Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი 18th, 2011

მას შეეძლო, ერთი თავისი პერსონაჟის სიტყვები გაემეორებინა – “რომ არ ვარსებობდე, ჩემზე უკეთესი გამოგონება ამქვეყნად არ იქნებოდაო” –  და ეს სრული სიმართლეა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასტრიდ ლინდგრენი არსებობს და ჩვენ მისი გამოგონება არ დაგვჭირვებია. შვედი მეზღაპრის გმირებიდან ჩემი პირველი ნაცნობი პეპი გრძელი წინდა იყო – კარგად მახსოვს, სიცხიანს და მისავათებულს დედამ მომიტანა საჩუქრად – იცოდა, რომ ახალ წიგნზე მეტად ვერაფრით გამახარებდა. ვიწექი ფუმფულა ბალიშებში ჩაფლული, სიცხისგან თავი მტკიოდა და თვალები მიბრჭყვიალებდა, მაგრამ წიგნი ვერანაირად ვერ გამაგდებინეს ხელიდან – სუნთქვაშეკრული მივყვებოდი უკან პეპის, ტომსა და ანიკას… მათთან ერთად მივძვრებოდი ფუღუროში, ქურდბაცაცებს თავზარს ვცემდი, კუნძულზე ვმოგზაურობდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე გამოჯანმრთელებულმა მაჭკატების გამოცხობაც კი ვცადე, ოღონდ ეს ამბავი მაინცდამაინც მხიარულად არ დამთავრებულა :)

ძალიან მალე, მეგობრის ბიბლიოთეკაში “სახურავის ბინადარი კარლსონი” აღმოვაჩინე და ეს პატარა, მსუნაგი და გოდორა არსება ისე შემიყვარდა, საღამოობით დიდხანს ვიჯექი ხოლმე ჩაბნელებულ ოთახში, ფანჯარასთან და სულგანაბული ვაყურადებდი – საიდანმე პროპელერის ზუზუნი ხომ არ ისმის–მეთქი… ეგ კი არა, რამდენჯერმე ფანჯარის რაფაზე ფუნთუშებიანი თეფშიც დავტოვე…  უსაშველოდ მინდოდა, პროპელერიან კაცუნას ჩამოექროლა, ჩემთვის ხელი ჩაევლო და მაღლა–მაღლა, სახურავზე წავეყვანე, სადაც მოუწესრიგებელ, აყრილ–დაყრილ და ათასი ხარახურით გამოტენილ სახლში “მსოფლიოში საუკეთესო კარლსონი” ცხოვრობს… ასეთი მეგობრის ხათრით დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა ტორტს და დარიჩინიან ფუნთუშას შეველეოდი… ვინც მიცნობს, ისინი კარგად მიხვდებიან ჩემგან გაღებული მსხვერპლის ფასს :)

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: