“ამ რაღაცას წიგნი დაგეჭირა ხელში, ჯობდაო”
მეშვიდე წელია, ქინდლი მაქვს და სულ რაღაცებს მეკითხებიან. ტაქსიში, მეტროში, ბანკში, კაფეში, სამსახურში, თბილისში, ბათუმში (ადრე უფრო, ახლა ნაკლებად, აღარაა
უცხო ხილი და ისეთი ქინდლოლოგები დაიზარდნენ, აქეთ მიხსნიან ტექნიკურ დეტალებს), ერთხელ მეტროში დაცვის თანამშრომელი გამომეკიდა; რა მოდელიაო, როგორ ეჩვევიო, წიგნებს სად პოულობო, თვალს მართლა არ ტკენსო… მეკითხებიან და მეც დაუზარებლად ვპასუხობ. ქართველ კანიბალთა ასოციაციის გამოცემული კულინარიული წიგნი ხომ არ არის, შემრცხვეს და მომერიდოს.
მოკლედ, კითხვებს ველოდებოდი და დეტალური ახსნა-განმარტებისთვის ვიყავი პატიოსნად დარაზმული, მაგრამ… აა, მე წიგნი მეგონაო, ჩაილაპარაკა ჩემმა თანამგზავრმა და, სანამ პირი გავაღე, ისე, ამ რაღაცას წიგნი დაგეჭირა ხელში, ჯობდაო, დააყოლა.
“დაწყებული მაქვს და ვერ მივატოვებ”
დღეს იმას ვყვები, ჟანრიც რომ შენია, ავტორიც, სხვა რაღაცები წაგიკითხავს და მოგწონებია, წესით და კანონით, ესეც უნდა მოგწონდეს, დროც გაქვს, გადარბენით არ
ფურცლავ. ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, კითხულობ და აი, ვერა რა… მძიმედ მიდის. არანაირი სიამოვნება. არადა, მიტოვებაც გენანება.
ოღონდ იმიტომ არა, აქაოდა, წავიკითხეო, უზარმაზარი დავთარი დაითრიო ხვნეშით და კილომეტრიან სიაში მორიგი პუნქტი გადახაზო. წაკითხული წიგნების და გვერდების თვლა ჯერ არ დამიწყია, ასეც არ გავგიჟებულვარ. ჩემგან თუ გაიგონებთ, წელს ამდენი წიგნი და ამდენი გვერდი წავიკითხეო, ჯერ კარგად გადაამოწმეთ, ფეისბუქის გვერდი ხომ არ გამიტეხეს. მართლა ჩემი ნათქვამი თუ გამოდგა, თითით დამცინეთ – ეს ჩვენი მასპინძელი სულ მთლად გამოპრუტუნებულაო.
ამქვეყნად ყველა წიგნი მკითხველისთვის იწერება. ყველა მკითხველს აქვს უფლება, არ მოსწონდეს თუნდაც შედევრად მიჩნეული ნაწარმოები. ამაში დასაძრახი არაფერია.
სულ პირიქით. “ყველასათვის საყვარელი წიგნი”, უბრალოდ, არ არსებობს. არც მწერალი. ფეხის ხმას აყოლა და “ყველას უყვარს და მე როგორ არ მიყვარდეს” ბევრად უსიამოვნო მოსასმენია და, რაც მთავარია, ძალიან ყალბია.
მე, მაგალითად, გამიჭირდებოდა საბავშვო (და არა მხოლოდ საბავშვო) ლიტერატურის ბრილიანტის, საეტაპო ტექსტის და, უბრალოდ, გადასარევი წიგნის ასე ხელაღებით, არგუმენტების გარეშე, “სისულელედ” მოხსენიება (ლინდგრენზე კი არა, “რუხის ორმოცდაათ ელფერზე” არ ვამბობ მაგას, ბოლომდე რომ ვერ გავუძელი და შუა გზაზე მივატოვე), მაგრამ ესეც ტემპერამენტის, ტაქტის და განწყობის ამბავია. სხვისი ტემპერამენტი ჩვენი გასარჩევი ნამდვილად არ არის.
რით ვერ გაიზარდე, რა დროს შენი ზღაპრებიაო
ზაფხულში, ხალხმრავალ წიგნის მაღაზიაში, ასეთ დიალოგს (სინამდვილეში –
მონოლოგს) შევესწარი. თავად ახალგაზრდა ქალი თხუთმეტიოდე წლის გოგოს ამუნათებდა, რა დროს შენი ზღაპრებია, რით ვერ გაიზარდეო.
თუ გახსოვთ (ან როგორ არ გემახსოვრებათ) არც თუ შორეულ წარსულში ერთი გახმაურებული, კარგად გაპიარებული, საერთო-სახალხო გამოკითხვით შედგენილი ბიბლიოსერია იბეჭდებოდა და იმ სერიაში ბალზაკის, დიკენსის, ცვაიგის, ფლობერის, სტენდალის, დოსტოევსკის, მოპასანის, თეკერეის, ლესინგის, გოლზუორთის, ზოლას მდიდრულსუპერებიანი ტომების გვერდით ლინდგრენის, ლაგერლოფის, როდარის, ბისეტის, არჩილ სულაკაურის, გურამ პეტრიაშვილის, ჯინ ვებსტერის, ტუვე იანსონის ანე-კატარინე ვესტლის, რედიარდ კიპლინგის წიგნებისათვის ადგილი არ მოიძებნა.
ჰოდა, ერთმა ძალიან კარგმა ბლოგერმა, ამ (ზედმეტად) სერიოზულ ბიბლიოსერიაზე დაწერა – ამის შემდგენელი ხალხი, ალბათ, პირდაპირ უფროსებად დაიბადა, ბავშვობა არ ჰქონიათო.
ორი და სამი წიგნის ერთდროულად კითხვა ვის გაუგონიაო. ვითომ რათაო? ხანდაზმულობის ვადა აწერია ზედ რომელიმეს, პერსონაჟები დაგხვდებიან
გაბუტულები და კედლისკენ პირშებრუნებულები ან საერთოდაც გაქცეულები თუ რა? მე დიდად არ გამომდის ამგვარი მრავალფეროვნება, მაგრამ ვისაც უნდა და თავს კომფორტულად გრძნობს, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ამ და სხვა ბიბლიოცრურწმენებს კუდი საიდან ეზრდება, მგონი, ვხვდები. რაც არ მესმის და, ალბათ, ვერასოდეს გავიგებ. წაკითხული წიგნების თვლააა. რა აზრი აქვს თვის ან წლის ბოლოს კაი გამოცდილი ბუღალტერივით ჩამოჩოთქვას და გამომზეურებას – ამდენი წიგნი და ამდენი გვერდი წავიკითხეო? გეგმაა შესასრულებელი? “გეგმით – თვრამეტი, გეგმა-ვალდებულებით – ოცდაერთი”, “ცისფერ მთებში” ვართ?
ახალი ქართული ტრადიციები: “დიდხანს ნუ ისაუბრებთ!”
ზიხარ საღამოს სამარშრუტოში, ერთი სული გაქვს, შინამდე მიაღწიო. ცალკე ზლაზნია საცობი გკლავს, ცალკე – მთელი დღის დაღლილობა, ცალკე – მეორე დღისთვის კუდად
მოტოვებული საქმეები… მგზავრობ ასე ბედნიერად და, პარალელურად, ვიღაცების არხეინ საუბრებს უსმენ.
არა, დარწმუნებული ვარ, (მათთვის) ძალიან მნიშვნელოვან ამბებს განიხილავენ, მაგრამ მე რა დავაშავე?!
გასაგებია, თავისუფალ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველას აქვს იმის კეთების უფლება, რასაც კანონი არ კრძალავს, მაგრამ ხელის ქნევის და ცხვირის ამბავიც გეცოდინებათ და აი, იმ ცხვირზე გვხვდება ყველას, ვისაც მგზავრობა გაუთავებელი აკომპანიმენტის გარეშე გვირჩევნია.
ახალი ქართული ტრადიციები: შენი გადახდილია!
დაპატიჟებაში თავისთავად ცუდი არაფერია, ადამიანის პატივისცემის ფრიად უწყინარი ხერხია, სანამ უბრალოდ სასიამოვნო ჟესტიდან დაუწერელ კანონად არ იქცევა და
ვალდებულებად არ ჩამოგეკიდება კისერზე.
