ერთგული სტუმრები, ალბათ, შეამჩნევდნენ, რომ ბიბლიოფილი მოლი, ამ ბოლო დროს, “ქინდლის” თავგადადებულ ადეპტად იქცა და ტრადიციულ, მამა-მაპაპურ ფოლიანტებზე და ელექტრონულ წიგნებზე ერთნაირი სიამოვნებით საუბრობს. რა ვქნა, ჯეფ ბეზოსის ფანტასტიური ნოვაციის წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ნამდვილად არ გამიჭირდება იმის აღიარება, რომ ი-ბუქები სქელ-სქელ ტომებში არ გამომერჩევა.
ზუსტად ერთი თვის წინ ჩემს კოლექციას “თეთრფურცელა” შეემატა და თუ საპრეზენტაციო პოსტი გახსოვთ, დამემოწმებით, რომ ახალი სათამაშოთი აღფრთოვანებისათვის ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა. ოღონდ, პირველ შეფასებებში მაინც ემოციები ჭარბობდა. დეტალური ანალიზისთვის დრო იყო საჭირო.
ჰოდა, ვფიქრობ, ახლა უკვე შემიძლია, მკითხველს შთაბეჭდილებები გავუზიარო. ჩემ გარშემო “ქინდლოსანთა” რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება, ბევრიც უახლოესი მომავლისთვის გეგმავს შეძენას და, იმედი მაქვს, “ფეიფერუაითის” ანატომია საინტერესოც იქნება და სასარგებლოც – არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.




















