Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ქარჩხაძის გამომცემლობა’

კერიაძველ წიგნებშია ხოლმე, წაკითხული გექნებათ – სოფლის ბოლოს, ძველ წისქვილში შეიყრებიან მეზობლები, სიმინდით გაძეძგილ ტომრებს ჩამოამწკრივებენ, ბუხარს მიუსხდებიან და სარეკელას ხმას დინჯ მუსაიფს ააყოლებენ. სად ეჩქარებათ – ღამე გასათენებელია, ღვინო დასალევი… ჰოდა, ჰყვებიან ამ მთისას და იმ ბარისას, ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევენ; სალაპარაკოს რა დალევს…

ამას წინათ დავფიქრდი და ეს მოლის ბლოგი, რაღაცნაირად, ძველ წისქვილს წააგავს. არა, მართლა :) მესამე წელია, არსებობს და ვინ მოთვლის, ამ ხნის მანძილზე რამდენი ისტორია მომიყოლია სტუმრებისთვის. ღამეც გაგვიტეხია და საქვეყნო ამბებიც გაგვირჩევია. ოღონდ, თავს დავდებ, უინტერესო და მოსაწყენი არაფერი გაჭაჭანებულა.

100 000 ვიზიტორს მივუკაკუნებთ მალე და, ზოგჯერ ისეთი ხალხმრავლობაა ბლოგზე, მასპინძლის ხმაც კი არ ისმის; ზოგჯერ მხოლოდ ყველაზე ერთგული მეგობრები ვიკრიბებით. ასეც ხდება და ისეც. ჰოდა, თქვენ მეყოლეთ კარგად და სიახლეები მე არ გამომელევა.

ახლა, მოლის ნიუსები რომ მავანი სელებრითის მორიგ თავგადასავალზე არ იქნება აგებული, ფაქტია. ისედაც მიხვდებით, ჩემს საყვარელ თემაზე რომ უნდა გექაქანოთ.

ორ ახალ წიგნის მაღაზიაზე თუ გსმენიათ რამე? თუ არა, ყური დამიგდეთ – ყველაზე მეტად ასეთი ამბების მიხარება მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა :)
რაღა დროს შენი საბავშვო წიგნებიაო – ჩემთვისაც უთქვამთ და მეგობრებისგანაც გამიგია – საკითხავი დაგვიწუნეს, ნამეტანი დაგგვიანებიათო.

სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.

ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.

მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.

ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ -  ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.

მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!

ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

რუდოლფ რასპე. ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი. თამარ ბაქრაძის ილუსტრაცია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012

პოლიტიკური ორომტრიალის მიუხედავად, ბიბლიოფილებს ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ, რომ კვირას პრემია “გალას” საზეიმო დაჯილდოვებაა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნომინანტებს და სტუმრებს წელს მეექვსედ უმასპინძლებს.

ცერემონიას ალბათ ვერ დავესწრები – ჩემი ნეტარი უიქენდი უკვე დაგეგმილი მაქვს. თუმცა, ხელს არავინ გვიშლის, ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებულ შორტლისტს თვალი გადავავლოთ და ერთმანეთს მოლოდინები გავუზიაროთ. ჩამონათვალში ისეთი გემრიელი წიგნებია მოხვედრილი, დარწმუნებული ვარ, სათქმელი ყველას მოგვეძევება.

“გალას”, მოგეხსენებათ, ხუთკაციანი ჟიური ჰყავს, ლიტერატურული გემოვნება კი იმდენად ინდივიდუალური რამ გახლავთ, ლაურეატთა გამოცნობას არც ვეცდები. უბრალოდ, იმით ვისარგებლებ, რომ ნომინანტ გამოცემათა უმრავლესობა ბიბლიოთეკაში მიდევს და მხოლოდ საკუთარ იმპრესიებს გაგიზიარებთ.

(more…)

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.

ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.

ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.

(more…)

Read Full Post »

წიგნის ფესტივალის ბობოქარი და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღეების შემდეგ მოლი ბლუმის ბლოგი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და Jeopardy!-ის მორიგი ტურის თემად, დაპირებისამებრ,  „ბეჭდების მბრძანებლის“ მესამე ტომის მიხედვთ შედგენილ კითხვებს გთავაზობთ. იმედი მაქვს, დღევანდელი პაექრობა ჩვენი ინტელექტუალებისთვის საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდება. მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

როგორც იქნა, დადგა დღე, რომელსაც, რამდენიმე კვირაა, მოუთმენლად ელოდნენ თბილისელი ბიბლიოფილები და, რა თქმა უნდა, მეც. დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკარს ჯერ კიდევ შუადღემდე მივადექი საფესტივალო პროგრამით შეიარაღებული.
გამოფენის ტერიტორიაზე ხალხის სიმრავლემ თავიდანვე კარგ გუნებაზე დამაყენა, ხოლო როდესაც მე-11 პავილიონში, შესასვლელთან დამხვედრ გოგონებს ფერადი ფლაერები ჩამოვართვი და სტელაჟებთან შეჯგუფებულ მნახველებს გადავავლე თვალი, განწყობა კიდევ გამიუმჯობესდა.
თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს სტუმრების დასახვედრად საგულდაგულოდ ეზრუნათ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, “დიოგენეს”, “ინტელექტის”, ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის, სანტა-ესპერანსას,
Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.

Read Full Post »

როგორც გასულ კვირას დაგპირდით, დღევანდელი Jeopardy-ის პაკეტი ჯონ რუელ ტოლკინის ტრილოგიის მეორე ნაწილს დაეთმობა. „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი ტომის მიხედვით დაწერილმა კითხვებმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ დღევანდელი მარათონისათვის ორმაგი სიამოვნებით ვიმუშავე. ახლა კი ისღა დამრჩენია, განზე გავდგე და ფენტეზის მოყვარულთა პაექრობაზე დაკვირვებით დავტკბე. მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,360 other followers

%d bloggers like this: