“მეძავი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ვიდრე უარყოფილი საყვარლის ხანჯალი სიცოცხლეს მოუსწრაფებდეს” – აღშფოთებას ვერ მალავდნენ და “გულთბილ” ეპითეტებს არ იშურებდნენ ფრანგული გაზეთები. 1875 წლის 3 მარტს, პარიზის “ოპერა-კომიკის” სცენაზე გამართულმა პრემიერამ სრული ფიასკო განიცადა.
რას წარმოიდგენდა მრავალი ოპერისა და ოპერეტის, სიმფონიისა და ორატორიის ავტორი, უკვე სახელმოხვეჭილი ჟორჟ ბიზე, რომ მისი Magnum Opus – პროსპერ მერიმეს ნოველას მოტივებზე შექმნილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია სამშობლოში აღიარებას კიდევ დიდხანს ვერ ეღირსებოდა, “კარმენს” საფრანგეთზე ადრე შორეულ ამერიკასა და რუსეთში დააფასებდნენ, თავად კი ტრიუმფს ვერ მოესწრებოდა…












