Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for March, 2011

თქვენი არ ვიცი და ოთხშაბათის დადგომა მე ძალიან მიხარია ხოლმე. რატომ, ახლავე მოგახსენებთ – კვირის ამ დღეს მოლი ბლუმის ბლოგზე ყველაზე ერთგული და აზარტული მკითხველები იკრიბებიან. მათი პაექრობისთვის თვალის დევნება კი, დამეთანხმებით, მეტად სასიამოვნოა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე, დღევანდელი Jeopardy!-ის თემად ბერძნული მითოლოგია შემოგთავაზოთ. ეჭვი არ მეპარება, ჩემი მკითხველები ამ ლაბირინთშიც უშიშრად შემომყვებიან, მითუმეტეს, რომ მინოტავრი იქ ნამდვილად არ გველოდება :) მაშ, ასე

Good luck!

(more…)

Read Full Post »

“საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობს!” – სასტუმრო “ლენინგრადის” ადმინისტრატორის და საბჭოთა ქალთა კომიტეტის წევრის ლუდმილა ივანოვას ამ პათეტიკურ შეძახილს კომუნისტური აბსურდის ანთოლოგიაში ღირსეული ადგილი უჭირავს და ციტირების სიხშირით მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების ბარე ორ აფორიზმს არ ჩამოუვარდება. ფსევდო-მორალიზმის და პურიტანობის კლასიკურ ნიმუშს ანეკდოტებშიც შეხვდებით, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზეც და კინოფილმებშიც. “ლენინგრად-ბოსტონის” ტელეხიდის გაოგნებული ამერიკელი მონაწილეების რეაქციას კი ჩანაწერის ეთერში გასვლიდან 25 წლის შემდეგაც ღიმილით იხსენებენ.

დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ პირველ კომუნისტურ სახელმწიფოში, ბუნებრივია, სექსიც არსებობდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ეროტიკაც. 1964 წელს, დიდი სტალინის ერთგული თანამებრძოლის, ნიტიკა ხრუშოვის ზეობის ჟამს, “ფლეიბოის” საბჭოთა ვოიაჟისა და რკინის ფარდის მიღმა გადაღებული ეროტიკული ფოტოსესიის შესახებ ლორდ ვეიდერმა ისე დაწერა (Sex in USSR და გაშიშვლებული სტალინა), სათქმელი არაფერი დატოვა. მე სხვა ამბავს მოგიყვებით.

(more…)

Read Full Post »

მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, ვისკონსინის შტატის გასართობ დაწესებუ­ლე­ბებში ხშირად შეხვდებოდით პატარა ბიჭუნას, რომელიც მსურველებს ბანქოს დახმა­რე­ბით თავშესაქცევ ფოკუსებს უჩვენებდა. მაშინდელი ამერიკელი საზოგადოე­ბი­სათვის მსგავსი სანახაობა უცხო ხილი არ იყო – სცენაზე უკვე იდგნენ რობერ გუდენი და ჰარი კელარი – საქვეყნოდ განთქმული ილუზიონისტები, რომელთა მიერ მოხ­დენილი შთაბეჭდილებისა და სახელების შერწყმის წყალობით მსოფლიომ ნამდ­ვი­ლი ჯადოსანი – ჰარი გუდინი გაიცნო.

გუდინის პიროვნება ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული და მისი სახელის გარ­შემო ათასნაირი ჭორი ვრცელდებოდა. დღემდე გაურკვეველია, მისი დაბადების ადგილი საბუთებში მითითებული ავსტრია–უნგრეთი იყო თუ ვისკონსინი, როგორც თვითონ ამტკიცებდა.

რეფორმისტული სინაგოგის რაბინის – მეერ სემიუელ ვაისის და ცეცილია შტაი­ნერის მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული ერიკი მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე მთელს ამერიკას უვლიდა გარს გასტროლებით და გაოგნებული მაყურებლის თვალწინ ხან აგურის კედელში გადიოდა, ხან ცათამბრჯენის ლავგარდანზე ტომრით ჩამოკიდებული ითავისუფლებდა თავს.

მიუხედავად იმისა, რომ გუდინის ოსტატობა ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა და ერთხელ უამრავი მოწმის თანდასწრებით სპილოც კი გააუჩინარა, მის სავიზიტო ბარათად მაინც ბუტირკის ცნობილი ციხიდან, უფრო სწორად კი საშიში დამნაშავეების გადასაყვანად განკუთვნილი, რკინით შეჭედილი და ჯაჭვებით დაბორკილი ყუთიდან გამოღწევა იქცა.

(more…)

Read Full Post »

დადგა ოთხშაბათი და მოლი ბლუმის ბლოგი კვლავ ინტელექტუალური შეჯიბრების ადგილად იქცა. Jeopardy!-ის მორიგი ტურის თემად ის ადამიანები შევარჩიე, რომლებმაც თავისი შემოქმედებით ძალიან ხმამაღლა თქვეს სათქმელი და პლანეტის უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურეს.  ვფიქრობ, ნობელის ლიტერატურული პრემიის 110-წლიანი ისტორიის ფრაგმენტების გახსენება უინტერესო არ იქნება და დარწმუნებული ვარ, ამაში ჩემი მკითხველებიც დამეთანხმებიან. არ მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს, ცოტაოდენი დრო ნობელიანტების ელიტურ საზოგადოებაში გაატაროს :) მაშ ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, დეტექტივების მოყვარულ მკითხველს სათაურის დანახვისთანავე ერთი კონკრეტული ასოციაცია გაუჩნდება და გაახსენდება, რომ მანჰეტენზე, დასავლეთის #35 ქუჩაზე ცხოვრობს ჩამრგვალებული, ჭამა-სმასა და ორქიდეებზე შეყვარებული კაცი, სახელად ნირო ვულფი. ის მთელ დღეებს კაბინეტში ატარებს, კამიუს “დაცემას” და ჰომეროსის “ილიადას” კითხულობს,  გარეთ გამოსვლას ვერ იტანს, ხოლო ყოველგვარი ტრანსპორტი ფანატიკურად სძულს. თუ მაინცდამაინც გარისკა და ავტომობილით მგზავრობა გადაწყვიტა, საჭესთან აუცილებლად მისი მარჯვენა ხელი, შეუცვლელი თანაშემწე, პირადი მცველი და უამრავი სხვა ფუნქციის შემთავსებელი არჩი გუდვინი უნდა იჯდეს. ყოველდღე, რამდენიმე საათით ვულფი სახლის სახურავზე, ორანჟერეაში, თავის საყვარელ ორქიდეებს სტუმრობს და ერთადერთი, ვისაც ამ დროს მასთან საუბარი შეუძლია, მებაღე თეოდორ ჰორსმანია. ასევე არ გირჩევთ, დახვეწილ გურმანს მაშინ ესტუმროთ, როდესაც ის პირადი მზარეულის – ფრიც ბრენერის მიერ მომზადებულ კულინარიულ შედევრს აგემოვნებს.

ვულფი ყველაზე ზარმაცი ადამიანია ამქვეყნად – დროის დასაზუსტებლად კედელზე ჩამოკიდებული საათისკენ თავის მიბრუნებაც კი ეზარება. გუგულის როლს ისევ და ისევ ერთგული არჩი გუდვინი ასრულებს ხოლმე. დღის განმავლობაში ვულფი უზომოდ ბევრ ლუდს მიირთმევს და ბოთლის თავსახურებს გულმოდგინედ აგროვებს; თამბაქოს სუნს იმდენად ვერ იტანს, რომ საკმარისია, მის კაბინეტში სიგარეტს მოუკიდოთ, ჰონორარის თანხას მაშინვე ორიოდე ნული ემატება. ერთი სიტყვით, ჩერნოგორიაში დაბადებული ამერიკის მოქალაქე ნირო ვულფი იოლად და სასიამოვნოდ საურთიერთო ადამიანთა რიცხვს აშკარად არ მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, სტუმრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და არც არის გასაკვირი –  ის ხომ ერთ-ერთი უდიდესი დეტექტივია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე წიგნის ფურცლებზე უცხოვრია…

(more…)

Read Full Post »

იყო დრო, როცა წერილები ყოველგვარი მარკების გარეშე მოგზაურობდნენ დანიშნულების ერთი წერტილიდან მეორემდე. წვივმაგარ ცხენებზე ამხედრებულ მალემსრბოლებს უბით, აბგით, ფართოფარფლიანი ქუდებით გადაჰქონდათ ზოგჯერ უმნიშვნელო, ზოგჯერ კი ფასდაუდებელი ცნობების ან  სახელმწიფო თუ პირადი საიდუმლოებების შემცველი ბარათები. უწყინარი საფოსტო მტრედის ფეხზე გამობმულ წერილს ხომ  საერთოდ არანაირი მარკა არ სჭირდებოდა. თუმცა, გამოხდა ხანი და ფოსტის მუშაობის გასაადვილებლად დღის სინათლე პატარა, მართკუთხა ქაღალდებმა იხილეს.

მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, 1840 წელს გამოშვებული “Pennie Black”  უპრეტენზიო  შავ ფერში იყო გადაწყვეტილი. მას შემდეგ 172  წელია გასული. ამ დროის განმავლობაში ფერის, სიუჟეტისა და დიზაინის მიხედვით განსხვავებული უამრავი მარკა შეიქმნა, თუმცა, რასაკვირველია, მარკების თემა დღეს ძველებურად აქტუალური აღარ არის.  ბუთქუნა კონვერტები და ხელით ნაწერი წერილები წარსულს ჩაბარდა. ადამიანთა უმრავლესობა, უკვე კარგა ხანია, მეგობრებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობს,  მაგრამ მარკებს ფილატელისტებისთვის (და არა მარტო მათთვის) მიმზიდველობა არ დაუკარგავს.

მარკა ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტი და ერთგვარი სავიზიტო ბარათია  (უფრო მეტიც – ჯუჯა სახელმწიფო სან–მარინოს ხაზინა ძირითადად მარკებით ვაჭრობის გზით ივსება), ამიტომ, ბუნებრივია, მის იერსახეს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან და  სიუჟეტს დაკვირვებით არჩევენ. მარკებზე გამოსახავენ ცნობად სახეებს, მონარქიულ ქვეყნებში  – სამეფო ოჯახის წევრებს, ღირშესანიშნავი მოვლენებისადმი მიძღვნილ კომპოზიციებს,  მცენარეებს და ცხოველებს, არქიტექტურულ და ბუნებრივ ძეგლებს, მწერლებს და არც თუ იშვიათად – ლიტერატურულ პერსონაჟებს.

(more…)

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგის ერთ–ერთმა ყველაზე ერთგულმა მკითხველმა, გამოცდილმა ბლოგერმა და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულმა ჩორვენმა გასული კვირის  Jeopardy!-ის თემა გააპროტესტა, სანაცვლოდ კი საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა. მე, როგორც სტუმართმოყვარე მასპინძელმა, საპატიო მოვალეობად ჩავთვალე, მუდმივი მკითხველის სურვილი და მოსაზრება გამეთვალისწინებინა, მით უმეტეს, რომ თემა ჩემთვისაც მეტად აქტუალური და სასიამოვნოა.

მაშ, ასე – ფიგურაზე მზრუნველ და დიეტაზე მყოფ სტუმრებს გულწრფელად ვთხოვ პატიებას  – მოლი ბლუმი, ჩორვენის პატივსაცემად, გასტრონომიულ ორგიას მართავს.

Bon appetit!

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: