Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 27th, 2011

52 წლის რუსი მწერალი ელენა ჩუდინოვა მოსკოვში ცხოვრობს. რამდენიმე რომანის, ინგლისის ისტორიაზე დაწერილი საბავშვო წიგნების და პუბლიცისტური წერილების ავტორია. გამოსცემს  ჟურნალ “ექსპერტს”,  თუმცა მისი სახელი, ალბათ, სამუდამოდ დარჩებოდა მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეთა და პოლიტოლოგთა ვიწრო წრისთვის ცნობილი, რომ არა სკანდალური რომანის – “პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთის” იდეა.

ნაწარმოების სიუჟეტი არც თუ შორეულ 2048 წელს ვითარდება. დასავლეთ ევროპაში ძალაუფლებას ხელთ მუსლიმი იმიგრანტები იგდებენ. შარიათს კანონის ძალა აქვს, კათოლიკური ტაძრები წაბილწული და განადგურებულია, ნოტრ-დამი ალ-ფრანკონის მეჩეთად არის გადაკეთებული. ფუნქციადაკარგული კათოლიკური ეკლესია მხოლოდ კულტურულ ორგანიზაციას წარმოადგენს. ფრანგები, რომლებმაც ისლამის მიღებაზე უარი თქვეს, გეტოში ცხოვრობენ. კათოლიკე ტრადიციონალისტების მცირერიცხოვანი რაზმი თავს კატაკომბებს აფარებს.  წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები წმინდა პიუს X-ის საძმოსთან ერთიანდებიან და უკანასკნელ ხმაურიან აქციას – მეჩეთად ქცეული ნორტ-დამის ხელში ჩაგდებას, შემდგომ კი აფეთქებას გეგმავენ… მთავარი სიუჟეტური ხაზის ეს განშტოება უდავოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ცნობილი La Résistance-ით არის შთაგონებული.
 
“პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი”  2005 წელს, პარიზში სტუდენტური გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, გამოსცეს და დღეისათვის უკვე ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, ნორვეგიულ, სერბულ და თურქულ ენებზე. წიგნის საფრანგეთში დაბეჭდვა მხოლოდ 2009 წელს მოხერხდა – გამომცემლები არაპოლიტკორექტულ ნაწარმოებს უფრთხოდნენ. რა თქმა უნდა, სკანდალი ისეთი საკმაზია, ნებისმიერ ნაწარმოებს რომ უხდება გნებავთ, პოპულარობის და გნებავთ, კომერციული თვალსაზრისით, მაგრამ ისლამის ფანატებთან რელიგიურ თემაზე ხუმრობა  იმდენად სახიფათო თამაში გახლავთ, რომ ყველანაირ არგუმენტს აბათილებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტრადიციულ თურქეთში რომანი მეკობრული ხერხით გაავრცელეს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: