თბილისის წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი ნელნელა ახლოვდება და მეც თანდათან მიმძაფრდება სასიამოვნო მოლოდინის შეგრძნება. წინასწარ ვგეგმავ, როგორ ვესტუმრები ექსპო ჯორჯიას პავილიონებს, რომელი გამომცემლობის სტენდებს მივაშურებ სხვებზე ადრე… თქვენ წარმოიდგინეთ, შუალედებში ყავის დალევაც კი დაგეგმილი მაქვს :)
ამ სასიამოვნო ფიქრებში გართულს, ერთი აზრი მომივიდა – ურიგო არ იქნებოდა, აქამდე ჩატარებული ფესტივალები გამეხსენებინა და დასახმარებლად ისეთ ადამიანს მივმართე, რომელიც პირველიდან მოყოლებული, ყველა ღონისძიების უშუალო მონაწილეა, თან, სხვადასხვა ამპლუაში. ვფიქრობ, იდეალური კანდიდატურა შევარჩიე და ამაში ბლოგის მკითხველებიც დამეთანხმებიან, როგორც კი შეიტყობენ, რომ თბილისის წიგნის ფესტივალის ისტორიას თვალი ქართული ფენტეზის დიდოსტატთან – ნატო დავითაშვილთან ერთად უნდა გადაავლონ.
… საქართველოში წიგნის ფესტივალის შესახებ 1998 წელს გავიგე. მაშინ, მახსოვს, წიგნის ბაზრობა ერქვა. საჯარო ბიბლიოთეკაში ტარდებოდა. სულ რამდენიმე სტენდი იყო, რამდენიმე ათეული წიგნით. გამომცემლობამ ბევრი ვერაფერი, ორი დასახელების წიგნი გამოვიტანეთ – ულტრასონოგრაფიის სამენოვანი ატლასი (როგორ მომქონდა თავი, A4 ფორმატი, 540 გვერდი, ფერადი და თურქეთში დაბეჭდილი!) და უცხოელებისათვის ქართულად სასაუბრო. ეს იყო და ეს.
თანდათან ფესტივალი მოღონიერდა და წიგნებმაც იმატა. ცისფერ გალერეაში ჩატარებული ძალიან კარგად მახსოვს, წიგნების მრავალფეროვნებით არც ის გამოირჩეოდა, მაგრამ წინა წლის რამდენიმე სტენდის შემდეგ, ბევრად გრანდიოზული ჩანდა. ცისფერი გალერეა ფილარმონიამ შეცვალა, ფილარმონია – ექსპო ჯორჯიამ.
მე პირადად, ამ უკანასკნელის მომხრე ვარ. როგორც წესი, ფესტივალს მეგობრები, ოჯახებით, ერთად ვსტუმრობთ, რა თქმა უნდა, ბავშვებით და სკვერში გასეირნებაც გამოგვდის. შთაბეჭდილებების გაზიარება კი სიმწვანეში, ხეების ჩრდილქვეშ ბევრად სასიამოვნოა, მანქანების გასაჩერებელი ადგილიც პრობლემა არ არის.
ფესტივალს პავილიონის სივრცეც უწყობს ხელს, ძალიან სწრაფად ვერკვევით გამომცემლობათა განლაგებაში და ბავშვებს ნავიგატორის გარეშეც კი ვუშვებთ, დამოუკიდებლად სასურველი წიგნების მოსაძებნად.
ფესტივალის წლევანდელმა ჩატარების თარიღმა ხომ მოლოდინს გადააჭარბა: ოთხი დღიდან სამი დასვენების დღეა!
და მაინც რას წარმოადგენს ჩემთვის წიგნის ფესტივალი.
სანამ ამაზე პასუხს გავცემ, მინდა დავაკონკრეტო, რა ამპლუაში. ამ ცამეტი წლის მანძილზე სამი როლი მოვირგე.
პირველი – გამომცემლის. ხუთ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა, როგორც გამომცემელმა. იმ წლებს (1998-2003) თუ გავიხსენებ, წიგნის ფესტივალი ჩემთვის დაახლოებით ახალი წლის დღესასწაულივით იყო. ყველა გამომცემელი დამეთანხმება, ფესტივალისთვის მზადება ძალიან ჰგავს საახალწლო ფუსფუსს. გინდა ზუსტად, კონკრეტული დღეებისთვის დაასრულო ბევრი საქმე; საფესტივალო სტენდების მორთვაზე ნაძვის ხის მორთვასავით ზრუნავ, არც ძველ სათამაშოებს ივიწყებ, მაგრამ ახლის გარეშეც რომ არაფერი გამოვა, ესეც ზუსტად იცი; ემზადები სტუმრების – მკითხველის მისაღებად და თავადაც აუცილებლად მოგიწევს სხვა გამომცემლობებთან სტუმრად მისვლა.
მეორე – მკითხველის. ასე წიგნის ფესტივალს, მხოლოდ მკითხველის როლში, ოთხი წელი ვსტუმრობდი. ეს უფრო სამოგზაურად წასვლას ჰგავდა. და როგორც მოგზაურობიდან დაბრუნებულს მთელი წელი მიგყვება შთაბეჭდილებები და მოგონებები, ისე მთელი წელი მიმყვებოდა წასაკითხი წიგნები.
მესამე, ვაღიარებ, ყველაზე ემოციურად დატვირთული – ავტორის როლია. მითუმეტეს, თუ ახალი წიგნი სწორედ წიგნის ფესტივალზე უნდა შეხვდეს პირველად მკითხველს. ეს ბოლო წლებია, ამ დღეში ვარ. ახალი წიგნის წარდგენისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს შვილი სრულწლოვანი ხდება, სრული თავისუფლება ეძლევა და დღეიდან ჩემს გარეშე უნდა იცხოვროს და გაიკვლიოს გზა. დღეიდან მის ცხოვრებაში იოტისოდენადაც ვერ ჩავერევი.
წელსაც იგივე გრძნობა მაქვს. წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე გამომცემლობა “ლოგოს პრესი” ჩემს ახალ წიგნს წარადგენს – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” (პრეზენტაცია 28 მაისსაა, 14 საათსა და 30 წუთზე). ტრადიციას არ ვღალატობ (არც მაქვს სურვილი) და ეს წიგნიც ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და სამყაროც ჩემი მკითხველისთვის (მხედველობაში მაქვს “ამბავი ლილე იროელისა”) ნაცნობი იქნება. თუმცა, გმირები უცნობები. როგორც ფენტეზის სჩვევია, ერთი სამყაროს ქრონიკებს ვწერ. თუმცა ქრონოლოგიას (ესეც მიღებულია ამ ჟანრში და არც თუ ისე იშვიათად ხდება) ვერ ვიცავ: ხან მომავალს ვყვები და ხან წარსულს.
წელს, გავიგე, საავტორო სტენდებიც იქნებაო. ძალიან მაინტერესებს. ფენტეზისა და ფანტასტიკის მოყვარულს ათასი იდეა გამიჩნდა თავში.
ახალ წიგნებს სულმოუთქმელად ველოდები და აუცილებლად შევიძენ!
და რაც მთავარია, მკითხველს შევხვდები, რომელთა გვერდითაც მოუწევთ ცხოვრება ჩემს გმირებს!
მოკლედ, მაისში, წიგნის მე-13 ფესტივალზე შეხვედრამდე!
კარგი ინფორმაცია იყო :) წინა ფესტივალების ჩატარების შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი… ახლა კიდე ძლაიან მომანდომე მოლი იქ მისვლა და ვინანე ადრე რატომ არ დავდიოდი :)) მადლობა :)
LikeLike
წელს დაიწყე და აღარც ერთი არ გამოტოვო :)
LikeLike
არის უფროსო ^_^
LikeLike
ოკ, ბოსს :)
LikeLike
რა კარგი ინფოებია ხოლმე :) ისე ვატყობ, მომიწევს სახლიდან ცხვირის გამოყოფა :)
LikeLike
რას ამბობ, ფესტივალის გამოტოვება იქნება?
LikeLike
აუცილებლად შევიძენ და შემდეგ ჩემს აზრსაც მოგახსენებ, მოლი. ^^
LikeLike
ეს უკვე ძალიან საინტერესოა… :)
შენს შთაბეჭდილებებს ველოდებით, მაცო :)
LikeLike
მმ ესეც ასე, ახალ წიგნზე გავიკე კდიევ რაღაცეები : )) “ნისლებში და ნისლებს მიღმა” ლილემდე ხდება თუ ლილეს შემდეგ? :3
აუცილებლად ვიყიდი და წავიკითხავ ^^
LikeLike
თუ სწორად მახსოვს, ლილემდეო, ავტორმა…
არ იცი, როგორი ინტერესით ველოდები :)
LikeLike
ლილეში ერთგან ნახსენები მყავს მისი წინაპარი – ერეკლე. ღვთისშვილთა თანამებრძოლი იყო. მაინც შეგახსენებთ, ეს ის ერეკლეა ქაჯის ქალი რომ არ მოიყვანა ცოლად და თავის რჩეულთან ერთად გადაიხვეწა. დანარჩენს წიგნიდან მიხვდებით.:)
LikeLike
სწორად მხსომებია :)
LikeLike
წიგნის ფესტივალზე მისულს სულ გული მწყდება ხოლმე, რამდენადაც იმდენი არასოდეს მიდევს ჯიბეში, რომ ჩემი ჭია გავახარო. :(
LikeLike
ბევრი ახალი წიგნის და ყველას ყიდვა არ გამოდის… :)
LikeLike
როგორ ველოდებოდი ამ წიგნს.. : ) პრეზენტაციამდე არაფრით არ ვიყიდი : )) და მერე ჩავუჯდები, წინასწარ ვიფშვნიტავ ხელებს ^_^
LikeLike
პრეზენტაციაც მალე იქნება :) სულ რაღაც ორ კვირაში :)
LikeLike
მადლობა მოლი ვრცელი და საინტერესო ინფორმაციისთვის.
მე არ ვყოფილვარ არასდროს, მაგრამ წელს აუცილებლად წავალ ;-)
ბათუმშიც არის ერთი ნამეტანი საინტერესო პროექტი, წიგნის ბაზრობა. ყოველი თვის პირველ შაბათს ნებისმიერ მსურველს გამოაქვს სახლიდან ის წიგნები, რომელთა გაყიდვაც შეუძლია, ან ორი ეგზემპლარი აქვს. ხოდა, ხან ყიდიან და ყიდულობენ, ხან ცვლიან ერთმანეთში და არის ერთი ამბავი :-)
LikeLike
მე ბათუმურ ბაზრობაზე არ ვყოფილვარ :( ჩემს დროს ა რ იყო… წიგნებს შაუმიანის ქუჩაზე, პატარა მაღაზიაში ვყიდულობდი. ახლაც მახსოვს, მყუდრო და ერთი ციცქნა :) კარგი ტრადიცია დაგიმკვიდრებიათ :)
LikeLike
ის მაღაზია კიდეა იქ :-P
ეს ტრადიცია ახალია ჯერ, სულ რამდენიმე თვის, მარა გაგრძელების პერსპექტივით ;-)
ხოდა, შენც მოხვდები ერთხელ მაინც მაქ ;-)
LikeLike
ჩეეემი შაუმიანი… მუსიკალურში მაგ გზით მივცუხცუხებდი ხოლმე :) და იქვე პურის დიიიდი მაღაზია იყო და ფუნთუშებს ვყიდულობდი :)
ერთხელ როგორ არ მოვხვდები :)
LikeLike
მერამდენედ ვწერ შენს ბლოგზე – “ძალიან მიყვარს” ტიპის კომენტარს მაგრამ აქ რომ არ გავიმეორო არ შემიძლია :) დედაჩემმა გააკეთა ფეისბუქზე ნატო დავითაშვილის შემოქმედების ფანკლუბი და ორივეს ძალიან გაგვიხარდა ნატოს ამდენი მკითხველი რომ გყავდა საქართველოში ^^
LikeLike
მგონი, მეც ვარ მაგ ფან-კლუბში.
ნატოზე ბევრს ვწერ აქ :) და ნატოც აქაურობის ხშირი სტუმარია :)
LikeLike