Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘წიგნების გამოფენა-გაყიდვა’

my books

23 აპრილი წიგნის დღეა.

კაცმა რომ თქვას, ბიბლიოფილებისთვის ყოველი დღე წიგნისა არ არის? და კალენდარში წითლად მონიშვნა სულაც არ სჭირდება, მაგრამ იუნესკოს ამბავი ხომ იცით – ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ, გამოფენები გავმართოთ, საჩუქრები დავარიგოთ, ლამაზი და მხიარული ტრადიციები დავნერგოთო…

შექსპირის და სერვანტესის გარდაცვალების დღეა და, სადაც სამართალია, ბიბლიოგურმანები ისედაც უნდა აღნიშნავდნენო.

ჰოდა, ზეიმობენ ასე, თითქმის ოცი წელია.

ყველგან, სადაც წიგნები უყვართ – რომშიც, პარიზშიც, მადაგასკარზეც და თბილისშიც.

ქართულ წიგნის დღეს პირველად სამი წლის წინ დავესწარი – ახალწამოჩიტული ბლოგერი გახლდით და ასეთ საკბილოს ხელიდან როგორ გავუშვებდი; დედაენის ბაღში ვიბოდიალე, კარგ მუსიკას მოვუსმინე, კარგი ხალხი ვნახე და მოწონებული წიგნებიც წამოვაყოლე ხელს.

ჰოდა, ტრადიციაც დამკვიდრდა. მადლობა ღმერთს და კრეატიულ ხალხს – 23 აპრილს ყოველთვის რაღაც ხდება. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მკითხველებს რომელიმე ბაღში ან სკვერში უყრის თავს; მაღაზიები განსაკუთრებულ ფასდაკლებებს გეგმავენ, გამომცემლობებს საგანგებოდ მომზადებული სიახლეები გამოაქვთ – ერთი ამბავია, მოკლედ.

(more…)

Read Full Post »

წიგნის ფესტივალის გახსნამდე, მოგეხსენებათ, თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი და, სანამ უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრიდან დავიწყებდე ინფორმაციის მოწოდებას, გადავწყვიტე, ბიბლიოფილებისათვის, რომლებიც ღონისძიების დაწყებას სულმოუთქმელად ელიან, კიდევ ერთი ინტერვიუ შემეთავაზებინა. რესპოდენტის როლისათვის ამჯერადაც მკითხველი და ფრიად წარმატებული ბლოგერი – ჩვენი ძვირფასი ვასასი შევარჩიე, რომელმაც არ დაიზარა და ჩემს გაგზავნილ კითხვებს ძალიან ხალისიანი, ცოცხალი და გემრიელი პასუხები მოაყოლა. ერთი სიტყვით, ინტერვიუ შედგა და, დარწმუნებული ვარ, ვასასის აზრებს მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა.

არ მეგულება ქართულ ბლოგოსფეროში ადამიანი, თამარ კარელიძისვასასის შესახებ არ გაეგოს დამილანისწითელი ეშმაკუნათი დამშვენებული ერთი პოსტი მაინც არ წაეკითხოს. მიუხედავად ამისა ან იქნებ, სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, ორიოდე სიტყვით საკუთარ თავზე თუ გვიამბობ

საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის მიჭირს. სულ შორიდან დავიწყო? დავიბადე თბილისში, გავიზარდე გორში. ვერ ვიტან, როცა მეკითხებიან, შიგ გორში ვცხოვრობ თუ?.. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ყოველთვის მრცხვენია, საკუთარ თავს ასე ვუწოდო იმიტომ, რომ მიმაჩნია, ჟურნალისტობამდე  ძალიან ბევრი მიკლია და ბედნიერი ვიქნები, თუ 30 წლის ასაკში მაინც არ შემრცხვება იმის თქმის, რომ ჟურნალისტი ვარ. მიყვარს „ბითლზი“,  როკენროლი, ვეწევი ჯანსაღი ცხოვრების წესს (არა ალკოჰოლს და სიგარეტს), ყოველთვის მრცხვენია, როცა მაქებენ და მიმაჩნია, რომ კრიტიკა ყველაზე მაგარი რამ არის ქვეყანაზე. კიდევ ბევრის მოყოლა შემიძლია (ალბათ), მაგრამ შენი ბლოგის გვერდს გავუფრთხილდები. :)

(more…)

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგის მუდმივი მკითხველი, რასაკვირველია, შეამჩნევდა, რომ თბილისის წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით უკვე გავესაუბრეთ ორ კომპეტენტურ ადამიანს - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნინო გოგინაშვილს და ქართული ფენტეზის ჟანრის ამაღორძინებელ მწერალს - ნატო დავითაშვილს. მათი ნააზრევის პოსტის სახით შეთავაზებამ ვიზიტორების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ კიდევ ერთი იდეა მომივიდა თავში და გადავწყვიტე, ინტერვიუერის როლში ამჯერად მკითხველის პოზიციიდან მოსაუბრე ადამიანი წარმომედგინა თქვენთვის. არჩევანი პოპულარული და ხელოვნებაზე ორიენტირებული ბლოგის “ხელოვნების მახეს” ავტორზე – როდეზე შევაჩერე. დარწმუნებული ვარ, მისი შეხედულებები დაგაინტერესებთ და არც საკუთარი აზრის გამოთქმას დაგვზარდებით.

როდე, შენი ბლოგის სახელიც რომ არ  იცოდეს, მკითხველს თვალის ერთი გადავლებაც ეყოფა იმის აღმოსაჩენად, რომბლოგოსფეროს თეთრ  ყვავთა”  საზოგადოებას მიეკუთვნებიხელოვნებაზე წერ

დიახ, ეს ცოტა  სარისკო და „სასაცილოცაა“, როდესაც ბლოგის ფუნქცია უფრო მეტად ადამიანის პირადის გაშუქებით  შემოიფარგლება და მკითხველების უმეტესობაც მსგავსი ტიპის ბლოგებს ჰყავთ. უნდა გამოვტყდე, რომ თავიდან მეც ასეთი ტიპის ბლოგინგს ვაწარმოებდი, მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო მაინც ხელოვნება იყო. გამუდმებით ვცდილობ, მოვძებნო გადმოცემის ახლებური ფორმები, რათა უკეთ დავამყარო კონტაქტი მკითხველთან. დასაწყისში საკმაოდ მშრალი ტექსტები მქონდა და ვატყობდი, რომ დაინტერესებაც ნაკლები იყო. ნელ–ნელა შემოვიტანე საკუთარი პირადის ელემენტებიც. შეზავებულმა ექსპერიმენტმა გაამართლა.

(more…)

Read Full Post »

თბილისის წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი ნელნელა ახლოვდება და მეც თანდათან მიმძაფრდება სასიამოვნო მოლოდინის შეგრძნება. წინასწარ ვგეგმავ, როგორ ვესტუმრები ექსპო ჯორჯიას პავილიონებს, რომელი გამომცემლობის სტენდებს მივაშურებ სხვებზე ადრე… თქვენ წარმოიდგინეთ,  შუალედებში ყავის დალევაც კი დაგეგმილი მაქვს :)

ამ სასიამოვნო ფიქრებში გართულს, ერთი აზრი მომივიდა – ურიგო არ იქნებოდა, აქამდე ჩატარებული ფესტივალები გამეხსენებინა და დასახმარებლად ისეთ ადამიანს მივმართე, რომელიც პირველიდან მოყოლებული, ყველა ღონისძიების უშუალო მონაწილეა, თან, სხვადასხვა ამპლუაში. ვფიქრობ, იდეალური კანდიდატურა შევარჩიე და ამაში ბლოგის მკითხველებიც დამეთანხმებიან, როგორც კი შეიტყობენ, რომ თბილისის წიგნის ფესტივალის ისტორიას თვალი ქართული ფენტეზის დიდოსტატთან – ნატო დავითაშვილთან ერთად უნდა გადაავლონ.

 

… საქართველოში წიგნის ფესტივალის შესახებ 1998 წელს გავიგე. მაშინ, მახსოვს, წიგნის ბაზრობა ერქვა. საჯარო ბიბლიოთეკაში ტარდებოდა. სულ რამდენიმე სტენდი იყო, რამდენიმე ათეული წიგნით. გამომცემლობამ ბევრი ვერაფერი, ორი დასახელების წიგნი გამოვიტანეთ – ულტრასონოგრაფიის სამენოვანი ატლასი (როგორ მომქონდა თავი, A4 ფორმატი, 540 გვერდი, ფერადი და თურქეთში დაბეჭდილი!) და უცხოელებისათვის ქართულად სასაუბრო. ეს იყო და ეს.

თანდათან ფესტივალი მოღონიერდა და წიგნებმაც იმატა. ცისფერ გალერეაში ჩატარებული ძალიან კარგად მახსოვს, წიგნების მრავალფეროვნებით არც ის გამოირჩეოდა, მაგრამ წინა წლის რამდენიმე სტენდის შემდეგ, ბევრად გრანდიოზული ჩანდა. ცისფერი გალერეა ფილარმონიამ შეცვალა, ფილარმონია – ექსპო ჯორჯიამ.

(more…)

Read Full Post »

ორიოდე კვირის წინ ჩემი ბლოგის მკითხველებს სიამაყით ვამცნე, რომ მოლი ბლუმი თბილისის წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალის ექსკლუზიური მიმომხილველი გახდა. იმავე პოსტში დაგპირდით, რომ ღონისძიების მზადების პროცესის შესახებაც მოგაწვდიდით ინფორმაციას და უშუალოდ ფესტივალის დღეებშიც ცხელცხელი ნიუსებით მოგამარაგებდით.

ახლა, როცა ფესტივალის დაწყებამდე ერთი თვეც აღარ დარჩა, ვფიქრობ, ზუსტად დროული იქნება, შემოგთავაზოთ ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც წინასაფესტივალო ციებ–ცხელების ეპიცენტრში იმყოფება და რომლისგანაც დაინტერესებული მკითხველი საყურადღებო დეტალებს შეიტყობს ბიბლიოფილების მომავალი დღესასწაულის შესახებ – ჩემს კითხვებს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ყველაზე ბოჰემური ბლოგის ავტორი ნინო გოგინაშვილი პასუხობს:

თბილისის წიგნის ფესტივალი, 1997 წლიდან მოყოლებული, უკვე მეცამეტედ იმართება, შენთვის კი ეს პირველი ასეთი ღონისძიებაა…

საერთაშორისო სტატუსის მქონე ღონისძიების ორგანიზებას თუ გულისხმობ, არა – პირველი არ არის, 2004 წლიდან მოყოლებული არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მზადებაში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა უშუალოდ წიგნის ფესტივალის ორგანიზებას წელს პირველად ვაკეთებ.

წიგნის ფესტინინო გოგინაშვილივალი ბიბლიოფილების ყველაზე მრავალრიცხოვანი ფორუმია და ბუნებრივია, მას არც ერთი გამომცემლობა არ დააკლდება. მონაწილეების რეგისტრაცია, ალბათ, უკვე მიმდინარეობს…

თბილისის წიგნის ფესტივალი არის ღონისძიება, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ელიან როგორც გამომცემლები, ასევე დამთვალიერებლები. მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება…  რაც შეეხება რეგისტრაციას – დაიწყო  1 მარტიდან და დასრულდა 21 აპრილს.

მსხვილი საგამომცემლო სახლების ფესტივალში მონაწილეობა უკვე ტრადიციაა, მაგრამ საინტერესოა, დებიუტანტები თუ გეყოლებათ?

ქართულ საგამომცემლო სახლებს რაც შეეხებათ, დებიუტანტების სიმრავლით განებივრებული ნაკლებად ვართ, თუმცა რამდენიმე ახალი გამომცემლობა წელსაც წარდგება დამთვალიერებლის წინაშე, დებიუტანტების სტატუსით კი რამდენიმე უცხოური გამომცემლობა გვეყოლება.