დაუწერელ კანონებს მზიურ წილხვედრში დაწერილზე მეტი ძალა რომ აქვს, ცნობილი ამბავია. სხვისი Oblico Morale-ს კონტროლზე ალესილი საზოგადოებაც დაუწერელი წესების შესრულებას ასკეც გაფაფიცებით აკვირდება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა. აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს…
“ჩვენი ენა ქართული” და ციციკორეები
ენის ცოდნაც, ერთი ცნობილი სიგარის არ იყოს, მხოლოდ ენის ცოდნაა და მეტი არაფერი. თავანკარა ქართულით მოსაუბრე ნაძირლებიც შემხვედრია და ყოვლად
გადასარევი ხალხიც, სამ სიტყვაში ხუთ შეცდომას რომ უშვებენ. მოკლედ რომ მოვჭრა, უხეირო ქართულს, ფეისბუქზე, ბლოგებზე და ყველგან, სადაც ვკითხულობ, თვალს ვარიდებ. უბრალოდ, ზოგჯერ მართლა სასაცილოა, ჭკუას ისე გარიგებენ, მეოთხეკლასელს რომ მსგავსი შეცდომებით მეწერა, თინა მასწავლებელი საკლასო ოთახში არ შემიშვებდა.
ნეტში ფართოდ გავრცელებული მაცხონებელი ქარდები (ორი ანგელოზი რომ მიფრინავდა, მამამ შვილი ხესთან რომ მიიყვანა, სტუდენტმა რომ ჰკითხა პროფესორს etc) ისეა შეცდომებით გაძეძგილი, როგორც ყველა წესის დაცვით გამომცხვარი ქიშმიშიანი ფუნთუშა – ქიშმიშით. სხვაგვარად, ალბათ, მადლი აკლდება. რაღა შორს მივდივართ, ერთხელ, ოც წელს ძლივს გადაცილებულმა ჭაბუსმა, რწმენას, ადათს, მამა-პაპისეულ ტრადიციებს, ყოველივე ქართულს და ეროვნულს მესამეკლასელისათვის უპატიებელი გრამატიკული შეცდომებით რომ იცავდა (და, პარალელურად, ID ბარათის მომგონს, შემქმნელს, მზიურ წილხვედრში ჩამომტანს და გამავრცელებელს ლანძღავდა უმოწყალოდ), გაკვირვებულ რეპლიკაზე ისე გულდაჯერებულად მიპასუხა, ქართული ენის არცოდნა სულის ცხონებაში ხელს არ მიშლისო, სადღაც შემშურდა კიდეც.
“ქართულს არაფერს არ ვკითხულობ”
“ქართულში”, ცხადია, ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, ყაზბეგი, მიხეილ ჯავახიშვილი არ იგულისხმება. ეჭვი მეპარება, ამათ კითხვაში ღამეს ათენებდნენ, მაგრამ გიჟები ხომ
არ არიან, ხმამაღლა უარყონ. კლასიკა ხელშეუხებელია.
არც დოჩანაშვილი, ჭილაძე, ინანიშვილი და რჩეულიშვილი. ესეც კლასიკაა. თან მოდური კლასიკა.
რაღა დარჩა ცხვირასაბზუებელი – თანამედროვე პროზა და პოეზია.
არადა, რომ ჰკითხო, აი, რომ ჩამოუჯდე და ჰკითხო, რა დაგიშავა ასეთი, სათოფედ რომ არ ეკარებიო, ჭკუასთან ახლოს მყოფს ვერაფერს გაიგებ, მე მოვკვდე.
ეკლესიასტედან ბუდენბროკებამდე ანუ რჩევები არდადაგებისათვის
სიმართლე გითხრათ, იობი, ეკლესიასტე, რამდენიმე ავტორი და სათაური რომ არა, ჩემი ბავშვობისდროინდელი საშინაო დავალება მეგონებოდა. საზაფხულოდ, აქაოდა, სამ
თვეს ისვენებთ და ხელიდან არ წახვიდეთო, რჩეული კლასიკით გაძეძგილ “საკითხავ გეგმას” გვატანდნენ შინ. ვინ რას კითხულობდა და ის ჩემი ცოდვით სავსე სია სად დაფრიალებდა, სხვა ამბავია. მე პირადად კონან დოილი, ჟიულ ვერნი, დიუმა, ლიბერა კარლიე, ერნსტ სეტონ-თომპსონი, ლადო მრელაშვილი, ლევან გოთუა, რაფაელ საბატინი, ალექსანდრე ლორია მერჩივნა და არდადეგებიც ერთიორად მიგემრიელდებოდა. სხვათა შორის, არ მახსოვს, მასწავლებლებს არჩევანი დაეწუნებინოთ. “საზაფხულო დავალებას” დავალება კი ერქვა ომახიანად, მაგრამ, სინამდვილეში, სრული ფორმალობა იყო, წესისთვის შედგენილი.
წარმოიდგინეთ, ცამეტი-თოთხმეტი წლის ხართ, სოფელში ისვენებთ, ბებიასთან, ეზოს ბავშვები გეძახიან, ტყეში წავიდეთ, სოკოზეო და ასარჩევად გაქვთ, იმათ გაჰყვეთ თუ შინ დარჩეთ და “ბუდენბროკები” იკითხოთ. გადასარევი არჩევანია, ღმერთმანი. ძალიან რთული. პრაქტიკულად, გადაუწყვეტელი
“ჩემი შვილი არაფერს არ კითხულობს”
ჯერ იმას გეტყვით, ამგვარი საყვედურების მოსმენისას თავში პირველი რაც მომდის, მაგრამ თქმით იშვიათად ვამბობ, ემანდ არასწორად არ გამიგონ. თქვენს შვილს კითხვას
თამაში თუ ურჩევნია, ანუ სიამოვნების მიღებას დროისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით თუ ცდილობს, ყოვლად გადასარევი, რაციონალურად მოაზროვნე, გონიერი ბავშვი გყოლიათ.
კაცმა რომ თქვას, ბლოგის დასრულება აქვე შეიძლებოდა. ბავშვი იმ თქვენს რუდუნებით შეგროვებულ ბიბლიოთეკას და თაროებზე კოხტად ჩაწიკწიკებულ წიგნებს, ერთხელაც იქნება, უთქვენოდაც მიაგნებს. სათაურს მოჰკრავს ყურს და დაინტერესდება, მეგობარი ჰკითხავს, ხომ არ წაგიკითხავსო, სხვის მაგიდაზე შეამჩნევს და ყდა მოეწონება… მაგრამ თუ მაინც თვლით, რომ თქვენი ნაშიერის გულგრილობა წიგნების მიმართ პრობლემაა და გაწუხებთ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს – დაარწმუნოთ, რომ კითხვა სასჯელი, მოსაწყენი მოვალეობა და წვალება კი არა, ბედნიერებაა და უდიდესი სიამოვნების მოტანა შეუძლია.
ჩემი ძვირფასებო, მობილური ტელეფონი იმიტომაც არსებობს, რომ სტაციონარულისგან განსხვავებით, იქ გამოიყენო, სადაც გაგიხარდება: შინ, გარეთ, მთაში, ბარში, მიწაზე თუ
მიწისქვეშ (მეტროში, ანუ). არ მგონია, ტრანსპორტში კითხვა სხვაზე ნაკლებად მიყვარდეს, მაგრამ გზაში მობილურსაც გადასარევად ვიყენებ. ნიუსფიდს ვათვალიერებ, მეგობრებს ველაპარაკები, რაღაცებს ვთამაშობ. ვინმემ ტელეფონში თავჩარგული რომ დამინახოს და უწიგნურიაო, დაასკვნას, სასაცილო არ იქნება?
“ფეისბუქის” წყალობით, ათამდე მსხვილი ლიტერატურული (და არა მხოლოდ) პორტალის ყოველდღიური სიახლეები მაქვს გამოწერილი. დღის განმავლობაში იმდენი ბლოგი, რეცენზია, მიმოხილვა და პრეპრინტი გროვდება, ყველაფერს ვერ ავუდივარ და მერესთვის ვინახავ. ეგეც არ იყოს, თანამედროვე სმარტფონებში რიდერიც გადასარევად იწერება და რა იცით, “მობილურში ჩამძვრალი” უცნობი ზუსტად იმ წიგნს არ კითხულობს, დიდის ამბით ჩანთაში რომ გიდევთ?
“იცით, მე მარტო გოეთეს ვკითხულობ”
ყოველი შემთხვევისათვის, თავიდანვე ვიტყვი: გოეთე ძალიან მომწონს. “ფაუსტიც”, “დასავლურ-აღმოსავლური დივანიც”. თქვენ წარმოიდგინეთ, “ახალგაზრდა
ვერთერის ვნებანიც” არ მეჩვენება ურიგო და, საერთოდ, კლასიკას არაფერს ვერჩი.
ისიც ცხადზე ცხადია, რომ ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, იკითხოს ის და მხოლოდ ის, რაც გაუხარდება. მართალია, ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ უნდა იკითხო მარტო გოეთე (ან მარტო სერვანტესი, ან მარტო ლინდგრენი, ან მარტო ბრედბერი, ან მარტო სტრუგაცკები), მაგრამ რა ჩემი საქმეა. იმ გოგომ ხომ იცის. უნდა და კითხულობს. ჰოდა, ღმერთმა შეარგოს.
წესებს ვარღვევთ? სადმე წერია, რომ მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებს აქვთ მხარდაჭერის უფლება? მაჩვენეთ და პიონერულ სიტყვას ვიძლევი, იმ წამსვე ჩამოვუვლი საკუთარ
ვოლს და ყველა ჰეშთეგს წავშლი. ბოდიშსაც მოვაყოლებ, მე მაპატიეთ, შემეშალა-მეთქი.
ან ვინ თქვა, რომ გამოკითხვაში მხოლოდ კალათბურთში განსწავლულები უნდა მონაწილეობდნენ? ეს აქცია, ჩემი მოკრძალებული აზრით, გულშემატკივრებისაა და გულშემატკივრობა სხვადასხვანაირი არსებობს. საუკეთესო და საყვარელიც, თუ კარგად დააკვირდებით, ორი სხვადასხვა ცნებაა. NBA-ში მჯობნის მჯობს რა დალევს, ამდენს ვხვდები, მაგრამ ზაზა ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყველგან და ყოველთვის ვგულშემატკივრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ფეხბურთია, კალათბურთი, კერლინგი თუ დომინო.
“აუ, ეს წაკითხული როგორ არ გაქვს?!”
რაღაცნაირი კითხვაა. განცვიფრებით, შეფარული ბრალდებით, შეცოდებით სავსე, ეს როგორ მოგივიდაო. ჯერ ხომ სირცხვილით უნდა დაიწვა, მიწა გაგისკდეს და შიგ ჩაგიტანოს, მერე
ბოდიში მოიხადო, უახლოეს წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში გავარდე, სასწრაფოდ მოიძიო ის წაუკითხავი საოცრება, გადააბულბულო, ვალმოხდილი დაბრუნდე, გამოვასწორე, უფროსოო, უპატაკო და მადლობაც გადაუხადო, მაღალ ლიტერატურას რომ გაზიარეს და მომავალში თავისმოჭრა, იმიჯის შელახვა და უწიგნურის სტატუსი აგაცილეს თავიდან.
Must Read წიგნებზე მოგახსენებთ, წაუკითხაობა ლამის გაუნათლებლობად რომ ითვლება. სახელდახელო სიის ჩამოწერაც შემიძლია, რომ რამე. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. მე დავიწყებ, თქვენ გააგრძელეთ
ადამიანი ასეა მოწყობილი, სხვაში ყველაზე მეტად იმას აფასებს, რაც თავად აკლია, ან არ შეუძლია. ამის ბრალიცაა, ალბათ, ექიმები განსაკუთრებით რომ მიყვარს.
მიდიხარ საავადმყოფოში (ან ცოცხალ-მკვდარს მიგათრევენ), არ აქვს მნიშვნელობა, თითი გაიჭერი თუ გადაუდებელი ოპერაცია გჭირდება, გტკივა, ოხერი, ცუდად ხარ და დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ეს ტკივილი გაწუხებს, იმ წამს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თეთრხალათიანი ექიმია, მხსნელიც ის არის, ერთადერთი იმედიც, უპირობო ავტორიტეტიც, თან გეშინია, შიშით კვდები, თან გტკივა, შიშნარევი მორიდებით უყურებ, მის ხელში ხარ, თვალებში შეჰყურებ, ხომ მიშველით, ექიმოო და ისიც გშველის.
ექიმებზე ნათქვამ აუგსაც განსაკუთრებულად განვიცდი.
“ცოლის გაუპატიურება რა დანაშაულიაო”
ქალს, ცოლის სტატუსის მიუხედავად, სქესობრივი თავისუფლება გააჩნია და კანონი ამ თავისუფლებას ზუსტად ისე იცავს მოძალადე ქმრისგან, როგორც ნებისმიერი სხვა
მოძალადისგან. მარტივზე მარტივი ჭეშმარიტებაა, დიდი მტკიცება არ სჭირდება და თავს არ შეგაწყენთ, ბლოგს ვწერ, რეფერატს კი არა, მუხლები და კომენტარები ჩამოვაწიკწიკო.
მე უფრო ის მაინტერესებს, რატომ ჰგონია თავად ცოლს და სამი შვილის დედას, რომ მავანს ქმრის სტატუსი ნებისმიერი საზიზღრობის ჩადენის უფლებას აძლევს.
ისიც მახსოვს, ჩემი ყოვლად გადასარევი, უმაღლესადგანათლებული თანამშრომელი რომ მეუბნებოდა, დაწყევლილი წიგნია, უბედურება მოაქვს, შინ როგორ გავაჩერებო.
ისიც გამიგია, როგორ გამოატანეს ჩემს მეგობარს ბავშვებისთვის საჩუქრად მიტანილი ფერადი ტომები. არ გვინდა, მადლობაო.
ისიც მსმენია, ოდესღაც სახელგანთქმულ, ამჟამად კი რეგრესის გზაზე მყარად მდგომი საბავშვო გამოცემის თანამშრომლებს უთქვამთ, ჩვენთან ჰარი პოტერის მსგავსი საძაგლობა არასოდეს დაიბეჭდებაო.
“დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა და სხვა დაბალი სინჯის პროზა”
მეხუთე წელია, ბლოგერი მქვია, ბლოგზე ყველაზე მეტს წიგნებზე ვლაპარაკობთ, რა არ წამიკითხავს და მომისმენია, კაცია და გუნება, ლიტერატურა არითმეტიკა არ არის და
არც წიგნია x+3=5, ერთადერთი სწორი პასუხი ჰქონდეს, მაგრამ ჟანრის ასე ხელაღებით ძაგება, მომკალით და, არ მესმის.
დეტექტივი იაფფასიანი საკითხავია, ფანტასტიკა – ზღაპარი, კომიქსები – უშინაარსო ნახატების გროვა. კრისტი, სიმენონი, ბრედბერი, შეკლი, სტაუტი, სტრუგაცკები, საიმაკი, ჟაპრიზო, ჰაინლაინი მდარე ლიტერატურა ყოფილა. პრინციპში, “მაღალი შტილის” მოყვარულებს ავტორები არც აინტერესებთ. მათთვის გოჩა მანველიძე და არტურ კონან დოილი ერთია. რა პრასი, რა ჯონჯოლი. დეტექტივია, ესე იგი, დაბალი სინჯის პროზაა.
ამას წინათ კაფეში ვისხედით მეგობრები, ათას სისულელეზე ვლაყბობდით და, უცებ, ამ განსაკუთრებულმა, არც აცია, არც აცხელა, ტრანსპორტში კითხვა ქაჯობააო. ზუსტად
ასე თქვა. ამ ვორდინგით.
მეგონა, მომეყურა. კითხვას და ქაჯობას ერთად იშვიათად ახსენებენ. სხვებს სიცილი აუტყდათ და მივხვდი, სწორად გავიგე. იმათ გაატარეს (ჩემზე უკეთ იცნობენ), მე ჩავეძიე და რა აღმოჩნდა – მგზავრობის დროს, თურმე, ტექსტს ბოლომდე ვერ ისიგრძეგანებ, არსს ვერ წვდები, ტექნიკურად შეუძლებელია, ხალხი ხელს გიშლის. შესაბამისად, წიგნი კი არა, თავის მოწონება გინდა. მარტივად რომ ვთქვათ, მარიაჟობ.