მოლი ბლუმის ბლოგის მუდმივი მკითხველი, რასაკვირველია, შეამჩნევდა, რომ თბილისის წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით უკვე გავესაუბრეთ ორ კომპეტენტურ ადამიანს – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნინო გოგინაშვილს და ქართული ფენტეზის ჟანრის ამაღორძინებელ მწერალს – ნატო დავითაშვილს. მათი ნააზრევის პოსტის სახით შეთავაზებამ ვიზიტორების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ კიდევ ერთი იდეა მომივიდა თავში და გადავწყვიტე, ინტერვიუერის როლში ამჯერად მკითხველის პოზიციიდან მოსაუბრე ადამიანი წარმომედგინა თქვენთვის. არჩევანი პოპულარული და ხელოვნებაზე ორიენტირებული ბლოგის “ხელოვნების მახეს” ავტორზე – როდეზე შევაჩერე. დარწმუნებული ვარ, მისი შეხედულებები დაგაინტერესებთ და არც საკუთარი აზრის გამოთქმას დაგვზარდებით.
როდე, შენი ბლოგის სახელიც რომ არ იცოდეს, მკითხველს თვალის ერთი გადავლებაც ეყოფა იმის აღმოსაჩენად, რომ “ბლოგოსფეროს თეთრ ყვავთა” საზოგადოებას მიეკუთვნები – ხელოვნებაზე წერ…
დიახ, ეს ცოტა სარისკო და „სასაცილოცაა“, როდესაც ბლოგის ფუნქცია უფრო მეტად ადამიანის პირადის გაშუქებით შემოიფარგლება და მკითხველების უმეტესობაც მსგავსი ტიპის ბლოგებს ჰყავთ. უნდა გამოვტყდე, რომ თავიდან მეც ასეთი ტიპის ბლოგინგს ვაწარმოებდი, მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო მაინც ხელოვნება იყო. გამუდმებით ვცდილობ, მოვძებნო გადმოცემის ახლებური ფორმები, რათა უკეთ დავამყარო კონტაქტი მკითხველთან. დასაწყისში საკმაოდ მშრალი ტექსტები მქონდა და ვატყობდი, რომ დაინტერესებაც ნაკლები იყო. ნელ–ნელა შემოვიტანე საკუთარი პირადის ელემენტებიც. შეზავებულმა ექსპერიმენტმა გაამართლა.
ძალიან მომწონს ივენთების, ღონისძიებებისა და პრეზენტაციების გაშუქება, რომელთა უშუალო მონაწილეც ვარ. ასეთი ტიპის პოსტებს უფრო ჟურნალისტიკური კუთხით ვუდგები, თუმცა არ მავიწყდება საკუთარი აზრის გაზიარებაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენნაირი ბლოგების მკითხველთა სეგმენტი მცირეა, მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თოთოეული ვიზიტორით და შენი ბლოგის საშუალებით ყველას გულითად მადლობას ვუხდი გამხნევებისთვის.
უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს შეინიშნება სწრაფვა ხელოვნების თემებით დაინტერესებულ ბლოგერების გააქტიურებისა, საკმაოდ წარმატებულადაც და ამის ბრწყინვალე მაგალითი მოლი ბლუმის ბლოგია! მახარებს ყოველი ასეთი წამოწყება.
ბუნებრივია, წიგნის ფესტივალი შენთვის რიგითი ღონისძიება არ არის…
რა თქმა უნდა, წიგნი ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია, შესაბამისად, რაც წიგნიერებას უკავშირდება, ჩემს დიდ ყურადღებას იმსახურებს. ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როდესაც, გარკვეული მიზეზების გამო, აბსოლუტურ ინერტულობას ვიჩენდი ყოველგვარი ღონისძიებების მიმართ, მხოლოდ სახლის ბიბლოთეკით შემოვიფარგლებოდი და საკუთარი სამყაროს წარმოსახვასა და მშენებლობაში ვატარებდი დღეებს. შემდეგ ადამიანებით დავინტერესდი და მათი წიგნიერი სამყაროს შეცნობა მომესურვა. ჯერ ვირტუალურ სამყაროში ვიაქტიურე და გავაკეთე ბლოგი, შემდეგ რეალობაშიც გადმოვინაცვლე და წიგნის ფესტივალთან პირველი შეხებაც სწორედ 2010 წელს მოხდა.
წიგნის ფესტივალების დროს უპირველეს ყურადღებას წიგნებს ვუთმობ და მომწონს ის მიზანი და სივრცე, სადაც ყველაფერი წიგნის გარშემო ტრიალებს. ასეთ დღეებში საშუალება მაქვს, აღმოვაჩინო ახალი ისტორიები ადამიანებზე, ახალი იდეები და აზრები. გავიცნო ახალი მწერლები და მათი ქვეყნები.
როგორც ვიცი, შარშანდელ ფესტივალს “ხელოვნების მახე” აქტიურად აშუქებდა…
დიახ, შარშანდელ ფესტივალს ვესწრებოდი, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა. გავაშუქე პირველი დღე და ასევე ბაკურ სულაკაურის მიერ ორგანიზებული დაჯილდოება „წლის საუკეთესო მოთხრობა“.
ამბობენ, ბლოგერები ყველაზე მომთხოვნი და წუნია მკითხველები არიანო. საინტერესოა, შარშანდელი ფესტივალი დღეს როგორ გახსენდება.
ალბათ, ასეა, მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ყველაფერი კულტურასთან დაკავშირებული, რომ ნაკლზეც შესაძლებელია, დავხუჭო თვალი, თუმცა მაინც ვასახელებ მათ, მომავალში გამოსასწორებლად, მათსავე სასიკეთოდ.
არ მომეწონა, „ივენთჰოლზე“ რომ შეჩერდა არჩევანი, ცოტა უფრო მეტი სივრცე იყო საჭირო და წლევანდელი ფესტივალიც გაცილებით საინტერესო ამიტომ მგონია. გარდა ამისა, სიცხეც მიქმნიდა დისკომფორტს [თუმცა, ეს ხომ ორგანიზატორების ბრალი არ იყო], მიუხედავად ამისა, გულდასმით დავათვალიერე თითოეული გამომცემლობის სტენდი და ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მწერლის, ჰერმან ჰესეს რომანიც შევიძინე. მართალია, ჩემი ჯიბე კიდევ გასწვდებოდა რამდენიმე წიგნის შეძენასაც, მაგრამ ჩემთვის შესაფერისი ვეღარაფერი ვნახე.
იქნებ გაგვიმხილო, რას ელი წლევანდელი ფესტივალისაგან?
წლევანდელი ფესტივალისაგან სწორედ ჩემგან ბევრი ფულის დახარჯვას ველი. ანუ მსურს უფრო მეტი საიტერესო წიგნისა და ავტორის აღმოჩენა. ბოლო დროს მომრავლდა თარგმანები და ამის იმედიც მაქვს.
უნდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნება, თუ შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ საბავშვო ლიტერატურას – ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული მგონია, როდესაც გამომცემლები მხოლოდ ასეთი ტიპის გამოცემებზე აკეთებენ აქცენტს.
ჩამოწერილი მაქვს სასურველი წიგნების სიაც, ასე რომ დაახლოებითი მონახაზიც მაქვს, თუ რის შეძენას ვაპირებ და რას მინდა, მივაქციო ყურადღება.
წინასწარ ვიცი, რომ კომფორტულად ვიქნები, რადგან „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში დიდი სივრცეა. ასევე შენი წინა ინტერვიუებიდანაც ჩანს, რომ უფრო მეტი სიურპრიზი და კრეატივი დაგვხვდება წიგნის მოყვარულებს. ასე რომ, სულმოთქმენლად ველი ფესტივალის დაწყებას!
23 აპრილს, დედაენის ბაღში თუ იყავი? “წიგნის ფესტივალის გენერალური რეპეტიციიდან” გამოყოლილი შენი შთაბეჭდილებები მაინტერესებს…
სამწუხაროდ, ვერ დავესწარი. დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო გარემო დახვდებოდათ მისულ ადამიანებს წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
როდე, კარგად ვიცი, რომ წიგნის მაღაზიების მუდმივი სტუმარი ხარ. საინტერესოა, როგორია შენი თვალით დანახული დღევანდელი საგამომცემლო ბიზნესი და მისი პრიორიტეტები? რა მოგწონს, რა გაკმაყოფილებს, რის გაუმჯობესებას ისურვებდი…
მოდი, კონკრეტულ გამომცემლებზე არ შევჩერდები და ზოგადად დავასახელებ ცუდსა და კარგს: ყველაზე მეტად არ მომწონს, როგორც აღვნიშნე, აქცენტი რომ კეთდება საბავშვო ლიტერატურაზე. ან ასე ვიტყვი: ბოლო დროს იმდენი კარგი რამე გამოსცეს ამ კუთხით, რომ ჩვენი პატარების ბავშვობა საკმაოდ იქნება უკვე უზრუნველყოფილი, ასე რომ გადავინაცვლოთ უფროსი თაობებისკენაც!
დღევანდელობამ ბიზნესს ფეხი უნდა აუწყოს, ყველაფერი მოგებისკენაა მიმართული. ამავეს უნდა აკეთებდნენ საგამომცემლო სახლებიც, რადგან ხელოვან ხალხს, ფინანსური თანადგომა ესაჭიროება. პრაქტიკულად არ არსებობს ქართველი მწერალი, რომელიც მხოლოდ საკუთარი წიგნიერი მოღვაწეობით იცხოვრებდეს. ჩემი ოცნებაა, კულტურული მოღვაწეობა საქართველოში დაფასებული იყოს და მასში მოღვაწე ადამიანების ცხოვრებაც – უზრუნველყოფილი.
ვისურვებდი კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ჩვენ არ გვყავს შემფასებელი, რომელიც ქება–დიდებისა და დაცინვის გარდა რეალურ და ობიექტურ კრიტიკას დაწერს. ეს ხელოვნების ყველა სფეროს ეხება. ამას წინათ გამართულ დისკუსიაში „არტკრიტიკა საქართველოში“, რომელსაც ლიტერატურის მუზეუმი მასპინძლობდა, ბატონმა გოგი გვახარიამ გააჟღერა ინიციატივა – შეიქმნას ჟურნალი, რომელიც აქცენტს მხოლოდ კრიტიკულ ესსეებსა და განხილვებზე გააკეთებს. ალბათ, კარგი იქნება, გამომცემლები თუ გაერთიანდებიან და დააარსებენ ასეთი ტიპის, ხელმისწვდომ და ადვილად გავრცელებად ჟურნალს.
თუ გახსოვს, შარშან სამედიცინო უნივერსიტეტში ფრიად ორიგინალური ბიბლიოაქცია ჩატარდა…
დიახ, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა აქცია, რომელიც მოიცავდა როგორც წიგნების ყიდვა–გაყიდვას, ასევე მწერლებთან შეხვედრას. მოწყობილი იყო „მრგვალი მაგიდის“ ტიპის კუთხეები , სადაც მოწვეული მწერლები ესაუბრებოდნენ მოსულ სტუმრებს. მნახველს თავად შეეძლო არჩევანის გაკეთება და იმ მწერლის „გუნდთან“ დაჯდომა, რომლის გულშემატკივარიც უფრო იყო ან რომელიც უფრო მეტად აინტერესებდა. ეს იდეა ძალიან მომეწონა. მე აკრიანის „გუნდში“ გავწევრიანდი.
“ხელოვნების მახეს” დიდი ხანია, ვკითხულობ და ვიცი, რომ “ბიბლუსის” ცნობილი ბიბლიოპროექტის აქტიური გულშემატკივარი ხარ. ორიოდე სიტყვა 50 წიგნით შემოფარგლულ აუცილებელ საკითხავზეც გვითხარი.
დიახ, ჩემი „ხ“ლოგისთვის ერთ–ერთი წარმატებული ამბავია. ზოგადად ბლოგერობამ, ბევრად გაამრავალფეროვნა ჩემი ცხოვრება. წარმატებიბიც მას უკავშირდება, ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობაც…
რაც შეეხება პროექტს, როგორც კი კონკურსი გამოცხადდა, არც დავფიქრებულვარ, ისე მივიღე მონაწილეობა. რამდენიმე ეტაპიანი შერკინების შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებულიც. ჩვენ წიგნის გამოსვლამდე ვწერთ მიმოხილვას და ინტერნეტმომხმარებელს წინასწარ ვუზიარებთ ჩვენს აზრსა და დამოკიდებულებას. ჯილდოდ კი უფასოდ ვიღებთ 50 წიგნის თითოეულ ტომს.
ყველაზე მეტად რაც მომწონს, არის ის, რომ არაფერში ვართ შეზღუდულები. რა ფორმატშიც გვსურს, ვწერთ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, ეს კრიტიკა იქნება თუ პირიქით. ზოგჯერ სულაც არ ვწერთ მომდევნო წიგნზე და მკითხველს, ჩვენი აზრით, ამ ორმოცდაათში მოსახვედრ აუცილებელ წიგნების მიმოხილვას ვთავაზობთ. ლოგიკურია, პროექტის ყველა წიგნზე ისეთი გემრიელი პოსტი ვერ გამომივა, როგორიც მაგალითად, ბულგაკოვისა და შექსპირის მიმოხილვისას იყო, მაგრამ ვცდილობ, მკითხველი ყველანაირ შემთხვევაში მოგებული დარჩეს.
დასასრულს, მინდა მადლობა გადაგიხადო მოწვევისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მინდა, შენი ბლოგის თითოეულ მკითხველს წარმატება ვუსურვო შენთან ერთად. მოლი ბლუმის ბლოგი ნამდვილი აღმოჩენაა და მეტად სასურველი ბლოგერი მთელს ქართულ საბლოგეთში!
როდე, სასიამოვნოა მოლის ბლოგზე რომ შეგხვდი, ასეთ კარგ მკითხველსა და ბიორკის დიდ მოყვარულს.
LikeLike
ძალიან საინტერესო ბლოგია “ხელოვნების მახე” :)
LikeLike
ნამდვილად საინტერესო ბლოგია და სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე… “თეთრი ყვავების საზოგადოება” მომეწონა, მოლი:)
LikeLike
მე თუ არა, მერის დახვეწილ გემოვნებას მაინც ენდეთ :)
სიამოვნებით ვკითხულობო, ამას ჰაიჰარად ნამდვილად არ ამბობს.
LikeLike
აბა, მე რას ვამბოდი აქამდე? ა?
LikeLike
რას ამბობდი, გრიო? :) “მახე” რომ უკარგესი ბლოგია, ამაშინ შენც გვეთანხმები?
LikeLike
საინტრესო იყო :-)
როდეს კარგად არ ვიცნობ ჯერ, მერე შევუვლი ალბათ ;-)
LikeLike
შეუარე, გვირილა, არ ინანებ :)
LikeLike
მეც და ჩემს მეგობრებსაც ჩამოწერილი გვაქვს ფესტივალზე საყიდი წიგნების სია . მოუთმენლად ველოდები 26 მაისს. საინტერესო რესპოდენტია რიდე
LikeLike
უდაოდ :)
თუ საიდუმლო არ არის, სიას ვერ გაგვანდობთ? ჩვენც გამოგვადგება :)
LikeLike
ჩემი საყვარელი ბლოგერი სტუმრად ჩემს მეორე საყვარელ ბლოგერთან :))) მაგარია!
საბავშვო წიგნებთან დაკავშირებით 100% სიამრთლეა, მიუხედავად იმისა 3 შვილი მყავს და უნდა მიხაროდეს ამდენი წიგნი, მეც ვფიქრობ, რომ 10 სახეობის წითელქუდა და კონკია უკვე ზედმეტია. უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს მოზრდილებისთვის განკუთვნილ წიგნებს, ძალიან ბევრია სათარგმნი და გამოსაცემი :)
LikeLike
აბსოლუტურად გეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ლიტერატურას ახლაც დიდი ხალისით ვკითხულობ. სხვათა შორის, მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურაც კატასტროფულად მცირეა, არადა, უამრავი წიგნის გამოცემა შეიძლება, მარტო ზღაპრებზე ორიენტირება არ არის კარგი.
LikeLike
ადრეც მითქვამს, მერი, გემახსოვრება შენ, წიგნის სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვებზე, ძირითადად, საბავშვო ლიტერატურა გამოაქვთ მეთქი… მიზეზს მართლა ვერ ვხვდები.
LikeLike
ეს სტუმრობები მეც მომეწონა :) სულ არ არის აუცილებელი, მიზეზად ფესტივალი გვქონდეს. დროდადრო, თვეში ერთხელ მაინც, ასეთი ინტერვიუების ჩაწერა, ვფიქრობ, გაამართლებს :)
საბავშვო ლიტერატურას რაც შეეხება, აბსოლუტურად მართალი ხართ როდეც, მერიც და შენც – რაოდენობა აშკარად გადაჭარბებულია.
LikeLike
მაპატიეთ ამდენი ხნით რომ დავიგვიანე. მინანქრის სახელოსნოში გახლდით.
ძალიან გახარებული ვარ, მოლი, ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა.
მადლობა დადებითი შეფასებებისთვის!
იმედი მაქვს, წიგნის ფესტივალი თქვენს მოლოდინებს გაამართლებს.
LikeLike
მადლობა შენ, როდე, სტუმრობისთვის :)
წიგნის ფესტივალს ყველა ერთად ველოდებით და დიდი იმედი მაქვს, ზუსტად ისეთი გამოვა, ჩვენ რომ გვინდა.
LikeLike
საბავშვო წიგნებთან დაკავშირებით როდეს მოსაზრებას ვეთანხმები ერთი გამონაკლისით – მიმაჩნია რომ ყველაფერი ნაურაზე გამოიცემა და არა თემატურად, რაც ბავშვის ჩამოყალიბებაზე და მომავალ ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე იმოქმედებს…
მოლი, ნეტა უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარა” მანახა და არ მინდა სხვა წიგნები… თუმცა, მეც ვატყობ, ბევრ წიგნს გამოვიყოლებ..
LikeLike
მართალი ხარ, სტრატეგია არ არსებობს, ან თუ არსებობს – ძნელად შესამჩნევი…
ქანქარა, რუსულად, იქნებ იყოს კიდეც და ქართულად – მეეჭვება… ვითომ მოასწრეს თარგმნა და გამოცემა?
LikeLike
გეხვეწები ჩემი კომენტარი ჩაასწორე რა)))
ხო მოლი რუსულად არის, მე კიდევ ქართულადაც მინდა, არა,მგონი არავის მოსვლია აზრად მაგის გადმოქართულება..
LikeLike
წინათგრძნობა თუ არ მღალატობს, მალე თარგმნიან :)
“ვარდის სახელის” შემდეგ ქანქარას ჯერია :)
სხვათაშორის, დიოგენეს საკონკურსო პოსტი დავწერე. დღეს ღამით გამოვაქვეყნებ. ზუსტადაც რომ “ვარდის სახელზე”.
LikeLike
ველოდები)
LikeLike
თორმეტზე მზად იქნება :)
LikeLike
შემშურდა როდესი. სიამოვნებით მივიღებდი მსგავს მიმოხილვაში ესეთ პრიზს– საოცარი წიგნებია… ვცდილობ რომ ერთი–მეორის მიყოლებით ვიკითხო, და ორ კვირიან ინტერვალებშ ჩავჯდე. მაგრამ უდროობის გამო ვერ ვასწრებ ზოგჯერ.
ძლიან საინტერესოა ბლოგია ორივე. :)
LikeLike
როდეს ბლოგი უფრო ძველია, შესაბამისად – უფრო დამსახურებულიც :)
კონიაკის პრინციპი ბლოგებშიც ამართლებს :)
LikeLike
მოლიი… სურათზე ბიჭი, რომ არის იმას იცნობ?
LikeLike
სურათზე რომ ბიჭია, იმისი ინტერვიუა, ჯესი :)
LikeLike
ჩემი ძველისძველი ამხანაგიაა :)) ერთი სამი წელია არ მინახავს :))) სულაც არ მეგონა რომ ბლოგი ექნებოდა… :)))) უხ უსაყვარესი ადამიანია <3
LikeLike
აგერ, გვერდით აქვს ბლოგი, ჯესი :) ხელოვნების მახე :) თან – ძალიან კარგი :) ჰოდა, ესტუმრე :)
LikeLike
ხოო ვნახე :))
LikeLike
ნაის :)
LikeLike
^_^ მმ, რა კარგი ბლოგი ჰქონია და მე კიდე აქამდე ვზარმაცობდი და არ ვკითხულობდი…
LikeLike
ბლოგი უმაგრესი აქვს, ქევან, ერთადერთი მინუსით – ვორდპრესზე არ არის და მანდ გასავლა საშინლად ჭირს – უღმერთოდ ჭედავს ჩემი კომპიუტერი.
სხვა მხრივ, ფანტასტიური ბლოგია :)
LikeLike
პ.ს. ჯანი როდარის ბიოგრაფია თარგმნა უკვე? მის ბგლოგზე გეგმებს წავაწყდი და იქ კომენტარი ვერ დავტოვე :(
LikeLike
ალბათ ჯერ არა.. თორემ გამოაქვეყნებდა, ან რაღაცას მაინც იტყოდა და გავიგებდით.
LikeLike
არა ჯერ არ მითარგმნია, ვეძებ მასალას :) + ვზარმაცობ ჯერ… ;დ
LikeLike
არ გამოგვაპარო :) გემრიელად დააშეარე, ვორდპრესზეც რომ გავიგოთ, თორემ გამოგვრჩება და ასეთი რაღაცის არწაკითხვა ცოდვაა :)
LikeLike
შესანიშნავი ინტერვიუა! დღევანდლამდე ვერ მოვახერხე ამის დაწერა :)
გამაცანით როდე :)
LikeLike
როდე ბლოგსფოთელია და ვორდპრესზე ისე ხშირად არ ჩანს, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა :)
მადლობა, ლიბიკა :)
LikeLike
აი, თურმე როგორი ყოფილა როდე, არადა ყოველთვის, როცა მის პოსტებს ვკითხულობდი, შუახნის ასაკის თმა-წვერ-შეთეთრებულ კაცად წარმომედგინა :)))
ორივე ბლოგი – სტუმრის და მასპინძლის – ჩემთვის ძალიან საყვარელი საკითხავია <3
LikeLike
სენქს ე ლოთ :) ჩემგანაც და როდეს სახელითაც :)
LikeLike