Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 23rd, 2011

იულია ლატინინა რუსი ჟურნალისტია, “новая газета”-ს პოლიტიკური მიმომხილველი, თან “эхо москвы”-ს რადიოარხზე საავტორო გადაცემა – “код доступа” მიჰყავს. რამდენჯერმე მოვუსმინე (ყოველთვის ვერ ვახერხებ, ეთერი ისეთ დროს აქვს, შინ არ ვარ, ან თუ ვარ, საშინლად დაღლილი, პოლიტიკური ანალიტიკისთვის არ მცხელა) და მომეწონა.  ნაადრევად დაბერებული და მოუვლელი ქალის შთაბეჭდილებას კი ტოვებს, მაგრამ აშკარად ჭკვიანია.

გუშინ ბარათაშვილის ქუჩის “პარნასში” ლატინინას ექვს წიგნს გადავაწყდი. არ ვიცოდი, წიგნებსაც თუ წერდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისში  არ შემხვედრია. ანოტაციები გადავათვალიერე, სტანდარტული თემებია – პოლიტიკა, ისლამური სეპარატიზმი, ოლიგარქები, ტერორიზმი, კორუფცია… ყდაზე ეწერა, ერთნაირად წარმატებულია ეკონომიკური თრილერის და ფანტასტიკის ჟანრშიო.  ეკონომიკური თრილერი მაცდუნებლად ჟღერდა, ფანტასტიკის რა გითხრათ, რუსი ქალი ფანტასტი (თან წარმატებული), არ გამიგია. “код доступа”-ს ხათრით ერთი თან წამოვიღე.

ახლა წინ მიდევს. “не время для славы”. დღეს არსად გავდივარ, საღამომდე მოვრჩები. რაღაც არ მინდა, მარინინას, დონცოვას, პოლიაკოვას ან დაშკოვას მსგავსად იაფფასიანი სისულელე აღმოჩნდეს. თუ წინათგრძნობა არ მღალატობს, არც აღმოჩნდება.

P.S. გუშინ პარნასში დიდი რიარია იყო. იხურებიან. ავტორებს ურეკავდნენ, მობრძანდით და თქვენი წიგნები წაიღეთო. მიზეზი არ მიკითხავს, იმ გაწამაწიაში ჩემი თავი არ ჰქონდათ.  ცუდია, წიგნის მაღაზია რომ იკეტება…

Read Full Post »

%d bloggers like this: