Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 14th, 2011

1961 წლის 15 აგვისტო. ბერლინი. საგანგებოდ მობილიზებული ძალები, მეორე დღეა, საბჭოთა საოკუპაციო ზონას ლითონის მავთულხლართს ავლებენ. გადაწყვეტილება მიღებულია –  ქალაქს შუაზე ყრუ კედელი გაჰყოფს.

19 წლის აღმოსავლეთგერმანელი პოლიციელი ჰანს კონრად შუმანი საბჭოთა და ფრანგული საოკუპაციო სექტორების საზღვარზე  მოწყობილ გამშვებ პუნქტთან მორიგეობს. ბერლინში ხმები დადის, რომ რუსები კედელს აგებენ და სექტორებს შორის გადაადგილება სულ მალე უკიდურესად გართულდება. ეს შუმანმაც იცის. საზღვარს იქით შეკრებილი ხალხი პოლიციელს ხელს უქნევს და აქეთ წამოდიო, ეძახის. შუმანი  გადაწყვეტილებას იღებს, მხრიდან ავტომატს იგდებს და მავთულხლართს ახტება.

იმ მომენტისათვის რაპინერშტრასეს და ბერნაუერშტრასეს კუთხეში რამდენიმე ფოტორეპორტიორი იდგა, მაგრამ კონრად შუმანის მოძრაობაზე რეაგირება მხოლოდ ჰამბურგული ფოტოსააგენტო “კონტი-პრესის” სტაჟიორმა პეტერ ლაიბინგმა მოასწრო. ახალბედა ჟურნალისტს გაუმართლა – სურათი მეორე დღესვე მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა,  Overseas Press Club -ის ვერსიით 1961 წლის საუკეთესო ფოტოდ აღიარეს, შემდგომ კი “ცივი ომის” ერთერთ სიმბოლოდ იქცა.

პეტერ ლაიბინგი “კონტი-პრესის” შტატში მიიღეს და ნეგატივის გაყიდვებიდან პროცენტებიც გადაუხადეს, მაგრამ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ასეთი მნიშვნელოვანი სხვა არაფერი გადაუღია. კონრად შუმანს, წარმატებული გაქცევის შემდეგ, ბავარიაში დასახლების ნება დართეს, თუმცა დალხინებული ცხოვრება არც იქ ჰქონია. ექს-პოლიციელი სამშობლოში მოღალატედ და იმპერიალიზმის აგენტად შერაცხეს, დასავლურმა პრესამ პროპაგანდისტულ სათამაშოდ აქცია და მის თითოეულ ნაბიჯს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა. შუმანი  დაქორწინდა, სამსახურიც იშოვა, მაგრამ ბოლოს დეპრესიის შემოტევას ვეღარ გაუძლო და 1998 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

P.S. ჩემს მაგნიტების კოლექციას ორი გერმანული მარგალიტი ამშვენებს. ერთი – გერმანიის სტილიზებული რუქაა, ბერლინის კედლის პაწაწინა ნამსხვრევით  და  შუმანის სილუეტით. მეორე – ამ ცნობილი ფოტოს მაგნიტური ასლი.

Read Full Post »

%d bloggers like this: