც ბოზობით არჩენს და არასდროს წუწუნებს არც ის და არც მისი ოჯახი. ერთადერთი რაზეც წუხს, მისი ტყავის ქურთუკივით გადაქექილი სასირცხო ბაგეებია, რომლებიც ხანდახან ტკივილისაგან ისე უფეთქავს, რომ წვის დასაამებლად ცივი შხაპის მეტი არაფერი შველის. მალამო და საცვლები ჩანთით დააქვს. ჩანთით დააქვს მარლბორო, სანთებელა (რომელიც თითქმის არასდროს ინთება), მუქი პომადა (ყოველი შემთხვევისათვის), ყვითელი საფულე, ხელსახოცში გახვეული ორცხობილა, რომელსაც ყოველთვის დაჰკრავს იმ სუნამოს გემო, რომელი სუნამოც ჩანთაში უგდია და კიდევ ბევრი პრეზერვატივი (ხანდახან მომაკვდავებსაც უდგებათ)…
მოკლედ, юკი იმითი გამოირჩევა იმ ქალაქის სხვა ბოზებისაგან, რომ ყველას არ აძლევს, მომაკვდავებს ემსახურება. ხუთი წლის წინ, ლюკის ბაბუის ”უკანასკნელი ამოსუნთქვაც” юკი იყო. ”მიყვარხარო”, ისე ხაოდა მოხუცი კაცი, ისე ებღაუჭებოდა დამჭკნარი ხელებით მოქნილ თეძოებზე юკის, რომ კარგა ხანი სილურჯეები ვერ მოიცილა. საძინებელი კარის ჭუჭრუტანიდან უყურებდა ბაბუისა და საუკეთესო მეგობრის ძიძგილაობას ლюკი და ვერაფრით წარმოედგინა, ისეთ რა ძალას ფლობდა ეს გაჩხინკული გოგო, რომ მომაკვდავებს საიქიოში წასვლის სიმძიმეს საჯდომის ერთი მოქნევით უმსუბუქებდა. ლюკის ჩამომდნარი ბებია კი იდგა მისაღებ ოთახში, უჩვეულოდ წამოწითლებული, აღგზნებული თვალებით, მარილებისაგან დაგრეხილ თითებს იმტვრევდა და მომაკვდავი ქმრის ყოველი ”მიყვარხარ” გულში დანასავით ესობოდა. ქმრის დაკრძალვიდან ერთ კვირაში ლюკის ბებია საკუთარ საწოლში, საცვალჩახდილი და გულგახეთქილი იპოვეს. ექიმებმა დაასკვნეს, რომ მისმა ავადმყოფმა გულმა ქმრის სიკვდილს ვერ გაუძლო, თუმცა, საცვალი რატომ ჩაეხადა, ამის ამოცნობა ვეღარ შეძლეს. юკი ლюკის და ფლюკის ბავშვობის მეგობარია.
ლюკი
აქვს ღია წაბლისფერი თმა ნაცრისფერი თვალები 183 სანტიმეტრია იწონის 75 კილოგრამს
ბავშვობიდან ვერ იტანს მამას. 7 წლის ხდებოდა, შუაღამისას რომ გაეღვიძა და მშობლების ოთახიდან არც თუ ისე მშვიდობის მომასწავებელი ხმა შემოესმა. საწოლთან ჩამოკიდებულ ნათურას ჩამოჰკრა ხელი, შუქი აანთო, იღლიაში ბალიში ამოიჩარა და მშობლების ოთახისაკენ წატყაპუნდა. კარი ღია დახვდა, შიგნით შესვლა მაშინ გადაიფიქრა, როცა ქუჩიდან შემოსული შუქით განათებულ ოთახში დაჩოქილი დედიკოს დუნდულებს, მის ოქროსფერ თმებში ჩაბღაუჭებული მამიკოს ძარღვიან ხელებსა და წელში გადაზნექილ სხეულს მოჰკრა თვალი. ვერაფრით მიხვდა, რატომ ჰქაჩავდა მამა დედას ოქროსფერ თმას (რომელსაც თითქმის ყოველთვის ციტრუსის სურნელი დაჰკრავდა) და რატომ ისვამდა მის თმებს ფეხებშუა. საწოლში დაბრუნდა, საბანი წაიფარა თავზე და გადაწყვიტა, პირველივე შესაძლებლობისთანავე მამა მოეკლა. ეს განზრახვა სულ რამდენიმე დღეში არასრულფასოვნად, მაგრამ მაინც მოიყვანა სისრულეში: მოკვლა ვერ გაბედა, სამაგიეროდ, ვისკით გალეშილ მამას ძირში გაკორტნა წაბლისფერი, გრძელი თმა, რომელიც იმ პატარა ქალაქის ქალებში დიდ ვნებათაღელვას იწვევდა. ალკოჰოლით გაბრუებულმა მამამ ისე სცემა პატარა ლюკი, რომ რამდენიმე დღე სკოლის ავტობუსს სამზარეულოს ფანჯრიდან ხელის ქნევით აცილებდა.
ლюკიმ დეტალურად უამბო ფლюკის და юკის მშობლების საწოლ ოთახში ნანახი ამბავი. ვერაფრით გაარკვიეს, რატომ აგლეჯდა ლюკის მამა ლюკის დედას ოქროსფერ თმას, თუმცა ლюკის მამაცური საქციელი ბავშვური აღტაცებით მოიწონეს, პატარა юკიმ ლюკის გასამხნევებლად გახეთქილ ტუჩზეც კი აკოცა, მერე ხელისგულში კარამელი ჩასჩარა და ჰკითხა: ”ლюკ, მეც ხომ ლამაზი თმა მაქვსო”. ფლюკი კი ენერგიულად ღეჭავდა ”ბაბლ გამს” და ერთი სული ჰქონდა, როდის დართავდა ნებას ლюკი მისი კალის ჯარისკაცებით ეთამაშა.
ფლუკი
აქვს შავი თმა დიდი, გაურკვეველი ფერის თვალები 195 სანტიმეტრია იწონის 90 კილოგრამს
ავღანეთი. ნატოს შეიარაღებული ძალები. ბაგრამის საჰაერო ბაზა. 05:45 ივნისი 2010
– ლეიტენანტო ფლюკ, ყველაზე მეტად რა გენატრება?
– შაქარმოყრილი ვაშლის პუდინგი.
– ლეიტენანტო ფლюკ, ახლა აქედან რომ გაგვიშვან, სად წახვიდოდი?
– სახლში.
– ლეიტენანტო ფლюკ, ახლა რომ გითხრან, ერთ საათში თალიბები შენს ნაფლეთებზე იცეკვებენო, რას იზამ?
– 59 წუთის გასვლას დაველოდები.
– ლეიტენანტო ფლюკ, ახლა უცებ კარი რომ გაიღოს, ყველაზე მეტად ვისი დანახვა გაგიხარდება?
– Jesus – ის
– ლეიტენანტო ფლюკ, რისი გეშინია?
– სიკვდილის და წითელი ფერის
– აბა აქ რა გინდა, ლეიტენანტო ფლюკ?
– ბავშვობაში ჯარისკაცებით თამაში მიყვარდა.
– ლეიტენანტო ფლюკ, ახლა ვის იხმარდი?
– ობამას.
– ლეიტენანტო ფლюკ, პირველად როდის აგიდგა?
– ჭიქა გვქონდა სახლში, წყალს რომ ჩაასხამდი, ფსკერზე შიშველი ქალის გამოსახულება ჩნდებოდა, ერთ დილასაც, ისევე როგორც წინა დღეს და იმის წინა და იმის წინა დღეს, ჩავასხი წყალი, მოვიყუდე და თვითონაც ვერ მივხვდი, როგორ ამიდგა. სკოლის ავტობუსში გაჩაჩხული ავედი.
– ლეიტენანტო ფლюკ, ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
– ლюკი და юკი
– ლეიტენანტო ფლюკ, გულის ჯიბით რა დაგაქვს?
– კალის ჯარისკაცი.
– ჯარისკაცების მეტი რა ვართ აქ, ლეიტენანტო ფლюკ?
– ჩვენ კალისები არა ვართ, კაპიტანო!
* * *
რამდენჯერმე გააფრთხილა ექვსი წლის ფლюკი ლუდით გამტყვრალმა მამამ, მაგ მაუზერს ”პირში აქვს მიცემული”, ნუ თამაშობ, არ გავარდესო… ზუსტად მაშინ გავარდა მაუზერი, როცა ფლюკმა ”ბაბლ გამის” უშველებელი ბუშტი გახეთქა. ტვინგასხმული ქმარი და თვალებგაფართოებული ფლюკი დედამ სასადილო ოთახში იპოვა. ქმრის სიკვდილი ფლюკის დედამ 40 დღე იგლოვა. ფლюკმა – მხოლოდ ორი: ორშაბათს სკოლის ავტობუსს ჩანთამოკიდებული შეახტა… უბრალოდ, თვითონაც ვერ მიხვდა რა დაემართა, როცა მძღოლის წითელი ქურთუკის დანახვაზე წამოაზიდა და გვერდზე მჯდომ ნაწნავებიან გოგონას კუბოკრულ კაბაზე დაარწყია.
* * *
11 წლის შემდეგ, ფლюკმა პირველად რომ იჟიმავა, მაშინ მიხვდა, რისი სურნელი დაჰკრავდა მის ქვრივ დედიკოს მარჯვენა ხელის შუა თითზე, თმას რომ უსწორებდა ხოლმე.
* * *
ის ის იყო ფლюკმა თვალი მოხუჭა და აფეთქების ხმაც გაისმა. დილის 7 საათი ხდებოდა, თვითმკვლელმა თალიბებმა ალაჰის სახელით ბაგრამის საჰაერო ბაზას რომ შეუტიეს – როგორც შავი ჰაერის ბუშტები ისე სკდებოდნენ თალიბები. საით მიქროდნენ მათი სულები, ძნელი სათქმელი იყო. აი ჯარისკაცებისათვის კი ჯოჯოხეთის ცეცხლი ავღანეშთი, ქაბულთან ახლოს, ბაგრამში დაენთო. აფეთქებული თალიბები ჰაერში სისხლისა და ტროტილის სუნს, ქვიშაზე კი ხორცის ნაფლეთებს ტოვებდნენ. პირქვე დამხობილი რამდენიმე ჯარისკაცი სიცოცხლეს ქვიშიანი ფრჩხილებით ებღაუჭებოდა, რამდენიმე ჯარისკაცი კი ისე აეზილა ერთმანეთში აფეთქებას, რომ მართლა ირწმუნებდა მათი მნახველი კაცის თიხით მოზელვის ამბავს. ღრიალი, ბღავილი, ხავილი, მტვრის სქელ ნისლში იკარგებოდა. ფლюკმა საწოლიდან წამოდგომა ვერ მოასწრო, ისე წააცალა აფეთქების ტალღამ ცალი ფეხი. მკერდის არეში წვა იგრძნო და გონება დაკარგა. ბაგრამის საჰაერო ბაზას მზე მოადგა. მალე ბუზებიც გამოჩნდებიან.
* * *
– ლюკ, ტელევიზორს აუწიე რა, – სამზარეულოდან გამოსძახა დედამ
– …
– არ გესმის ლюკ? აუწიე ტელევიზორს!
– აუ, შემეშვი რა Mom, მკიდია
– ლюკ, რაო რას ამბობენ, რამდენი დაიჭრაო?
– არ მისმენია, юკის ველოდები
– სად მიდიხარ?
– ფლюკი ჩამოიყვანეს, საავადმყოფოშია. – …
Panasonic TC-P50S2
გამოსახულება – ავღანეთში ნატოს ამერიკული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი გენერალი დევიდ პეტრეუსი – მხრებში გამართული, მშვიდი (თითქოს მშვიდი), გაწონასწორებული (ესეც თითქოს), მის Speech – ს სიმტკიცე აკლია.
აუდიო – ”ავღანეთში მდგომარეობის საბოლოო გამოსწორებამდე, შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს. მხოლოდ ივნისში თალიბანთან ბრძოლას ნატოს შეიარაღებული ძალების 100-ზე მეტი სამხედრო შეეწირა. მიმდინარე წელს კი დაღუპულთა რაოდენობამ 320-ს გადააჭარბა”.
Fuck You All – ლюკი ფანჯარას არ შორდება ისე იგინება. შარვლის ჯიბიდან მობილურს იღებს, юკის ტელეფონს კრეფს… არ პასუხობს…
… ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა Morrison – ი, რომ ”People are Strange” – დაახლოებით ორი ათეული წლის შემდეგ ტელეფონის Ringtone-ად იქცეოდა და მეტიც, წამლის სუნით აყროლებულ ოთახში, юკის ჩანთაში აწკლიალდებოდა. არადა არ სცალია юკის. დაკავებულია юკი, სექსით არის დაკავებული. უფრო ზუსტად კი ცდილობს 16 წლის მომაკვდავი Ricky ისე არ გამოესალმოს სიცოცხლეს, რომ ასოთი ქალის საშოს სითბო და ენით კერტების სიმკვრივე არ იგრძნოს. ეს Ricky-ის მამას სურს ასე, თორემ თავად Ricky თითქმის ვეღარაფერს გრძნობს. სიმსივნესთან ორწლიანმა ბრძოლამ ისე დაასუსტა, განძრევის თავიც აღარ აქვს. წევს საწოლში გაფითრებული და ოდნავ გახელილი თვალებით юკის თითებს აკვირდება, რომლებიც ისე დასრიალებენ მის შიშველ სხეულზე, როგორც ყინულზე გამხდარი გოგონები. აი, როგორც მაშინ, 3 წლის წინ, გაყინულ ტბაზე რომ სრიალებდა მეზობლის ტყუპებთან ერთად, რომლებსაც მისი აზრით, დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი თვალები და ტუჩები ჰქონდათ. ვერაფრით გაერკვია Merry უფრო მოსწონდა თუ Kerry. მთავარი იყო, რომ გვერდით ჩავლისას, ყინვისაგან ოდნავ დახეთქილი გოგონების ტუჩებიდან გამოსული ორთქლი, მის ორთქლს შეერეოდა ხოლმე და ისიც წარმოიდგენდა, თითქოს ხან ერთს კოცნიდა და ხან მეორეს… მერე წითელბერეტიანი დედა დაუძახებდა ხოლმე გოგონებს, გათოშილ ლოყებს ჩაუკოცნიდა, ხელებს ჩაჰკიდებდა და სამივენი სახლის გზას გაუყვებოდნენ, ქრებოდნენ.
Merry-ა თუ Kerry? Kerry-ა თუ Merry? მის გათოშილ სხეულზე მოსრიალე юკის თბილ და თლილ თითებს აკვირდება Ricky და ცდილობს გაარკვიოს Merry-ა თუ Kerry? Kerry-ა თუ Merry? ხან თვალებში უყურებს მათ, ხან ყინვისაგან დამსკდარ ტუჩებზე ეფერება ხელთათმნიანი თითებით. ხან აღმოსავლეთით აპარებს თვალს, წითელბერეტიანი დედა ხომ არ ეძახითო, მერე გულდამშვიდებული, რომ დედა არსად ჩანს, ჯერ ერთს ჰკოცნის ტუჩებში, მერე მეორეს. მერე ხან ერთს შეუყოფს ხელს ფეხებშუა და ხან მეორეს. მერე უფრო თამამდება, ხელთათმანს იძრობს, ყელამდე შეკრულ ქურთუკს უხსნის ჯერ Merry-ს, მერე Kerry-ს და ახლადამობურცულ მკერდზე გაყინული თითის წვერებით ეფერება. ტერფებიდან წამოსული სითბო, ზევით, ფეხებშუა იყრის თავს. გოგონებს ქუდებს ხდის, ნესტიან თმებში უცურებს ხელებს, უკან ქაჩავს და ჩამთბარ კისერში ჯერ ერთს კოცნის, მერე მეორეს. შეწითლებული ყურის ბიბილოებს ენის წვერით უსველებს, ყინულზე აწვენს ორივეს, თვითონ შუაში წვება, მარცხენა ხელს Merry-ს ადებს მუცელზე, მარჯვენას Kerry-ს და დნება ყინული, ტყდება ყინული და მიცურავენ სამივენი მწვანე ტბაში… შიშველ სხეულებზე ხავსი ეხვევათ და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს არცერთს არ სცივა… ტბის ფსკერზე წითელბერეტიანი დედა ელოდება გოგონებს ცხელი და რძიანი შოკოლადით ხელში… ორივეს ჭიქიდან თითო ყლუპი შოკოლადი Ricky-სია.
юკიმ სრულყოფილად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. Ricky-ს მამის ცრემლები მომაკვდავი შვილის მონაცრისფერო სპერმას შეერია… “People are stranger, when we are stranger”, – юკის მობილური ისევ რეკავს…
– ლюკ, 10 წუთში შენთან ვიქნები, გარეთ გამოდი რა.
– მთელი დილაა გელოდები
– საქმეზე ვიყავი… გზაში ვარ
– ცივა გარეთ?
– არა, უბრალოდ გრილა, მგონი
– კარგი, გელოდები და ისა, ნეტა, ფლюკი გვიცნობს?
– მივიდეთ და ვკითხოთ
– კარგი юკ, მალე მოდი რა.
– Mom, სად არის შენი ვაშლის პუდინგი? ფლюკი გველოდება მე და юკის… ალბათ გველოდება, ჩაილაპარაკა ლюკმა, გახამებულ ტილოში გახვეულ პუდინგს ხელი წამოავლო და კარი გაიხურა.
შორიდანვე დაინახა юკის თეთრი ფორდი. ხელი დაუქნია. юკიმაც ფარები აუციმციმა, დაგინახეო, ანიშნა.
– ღილი აგწყვეტია პერანგზე,
– юკიმ მკლავზე ჩამოქაჩა ლюკის და სხვათაშორის გაუღიმა.
– ჰო, ვიცი.
– ორცხობილა გინდა?
– მანქანა დაძრა юკიმ, მარცხენა ხელით საჭე მოატრიალა, მარჯვენა ხელი კი უკანა სავარძელზე გადაყო, ჩანთა გადმოათრია და ქექვა დაიწყო.
– მოიცადე, რა, წინ იყურე, რა დროს ორცხობილაა, – აფორიაქდა ლюკი.
– დილიდან არაფერი მიჭამია, მოძებნე რა. ერთიც შენ აიღე. ლюკმა ჩანთაში ჩარგო თავი და ხელსახოცში გახვეული ორცხობილები ამოაძვრინა. ერთი юკის მისცა, მეორე თვითონ გაიქანა პირში და მაშინვე უკან გადმოაფურთა:
– აუ, ეს რა არის, რა სუნამოს ხმარობ? რა გემო აქვს ამ ორცხობილას?
– არ მოგწონს? აზრზე არ ვარ რა სუნამოა, ერთ-ერთი კლიენტის ცოლმა მაჩუქა, მადლობის ნიშნად, ჩემი ქმარი ასეთი კმაყოფილი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში არ მინახავს და ახლა რაღა მომკლავს, ვიცი იმქვეყნად ბედნიერი წავიდაო.
– ტფუ, კაი რა, მიცვალებულის სუნი ასდის ამ სუნამოს და ამ ორცხობილასაც.
– ჰოო? მაშინ ამოიღე ჩანთიდან და მოისროლე ფანჯრიდან.
– შენც მიცვალებულის სუნი აგდის.
– ჰოო? შეიძლება მოკვდა კიდეც ის ბიჭი და ალბათ იმისგან გამომყვა. სახლში შერბენა ვეღარ მოვასწარი, პირდაპირ შენთან წამოვედი.
ლюკს გააჟრჟოლა, გახამებულ პირსახოცში გახვეული პუდინგიდან წამოსულ თბილ ოხშივარზე წამოაზიდა და ფანჯარას ჩამოუწია. გრილი ნიავი შემოვარდა მანქანის სალონში და ვაშლის პუდინგის სურნელი გარეთ გაიტანა. შუქნიშანზე გაჩერდნენ. юკიმ ახლა სავარძლის ქვეშ დაიწყო ხელების ფათური:
– აუ, ალბათ მანდეთ გადმოგორდა, ხელი შეყავი რა, Jack Daniels უნდა დაგორავდეს მანდ.
– წინ იყურე რა юკ, მწვანე აინთო, რა დროს Jack Daniels-ია, დაძარი მანქანა.
– მოიცა რა, ცოტა მოვწრუპოთ. – როგორ ფიქრობ, გვიცნობს ფლюკი?, – Daniels გამოაძვრინა ლюკიმ სავარძლის ქვეშიდან და юკის მიაწოდა.
юკიმ Jack Daniels მოყლურწა და ლюკის გადააწოდა.
– юკ, როგორ გგონია, გვიცნობს ფლюკი?
– ვერა ლюკ, ვერ გვიცნობს. აპარატზეა მიერთებულიო. რაც ჩამოიყვანეს, გონზე არ მოსულა.
– კალის ჯარისკაცები მომყავს ფლюკისთვის, – შარვლის ჯიბიდან მუჭში მოქცეული სამი ჯარისკაცი ამოიღო ლюკიმ.
– აუ, გახსოვს, როგორ უყვარდა ამ ჯარისკაცებით თამაში? – ქაბულში რომ მიდიოდა, ერთი მთხოვა და ვაჩუქე, გულზე ჩამოიკიდა და ისე წავიდა.
– ლюკ, მაგარი უცნაური სიზმარი ვნახე წუხელ…
– რაო, რა ხდებოდა?
– რა და, ვითომ მაღაზიებში დავდიოდი ტანსაცმლის საყიდლად. ვიტრინებში კი მანეკენების ნაცვლად მკვდარი პოლიტიკოსები გამოეფინათ. კუბოებში იწვნენ პიჯაკებსა და ჰალსტუხებში გამოწყობილები და სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდათ. აი იცი როგორ იყო? რომ იცი რომ მკვდრები არიან, მაგრამ თან ცოცხლებიც არიან. დავდიოდი და ვარჩევდი, რომელი მეყიდა, რომელი მომიხდებოდა. გამყიდველები მთელი მონდომებით მიხსნიდნენ, რომ ერთს ქვეყნის თავდაცვა ებარა, მეორეს ეკონომიკა, მესამეს განათლება, მეოთხეს ჯანდაცვა, მეხუთეს მთლიანად U.S. დავდიოდი და ვერაფრით ვარჩევდი შესაფერისს, ბოლოს მაგრად რომ დავიღალე, დავიკიდე და ერთი სასხვათაშორისოდ წამოვაყოლე ხელს. ხელს რა, გამოვათრიე კუბო, ჩემი ფორდის თავზე შემოვდე, ის მკვდარი პოლიტიკოსი გვერდით მოვისვი, აი შენს ადგილას რა და პირდაპირ მანქანაში იმდენი ვიჟიმავეთ, სანამ მეც არ მოვკვდი. მერე ის მკვდარი წამოხტა, ტელევიზორად იქცა და ამერიკელებს სიტყვით მიმართა. იმდენად პათეტიკური და ბანალური იყო, რომ საიდანღაც გაჩენილი პულტით გამოვრთე, მერე მის კუბოში ჩავწექი, გულზე ხელი დავიკრიფე და მდინარეში გავცურე. მაგარი სირობაა, არა? – კი, მაგარი
ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ინტენსიური განყოფილების თეთრ პალატაში ფლюკის გული სუსტად ფეთქავს. უფრო სწორად, ფლюკზე მიერთებული აპარატი ფეთქავს სუსტად. შიშველი ფლюკი ზეწარგადაფარებული წევს და მიცვალებულისაგან თითქმის არაფრით განსხვავდება.
– არაა, ნაღდად ვერ გვიცნობს ფლюკი,
– ვაშლის ღვეზელი სკამზე ჩამოდო ლюკიმ და მუჭში ჩაბღუჯული კალის ჯარისკაცებიც იქვე მიყარა.
– მოკვდება? – დაბნეული და Jack Daniels – ით შემთვრალი юკი საკუთარ თავს ეკითხება. მომაკვდავებთან ურთიერთობა მისი ”პროფესიაა”, მაგრამ ფლюკი, მისი ბავშვობის მეგობარი, გამუდმებით ”ბაბლ გამის” სურნელი რომ დაჰკრავდა ლოყებზე… – კალის ჯარისკაცი რომ ყოფილიყო, ხომ არაფერი დაემართებოდა? – მაშინ დადნებოდა, – საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული юკი ოდნავ შესამჩნევად წაბარბაცდა,
– ლюკ, ახლა რომ მოვეფერო, ვერაფერს იგრძნობს?
– გაგიჟდი юკ, რა უნდა მოეფერო, ვერ ხვდები? თითქმის მკვდარია.
– მერე რა? ”თითქმის” არ ითვლება
– წამოდი რა юკ, წამოდი რა…
– ორი წუთით გარეთ დამიცადე, ok?
юკიმ ზეწარი გადააცალა დაფლეთილ ფლюკის. მკერდში ჩამდნარ კალის ჯარისკაცს ვერცხლისფერი იარა დაეტოვებინა მისთვის. თითქმის არ სუნთქავდა. ჯერ ქურთუკი გაიძრო, მერე მაისური, გვერდში მიუწვა:
– ფლюკ, ჰმ, მგონი Jack Daniels-მა დამათრო… გახსოვს ანდერსენის ”კალის ჯარისკაცი”? იმისი მუყაოს ბალერინა? ლюკი როგორ ტიროდა ხოლმე გახსოვს? რატომ დადნაო… ფლюკ, შენ ყოფილხარ ის კალის ჯარისკაცი. დგას ახლა ლюკი გარეთ და დარწმუნებული ვარ, ბღავის. აი, შენთვის მოვირგე პუანტები, თმაც შენთვის გავიკარი კეფაზე. ახლა შემიძლია გიცეკვო დიდხანს, დიდხანს, ძალიან დიდხანს, სანამ სულ არ დადნები… შენ კი მანამდე აისხი იარაღი და მიდარაჯე, ცეცხლი არ წამეკიდოს უცებ, შემთხვევით… ფლюკის გრილ სხეულს юკი მკერდით ეკვრის.
ინტენსიური განყოფილების თეთრ პალატაში ფლюკის გულის სუსტი ფეთქვის ხმა ოდნავ ძლიერდება, юკის გულის ფეთქვას უთანაბრდება, ცოტა ხანში კიდევ უფრო ჩქარდება, კიდევ უფრო და რამდენიმე წამში ერთ უწყვეტ და მწვანე ზოლად გადაიქცევა… ვერც ფლюკი, ვერც юკი და ვერც Jack Daniels სიკვდილს ვერ მოერივნენ. პალატაში ვაშლის პუდინგის სურნელი დგას… ალბათ Jesus-იც მალე შემოაღებს კარს.
* * *
юკის თეთრი ფორდი შეშლილივით მიჰქრის იმ პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩაზე და თან მიაქანებს ლюკისაც. ორივენი ჩუმად სხედან. Jack Daniels იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე юკის ეგონა. თითქმის ვერაფერს ხედავს. უკანა სავარძელზე გამოცარიელებული Daniels დაგორავს, დახრიალებს. ლюკი პერანგის ღილს ათამაშებს და ელვისებური სისწრაფით მქროლავ ხეებს გვერდითა ფანჯრიდან აყოლებს თვალს. იმ პატარა ქალაქის შუქნიშნები აღარ ანათებს თეთრი ფორდისათვის…
* * *
მაშველებს ზუსტად 40 წუთი დასჭირდათ იმისათვის, რომ მკვდარი юკი ფორდიდან ამოეყვანათ. ლюკის ხელი ჰქონდა მოტეხილი, სახე юკის სისხლით მოსთხვროდა, ხელში კი პერანგის ღილი შერჩენოდა. Daniels სავარძლის ქვეშ შეგორებულიყო და გაყურსულიყო.
ფლюკი და юკი ერთ დღეს დაკრძალეს. ფლюკის არლინგტონის სასაფლაოს მე-60-ე სექციაში გაუთხარეს საფლავი. ჰაერშიც გაისროლეს, გამოსათხოვარი სიტყვაც თქვეს – ”ამერიკელი ხალხის გულები სათუთად შეინახავს ავღანეთში დაღუპული კიდევ ერთი შვილის სახელსო”. юკიმ იმ პატარა ქალაქის სასაფლაზე, ბედნიერი კლიენტების გვერდით ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი
* * *
ლюკი დგას ფანჯარასთან, ცარიელ ქუჩას გასცქერის, ხელში კალის ჯარისკაცი უჭირავს და ეკითხება: – ჯარისკაცო, მე ვინღა შემიმსუბუქოს საიქიოში წასვლის სიმძიმე, საჯდომის თუნდაც ერთი მოქნევით?..
Cast
ლюკი as ლюკი
ფლюკი as ფლюკი
юკი as юკი
მომაკვდავი ბაბუა as მომაკვდავი ბაბუა
აღგზნებული ბებია as აღგზნებული ბებია
ლюკის მშობლები as ლюკის მშობლები
ფლюკის ტვინგასხმული მამა as ფლюკის ტვინგასხმული მამა
ფლюკის ქვრივი დედა as ფლюკის ქვრივი დედა
ავტობუსის წითელქურთუკიანი მძღოლი as ავტობუსის წითელქურთუკიანი მძღოლი
კაპიტანი as კაპიტანი
თალიბები as თალიბები
mom as mom
Ricky as Ricky
Marry as Marry
Kerry as Kerry
სპეციალური მოწვევით:
David Petreus as David Petreus
and
Jack Daniels as Jack Daniels
2010
THE END
მინდა წაკითხვა. ხვალისთვის გადავდებ! :*
LikeLike
d’accord! :)
LikeLike
ნინოს ეს მოთხრობა მართლა ძალიან მომწონს. უაღრესად ემოციური ტექსტია. ნამდვილად ვერ ვამჯობინებ რომელიმე სხვას (თუმცა ნინო ყოველთვის უკიდურესად ემოციურად წერს) ამიტომაც მშვიდად ვტოვებ ავტოგრაფად ჩემს მწვანე ქუდს.
LikeLike
ერთერთიუ საუკეთესო მოთხრობაა, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე წამიკითხავს.
LikeLike
სრულად გეთანხმები, ლიბიკა :) გამახარე შენი გამოჩენით :)
LikeLike
პირველად გამიჭირდა კომენტარის დატოვება – ემოციების შესაფერი სიტყვები ვერ ვიპოვე…
LikeLike
მე ვფიქრობ, საუკეთესო ნინოა, მერი :) ძალიან მწარედ და დაუნდობლად დაწერილი.
LikeLike
ძალინ ვისიამოვნე. შესანიშნავი მოთხრობაა!
LikeLike
ლიტერატურული სასუსნავი ჭეშმარიტი გურმანებისთვის :)
LikeLike
ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ :)
LikeLike
მოლის ბლოგის მკითხველებს მშვენიერი ლიტერატურული გემოვნება აქვთ, ამელი :)
LikeLike
ამაში ეჭვი არც მეპარება :)
LikeLike
ფაქტი სახეზეა :)
LikeLike
Super, ძალიან მომეწონა, მშვენიერია )))
LikeLike
ორივე ხელით გეთანხმები! :)
LikeLike
ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება მკითხველის აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რა მოეწონა მოთხრობაში. ვიცი, ნამდვილად არ არის ეს ადვილად დასაწერი, მაგრამ როგორც ავტორს, ძალიან მაინტერესებს. მაინტერესებს ის თუ რამდენად ემთხვევა ჩემი და მკითხველის აზრები ერთმანეთს :)
და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოლის :)
LikeLike
წესით, მადლობა შენ გეკუთვნის სტუმრობისთვის, ამელი :)
პ.ს. ბლოგის აქაუნთით რატომ არ სარგებლობ? ბევრად მარტივია.
LikeLike
ჯერ მაგდენში ვერ გავერკვიე, მოლი :)
LikeLike
wordpress.com – მერე შენი username და password.
და შენთან ხარ უკვე.
ნაკლებსაც იწვალებ და კომენტარებსაც უფრო კარგად დატოვებ.
LikeLike
ხო, და კიდევ ისიც მაინტერესებს, რა არ მოეწონათ. პრინციპში ეს უფრო საინტერესოა :)
LikeLike
ამასაც დაწერენ :) შენ კარგად იყავი და კრიტიკოსი აუცილებლად გამოჩნდება :) ერთი მაინც :)
LikeLike
მოთხრობა ემოციურია და რაღცნაირად იკითხება, აი წაკითხვა რო არ გინდა და მაინც კითხულობ. თუმცა მომკალი და….. არ მინდა მოლის ვაწყენინო, მაგრამ ამ მოთხრობის დაწერა უფრო ტრაგიკულ-ცრემლიან ჟანრში შეიძლებოდა :) კრიტიკოსიც გამოვჩნდი :)
LikeLike
მოლისაც და ავტორსაც საინტერესო კრიტიკა უფრო გაუხარდება :)
უფრო ტრაგიკულში როგორ, გლამთაია? ამას, ვითომ, ტრაგიზმი აკლია? :)
LikeLike
ვფიქრობ აკლია. ავტორმა გმირების ემოციურობა წარმოაჩინა მხოლოდ სექსუალური განხრით რაც თავისთავად ამცირებს ტრაგიზმს. უკეთესი იქნებოდა თუ ავტორი ფლюკის და юკის ურთიერთობას უფრო ღრმა საფუძველს დაუდებდა. ალბათ ამ მოტხრობაში ყველაზე მეტი ტრაგიზმით ლюკის პერსონაჟია დატვირთული, რადგან ის მარტო რჩება. და კიდევ ერთი რამ ისტორიის დასასრული აბესალომის და ეთერის end-ს მაგონებს. ერთი მურმანი აკლია. ხოდა ძალიან ცუდია რომ ავტორმა მურმანის ელემენტებიც არ დაუმატა (ლюკის სახით) ზოგი იტყვის ბანალობაა, მაგრამ ორიგინალურ მოთხრობას უხდება ბანალური შტრიხები. უფრო პროზაულს, ახლობელს და ხელშესახებს ხდის მას.
მოკლედ იმდენი ვწერე თავი კრიტიკოსი ლატუნსკი მგონი “ოსტატი და მარგარიტადან” :)
რას იტყვი მოლი საინტერესო კრიტიკაა?
LikeLike
საინტერესოა, რა თქმა უნდა :) შემოიხედავს ნინო და თავის აზრს დაწერს.
მე ერთს ვიტყოდი – სამივე პერსონაჟი თანაბრად ტრაგიკული მგონია. იუკი, რომლის საქმიანობაც თვით მეძავებისთვისაც სპეციფიკურია, ფლუკი, რომელსაც თავის დროზე “მაუზერი” გაუვარდა (გავეშვათ იმას, რომ თავი სხვის ომს შესწირა) და ლუკი, რომელიც მარტო რჩება…
ამის კიდევ დამძიმებეა, ჩემი აზრით, უკვე ზედმეტი იქნებოდა. ან მეტი რა უნდა დაამძიმო…
სექსი – სექსი ეს ტილოა. ანტურაჟი. ფონი. გმირები ამ ფონზე უკეთ ჩანს.
LikeLike
დიდი მადლობა glamtaia :) საინტერესო იყო შენი შეხედულება ჩემს მოთხრობაზე. იმდენი დამატებითი შტრიხი შემოიტანე ჩემს მოთხრობაში, რომ ამ პატარა ნოველის საკუთარი ინტერპრეტაციაც კი შეგიძლია დაწერო :)) რაც შეეხება სექსისა და ტრაგიზმის ურთიერთქმედებას, რა ვიცი, მე პირიქით მგონია, ეს გაცილებით მეტ დრამატიზმს სძენს მოთხრობას :) რადგან თავად სექსი, ზოგადად ერთი პატარა ტრაგედიაა :))) აბა წარმოიდგინე – რამდენი სპერმატოზოიდი კვდება ყოველი სექსის დროს :)) რამდენი გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი მოსთქვამს სისხლიანი ცრემლებით :))) ჰო, რა თქმა უნდა, ვხუმტობ და ცოტათი უტრირებასაც ვაკეთებ ამ ყველაფრისა, მაგრამ არის ამაში რაღაც ლოგიკა :)))
LikeLiked by 1 person
მე ქასტი მომწონს ძალიან :) ქასტის კონფიგურაცია. საბრძოლო ვერტმფრენს ჰგავს :)
LikeLike
ხეხ, მე მაგას არც კი დავკვირვებივარ :)) მართალი ხარ, მართლა საბრძოლო ჰელიკოპტერს გავს :))
LikeLike
მე შენი კრეატივი მეგონა :)
LikeLike
maset creativze ver vqachav :)))
LikeLike
აბა კი… სხვას უთხარი ასეთი მტკნარი ტყუილი და ცილისწამება :)
LikeLike
რაც მართალია, მართალია. სპერმადოზოიდსა და კვერცხუჯრედს თავი რომ დავანებოთ, მოთხრობაში სექსი ხელოვნებაა. ვფიქრობ არა ფონი არამედ უფრო ხელშესახები, თვით ტილოს მთავარი ფიგურა. შენც მართალი ხარ სექსი ავტორის სურვილისამებრ კომიკოსადაც გადაიქცევა და ტრაგიკოსადაც. არის კიდევ ერთი მომენტი რაც ამ მოთხრობაში იუკის და ფლიუკის ბოლო სცენა არ იყო შიშველი სექსი უბრალოდ იყო შეხება ნდობა და ნამდვილად უჩვეულო ნახვამდის.
ბოლოს ორი რაღაც მინდა გითხრათ ასე გახსნილად ლაპარაკისთვის დიდი მადლობა. მხოლოდ ჩემს მშობლებთან შემიძლია მსგავსი საუბარი. ანუ მე იმას ვგულისხმბ რომ მოლიმაც და ამელიმაც სერიოზულად მიმიღო 13 წლის ბავშვი. და კიდევ ამელის მინდა ვუთხრა არ მიიღო არაფერი პირადულზე. მე ყველა ნაწარმოებს ვაკრიტიკებ, ერთხელ ვაჟა ფშაველას ლექსს მივდექი და მასწავლებელმა ლამის გარეთ გადაგდო.
და თუ საიდუმლო არ არის ამელი, რამდენი წლის ხარ?
LikeLike
ამელი 32 წლის არის :)) 13 წლის მოზარდებში კი ყველა ნიუანსის გაკტიტიკება ჩვეული ამბავია :) ძალიან ჩვეული :)
LikeLike
არა, უმრავლესობას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ყველა ჩემსავით დარტყმული კი არაა:) ერთი კითხვა მაქვს. ამელიმ ხვდებოდა, ჩემს ასაკს როცა მეკამათებოდა? კამათში დისკუსიაში უფროსები ერიდებიან წარმოთქვან ტაბუდადებული სიტყვები :)
LikeLike
არა, უმრავლესობას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ყველა ჩემსავით დარტყმული კი არაა:) ერთი კითხვა მაქვს. ამელიმ ხვდებოდა, ჩემს ასაკს როცა მეკამათებოდა? კამათში დისკუსიაში უფროსები ერიდებიან წარმოთქვან ტაბუდადებული სიტყვები :) და კიდევ სად შეიძლება წავიკითხო ამელის სხვა ნაწარმოებები?
LikeLike
13 წლის მოზარდი პატარა ბავშვი აღარ არის, რომ მასთან ტაბუდადებულ თემებზე საუბარს მოერიდო. თუკი მსოფლიო გამოცდილებას გავიზიარებთ, სწორედ ამ ასაკიდან იწყებენ მოზარდები სექსუალურ ცხოვრებას, ასე რომ აქ ტაბუდადებული აღარაფერია. რაც შეეხება სხვა მოთხრობებს, შეგიძლია წიგნის მაღაზიებში იპოვო წიგნი სახელწოდებით ”სათაური 37-ე გვერდზე”, ავტორი ნინო თარხნიშვილი. ანუ მე :)
LikeLike
აუცილებლად მოვნახავ. არ შეიძლება მწერალი შეაფასო მხოლოდ ერთი ნაწარმოებით. :)
LikeLike
რავიცი თავი შევიკავე გუშინ კომენტარის დაწერისგან.
ჯერ იმით დავიწყებ რომ საერთოდ მიყვარს ამელი <3
რაღაცნაირად წერს შიშვლად არაფერს მალავს, საინტერესო სიუჟეტები აქვს ხოლმე :)
ეს მოთხრობაც მომეწონა განსაკუთრებით ჩანართი ანდერსენის "კალის ჯარისკაცზე"
მოკლედ მიყვარს რა ეს გოგო თავისი ნაწერებით, განსაკუთრებული შარმით და მომკალით :) <3
LikeLike
:) didi madloba agatako :)
gamixarda, chem nacerebs rom kitxulob :)
albat mec gicnob, magram axl ver vxvdebi romeli xar :)
LikeLike
არა მგონია მიცნობდე, მეც არ გიცნობ. მხოლოდ ნაწერებით :)
LikeLike
mashin mit ufro metad mixaria sheni es posti. roca ucnobi geubneba rom mosconxar, e.i. martla mosconxar :)
LikeLike
გულახდილად და მძაფრად წერს ამელი… გტკივა, როცა კითხულობ.
LikeLike
მოლიი, ისა.. :შ უნდა გაგაფრთხილო რა… რაღაცა “საშინელება” ჩავიდინე ჩემს ბლოგზე, ხოდა ლინკი შემეცვალა… :შ და ამის შემდეგ თუ რამე ვერ ვუშველე, იცოდე, რომ nanakoust13.wordpress.com – ზე ვიქნები… :\
LikeLike
ემოციების ქვეშ ვარ, ძალიან მომეწონა.
LikeLike
მადლობა ნინოს სახელით :)
ჩემგანაც მადლობა, რომ მესტუმრე, ნინაკა :)
LikeLike
mec vityvi madlobas chemi saxelit :)
LikeLike
ვააა მოლი :) აი ემ სოუ სირპრაიზდ :) აი ძლაიან მომეწონა ;) ძლაიან აკრგად გამოგდის და ამხელა მოთხრობა ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე :) ძალიან საინტერესო და კარგი სიუჟეტი იყო :) კიდე დაწერე ხოლმე რა მოთხრობები :) მართლა ბრავო :))
იეშო ხაჩუ ))
LikeLike
ჩემი დაწერილი არ არის, ჯესი. ნი-ტას გესტ პოსტია.
LikeLike
უიმე კი არ მინახავს ავტორი.. სორრით ფორ მისანდერსტენდინგ :)
კარგია მაინც :))
LikeLike
მაინც კარგია კი არა, ნი-ტას მოთხრობა რომ არის, იმიტომაა ძალიან კარგი :) :)
ნი-ტა ნინო თარხნიშვილია – ძალიან კარგი თანამედროვე მწერალი. ჩემი გემოვნებით, ერთ-ერთი საუკეთესო :)
LikeLike
დამტვირთა…
როგორი ემოციურია, მძიმე – იმ ადამიანეში, რომლებიც ნიჰილისტურები და უემოციოები უნდა იყვნენ ცხოვრების მძიმე გაკვეთილებით, რამდენი ადამიანური სითბოა.
ძალიან, ძალიან მომეწონა!
მადლობა, მოლი
LikeLike
ვორდპრესმა, რატომღაც, სპამად აღიქვა შენი კომენტარი და ახლა აღმოვაჩინე.
მადლობა ამელის ეკუთვნის, ამ მოთხრობის ავტორს. მე მხოლოდ მასპინძელი ვიყავი.
ნიჰილისტების და უემოციოების არ მესმის. მართლა. და კიდევ იმას ვერ ვხვდები (და ვერ მივხვდები ვერასოდეს) ცინიზმი ინტელექტის ნიშნად რატომ ითვლება.
მე პირიქით მგონია.
LikeLike
შესანიშნავი გესთპოსტია <3 ძალიან ვისიამოვნე კითხვისას.
მოლი შენ გილოცავ,პირველ გესთპოსტს :)
LikeLike
მადლობა ანა :) შენ და ამელის :)
LikeLike
ძალიან მომეწონა. არ იყო უხამსობა, ჰო, ნამდვილად არ იგრძნობოდა. სამივე ზედმეტად უბედური ადამიანია.
ლიუკი უბედურია, რადგან სრულიად მარტო რჩება.
ფლიუკი უბედურია, რადგან მამა მოკლა. მოკლედ, ნორმალური ბავშვობა არ ჰქონია.
იუკი უბედურია. უბრალოდ უბედური ადამიანია. ბოზობით არჩენს თავის თავსა და ოჯახს.
ყოჩაღ, ნინო. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე მოთხრობებს ხშირად ვკითხულობდი-მეთქი, რადგან ტყუილი იქნება, თუმცა ახლა დავიწყებ ხშირ-ხშირად ქექვას. იქნებ, ასეთ კარგ ჩანაწერს კიდევ გადავაწყდე.
ძალიან მომეწონა ისიც, რომ გამართული ქართულით ეწერა.
მოკლედ, 10/10. **
LikeLike
ამ მოთხრობას +18, მგონი, ტყუილად მივაწერე.
ბევრ ზრდასრულ მკითხველზე უკეთ გაგიგია, მაცო :)
ნახე ნინოს მოთხრობები. მერწმუნე, არ ინანებ.
და დიდი მადლობა ჩემი და ნინოს სახელით :)
LikeLike
ასეთ კარგ კომპლიმენტს შეფერება როგორ უნდა, არ ვიცი ნამდვილად.
მოლიკო. :*******
LikeLike
ისწავლე ნელნელა :) გამოგადგება :)
LikeLike
http://lib.ge/body_text.php?6338
LikeLike
გადასარევი ნგესტ პოსტია. ძალიან მომეწონა მოტხრობა
LikeLike
გადასარევი გესტ პოსტია. ძალიან მომეწონა მოტხრობა
LikeLike
ნინოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობაა.
დანკე!
LikeLike
კრიტიკოსი ერთიც გამოჩნდებაო და კრიტიკას ვერ შევკადრებ, უბრალოდ საცოდავ დედიკოს ცუდი ჩვევა ქონია, შვილს ბინძური ხელებით როგორ ეხებოდა.
LikeLike
ყველა დედა დედა ხომ არ არის? :)))
ეს ისე, ხუმრობით :)
LikeLike