Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 21st, 2011

კაცი, რომელმაც რუსულ ლიტერატურაში საკურას სურნელი მოიტანა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არც რუსეთში უჩივის და არც ისტორიულ სამშობლოში – საქართველოში. ამიტომ, ამ პოსტის მიზანი ბორის აკუნინის სადიდებელი დითირამბის მღერა არ გახლავთ. დახვეწილი ინტელექტუალი და ქალების გულთამპყრობელი ერასტ ფანდორინი ისედაც უსაზღვროდ პოპულარულია.

უბრალოდ, მინდოდა, თქვენთვის ის ალუზია გამეზიარებინა, რომელიც ფანდორინების საგის ერთ-ერთ წიგნში – “ალტინ-ტოლობასში” აღმოვაჩინე. ან, იქნებ, მომეჩვენა კიდეც… ამის განსჯა უკვე მათთვის მომინდვია, ვისაც ჩემს ბლოგზე სტუმრობის სურვილი გაუჩნდება.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ამას წინათ, რომელიღაც რუსულ ტელეარხზე, შონ კონერის და პირტიტველა კრისტიან სლეიტერის მონაწილეობით უმბერტო ეკოს უცნობილესი რომანის ეკრანიზაციას გადავაწყდი. კინომცოდნეობას არ დავიჩემებ, მაგრამ ვიტყვი, რომ კარგი ფილმია, რიგიანი რეჟისურით და საუკეთესო სამსახიობო ნაკრებით. თანაც, თემატურად დღემდე აქტუალური. თუმცა, რელიგიური ფანატიზმი ცალკე პოსტის თემაა, ჩვენ ისევ ალუზიას დავუბრუნდეთ…

ეკოს “ვარდის სახელი” ბევრად უფრო ადრე ჩამივარდა ხელში, ვიდრე აკუნინთან ჩემი მგზნებარე რომანი შედგებოდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ალუზიებზე ფიქრისკენ ფილმმა უფრო მიბიძგა.

თვალშისაცემად მომეჩვენა ის ფაქტი, რომ ორივე ნაწარმოებში მთავარი სიუჟეტური ინტრიგა ბიბლიოთეკის ირგვლივ იხლართება და ძირითად საფრთხეს ერთი კონკრეტული წიგნი წარმოადგენს. წიგნი, რომელსაც  შეუძლია, გარკვეული გავლენა იქონიოს ადამიანებზე, თუმცა მეორე შემთხვევაში ეს გავლენა განუზომლად მასშტაბური იქნებოდა. განსხვავება ის არის, რომ ეკოსთან მკითხველის სიმპათია იმ პერსონაჟების მხარესაა, რომლებიც წიგნის სააშკარაოზე გამოტანას ემხრობიან, აკუნინთან კი პირიქით. თუმცა, ბიბლიოთეკა და წიგნი მაინც რჩება სიუჟეტის მთავარ თავსატეხად. პირველ შემთხვევაში, ეს ის ნაწარმოებია, რომელსაც ადამიანებისთვის მეტი ღიმილის და ხალისის მოტანა შეუძლია, მეორეში კი… ვინ იცის… აკუნინის უსაზღვრო ფანტაზიამ ისეთი წიგნი გამოიგონა, რომლის მიერ კაცობრიობაზე მოხდენილი გავლენის განჭვრეტა და პროგნოზირება შეუძლებელია.

ასეა თუ ისე, საინტერესოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ დეტექტივების მოყვარულთა კერპის – ბორის აკუნინის რომანში უმბერტო ეკოს აჩრდილმა გაიელვა.

რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ აკუნინის რომანს მსგავსი ილუზია რაიმე ზიანს აყენებს. ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მწერალმა, რომელიც ფანტასტიურად ფლობს კალამს და რომელთან ერთადაც არაერთი სასიამოვნო საღამო გამიტარებია ბუხრის პირას, სურნელოვანი ყავის ჭიქით ხელში, კიდევ ერთი გემრიელად სასუსნავი წიგნი შემოგვთავაზა, წარსულისა და თანამედროვეობის ორიგინალური მონაცვლეობით, ძალიან სახასიათო პერსონაჟებით და რაც მთავარია, იუმორით, ფათერაკებით და თავსატეხებით კარგად შეზავებული.

რაც შეეხება იმ პერსონაჟს, რომელმაც ეკოსთან ერთ-ერთი მთავარი გმირის ცხოვრებაში სამუდამოდ დატოვა კვალი, თავად კი უსახელოდ დარჩა…

აკუნინთან ის თავგანწირული და შეუპოვარი პატარა ქალია, სახელად ალტინი…

Read Full Post »

%d bloggers like this: