ქართველ ბლოგერებს ერთი ოქროს წესი აქვთ – დეკემბრის ბოლოს შემაჯამებელ პოსტებს წერენ და ახალ წელს ვალმოხდილნი ხვდებიან. ირლანდიური გვარ-სახელის მიუხედავად, მეც ქართველი ბლოგერი ვარ და ტრადიციას ნამდვილად არ დავარღვევდი, მაგრამ დეკემბრის ბოლოს (ანუ ათი დღის წინ) ბლოგი საერთოდ არ მქონდა და შემაჯამებელი პოსტის ნაცვლად შემწვარი გოჭის ყურებზე ვფიქრობდი.
სამაგიეროდ, ახლა მაქვს და ახლა დავწერ. დიდი ამბავი, ცოტას თუ დავაგვიანებ. 14 იანვრამდე მაინც საახალწლო რეჟიმში ვცხოვრობთ.
შემაჯამებელი პოსტის თემად, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ირჩევენ. მოლი ბლუმმა აბა სხვა რაზე უნდა დაწეროს – შარშან წაკითხულ ძალიან კარგ და ძალიან ცუდ წიგნებს გავიხსენებ.
ზაზა ბურჭულაძის “adibas”-ზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მოწონებით ყველას მოეწონა. ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა – უბრალოდ კარგი წიგნია, მეტი არაფერიო ( მგონი, “უბრალოდ კარგი წიგნობაც” საკმარისია). ჩვეულებრივიაო, არავის უთქვამს.
თავის დროზე “ალი და ნინო”-ზე ამბობდნენ, ერთ ღამეში წასაკითხიაო. “adibas”-ის კითხვა ღამის 12-ზე დავიწყე, მერე ორჯერ გადავდე, სიამოვნების გახანგრძლივებას ვაპირებდი და დილისთვის ვინახავდი. ვერ მოვწყდი. 2 საათისთვის მოვრჩი. ჩემი მეგობარი მართალია – განსაკუთრებულს არაფერს ამბობს ზაზა, თითქოს ყველაფერი ნაცნობია, ათასჯერ ნანახი და გაგონილი, მაგრამ ომზე და თბილისზე ასეთი წიგნი ჯერ არავის დაუწერია. “adibas”-ი ნამდვილი თბილისი ლაივია. სამწუხაროდ, თბილისი 2008 წლის ზაფხულის შემდეგ არ შეცვლილა და არა მგონია, უახლოეს ხანებში შეიცვალოს.
კლასიკურ როკზე დაწერილი წიგნი ჩემთვის, სულ მცირე, საინტერესოა. ბასა ჯანიკაშვილის “აბსურდისტანიც” საინტერესო მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წიგნი როკზე კი არა, ბასაზეა. თქვენ-რომ-სანრემოზე-გიჟდებოდით-მე-როკს-ვუსმენდი პათოსი და აბსოლუტურად გაუგებარი სარკაზმი უშნოა და უადგილო. შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ბასას და რამდენიმე რჩეულის გარდა, “პინქ ფლოიდის” და “დიფ ფარფლის” შესახებ არავინ არაფერი იცის და მხოლოდ ავტორს მოსწონს ხარისხიანი მუსიკა. შედარებისთვის, ზურაბ ქარუმიძე, როკზე ბევრად ინტელექტუალურ მუსიკაზე დაწერილ ფანტასტიურ წიგნში, ჯაზის უბადლო ცოდნას არავის ამადლის და არც არავის დასცინის. მას ეს, უბრალოდ, არ სჭირდება.
თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურა, სამწუხაროდ, ორივე ფეხით კოჭლობს და ამის შესამჩნევად “სანტა ესპერანსას”, “ბიბლუსის” ,,ექს ლიბრისის” და სხვა მაღაზიების თაროების გადათვალიერებაც საკმარისია. ერთი-ორი საშუალო ხარისხის მოთხრობა, საეჭვო ღირებულების იგავ-არაკები და აშკარად ცნობილი ბესტსელერების გავლენით შექმნილი ფენტეზი-რომანი ამინდს ვერ შექმნის, უკეთესის დასაწერად ჩვენი პარნასი თავს დიდად არ იწუხებს, თუმცა, სხვებს მაინც ვთარგმნით და ეს უკვე კარგია. კორნელია ფუნკეს “ქურდების მბრძანებლით”, ჯანი როდარის “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრებით” და როალდ დალის “ჩარლი და შოკოლადის ქარხნით” მე ვისიამოვნე და ბავშვებს მითუმეტეს მოეწონებოდათ. სულაკაურის გამომცემლობამ ასტრიდ ლიდგრენის საიუბილეო სერიის პირველი ხუთი წიგნი გამოსცა, ქარჩხაძის გამომცემლობამ – ტოლკინის ტრილოგიის მეორე ტომი… წლის მარგალიტს დეკემბრის ბოლოს, კინო “ამირანის” ფოიეში, საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მივაგენი – “პინოქიოს” სრულიად ახალი, რობერტო ინოჩენტის ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებული თარგმანი, სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო იმით არის კარგი, რომ ჩემი შვილიშვილი კოლოდის “პინოქიოს” ტოლსტოის “ბურატინოზე” ადრე წაიკითხავს.
იაფი წიგნების ეპიდემიას შედეგად ის მოჰყვა, რომ დღეს თბილისში ჟურნალი არ გამოდის, თან რომელიმე სერიის რომელიმე ტომი არ მოჰყვებოდეს. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ წიგნსაც ხომ გააჩნია… რამდენიმე ძირითადი ხაზიდან (მაია ბურჭულაძის და სვეტა კვარაცხელიას შემოქმედებას არ ვგულისხმობ – აქ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და არა მაკულატურაზე) ჯერჯერობით, ყველაზე უარესი მსოფლიო დეტექტივების სეიფია. 30 ტომი გამოიცა და ორად ორი გამონაკლისის გარდა ისეა თარგმნილი, ისეთი ავტორებია გაფუჭებული, გული მოგიკვდება. როგორც ვატყობ, ამ პროექტის საკვანძო სიტყვა “იაფია”, რაც სრულდება კიდეც. სხვა დანარჩენს გამომცემლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ნობელის ლიტერატურული პრემია მეტ-ნაკლებად (ამ ბოლო დროს – მეტად) კონიუქტურული რომ არის და სტოკჰოლმელი ძიები ამა თუ იმ ნაწარმოების ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად სხვა რაღაც-რაღაცებსაც რომ ითვალისწინებენ, ძველი ამბავია. ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია” ერთი იშვიათი გამონაკლისია. თურქი უმბერტო ეკოს უგემრიელესი, აღმოსავლური კოლორიტით სავსე რომანისთვის მსოფლიოს არცერთი პრემია არ დაგენანება. ორმაგად სასიხარულოა, რომ ისეთი ქართული თარგმანი გვაქვს, რუსული გამოცემისკენ არც გაიხედავ (როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე).
ერეკლე დეისაძე აქ რა სახსენებელია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ფსიქეს უკაცრიელ ბლოგზე ხეტიალისას, აი, ამას გადავაწყდი და პირი დამრჩა ღია. ჩვენში დარჩეს, რაც მანდ წერია, ფსიქეს ინტელექტზე და ერუდიციაზე უფრო მეტყველებს. არა მგონია, დეისაძეს ამდენი ეფიქრა. მყვირალა სათაური რომ არა, ერთი უნიჭო და სულელური წიგნის შესახებ ვერავინ გაიგებდა. პურიტანების, ფსევდო-მორალისტების და სხვა მოყავისფრო ელემენტებისთვის იმასაც დავამატებ, რომ უნიჭო და სულელური წიგნის დაწერის უფლებას დეისაძეს საქართველოს კონსტიტუცია აძლევს.
უმადურობა იქნება, განსაკუთრებით სასიამოვნო და გემრიელად სასუსნავ წიგნებში არ ვახსენო დათო ტურაშვილის “მეცამეტე” და “ამერიკული ზღაპრები” (“ზღაპრები” დეკემბრის ბოლოს ვიყიდე, ახალი გამოსულია, წასაკითხად ოთხი საათი მეყო და უკვე მერამდენედ გამიჩნდა კითხვა – დათოს ცოლს ღამით მშვიდად როგორ სძინავს), ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესი”, ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” (“შოკოლადში” ნაწილ-ნაწილ რომ იბეჭდებოდა და ახლახანს წიგნად გამოსცეს), მალხაზ ხარბედიას “პირადი ბიბლიოთეკა”, ზემხას “iratta.ru”, დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი”, სერგეი მინაევის “Media Sapiens” (მეორე ნაწილი პირველს ჯობია), კლარკი, შეკლი და საიმაკი (ოღონდ რუსულად, ქართული თარგმანი არაფრად ვარგა) აკუნინის ექსპერიმენტული პროექტი “სიკვდილი ვახტანგურად” – ლიტერატურის და კინოს შერწყმის მცდელობა, სტაუტის დეტექტივები…
For record – ყველა ზემოხსენებული და კიდევ ბევრი სხვა წიგნი, კარგიც და ცუდიც, ჩემს პირად ბიბლიოთეკაშია განთავსებული. ოღონდ ცუდები – ყველაზე ცივ და ბნელ, ღამურებით და ჯოჯოებით დასახლებულ კუთხეში.
ეს – შარშანდელი ამბები. წელს, უკვე რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო წიგნის გამოცემაა დაანონსებული. ახალი რუსულენოვანი ლიტერატურა, წვალებით და ჯახირით, მაგრამ მაინც აღწევს ჩვენს მაღაზიებამდე, დედა-ენის ძეგლთან წინასწარ დაწუნებული ბაზრობაც ამუშავდება და ვფიქრობ, ბიბლიოთეკისთვის ახალი თაროების შეკვეთა მომიწევს.
რადგან წიგნების ასეთი მოყვარული ხარ, შეგიძლია რომელიმე ელექტრონული რიდერი შეიძინო თაროების ნაცვლად და აღარც წიგნების ლოდინი დაგჭირდება. ოღონდ არ თქვა ახლა წიგნების სურნელს ვერ შეველევიო. :)
LikeLike
წიგნებს სხვა ხალისი მოაქვს. აუდიოწიგნებს რომ ვუსმენ, საოცარი სურვილი მიჩნდება, ხელთ მქონდეს და ვფურცლავდე… ასევე, E-Book-ების კითხვისასაც.
LikeLike
ხელში რომ გიჭირავს წიგნი, მართლა სხვა სიამოვნებაა, მაგრამ მგონი, ამ სიამოვნებაზე მალე უარს ვიტყვით, ან წიგნი, გრამოფონივით, ანტიკვარი გახდება. მალე – ალბათ 5 წელია… ან ცოტა მეტი.
LikeLike
5 წელი ძალიან ცოტაა, მაგრამ 25-50. დაახლოებით ასე.
LikeLike
ამდენი დრო სჭირდება? ბევრი არ არის?
LikeLike
არა ტემპი ეგეთია. და პროგნოზებია ეგეთი.
თან ზოგადად მსოფლიოს ვამბობ – ამერიკაში უფრო მალე, ევროპაში უფრო ნელა.
http://wp.me/pBTza-LV
LikeLike
თუმცა რაღაცეები შეიცვლება. შეიძლება დაჩქარდეს ფერადი რიდერების გამოსვლის შემდეგ.
LikeLike
ბუკის კითხვა მხოლოდ რიდერით.
LCD ეკრანზე თუ კითხულობ ეს არაა ბუკი. ეს არის უბრალოდ ტექსტი კომპიუტერის (პლანშეტის…. და ა.შ.) ეკრანზე.
სანამ რიდერით არ წაიკითხავ ვერ შეადარებ.
ახლა როცა რიდერი მაქვს – ნამდვილად შემიძლია ვთქვა. რომ ბუკი ნაბეჭდ წიგნზე უფრო კომფორტულია.
LikeLike
ეკრანზე წიგნის კითხვას რა უნდა – ვორდის ფაილი გახსენი და ეგ არის… რიდერი სულ სხვაა.
ადრე, რამდენიმე წლის წინ, კომპიუტერში TR BOOKSHELF მქონდა ჩაწერილი. მერე სადღაც დავკარგე და ვერც ახლად გადმოსაწერად მივაგენი. ტექსტს აფორმატებდა, შრიფტს ცვლიდა, მოხერხებულ თაროებს აკეთებდა… კომპიუტერის მონიტორზე კი ვკითხულობდი, მაგრამ ვორდის ფაილზე ასჯერ უკეთესი იყო. რიდერი ყველა მსგავს პროგრამაზე ათასჯერ უკეთესია.
LikeLike
წიგნების სურნელი არაფერ შუაშია. kindle-ს და ipad-ს უამრავი პლუსი და უპირატესობა აქვს და, ალბათ, უახლოეს ხანებში ვიყიდი. დღეს რიდერების ერთადერთი სუსტი მხარე – ebook-ების ნაკლებობაა. ასე რომ, თაროები ჯერჯერობით აქტუალურია.
LikeLike
TOM Reader-ს ვიყენებდი ;) წიგნივით აფორმატებდა და ორ გვერდზე შლიდა…
ბულშით… თურმე ერთ გვერდზე კითხვა უფრო კომფორტულია. ახლა როცა ქინდლი მაქვს თავად დავრწმუნდი. რაც მთავარია ბევრად სწრაფად კითხულობ, ვიდრე ორ გვერდზე.
ბუკები ქართულად ცოტაა… კი არადა თითქმის სულ არაა. მაგრამ მალე იქნება. ამაზონზეც იქნება ქართული ბუკებიო – ამბობენ.
სამაგიეროდ სხვა ენებზეა რამდენიც გაგეხარდება.
LikeLike
ზუსტად ბუკების სიმცირე მგონია მე მთავარი პრობლემა, ეს გადაწყდეს და მორჩა – რიდერებს ვერაფერი შეაჩერებს.
ქართული, რუსული და ინგლისური – მე ეს სამი ენა მჭირდება.
LikeLike
მეც ეგ სამი ენა მჭირდება და პრობლემა მხოლოდ ქართულია.
რუსულად – იცოცხლე, თან უფასოდ… :)
რუნეტი – ქოფირაითისგან თავისუფალი ტერიტორია :)
LikeLike
ისე 2010 წელს ონლაინ მაღაზიებში ბუკი მეტი გაიყიდა ამერიკაში, ვიდრე ნაბეჭდი წიგნი.
და უკვე ორი მწერალია, რომელმაც მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში მიაღწია 1 მილიონიან ტირაჟს.
LikeLike
პატერსონი და ლარსონი
LikeLike
შურ. :)
ლარსონს პატივი ვეცი და პირველი რაც წავიკითხე ქინდლში სწორედ ეგ იყო… არაა ცუდი. ცუდი კი არა კარგია. თუმცა თუ შვედ დეტექტივისტებზე მიდგა, მე მანკელი მირჩევნია.
LikeLike
ერთადერთი შვედი დეტექტივი ვიცი. ისიც ბავშვი – კალე ბლუმკვისტი.
LikeLike
კალე გაიზარდა და ლარსონის ტრილოგიის მთავარი გმირი გახდა :)
LikeLike
კი, მთავარია, ქართული აეწყოს. ძლივს გვეღირსა, ნორმალური პერიოდულობით კარგი ქართული წიგნები გამოდის და თუ რიდერი გვინდა, ქართულ ბუკებსაც უნდა ვუშვებდეთ.
რუსეთში და რეგიონ-ტვ-ზე ბერნის კონვენცია არ მოქმედებს.
LikeLike
ევა-ლოტა შვედურ “ფლეიბოიში” მუშაობს…
LikeLike
ფლეიბოიში არა – “მილენიუმში”. :)
ლარსონთან მთავარი გმირი მართლა კალეა. თრიბიუთ თუ ასტრიდ.
LikeLike
არ ვიცოდი. ისე, ლამაზი და ლოგიკური ალუზიაა.
LikeLike
ტივებს რაც შეეხება, იმდენად მზესუმზირასავიტ სწრაფად წავიდა, რომ თარგმანის სისუსტეს არ აღვუშფოთებივარ.
სამაგიეროდ, ახლა რომ გამოდის – მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისათვის, ეგ მომწონს დაოცრად.
LikeLike
დეტექტივები ახლა რომ ეთარგმნათ, თანამედროვე ქართულ ენაზე, თანამედროვე ლექსიკით, სტილისტიკით და ხერხებით, ბევრად მეტს ისიამოვნებდი. სეიფში უმრავლესობა 60-იან წლებში თარგმნილი წიგნია. კოპი-პეისტ, თარგმნისთვის ფულს არ იხდი, წიგნი იაფი ღირს და ყველას უხარია.
მოზარდების სერიას სულაკაურის გამომცემლობა უშვებს და მანდ ყველაზე კარგად არის საქმე. რამდენიმე წიგნი, “ოქროს კომპასი”, “ქურდების მბრძანებელი”, “ბინდი” – თანამედროვე თარგმანია.
გამოჯანმრთელებას გისურვებ :)
LikeLike
მეტყობა სიცხე რომ მაქვს… პირველი სიტყვა დეტექტივები უნდა ყოფილიყო… დანარჩენს მიხვდები. :)
LikeLike
ზაზა ბურჭულაძე რომ ვახსენე, მერე მკითხველებმა მუჯლუგუნები არ დამაკლეს ეგ რა მაიმუნობააო :)
ძლივს ერთი ბლოგერი ვნახე, ვისაც მოსწონს.
და შენი ნიკი მომწონს კიდევ.
:)
LikeLike
სირცხვილი მაგ მკითხველებს :)
მოლი ბლუმი მეც მომწონს და სულაკაური ახალ და შევსებულ თარგმანს რომ გვაღირსებს, კიდევ უფრო მომეწონება.
მეც და ბევრ სხვასაც. ულისე ერთხელ თარგმნეს ქართულად, დენიკინის დროს და მერე არავის უცდია, ის ტირაჟიც გამქრალია და წესით, ბევრისთვის სიახლე უნდა იყოს.
LikeLike
ისე მომინდა რამდენიმეს წაკითხვა, ლამის გავიქცე და ახლავე ვიყიდო. სამწუხაროა, რომ საღამოა.
აი მე წითელი მქვია სწორედ ახალ წელს ვიჩუქე ჩემი თავისგან და კითხვაც დავიწყე. მივხვდი, რომ გამოცდებთან ერთად წასაკიტხი არ იყო და ისევ თაროზე შემოვდე. ახლა ერთი სული მაქვს გამოცდებმა გაიაროს, ჩამოვიღო ჩემი წითელი წიგნი და შევიყვარო (ზუსტად ვიცი, რომ შემიყვერდება)
დეისაძეს რაც შეეხება, გეთანხმები, რომ სრული მაკულატურაა, მაგრამ მაინც არის მასში რარაც ისეთი, რაც მე სხვებთან მომწონდა და რაც დეისაძემ მოიპარა.
LikeLike
ნამდვილად შეგიყვარდება. ფანტასტიური წიგნია და ძალიან კარგი თარგმანი :)
მოპარვასაც ჭკუა სჭირდება. შენ, დამბლდორივით, დეისაძეშიც კარგის დანახვას ცდილობ.
LikeLike
:))) ჰო, მაგრამ დამბლდორი არავიში შემცდარა და მე ვინ მომცა დამბლდორის ჭკუა-გონება და სიბრძნე? :დ
თანაც მშვენივრად ვიცი დეისაძე რომ ერთი უბრალო ქურდი ბიჭია
LikeLike
3 იანვარს ქუთაისში დაუკავებიათ, ღამის 12 საათზე, ნასვამი, ვიღაცებთან ერთად “ტაშკენტიდან მოდის ქარავანი”-ს მღეროდა.
ესეც ჩვენი თანამედროვე ინტელექტუალი ლიბერალი…
LikeLike
დეესიეთ ეხლა… :)
ეგ მოთხრობა “მამა” არაა ცუდი. ოსტატობა აკლია, მაგრამ პათოსს ვეტანხმები. და არის იქ კაი მომენტები. :)
ბოლო-ბოლო რუსთაველის პრემიაზე ტყუილად არვის წარადგენენ დღეს.
LikeLike
მეამბოხური პათოსი კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის.
საერთო ჯამში, წიგნი ყალბი მეჩვენა, აშკარად ხელოვნურად დამძიმებული, ზედმეტი და უადგილო ნატურალიზმით სავსე.
რუსთაველის პრემია გადაეცემა ლიტერატურისა და ხელოვნების იმ წარმომადგენლებს, რომელთა მაღალიდეური და მაღალმხატვრული ნაწარმოებები ფართო საზოგადოებრივ აღიარებას მოიპოვებს.
დეისაძეზეა დაწერილი :)
გასაგებია, პრემიის ძველი, საბჭოთა დებულებაში ეწერა ასე, მაგრამ დეისაძეს უხდება ძალიან და ამიტომ დავაკოპირე :)
LikeLike
ოსტატობის გამო.
მაგრამ დაიხვეწება. :)
ჰოდა ზუსტად ჯდება. http://wp.me/pXQxp-rW
ლოგიკურადაც ასაბუთებენ. :) ვერ შეედავები.
LikeLike
აჰა, ვიცი ეს ბლოგი. მანდ ის მომეწონა, ძიძიგური სვაროვსკის სახე რომ ხდება და კიდევ ისლანდიელი პრემიერ-მინისტრის ამბავი. ჩვენს გილაურს ჯობია :(
LikeLike
მე კიდე დეისაძეზე პოსტი მომწონს, იმიტომ რომ დაიჯერეს, ფორუმებზე გავრცელდა და დიდი აღშფოთება მოყვა. :)
ასეთ დროს ხვდები, რომ ტყულად არ წერ. :)
ძიძიგურზეც არ იყო ცუდი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს დაეჯერებინა.
აი, შეიძლება თავად ძიძიგურს დაეჯერებინა, მაგრამ არ წაუკითხავს.
LikeLike
ჭეშმარიტი ხელოვნების ძალა უსაზღვროა…
ძიძიგური მაგ პოსტს ვერ წაიკითხავდა, მანდ რთული სიტყვებია და ძიძიგურმა რთული სიტყვები ჯერ არ იცის.
LikeLike
ყველგან ფამუქია. ეს უკვე “რაღაცას” კი არა იმას ნიშნავს რომ დროა წავიკითხო :)
LikeLike
თამარას აქვს ძალიან კარგი პოსტი ფამუქზე და ვასასის.
მე ჯერ არ დამიწერია. უახლოესი მომავლისთვის ვგეგმავ ისე.
“მე წითელი მქვია” შედევრია. არ იცი, რა სიამოვნება გელის წინ…
LikeLike
ორივე პოსტი წაკითხული მაქვს, პირველად ვასასისგან გავიგე ამ ავტორის შესახებ. მერე თამარა აღფრთოვანდა და კიდევ სხვა ბლოგერები. ახლა ამას ვკითხულობ.. მოკლედ რაღაც ნიშანია რა :)))
LikeLike
ვასასის ინტერვიუ მაქვს აქ, ბლოგზე და იქაც ფამუქზე ყვება :) ძალიან უყვარს :)
თამარას ჯევდეთ ბეის ვაჟიშვილებზე უწერია. წითელი, ჩემი არ იყოს, მასაც გეგმაში აქვს.
სხვა ბლოგერების ფამუქი ახლა არ მახსენდება. როდე დაწერდა ალბათ.
LikeLike
ცალკე პოსტი არ იყო, ზოგმა ფბ-ზე დაწერა, ზოგმა ძალიან გადაკვრით ახსენა. არც ისე ბევრმა , თუმცა “მენიშნა” მე მაინც :)))))
LikeLike
კი კი :) არც თუ ხშირი შემთხვევაა – პოპულარობა და ხარისხი ერთმანეთს რომ შეესაბამება.
LikeLike