მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, ვისკონსინის შტატის გასართობ დაწესებულებებში ხშირად შეხვდებოდით პატარა ბიჭუნას, რომელიც მსურველებს ბანქოს დახმარებით თავშესაქცევ ფოკუსებს უჩვენებდა. მაშინდელი ამერიკელი საზოგადოებისათვის მსგავსი სანახაობა უცხო ხილი არ იყო – სცენაზე უკვე იდგნენ რობერ გუდენი და ჰარი კელარი – საქვეყნოდ განთქმული ილუზიონისტები, რომელთა მიერ მოხდენილი შთაბეჭდილებისა და სახელების შერწყმის წყალობით მსოფლიომ ნამდვილი ჯადოსანი – ჰარი გუდინი გაიცნო.
გუდინის პიროვნება ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული და მისი სახელის გარშემო ათასნაირი ჭორი ვრცელდებოდა. დღემდე გაურკვეველია, მისი დაბადების ადგილი საბუთებში მითითებული ავსტრია–უნგრეთი იყო თუ ვისკონსინი, როგორც თვითონ ამტკიცებდა.
რეფორმისტული სინაგოგის რაბინის – მეერ სემიუელ ვაისის და ცეცილია შტაინერის მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული ერიკი მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე მთელს ამერიკას უვლიდა გარს გასტროლებით და გაოგნებული მაყურებლის თვალწინ ხან აგურის კედელში გადიოდა, ხან ცათამბრჯენის ლავგარდანზე ტომრით ჩამოკიდებული ითავისუფლებდა თავს.
მიუხედავად იმისა, რომ გუდინის ოსტატობა ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა და ერთხელ უამრავი მოწმის თანდასწრებით სპილოც კი გააუჩინარა, მის სავიზიტო ბარათად მაინც ბუტირკის ცნობილი ციხიდან, უფრო სწორად კი საშიში დამნაშავეების გადასაყვანად განკუთვნილი, რკინით შეჭედილი და ჯაჭვებით დაბორკილი ყუთიდან გამოღწევა იქცა.