(more…)

Read Full Post »

book and rose day

შაბათ დილას მთელი მსოფლიოს ბიბლიოფილები ჩინებულ ხასიათზე და სასიამოვნო მოლოდინით დამუხტულნი გაიღვიძებენ – უკვე 15 წელია, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღედ არის გამოცხადებული. რასაკვირველია, სასიამოვნოა, რომ წელიწადის 365 დღიდან ერთი უპირობოდ შენი კუთვნილებაა, თუმცა მთავარი აქ სხვა რამ გახლავთ – თითქმის ყველა ქვეყანაში 23 აპრილს წიგნის გამოფენა-გაყიდვა იმართება ხოლმე და ბიბლიოფილებს შეუძლიათ, დილიდან სანუკვარ გარემოში იტრიალონ. რა შეედრება საათობით ბოდიალს თაროებსა და სტელაჟებს შორის, საღებავშეუმშრალი ფურცლების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს და იმის შეგრძნებას, რომ ირგვლივ მხოლოდ შენიანები არიან – წიგნის სიყვარულით შეპყრობილი მანიაკები, რომლებიც ხარბი გამომეტყველებით დასუნსულებენ აქეთ-იქით და ცდილობენ, ლიტერატურული ნუგბარი სხვამ არ აწაპნოს ცხვირწინ.

1995 წელს, როდესაც იუნესკოს მორიგ სესიაზე ამ თარიღის დღესასწაულად გამოცხადებას გეგმავდნენ, არჩევანი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა -  23 აპრილს გარდაიცვალა კაცი, რომლის ჯულიეტას მთელი მსოფლიოს მიჯნურები დღემდე უგზავნიან ბარათებს და გულისნადებს უზიარებენ – ინგლისური დრამატურგიის გენია უილიამ შექსპირი;  ამავე დღეს მოევლინა ქვეყანას მორის დრიუონი – შუა საუკუნეების საფრანგეთის მხატვრული ისტორიის შემოქმედი; მწუხარე  სახის რაინდისა და ერთგული სანჩო პანსას ლიტერატურული მამის – მიგელ დე სერვანტესის და განთქმული ისტორიკოსის, ინკების ისტორიის თავგამოდებული მკვლევარის –  გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალებაც 23 აპრილით გახლავთ დათარიღებული.

ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს პატარა და ლამაზი ისტორია, რომლის შესახებ, ალბათ, ბევრმა ადამიანმა იცის, მაგრამ მე მაინც მინდა, ჩემს მკითხველებს ვუამბო.

(more…)

Read Full Post »

tbilisi international book festival 2010

ჩემს მკითხველს, ალბათ, არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ თბილისის წიგნის ფესტივალს ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე. თუმცა ღონისძიება, რომელიც წელს, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება, განსაკუთრებული იქნება და ჩვეულ მოლოდინს სხვა ინტრიგაც ემატება  - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოლი ბლუმის ბლოგი თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის ექსკლუზიური მიმომხილველი ხდება.

პროექტი, უპირველეს ყოვლისა, წინ გადადგმული ნაბიჯია ჯერ ისევ ნეონატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ბლოგისთვის. წინასაფესტივალო მზადებისთვის თვალყურის დევნება, შემდგომ კი უშუალოდ “ბრძოლის ველიდან” მომზადებული სპეციალური რეპორტაჟები, ვფიქრობ, ჩემს ბიბლიოფილ მკითხველსაც დააინტერესებს და, იმედი მაქვს, არც ორგანიზატორები დარჩებიან უკმაყოფილო.

კარგად მახსოვს შარშანდელი წიგნის ფესტივალი  - შუა კვირაში, სამუშაო საათებს ვიპარავდი და ფილარმონიის ფოიეს მონახულებას მაინც ვახერხებდი. მაშინ უბრალოდ მკითხველი ვიყავი – წელს უკვე თქვენი კორესპოდენტის ფუნქციასაც შევითავსებ, მერე კი ერთად განვსაჯოთ, რამდენად კარგად გავართვი ამას თავი.

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 603 other followers

%d bloggers like this: